მიხეილ სააკაშვილი სოციალურად დაუცველების ბედმა შეაშფოთა. პრეზიდენტი რუსთავში სოციალურად დაუცველ ორ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა და ახალ მთავრობას მოუწოდა, სოციალურად დაუცველებს დახმარება არ მოუხსნან.
პრეზიდენტის თქმით, ახლანდელი მთავრობა აცხადებდა, რომ ფული, რომელიც იხარჯებოდა გზატკეცილებისა და გზების მშენებლობაზე, უნდა დაიხარჯოს სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, „თუმცა დღეს მშენებლობებიც გაჩერებულია და სოციალურ დახმარებებსაც არ აძლევენ მსგავს ოჯახებს“. უფრო მეტიც, სააკაშვილს უკვირს, „ხელი როგორ არ უკანკალებთ, ასეთ ოჯახებს რომ იღებენ სიიდან“. მისი ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთა სიიდან დღეისათვის 11 ათასი ოჯახია ამოღებული და ვარაუდობენ, რომ კიდევ სულ მცირე 25 ათას ოჯახს ამოიღებენ.
ამის საპასუხოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ადამიანების ქულათა რაოდენობა შემოსავლების სამინისტროდან მოწოდებულ ბაზას არ ემთხვევა. უფრო მეტიც, ზოგიერთი ბენეფიციარი ფეშენებლურ სახლებს და ავტომანქანებს ფლობდა და პარალელურად უმწეოთა დახმარებას იღებდა. თუმცა, თუკი ამ მონაცემებში მცირეოდენი ცთომილებაა, უმწეოებს შეუძლიათ მიმართონ მათ უწყებას და ისინი კონკრეტულ საქმეებს გადაამოწმებენ.
For.ge სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსს პავლე ცაძიკიძეს ესაუბრა.
თქვენ აცხადებთ, რომ უმწეოთა ბაზას შეძლებული ადამიანებიც იყვნენ მიტმასნილი და შემოსავლების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, ამ ადამიანებს დასაბეგრი თანხა ერიცხებოდათ, რაც მიუთითებდა, რომ ისინი მუშაობდნენ.
- 2010 წლის მთავრობის 126-ე დადგენილების შესაბამისად, შემოსავლების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, პერიოდულად ხორციელდება ჩვენი და შემოსავლების სამინისტროს ბაზების ერთმანეთთან შედარება. იმ კატეგორიას, ვისაც რაიმე შემოსავალი აქვს და, ვინც რაიმე თანხით იბეგრება, შეუწყდა ჩვენს პროგრამაში მონაწილეობა. განაცხადის ფორმაში, რომელიც შემუშავებულია ჩვენს სააგენტოში და რაზეც ხელს აწერს ბენეფიციარი ფულის დანიშვნისას, პირდაპირ წერია, რომ ბენეფიციარი ვალდებულია რაიმე ცვლილების - დემოგრაფიული, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და სხვა პირობების შემთხვევაში, აცნობოს სოციალური მომსახურების სააგენტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა შეუწყდება. ჩვენს დებულებაში წერია ასეთი რამეც, რომ ოფიციალურად და არაოფიციალურად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ შეგვეძლო დახმარების შეწყვეტა. მაგრამ განსხვავება 2010-2012 წლებში გატარებულ ღონისძიებებსა და წლევანდელ ღონისძიებას შორის ისაა, რომ, თუ ბენეფიციარს წინა წლებში აღარ ჰქონდა უფლება, ერთი წლის განმავლობაში მიემართა სააგენტოსთვის და ე.წ. „შავ სიაში“ ხვდებოდა, ამჟამად საქართველოს მთავრობამ გამონაკლისი დაუშვა და ამ ადამიანებს უფლება მისცა, მეორე დღესვე განცხადებით მიმართონ სააგენტოს. ამის შემდეგ სააგენტო მიავლენს სოცაგენტს, შეივსება ხელახალი დეკლარაცია, თავიდან მოხდება ქულების გადათვლა და, თუ მოხვდება იმ ზღვარში, რასაც ჰქვია 57 ათასამდე ქულა, მიიღებს თანხას. 57-დან 70 ათას ქულამდე კი მიიღებს დაზღვევას.
