„მოქალაქეთა იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც მიუღებელია დასავლეთი და სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია ამ ნაწილს განეკუთვნება, ნებისმიერი წარმატება გამაღიზიანებელია“

„მოქალაქეთა იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც მიუღებელია დასავლეთი და სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია ამ ნაწილს განეკუთვნება, ნებისმიერი წარმატება გამაღიზიანებელია“

საქართველოს საბოლოო მიზანი რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრობაა, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში იასუბრა. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ნამდვილად აღსანიშნავია, რადგან ქვეყანა აგრძელებს პროგრესის მიღწევას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება როგორც ევროკავშირში, ისე ნატო–ში.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ამჯერად გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. ღარიბაშვილი–მიშელის მორიგ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რადგან ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით განახლდა დიალოგის პროცესი მმართველი ძალისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები რომ საგარეო ვექტორზეც აისახება, ამის შესახებ საუბრობს ევროკავშირში საქართველოს ელჩი, ნატალია საბანაძე, რომლის განცხადებით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში ხელს შეუწყობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას. მისი თქმით, თბილისში მიმდინარე პროცესები პირდაპირ და უშუალოდ არ აისახება ასოცირების საბჭოზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მიმდინარეობს მოვლენები, ძირითადად, ჩვენი ქვეყნისთვის და მომავალი განვითარებისთვის. ასოცირების საბჭო ცალკე ფორმატია, რომელიც დაგეგმილი იყო დიდი ხნის წინ და მისი მთავარი მიზანი არის, ვისაუბროთ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე. ქვეყნის ძალიან დიდი ენერგია მიდის ამ შიდა მოლაპარაკებებზე, მაგრამ ასოცირების შეთანხმება იმდენად ფართოა, ბევრი უწყებაა ჩართული სხვადასხვა დონეზე –სახელმწიფო სტრუქტურები, საჯარო სამსახური ფუნქციონირებს ჩვეულებრივად“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

მთავრობის მეთაურს 17 მარტს ნატოს შტაბბინაში უმასპინძლებენ. დაგეგმილია პრემიერისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა. ნატოში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შანსი ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გასაფართოვებლად.

როგორც დოლიძე აცხადებს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებებიდან გამომდინარე, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, ამ თვალსაზრისით, ყველა აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა და მომავალი გადასადგმელი ნაბიჯებიც ზედმიწევნით სწორად უნდა გადაიდგას.

„ჩვენ გვინდა ამ პროცესიდან მაქსიმალური პროგრესი გვქონდეს. წელს დაგეგმილია ნატო–ს სამიტები უმაღლეს დონეზე და აქედან გამომდინარე, გვინდა ამ დოკუმენტში აისახოს მაქსიმალურად, საქართველოს არა მხოლოდ მისწრაფება, არამედ გაფართოების პროცესის მნიშვნელობა, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია. დოკუმენტში უნდა აისახოს გადაწყვეტილება, რომელიც ბუქარესტის სამიტზე მიიღეს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება“, –აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირება რომ პრობლემაა ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში, ამის შესახებ for.ge–სთან საუბრისას აღნიშნა პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ, რომელიც ავტორია პირველი ისტორიული რეზოლუციის, სადაც საქართველოს პარლამენტმა გააკეთა განცხადება, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს მიზანი. როგორც გოგავა აცხადებს, სამწუხაროდ, ბევრი წელია ნელი ნაბიჯებით მივდივართ ინტეგრაციის გზაზე.

„მიმდინარე მოვლენები ცხადია, ხელს არ უწყობს ევროატლანტიკური იტეგრაციის ვექტორს. ის, რაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ხდება, ეს წარმოუდგენელია. საოცრად დაბალი კულტურის ურთიერთობებია ამ სპექტრში. ევროკავშირს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს არის ცივილიზებული კლუბი, რომელიც ავტომატურად ნიშნავს ეკონომიკური დონის გაუმჯობესებას ქვეყანაში. ამის კარგი მაგალითია ირლანდიის და პორტუგალიის მაგალითი, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითი, როცა ეკონომიკისა და ცხოვრების დონე ევროკავშირმა გააუმჯობესა, მაგრამ ეს არ უნდა გაიწელოს დიდი ხანი. მაგალითად, როგორც თურქეთის შემთხვევაში, ნახევარ საუკუნეზე მეტია ასოცირების შეთანხმების რეჟიმში ამყოფებენ“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.

რაც შეეხება ნატო–სთან ურთიერთობას, ირაკლი გოგავას განცხადებით, უკეთესი უსაფრთხოების სისტემა მსოფლიოში არ არსებობს. საქართველო, რომელიც არაერთხელ გამხდარა აგრესიის მსხვერპლი საერთაშორისო ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, ჭირდება უსაფრთხოების ქოლგა.

„ეს პროცესიც არ უნდა იყოს არარეალისტური, დაპირებების ხასიათი არ უნდა ჰქონდეს და აქ არის სამუშაო უფრო ევროპაში, ვინაიდან ევროპული ქვეყნები ბარიერებს ქმნიან საქართველოს ნატოში წევრობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, შიდა პროცესებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის.

„სტაბილურობა მნიშვნელოვანია, რომ შემოვიდეს ინვესტიციები, ეკონიმიკა გაუმჯობესდეს, მით უმეტეს კოვიდის შემდეგ. შესაბამისად, სტაბილურობა ამ მოვლენების პირობა გახლავთ. მართლაც, ბევრკომპონენტიანია დასავლეთისკენ მოძრაობა. საქართველოს მოქალაქეთა იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც მიუღებელია დასავლეთი და სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია ამ ნაწილს განეკუთვნება, იმდენად განრისხებული იყო ახლახანს დასავლეთზე, რა თქმა უნდა, მათთვის ნებისმიერი წარმატება დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, სირთულის და გაღიზიანების შემცველია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

for.ge–სთან საუბრისას საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე ამბობს, რომ ევროკავშირი და დასავლური პოლიტიკური კულტურა არის კონსენსუსური, ითვალისწინებს იმას, რომ ქვეყანაში ყველა დაპირისპირება, ყველა უთანხმოება უნდა მოხდეს შეთანხმების და კონსენსუსის ნიადაგზე. მისი თქმით, ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს არ არის დასავლური პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი.

„დასავლეთი შეწუხებულია მიმდინარე პროცესებით, ნახეთ, რამდენი მედიატორია. ევროსაბჭოს პრეზიდენტიც კი ჩამოვიდა და ამ დროს, ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ უარყოფით ინფორმაციებს იძლევა საერთაშორისო სარბიელზე. საერთოდ, შიდა პრობლემები გარეთ გასატანი არ არის. თუ ქვეყანა არის სათანადოდ განვითარებული და დემოკრატიული, ეს პრობლემები შინ უნდა მოგვარდეს.

მაგრამ ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებულია დესტრუქციაზე. ამ დესტრუქციას თავისი უარყოფითი გავლენა აქვს საერთაშორისო მიმართულებით. ჩვენ რეგიონში ცნობილი ვართ როგორც განვითარებული ქვეყანა. ეს თამასა უნდა შეგვენარჩუნებინა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი პროცესები მიდის - აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი“, – აცხადებს თამარ კიკნაძე.

თემურ კარგია
3 წლის უკან