4-საათიანი მძიმე და დაძაბული მოლაპარაკება ისევ უშედეგოდ დასრულდა. 17 მარტს შვედმა დიპლომატმა ქართველი პოლიტიკოსები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა. ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ მრავალთვიანი პაუზის შემდეგ, პირისპირ საგნობრივი მოლაპარაკებები დაიწყეს.
შვედი დიპლომატიის მედიაციის მე-6 დღე ბევრად პროდუქტიულია, თუმცა საბოლოო შეთანხმებამდე რთული გზაა გასავლელი. შარლ მიშელის ემისარმა ქართველ პოლიტიკოსებს დღეს მაგიდაზე თავისი დოკუმენტი დაუდო, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად საუბარი რაზე მიდის. შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსების საუბრიდან გამოჩნდა, რომ რიგგარეშე არჩევნებზე და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. თუმცა მხარეები ადასტურებენ, რომ მუშაობა ყველა მიმართულებით მიდის.
ასევე უცნობია დაბრუნდება თუ არა მაგიდასთან შალვა ნათელაშვილი, რომელმაც ევროკავშირის ოფისი პროტესტის ნიშნად დატოვა. მომდევნო კონსულტაციები 18 მარტს შედგება. ნათელაშვილის პროტესტი სწორედ იმან გამოიწვია, რომ მსჯელობის მთავარი საგანი რიგგარეშე არჩევნები და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ იყო.
შეხვედრიდან გამოსულმა არჩილ თალაკვაძემ და ირაკლი კობახიძემ ოპოზიიცისგან რადიკალურად განსხვავებული განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციასთან ძალიან ჯანსაღი და კარგი დისკუსია იყო.
„ეს იყოს ძალიან ჯანსაღი და ძალიან კარგი დისკუსია, რომელიც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს შეთანხმებას. ვისურვებდი, რომ დღეს ოპოზიცია რა დამოკიდებულებითაც იყო წარმოდგენილი, ეს იყოს საერთო სტანდარტი სხვა დროს, რაც ძალიან კარგი იქნება. პარლამენტში გვინდა ზუსტად ისეთი ოპონირება, რაც დღეს აქ ვნახეთ.
პოზიტიური იყო ის, რომ ჩვენ მეტი დრო დავხარჯეთ საერთო საკითხების მოძებნაზე, ვიდრე დაპირისპირების საკითხებზე. ასევე, პოზიციები ქვეყნისთვის საჭირო საკითხებზე ძალიან დაახლოებულია. შეთანხმებისთვის ეს საკითხები მზად არის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე.
„პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოთხოვნის განხილვა არჩევნებთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო და მე მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე. არც ერთ დემოკრატიაში საფუძვლის გარეშე ვადამდელი არჩევნები არ ხდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, ოპოზიციასთან დღევანდელი შეხვედრით პროცესი სწორი მიმართულებით წავიდა. კობახიძე დეტალებზე ვერ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ დღითიდღე უმძიმდება ოპოზიციას მდგომარეობა. მისი აზრით, ეს საჯაროდაც ვიხილეთ ყველამ ერთად. ბორელის განცხადება ძალიან მძიმე იყო ოპოზიციისთვის, ხოლო რაც ხდება კულისებში, ამაზე არ საუბრობს.
„ოპოზიციას გუშინაც დაუმძიმდა განწყობა ბორელის განცხადებების შემდეგ და მოაყოლეს ამას შტურმი დასავლურ ინსტიტუტებზე, რაც, რა თქმა უნდა, არ წაადგება მათ პოლიტიკურ პოზიციებს. ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი, მთავარია, ოპოზიციამ რაღაც საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები“, - განაცხადა კობახიძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ და დასძინა: „ერთადერთი პირობა და ვალდებულება ოპოზიციის მხრიდან, რაზეც ამ სავარაუდო შეთანხმებაში არის საუბარი, წარმოიდგინეთ და პარლამენტში შემოსვლაა. ერთადერთი, რაც მათ მხარეს დევს, არის სწორედ ეს საკითხი. დანარჩენი „ქართული ოცნების“ მიერ შესასრულებელი ვალდებულებებია. თუკი ისინი სათანადო მიდგომას გამოავლენენ, შეთანხმება ამ შემთხვევაში მიღწევადია. ოღონდ ოპოზიციამ, რომელიც აქამდე არ გამოირჩეოდა რაციონალური მიდგომით, ეს უნდა გამოიჩინოს“.
„იმედი მაქვს, კვანძის გახსნა ძალიან მალე მოხდება, როგორი იქნება კვანძის გახსნა, მთლიანად „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„თუ უარს იტყვიან ჩვენს ორ მთავარ მოთხოვნაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, შეთანხმება ვერ შედგება. ყველა ოპოზიციური პარტიისთვის და ჩვენთვის განსაკუთრებით არის ორი მთავარი პრიორიტეტული საკითხი: პოლიტპატიმრების გათავისუფება და რიგგარეშე არჩევნები. იმ განწყობით, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ და ეს გამოიკვეთა ღია კომუნიკაციაში, ბუნებრივია, მარტივი არ იქნება შეთანხმება. თუ ეს ხალხი უარს იტყვის ჩვენს ორ მთავარ მოთხოვნაზე, შეთანხმება ვერ შედგება და ეს იქნება მათი მხრიდან ნაბიჯი ევროკავშირის და ევროპის წინააღმდეგ“, - ამბობს აკო მინაშვილი.
„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იყო რთული საუბარი და პოზიციები დაახლოვდა, თუმცა, ჯერ საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია.