წინათ უმწეოთა ზღვარი 70 ათასამდე ქულით არ განისაზღვრებოდა?
- 70 ათასი ქულა იყო პოლისის მიმღებთათვის.
საინტერესოა, ამჯერად როგორ ხდება ქულების დათვლა?
- ზოგიერთს ჰგონია, რომ ქულებს ითვლიან პიროვნებები. სინამდვილეში, ასე არ არის. ეს დეკლარაცია მთლიანად იტვირთვება კომპიუტერულ სისტემაში. კომპიუტერში არის გარკვეული ფორმულები, რომელთა შესაბამისადაც ხდება ქულების დათვლა და თუ 57 ათასამდე ქულა მიიღო ბენეფიციარმა, იგი ხდება საარსებო ფულადი თანხის მიმღები, 57-დან 70-მდე - დაზღვევის მიმღები.
საარსებო თანხა როგორ განისაზღვრება?
- ჩვენს პროგრამაში მონაწილე საქართველოში მცხოვრები ბენეფიციარი დაახლოებით 500 ათასამდეა. აქედან დაახლოებოთ 200 ათასი არის თანხის მიმღები, ხოლო 300 ათასი არის დაზღვევის მიმღები. ერთსულიანი ოჯახი ერთ სულზე იღებს 30 ლარს, ორსულიანი - 24 ლარს, სამსულიანი - 24-24 ლარს. ივნისის თვიდან თანხის გაორმაგება ხდება. ერთი სული 60 ლარს აიღებს და შესაბამისად, მოემატება თანხა ოჯახის სხვა წევრებს. ცოტა რთულია სათქმელად, მაგრამ არაღირსი პიროვნებების ნაწილი იღებდა ამ თანხას, ისინი გაიცხრილებიან და გაიფილტრება ეს ბაზა. ამდენად, თითქმის ყველა ასეთ ოჯახში ვიზიტს ვგეგმავთ. ჩვენი მონაცემებით, ალბათ, 400 ათასზე მეტი არ იქნება რეალური საარსებოს მიმღები.
როდის შეუწყდათ ამ ადამიანებს დახმარება და სიტუაციიდან გამოსავალს თუ ხედავთ, რათა ეს ხალხი ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ არ განეწყოს? როგორ შეხვდნენ ეს ადამიანები დახმარების შეწყვეტას?
- დაახლოებით ერთი კვირის წინ შემოსავლების სამინისტროდან ბაზა მივიღეთ და ისინი ერთმანეთს შევუდარეთ. ყველა მოქალაქეს წინასწარ დაეგზავნა შეტყობინება, ისინი ფაქტის წინაშე არ დაგვიყენებია, თანაც ვაცნობეთ, რომ შემოსავლების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2012 წელს მათი ოჯახის შემოსავალმა შეადგინა ამდენი და ამდენი ლარი. ამდენად, ისინი ვალდებულნი იყვნენ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენთვის ეცნობებინათ, რადგან ამით დაირღვა მათი ვალდებულება და ამიტომაც შეუწყდათ ჩვენს პროგრამაში მონაწილეობა. თუმცა იქვეა აღნიშნული, რომ გამონაკლისი კეთდება და ამ ადამიანებს მომდევნო დღესვე უფლება ეძლევათ, შეიტანონ ახალი განაცხადი.
ეს ერთგვარად მათი საქმის გადახედვას გულისხმობს?
- დიახ, ასეთი ჟესტით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ თუ ადრე მოგვატყუა ბენეფიციარმა, ახლა ეს გადაიხედება. ზოგიერთი საუბრობს, რომ ეს ხელფასი საარსებო წყაროზე მინიმუმია, თუკი 12 თვეზე გავყოფთ. სინამდვილეში, ჩვენ 12 თვეზე არ ვყოფთ, ერთჯერადად თუ მიიღო 3 ათასი ლარი და დაარღვია ვალდებულება, ვალდებულების დარღვევისთვის ვუხსნით ამ დახმარებას, რადგან კანონმორჩილები უნდა ვიყოთ. მით უმეტეს, განაცხადში ხელს აწერს, რომ თუ გაუმჯობესდება მდგომარეობა, უნდა გვაცნობოს.
თქვენ აცხადებთ, რომ ოფიციალური თუ არაოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე, შეგეძლოთ ბენეფიციართა შესახებ ინფორმაციის გადამოწმება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ბაზრობებზე „ლევად“ არის დასაქმებული, როგორ მოხდებოდა ამ ფარულად დასაქმებულების აღრიცხვა?
- საქმეც ესაა, რომ ფარულად დასაქმებულების აღრიცხვას ჩვენ ვერ ვახდენთ. ამიტომ დეკლარაციას როდესაც ავსებს სოციალური აგენტი, ეს დეკლარაცია ბენეფიციარისგან რეალურად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ივსება და შემდეგ უკვე ბენეფიციარი აწერს ხელს. დეკლარაციაში წერია, რომ ცრუ ინფორმაციის შემთხვევაში, მას პროგამაში მონაწილეობა გააუუქმდება. ამიტომაც გამოვითხოვეთ შემოსავლების სამინისტროდან ოფიციალური ბაზა. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, ამა თუ იმ ოჯახს დახმარება გაეწია, სპონსორი გამოუჩნდა, ეს თანხა არ იბეგრება, ამიტომ შემოსავლების სამინისტრიდან მხოლოდ დასაბეგრი თანხა გამოვითხოვეთ, დაუბეგრავს ხელი არ ვახლეთ და დასაბეგრი თანხა არის მხოლოდ და მხოლოდ ხელფასი.
ანუ ეს ადამიანები ოფიციალურად მუშაობდნენ და პარალელურად თქვენგანაც დახმარებას იღებდნენ?
- დიახ, ოფიციალურად მუშაობდნენ ეს ადამიანები.
ლილოზე და სხვა ბაზრობებზე მდგომი ადამიანების გაკონტროლება, ალბათ, ჭირს და ცთომილებაც შეიძლება იყოს.
- დიახ, მათ ვერ ვაკონტროლებთ და ამ მხრივ შეიძლება ცთომილება იყოს ჩვენს მონაცემთა ბაზაში.
წინა ხელისუფლების დროს სიღარიბის მიღმა მყოფი ადამიანების აღრიცხვისას ბევრი ჩიოდა, რომ უსამართლობა ხდებოდა. ის ადამიანები, რომლებსაც რეალურად უჭირდათ, დახმარების ბაზის მიღმა რჩებოდნენ, რადგან სოცაგენტი რომ დაივლიდა ოჯახებს და დაინახავდა ტელევიზორს, მაცივარს და ა.შ. თვლიდა, რომ ეს ადამიანი შეძლებული იყო.
- უფრო უარესსაც გეტყვით, დებულების შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩაწერის ან რეგისტრირებული ბინის, სახლის ან საცხოვრისის შესაბამისად მოვითხოვოთ ბენეფიციარის ქონების შემოწმება. ჩვენ ვალდებულნი ვართ, დე-ფაქტო საცხოვრისის ფართის მიხედვით მოვახდინოთ დეკლარაციაში აღნიშნული ქონების ფიქსაცია და შემდგომ ქულების დათვლა. აქ შეიძლება იყოს ცთომილებაც. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ორი კვირის წინ ჩემს ნათესავს ბინა დაეწვა, ყველაფერი განადგურდა და იგი მეორე ნათესავმა შეიკედლა, რომელიც უცხოეთშია წასული და აქ სამსართულიანი ბინა აქვს. როდესაც ჩემმა დაზარალებულმა ნათესავმა მოითხოვა სოციალურ სიაში მონაწილეობა, სოცაგენტმა იმ სამსართულიან ბინაში მიაკითხა, სადაც ის დროებით იყო თავშფარებული. ცხადია, სოცაგენტი ვერ გაარკვევდა, ეს სახლი და ტელევიზორი და სხვა ნივთები ვისი იყო. ამიტომ ჩემი ნათესავის ქულამ 250 ათასი შეადგინა და იგი ვერ გახდა საარსებოს მიმღები. ეს ცუდია, რომ დე-ფაქტო საცხოვრისის მიხედვით ხდება აღნიშნული ქონების აღრიცხვა დეკლარაციაში.
სიტუაციიდან გამოსავალს თუ ხედავთ? იქნებ, დამატებით ბენეფიციარის მეზობლების გამოკითხვა იყოს საჭირო?
- მაგალითად, ავტომანქანის გაყიდვის შემთხვევაში, კანონი არ ითვალისწინებს გაყიდული ავტომანქანის აღრიცხვიდან მოხსნას. საპატრულოდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც ჩვენს ბაზაში იყო აღრიცხული, მანქანები ჰყავდა. სოცაგენტი რომ მივიდა, ეს მანქანები მას უკვე გაყიდული ჰქონდა, მაგრამ სხვაზე გადაფორმება ვერ მოასწრო. ამდენად, ეს ადამიანიც არ დაკმაყოფილდა დახმარებით. ვერც დაკმაყოფილდებოდა, რადგან, თუ ავტომანქანა გაყიდა დეკლარაციის შევსების შემდგომ, მან ხომ სარგებელი ნახა?! ამიტომ, ეს ჩვენთან უნდა დაეფიქსირებინა.
თუ გაჭირვებული იყო, როგორ ჰყავდა ავტომანქანები?
- გეთანხმებით. ერთსაც გეტყვით, მე ახმეტიდან გახლავართ, თუში ვარ წარმოშობით და მოგეხსენებათ, ახმეტას მეცხოველეობასთან აქვთ შეხება. ერთ-ერთ ჩემს მეზობელთან მივიდა „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელი და უთხრა, გარკვეული დახმარება მინდა გაგიწიოთ „წითელი ჯვრის“ ეგიდით და მსხვილფეხა საქონელი შესთავაზა. წარმოიდგინეთ, ბენეფიციარმა ამაზე უარი განაცხადა, რადგან შემდგომში სოცაგენტი რომ გაიგებს, მე ძროხა მყავს, გარკვეულწილად, გავიუმჯობესე პირობები და აქედან გაყიდული პროდუქციით თანხა შემომივიდა, შეიძლება, ეს 30 თუ 75 ლარი გამიუქმდესო. ამ პროგრამას ჰქვია „სიღარიბის დაძლევის პროგრამა“, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის გარკვეული კატეგორია ამის წინააღმდეგ იქცევა და მათთვის ამას უკვე ჰქვია „გაზარმაცების პროგრამა“. ასეთ ადამიანებს არ სურთ საქონლის მოვლა, ამას ურჩევნიათ, სამსულიანმა ოჯახმა მიიღოს 75 ლარი, რომელიც ახლა გაორმაგდება და 150 ლარი გახდება ამ კატეგორიისთვის.
ფაქტია, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას ნაციონალები თვალს ხუჭავდნენ ასეთ დარღვევებზე და თავიანთ მომხრეებს უფრო აძლევდნენ დახმარებას, ვიდრე ოპოზიციონრებს. ამბობენ, რომ იმიტომ ტოვებდა წინა ხელისუფლება ამ ადამიანებს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა სიაში, რომ მათი ხმა არ დაეკარგათ არჩევნებზე.
- ალბათ, სწორედ ეს იყო მათი დაინტერესება, რომ ხმები არ დაეკარგათ.
დღეს მიხეილ სააკაშვილმა ახალ ხელისუფლებას გაუქმებული სოციალური დახმარებების აღდგენისკენ მოუწოდა.
- დიახ, მან ამის შესახებ განაცხადა, მაგრამ ჩვენ 2010 წლის მთავრობის დებულების შესაბამისად რომ არ განგვეხორციელებინა ქმედებები, მაშინ კანონსაწინააღმდეგოდ მოვიქეოდით. ამიტომ, ხვალ და ზეგ პროკურატურა ან რომელიმე დაინტერესებული სტრუქტურა მოგვკითხავდა, რატომ არ განვახორციელეთ კანონის შესაბამისი ქმედებები და ჩვენი პასუხისგების საკითხი დადგებოდა.
სულ რამდენ ადამიანს შეუწყდა დახმარება?
- დაახლოებით, 12 ათას ოჯახს შეუწყდა დახმარება, მაგრამ შარშანდლისგან განსხვავებით, წელს მთავრობა დათმობაზე წავიდა და მათ მეორე დღესვე შეუძლიათ მომართონ სააგენტოს.
