კალენდარული ზამთრის ბოლო დღეს საყოველთაო დაზღვევა ამოქმედდება. მთავრობა მრავალი ბარიერის მიუხედვად, ვადებში ჩაეტია, თუმცა მოსახლეობა კიდევ უფრო მეტის მოლოდინშია.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 28 თებერვლიდან დაიწყება და ის საწყის ეტაპზე მოიცავს იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელიც არ სარგებლობს არც ერთი ტიპის დაზღვევით. მეორე ეტაპი, რომელიც 1-ლი ივლისს ამოქმედდება, უფრო ფართო სერვისს გულისხმობს.
„28 თებერვლიდან ძალაში შედის დაუზღვეველი მოსახლეობისთვის ურგენტული პროგრამის და მინიმალური ამბულატორიული სერვისების დაფინანსების პროგრამა, რაც გულისხმობს დაავადებათა სპეციალურ ნუსხაში მოხვედრილი ადამიანების დაფინანსებას. ეს ნუსხა გახლავთ ასევე კრიტიკული და სტაციონალური, დაახლოებით 450-ზე მეტი ჩანაწერია, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება. გარდა ამისა, დაიფარება მინიმალური, პირველადი ამბულატორიული სერვისები, რაც გულისხმობს ოჯახის ექიმის მომსახურებასა და მინიმალურ გამოკვლევებს.
აბსოლუტურად ყველა კლინიკა, რომელიც ლიცენზირებულია შესაბამისი ქმედებებისთვის, მონაწილეობას მიიღებს ურგენტულ პროგრამაში. რაც შეეხება ამბულატორიულ სერვისებს, დადგენილებით განსაზღვრულია, რომ ამბულატორიას უფლება ეძლევა თვითონ, თავისი ეგრეთ წოდებული დაანკეტირების საფუძველზე მიიბას ადამიანების მასივი, რომლებიც შემდგომში გეგმიურ სერვისებს მიიღებენ ამ ამბულატორიაში.
ადრე ხდებოდა ადამიანების ამბულატორიებზე მიბმა, რაც იწვევდა გარკვეულ პრობლემებს იმიტომ, რომ საქართველოში ადგილნაცვალი ადამიანების რაოდენობა არის ძალიან დიდი. დღეს ადამიანს უფლება ეძლევა, თავად გადაწყვიტოს რომელი ამბულატორიის სერვისი მიიღოს, შესაბამისად ამბულატორიას შესაძლებლობა ექნება შესთავაზოს თავისი სერვისი ამ ადამიანებს. ეს შეთავაზება რა ფორმით იქნება, თავად ამბულატორიების საქმეა. შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიბან“, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ლაშა ნიკოლაძე.
ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ კორპორაიცული დაზღვევის მიმართულებით. მათი აზრით, საყოველთაო პაკეტების ბაზარზე გამოტანით, კერძო მზღვეველები ჩიხში მოექცევიან და პრობლემები შეექმნება კორპორაციული დაზღვევის სეგმენტსაც.
„არ ვეთანხმები მოარულ ხმებს, თითქოს კორპორაციული დაზღვევის სეგმენტი კვდება. როგორც ყოფილი მზღვეველი გეტყვით, რომ სექტორი კეთდება იმისთვის, რომ განვითარდეს კერძო სადაზღვევო მიმართულება.
ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ საბაზო სამედიცინო მომსახურებაზე, ეს არ არის ყველგან ყველაფრის დაფარვა. ამის ზევით რჩება ძალიან დიდი სეგმენტი სხვა სერვისების შეთავაზებისთვის. მაგალითად წამლების სეგმენტი, მაღალ ტექნოლოგიური ჩარევების სეგმენტი მთლიანად ღიად რჩება. ასე რომ, ეს მოსაზრება მცდარია“, - აცხადებს ნიკოლაძე „კომერსანტთან“ საუბრისას.
საყოველთაო დაზღვევევის ამოქმედებამ შეიძლება რამდენიმე სადაზღვევო კომპანია შეიწიროს. კომპანიის წარმომადგენლებს მოსალოდნელი რისკები აშინებთ, თუმცა ამ რისკებზე ღიად საუბარს სიფრთხილით ეკიდებიან. სადაზღვევო პროდუქტებს შორის ყველაზე პოპოლარული სამედიცინო დაზღვევაა, ამ სეგმენტში კი დიდი წილი სახელმწიფო დაზღვევას უჭირავს. გარდა ამისა, მზღვეველები წინა ხელისუფლებამ ჰოსპიტალურ პროგრამაში ჩართო და საავადმყოფოების აშენების სანაცვლოდ გარანტირებულ სახელმწიფო პროგრამებს შეპირდა. აქედან გამომდინარე, კომპანიების ხელმძღვანელთა თავისტკივილი გასაგებია.
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის განმარტებით, სადაზღვევო სექტორი გაურკვევლობაშია. ეს საკითხი მხოლოდ კომპანიებს არ ეხება და გასათვალისწინებელია ინვესტორების და კომპანიებში ათასობით დასაქმებულის ინტერესებიც.
მისი თქმით, 2008 წლიდან სადაზღვევო სექტორში დიდი ცვლილებები განხორციელდა, სადაზღვევო სერვისებზე ხელმისაწვდომობა 2 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. ამასთანავე, შეიქმნა დიდი სამედიცინო ინფრაქსტრუქტურა.
„2012 წელს სადაზღვევო კომპანიებმა ყურადღება გაამახვილეს ინდივიდუალურ დაზღვევაზეც და მინდა გითხრათ, რომ ბოლო წელს დაახლოებით 60 000 დაეზღვია ინდივიდუალური პროგრამებით. კიდევ ერთხელ ვაცხადებ - ჩვენ საყოველთაო დაზღვევამდე ფრთხილად უნდა მივიდეთ“, - აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.