შეტევა „ფოლადზე“ შიგნიდან და გარედან

შეტევა „ფოლადზე“ შიგნიდან და გარედან

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გარშემო ახალი დავა დაიწყო. სს „ქართული ფოლადის” დირექტორი, შპს „რუსთავის ფოლადს”, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებს.

კომპანიის დირექტორმა ნათია ჯაყელმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მის გარდა „ნებისმიერი პირის მიერ სს „ქართული ფოლადის” დირექტორის სახელით განხორციელებული ქმედება უკანონოა!”

2011 წლის 6 ივლისიდან დღემდე სს “ქართული ფილადის” მენეჯმენტის მიერ განხორციელებული ქმედებები სასამართლოს განხილვის საგანია.

„დიდხნიანი იძულებითი შესვენების შემდეგ საშუალება მომეცა ისევ სს „ქართული ფოლადის“ სახელით ვისაუბრო. ეს სამართლიანობის აღდგენის გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია. მივმართავ საზოგადოებას,  დაინტრესებულ ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს: ჩემს გარდა, სხვა, ნებისმიერი პირის მიერ სს „ქართული ფოლადის“ დირექტორის სახელით განხორციელებული ქმედება უკანონოა!

წინა ხელისუფლების ტოტალური და სამხედრო მხარდაჭერით მათ შეძლეს და ამ კომპანიის აქტივები შპს „რუსთავის ფოლადს“ გადასცეს. გაცნობებთ ყველას: შპს „რუსთავის ფოლადი“ და მისი მესვეურები ძალის გამოყენებით, საბუთების ფალსიფიცირებით, სხადასხვა მაქინაციური სქემებით დაეპატრონენ სხვის ქონებას და დღეს უკანონოდ ფლობენ სს „ქართული ფოლადისა“ და სს „თუჯი XXI“-ის აქტივებს! ნებიმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ ამ განცხადების უგულვებელყოფა, მათთვისვე იქნება საზიანო, რადგან სამართლიანობის აღდგენის შემდეგ ჩვენ არ ვაპირებთ უკანონობის ჩამდენი ჯგუფის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას!“ - აცხადებს ჯაყელი.

ბოლო წლებში რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანა პრობლემების ბუდედ იქცა. ქარხანამ გამოიცვალა უამრავი მფლობელი, იყო დაპირისპირება, გაფიცვები, უმუშევრობის პერიოდი. თიოთქოსდა ბოლო წლებში ვითრება მეტ-ნაკლებად გამოსწორდა, მაგრამ როგორც ჩანს, ძირეულად არაფერი შეცვლილა.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახლაც სავალალო მდგომარეობაა შექმნილი: გადაუხდელი გადასახადები, რეკლამაციები, ჯარიმები, უკან დაბრუნებული პროდუქცია და შელახული ავტორიტეტი...  ამასაც ეშველება, დიდი ძალისხმევის შემდეგ ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგება, რადგან მე კარგად ვიცი როგორი ადამიანები მუშაობენ ამ ქარხანაში. მოგმართავთ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ყველა თანამშრომელს! თითეული თქვენგანი კარგად მიცნობს, ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ და შეუძლებელი შევძელით! მადლობა თანადგომისათვის,  რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი! გაუფრთხილდით ჩვენს საერთო მონაპოვარს, შეეცადეთ აღკვეთოთ ვანდალიზმის ნებისმიერი გამოვლინება, არავის დააზიანებინოთ და გააპარტახებინოთ ძველი და უნიკალური, რაც გადავარჩინეთ და ახალი - რაც ერთად შევქმენით“, - აცხადებს ნათია ჯაყელი.

მეტალურგიულ ქარხანაში შიდა პრობლემები რომ მართლაც საკმარისზე მეტია, ეს 1 კვირის წინ გამართულმა საპროტესტო აქციამაც თვალნათლივ დაადასტურა. რუსთაველმა მუშებმა გაფიცვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ მათი კუთვნილი ხელფასები ერთი კვირით დაიგვიანებდა. ეს გახდა კიდეც მიზეზი ყველა იმ პრობლემის გასაპროტესტებლად, რაც კი საწარმოში არსებობს - დაბალი ხელფასები, მოძველებული ტექნიკა, არაადეკვატური სამუშაო გრაფიკი, უსაფრთხოების ზომების  არარსებობა... სწორედ ამას უჩიოდნენ 15 თებერვალს ქარხნის წინ შეკრებილი მუშები და ქარხნის ხელმძღვანელობისგან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ.

„ხელფასების მომატებას და პირობების გაუმჯობესებას ვითხოვთ, დაგვპირდნენ, რომ საახალწლოდ მოგვიმატებდნენ, მაგრამ არაფერი... მეფოლადეს 700 ლარი აქვს, ვიღაცას უფრო ნაკლები... არადა, ისეთი მძიმე სამუშაოა, საფრთხის შემცველი... 1000 ლარი მაინც გაგვიხადონ ხელფასი და, რაც მთავარია, მუშა ერთხელ და სამუდამოდ დააფასონ. ამას ისიც ემატება, რომ „ადამისდროინდელი“ დანადგარებია, რაზეც ვმუშაობთ, ძველია და წყობიდან გამოსული. არადა, გეგმას უმატებენ და ხარისხი კიდევ უარესდება. მერე ამასაც ჩვენ გვაზღვევინებენ“, - ამბობდნენ გაფიცული მეტალურგები.

რამდენიმესაათიანი პირისპირ საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ მუშები ჯერჯერობით კვლავაც 12-საათიანი გრაფიკით გააგრძელებენ მუშაობას. გაფიცვა დროებით შეწყდა. ჯერჯერობით მეტალურგები ელოდებიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით.