„როგორ გგონიათ, „ოცნება“  ოცნებობს, რომ ნაციონალები ჰყავდეს პარლამენტში? - ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში თავად შეიყვანა“

„როგორ გგონიათ, „ოცნება“  ოცნებობს, რომ ნაციონალები ჰყავდეს პარლამენტში? - ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში თავად შეიყვანა“

„თუკი მოვუყრით თავს ბრიუსელში გამოთქმულ მოსაზრებებს და ამ მიმართულებით ოპოზიციასთან მოლაპარაკებას, ვადამდელი არჩევნების თემას, რაც ოპოზიციას აღელვებს, ალბათ, არც ევროპა დაუჭერს მხარს. მკაფიოდ ითქვა, რომ პლურალიზმი პარლამენტს გარეთ, ანუ ბოიკოტირება, ევროპისთვის მიუღებელია. შესაბამისად, პარლამენტში შესვლა ევროპული სტანდარტია, რომელიც უნდა დაიცვას იმან, ვისაც ევროპულობა სურს, ამ შემთხვევაში, თუ ოპოზიციას ეს სურს, უნდა შევიდეს პარლამენტში“, - ამის შესახებ For.ge-სთან ინტერვიუში ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს.

როგორ ფიქრობთ, მოხდება თუ არა მხარეთა შორის შეთანხმება და საბოლოოდ, ვიხილავთ თუ არა ოპოზიციას პარლამენტში?

- ოპოზიცია ამბობს, რომ არ შევალთ პარლამენტში, სანამ ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს ამა და ამ მოთხოვნებსო. თუ არ შეხვალ პარლამენტში, ე.ი. არ ხარ ევროპული სტანდარტების დამცველი. დანარჩენ საკითხებზე არც არის საუბარი.

ევროპა ითხოვს, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, ხოლო ოპოზიცია თამაშობს არაევროპულ თამაშს. ევროპას არ აწყობს ოპოზიციის მიერ აღებული კურსი. შენ გაქვს ორიენტაცია იმაზე, რომ დააკმაყოფილო ევროპული სტანდარტი და შემდეგ არ შეგიტიონ ევროპიდან პლურალიზმი არ გაქვსო... ამ კითხვებს გაეცა პასუხი. როგორ გგონიათ, „ოცნება“  ოცნებობს, რომ მაინცდამაინც, ნაციონალები ჰყავდეს პარლამენტში? - ასე რომ, ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში თავად შეიყვანა და წამგებიან პოზიციაში ჩააყენა. როდესაც წამგებიან პოზიციაშია მეორე ძალა, ამ შემთხვევაში „ოცნებამ“ თავისი გააკეთოს, გასაკვირია?

ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობენ ექსპრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შესაძლო ალიანსზე. თქვენ რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ეს და ამ შემთხვევაში რა პოლიტიკურ პერსპექტივაზე შეიძლება ვისაუბროთ?

- ვაშაძეს შეიძლება აწყობდეს გახარია, რადგან წასვლის შემდეგ გახარიამ ბევრი „ლაიქი“ მიიღო „ფეისბუქზე.“ ამან შექმნა შთაბეჭდილება, რომ მას მხარდამჭერების დიდი რიცხვი ჰყავს, მაგრამ თვითონ გახარიას არ უნდა აწყობდეს ვაშაძე. რაში სჭირდება ვაშაძე გახარიას?

რატომ? როგორც ცალკე აღებულს, ვაშაძეს არ აქვს პოლიტიკური პერსპექტივა?

- მხოლოდ სამი პროცენტი. თუ გახარიას ექნება სამზე მეტი, მაშინ რაში უნდა აწყობდეს ვაშაძე? პოლიტიკა იმისდა მიხედვით დგება, ვინ რა სარგებელს პოულობს ურთიერთობაში. თუ ერთს აწყობს და მეორეს არა, ეს ურთიერთობა არ შედგება. შეიძლება ვაშაძეს აწყობდეს, მაგრამ გახარიას რაში უნდა აწყობდეს, გაუგებარია.

ასევე მინდა შევეხო კულტურის სამინიტროს გამოყოფის საკითხს. რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო?

- ცოტა ხანში შეიძლება ისევ შეაერთონ. მთელი პრობლემა ისაა, რომ მცირე მთავრობის იდეა აქვთ, მაგრამ ამ იდეის განხორციელებას სამინისტროების მექანიკური შერწყმით ვერ მიაღწევ. როცა მოხდა სამინისტროების რიცხვის შემცირება, ეს მოხდა იმის ხარჯზე, რომ მიაწებეს ერთი სამინისტრო მეორეს და მიიღეს ნაკლები.

პრობლემა ისაა, რომ უნდა მოიძებნოს მექანიზმები, მაგ. არასამთავრობოების, ფონდების მხრიდან, გარედან უნდა მოხერხდეს იმ პრობლემების გადაჭრა, რის წინაშეც დარგი დგას. მთელ მსოლფიოში კულტურის პრობლემებს წყვეტენ ბიზნესმენები, რადგან მათთვის შეღავათია დაწესებული, თუკი იგი ქველმოქმედებას კულტურის მიმართ გაიღებს.

კულტურასა და სპორტში ეს მექანიზმი საგადასახადო შეღავათებისა, იძლევა შედეგს. ამათმა არც შეღავათები გააკეთეს, არაფერი შეცვალეს, უბრალოდ, ერთი მართვის ქვეშ მოათავსეს რამდენიმე სტრუქტურა. რა თქმა უნდა, ვერ გაუძღვებოდა ასეთი ხუხულა მართვის საქმეს, პრობლემები გამწვავდა და მოუწიათ ისევ დაშლა. სანამ დაფიქრებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ იმისა, რომ არც საქმე გაფუჭდეს და სამინისტროებიც შემცირდეს, იქამდე ასეთი მექანიკური მანევრებით, მგონი, არაფერი გამოვა.