დღეისთვის რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ ადამიანები, რომ დახმარება მიიღონ?
- ეს რომ ვიცოდე, ყველას დავეხმარებოდი, მაგრამ ივსება დეკლარაცია, თავსდება კომპიუტერულ სისტემაში და ისეთი ფორმულაა, რომელიც არავისთვის არ არის ცნობილი.
ხომ შეიძლება, ბენეფიციარებმა სოცაგენტთან ჩააწყონ და ქულები დააგროვონ?
- ასეთი კონტროლის მექანიზმი გვაქვს, სოცაგენტი პირველად ვიზიტს როცა ახდენს, ივსება დეკლარაცია. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, როცა ბენეფიციარი არ ელის, უკვე სხვა სოცაგენტი განმეორებით ვიზიტს ახდენს იმავე ოჯახში. ამას ჰქვია განაცხადის შევსება. ამის შემდეგ ხდება შემოსავლების, შს სამინისტროდან სიების გადამოწმება, საპატრულოდან გადმოცემული სიების შესწავლა ავტომანქანებთან დაკავშირებით. ამას ჰქვია გენერირებული სიები, როდესაც ამ სიების საფუძველზე აღნიშნული ოჯახების საკონტროლო გადამოწმება ხდება. ამიტომ ცთომილების მცირე პროცენტია.
თქვენ კონკრეტული ფაქტების შესახებ ფოტომასალა წარადგინეთ და აღნიშნეთ, რომ დახმარების მიმღებნი, სინამდვილეში, შეძლებული ადამიანები არიან.
- რამდენიმე ბენეფიციარმა განცხადებით მოგვმართა, ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი მათ ოჯახებში ეწვია. არსებობს ფოტოსურათები, სადაც ამ ოჯახებში ანტიკვარიატი ჩანს და ისინი სოლიდური ქონების მფლობელები არიან. სხვა ფოტოებზე კი ასახულია მცხეთის ორსართულიანი სახლი და მერსედესის მარკის ავტომანქანა და ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი „ბენეფიციარები“. აღნიშნული კატეგორიის 30%-მა, რომელთაც დახმარება შეუწყდათ, უკვე აღარ მოისურვა ჩვენთან განაცხადის შემოტანა, მათ აღიარეს, რომ შემოსავალს იღებდნენ. მაგალითად, ვინმე მზია კაკაბაძე გახლდათ ის ბენეფიციარი, რომელსაც 20 ბინა ჰქონდა იპოთეკით დატვირთული და 20 ბინის მფლობელზე ჰქონდა თანხა გასესხებული. ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრის ბაზაში ხელმისაწვდომია. თუმცა მრავლად იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა შემოსავლების სამინისტრომ ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია გასცა, თითქოს, მას 6 ათასი ლარი ჰქონდა მიღებული, მაგრამ რეალურად, ბენეფიციარს მიღებული აქვს სულ 1000 ლარი. ამიტომ, შემოსავლების სამინისტროდან მოტანილი ცნობის საფუძველზე, აღნიშნული ბენეფიციარი წერს განცხადებას დირექტორის სახელზე, რომ მას არ მიუღია აღნიშნული ხელფასი. ჩვენ ამ ინფორმაციას ვაწვდით ფინანსურ პოლიციას, რომელიც უკვე ხარვეზს, ან ფულის გათეთრებას დაადგენს.
როგორც ჩანს, თაღლითურ სქემებსაც აწყდებით?
- დიახ, იკვეთება, რომ ცალკეული ორგანიზაციები ამით ფულს ათეთრებდნენ. სწორედ ეს იცის პრეზიდენტმა და მისმა ზოგიერთმა წარმომადგენელმა, რომ ამაზე უფრო მეტი ამბები ატყდება და ეს არ აწყობთ. ბენეფიციარმა ამის შესახებ არ იცოდა, მათ ნაცვლად ვიღაცას ჰქონდა ხელი მოწერილი და ეს თანხა აღებული. ეს იმიტომაც ხდებოდა, რომ ფირმა არ დაფიქსირებულიყო დღგ-ს გადამხდელად და ნაკლები ხარჯი ჰქონოდათ.