„იყო საკმაოდ რთული საუბარი ბევრ საკითხზე. არის საკითხები, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი დასრულებული არ არის, ხვალ გაგრძელდება შეხვედრები. დეტალებში ვერ შევალ. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ იყო რთული საუბარი და პოზიციები დაახლოვდა. ჯერ საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია. უფრო პოზიტიურად დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, ვიდრე ველოდი. ჯერჯერობით დათმობაზე საუბარი საერთოდ არ არის. ხდება საკითხების განხილვა. კონკრეტულ ბიულეტენებზე, რომელიც დატოვა შარლ მიშელმა, ვერაფერს გეტყვით. არაფერი დასრულებულა, ყველაფერი წინ არის“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ გასაკვირი არაა, მოლაპარაკების დროს, პირველ რიგში, განსახილველი საკითხი ის თემები იყოს, რომელიც ორივე მხრიდან შედარებით მისაღებია. მისი თქმით, სადაც კომპრომისის მიღწევის ალბათობა მაღალია, მთავარი აქცენტები იმ საკითხებზე კეთდება და ეს დიპლომატიური ხერხია. ამიტომაც ვარაუდობს, რომ დანიელსონმა ოპოზიციას და ხელისუფლებას ჯერჯერობით განსახილველად ის პუნქტები შესათავაზა, რომელზეც უფრო ადვილად მორიგდებიან.
„გასაკვირი არაა, რომ პირველ საკითხად პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნებზე საუბარი არ იყო, რადგანაც დიპლომატიაში ეს არის აპრობირებული ხერხი, რომ პირველ თემად ჯერ ადვილად მიღწევადი საკითხები გამოვიდეს. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ დანიელსონმა ჯერ აქცენტები სხვა შედარებით მიღწევად პუნქტებზე გააკეთა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციურმა ლიდერებმა ისაუბრეს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დისკუსია ამ თემაზე ჯერ არ ყოფილა და 18 მარტის შეხვედრაზე აუცილებლად დადგება. ასეთი ხერხის გამოყენება ხელს უწყობს კომუნიკაციას, ნდობის აღდგენას და შეთანხმების მიღწევა მერე უფრო ადვილად ხდება.
მე მაინც მგონია, რომ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული იმ 6 პუნქტიანი დოკუმენტიდან 4 პუნქტზე, სავარაუდოდ, შეთანხმება მოხდება. როგორც განცხადებებიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ხელისუფლება წინააღმდეგია და დათმობას არ აპირებს. ამ პრინციპულობას ის გარემოება ამყარებს, რომ ხელისუფლებას დღეს უფრო მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე ოპოზიციას. „ოცნებამ“ ისევ შეძლო ეს უპირატესობა აღედგინა, რადგან დასავლეთთან საუბარში ხელისუფლების არგუმენტები უფრო მყარია. ეს არის ეუთო/ოდირის და „აირაიას“ მიერ გამოქვეყნებული დასკვნები. ამიტომ ოპოზიცია ხელისუფლებას ასე ადვილად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ვერ აიძულებს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, თუ ოპოზიციას და ხელისუფლებას უნდათ, რომ რიგგარეშე არჩევნებს ქვეყანა გადააყოლონ, ეს სხვა საკითხია. ძაბირაძე ფიქრობს, რომ დღეს საზოგადოებას ისეთი პოლიტიკური ძალები სჭირდება, რომელიც ქვეყანას კი არ დაღუპავენ, არამედ გადაარჩენენ. ამ პასუხისმგებლობაში ორივეს თანაბარი წვლილი მიუძღვის, ამიტომ რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე პრობლემები აქვს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ევროპის ამ დონის ჩართულობა კი, იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა, შესაძლოა, თუ პოლიტიკური კრიზისი დროზე არ დასრულდა, უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდეს. მისი აზრით, რუსეთი შეეცდება, რომ ეს დაპირისპირება გამოიყენოს. სახელმწიფო ინტერესებში ქუჩის დაპირისპირება და დესტაბილიზაცია არ შედის. ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არსებულ სიტუაციას რელურად ვერ აღიქვამს, ამიტომაც მათი განცხადებები და ქმედებები ლოგიკას მოკლებულია.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ შიდა საუბრების დონეზე, საკმაოდ სერიოზული ლაპარაკი მიდის, არა მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და სხვა საარჩევნო პრობლემებზე.
„რატომღაც ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ ევროპა მხარე გახდებოდა და ხელისუფლებას კონკრეტულ მითითებებს მისცემდა. წარმოუდგენელია თავისსავე სადამკვირვებლო ინსტიტუტების დასკვნა უარყონ და ხელისუფლებას ხელების გადაგრეხვა დაუწყონ. ოპოზიციამ ფუჭი მოლოდინი შეიქმნა, რაც არ გამართლდა. ბრიუსელიდან წამოსული გზავნილებით, ოპოზიციის დამარცხება უფრო გაფორმდა, ვიდრე გამარჯვება. როდესაც ბორელს და ევროპას ეუთო-ს დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით წინ უდევს, რა უნდა თქვას, როცა ოპოზიციას კონტრარგუმენტები არ წარმოუდგენია? წარმოადგინეს რამე, გარდა რწმენისა, რომ არჩევნები გაყალბდა? არ იმუშავეს საერთოდ იმაზე, რომ კომპეტენტური საბრალდებო დასკვნა დაედო არჩევნებთან დაკავშირებით. სიტყვაზე ნდობის დონეზე დარჩა ოპოზიცია და ეს დრო ფუჭად დაკარგა. რელურად კულისებს მიღმა რა ხდება, დანიელსონის შეთავაზებების შემდეგ გახდება ცნობილი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას პრობლემები არ აქვს და ადვილად გადარჩება“, - აცხადებს ხუხაშვილი for.ge-სთან.