თბილისის მერიასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის დაპირისპირებაა. საქმე ეხება ხიდის პროექტს, რომელსაც ერთმანეთთან მარშალ გელოვანის გამზირი და სამტრედიის ქუჩა უნდა დაეკავშირებინა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა.
ფონდის განმარტებით, შესაბამისი კვლევების ჩატარების საფუძველზე დადგინდა, რომ თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ე.წ. დაკიდული ხიდი (პროექტი საერთო ბიუჯეტით–80 მლნ ლარი) აღარ აიგება. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, საკითხის საფუძვლანი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის აგებით ტერიტორიაზე არსებული საცობების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან ხიდის აგებას სამტრედიის ქუჩების მაცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან. ამის შესახებ განცხადება ფონდმა 18 თებერვალს გააკეთა.
გუშინ ამ გადაწყვეტილებას თბილისის მერი, გიგი უგულავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისელებს უგულავას პოლიტიკური შეხედულებების გამო სჯიან.
„ვიღაცამ გადაწყვიტა, დასაჯოს თბილისელები, რადგან განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავარ. გადავდოთ ეს და გავმართოთ კონსულტაციები. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ჩაგვეტარებინა მოლაპარაკებები, ქონების მართვის სამსახურის უფროსი დაბარებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში, რომელსაც ახლა ანტიკორუფციული დეპარტამენტი ჰქვია. ეს რა შუაშია საერთოდ ვერ ვიგებ“, - ამბობს უგულავა.
მისი თქმით, ქალაქში საცობების შექმნის მოტივით ხიდის აშენებაზე უარის თქმა სასაცილოა, რადგან „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორია მძიმე სატრანსპორტო კვანძია და იქ სამანქანო ხიდის აგება აუცილებელია. ამასთანავე, უგულავა განმარტავს, რომ აღნიშნულ სამანქანო ხიდზე ვაშლიჯვრიდან მომავალი ტრასის დაერთებაც იქნება შესაძლებელი, რაც გაგარინის მონაკვეთსა და ჟვანიას მოედანს განტვირთავს.
აღსანიშნავია, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში მოწმის სახით თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი დავით ჭედია დაიბარეს. საქმე ეხება მარშალ გელოვანის გამზირზე ყოფილი „მათე მოტორსის“ მფლობელის საჩივარს, რომლის თანახმადაც ქონების მართვის სააგენტომ მოქალაქეს უკანონოდ ჩამოართვა მიწის ნაკვეთი. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ რეალურად მფლობელს მარშალ გელოვანის გამზირზე არსებული 1600 კვ/მ მიწის ფართობი, ადგილმონაცვლეობის პრინციპით გადაეცვალა დავით აღმაშნებლის ხეივანში 8000 კვ/მ მიწაზე, რაზეც მან თანხმობა განაცხადა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტოსალონი ააშენა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. შესაბამისად, მერიაში აღნიშნულ საკითხზე დავით ჭედიას მოწმის სახით დაკითხვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოზე ზეწოლად აფასებენ.
თბილისის მერს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უპასუხა. მინისტრის მოადგილის, შოთა მურღულიას განცხადებით, 2012 წლის 28 დეკემბერს მერიამ თავად გადმოუგზავნა განსახილველად სამინისტროს სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებელთა წერილი, რომელსაც 500 ოჯახი აწერდა ხელს. აღნიშნულ წერილში მოსახლეობა ხიდის მშენებლობაზე უარის თქმას ითხოვდა და მიზეზად ეკოლოგიურ პრობლემებსა და სამტრედიის ქუჩაზე არსებულ გადატვირთულ მოძრაობას ასახელებდა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა განიხილეს არსებული პროექტი და მისი ძვირი ღირებულების (პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით უნდა გახორციელებულიყო და მისი ღირებულება 80 მლნ ლარი გახლდათ), დიდი საექსპლუატაციო ხარჯების (5 მლნ ლარი წელიწადში) და მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის საფუძველზე, აღნიშნული ხიდის მშენებლობაზე უარი განაცხადეს. შოთა მურღულიამ აღნიშნა, რომ გიგი უგულავას განცხადება პრობლემის გადაბრალების უსუსური მცდელობა იყო. მისივე თქმით, სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი მზად არიან, განახორციელონ მდინარე მტკავრზე ხიდის მშენებლობა, თუ მერია წარმოადგენს პროექტის ალტერნატიულ, მოსახლეობასთან შეთანხმებულ ვარიანტს.
თბილისში სატრანსპორტო მოძრაობა მართლაც პრობლემური საკითხია, განსაკუთრებით ე.წ. პიკის საათებში. ამიტომ ცხადია, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გარკვეული ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ან შესამსუბუქებლად მაინც. უშველის თუ არა მარშალ გელოვანის გამზირზე გადატვირთულ მოძრაობას აღნიშნული ხიდის აგება და მართლაც უფრო მეტად გადატვირთავს თუ არა ეს სამტრედიის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობას, ამასთან დაკავშირებით for.ge არქიტექტორებს ესაუბრა. სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ თბილისში მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი რაც უფრო მეტი ხიდი აიგება, უკეთესია, თუმცა, ამავდროულად დასძენენ, რომ ამ პროექტებს შესაბამისი მომზადება და ყველაფერს კარგად გათვლა სჭირდება.
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი ამბობს, რომ ხიდი იმისთვის შენდება, რომ სატრანსპორტო მოძრაობა ქალაქში ნორმალიზებული იყოს, მაგრამ პირველ რიგში, საჭიროა იმის განსაზღვრა, სად არის ხიდი ასაშენებელი.
„მე მიმაჩნია, რომ ხიდი უნდა აშენდეს სატივეზე, ანუ საცურაო აუზ „ლაგუნა ვერესთან“. მანდ რომ ხიდი გაკეთებულიყო, მაშინ დიდუბიდან ორთაჭალამდე ორივე სანაპიროს ცალმხრივი მოძრაობის სანაპიროებად მივიღებდით და ფაქტობრივად, ამ ზონაში ათწლეულის მანძილზე პრობლემა აღარ იქნებოდა“, - ამბობს გიგა ბათიაშვილი.
რაც შეეხება თბილისის მერიის არგუმენტს, რომ ამ ხიდის აშენებით მარშალ გელოვანის გამზირზე მოძრაობა განიტვირთებოდა, გიგა ბათიაშვილი ამბობს, - „როგორც ვერ განტვირთა მოძრაობა იმ ესტაკადებმა, რომლებიც „ლაგუნა ვერესთან“, გალაქტიონის ხიდთან და ბარათაშვილის ქუჩასთან გაკეთდა (პიკის საათებში თითოეულ ამ ადგილას ისევ საცობებია), ისე ვერ განტვირთავს ეს ხიდიც მოძრაობას“. მისი განმარტებით, პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ სანაპიროების ცალმხრივი მოძრაობის სანაპიროებად ქცევაშია. აქვე იგი დასძენს, რომ საერთო ჯამში, რაც უფრო მეტი ხიდი იქნება, მით უკეთესია ქალაქისთვის, მაგრამ მთავარია, სწორად განისაზღვროს, სად უნდა აშენდეს ხიდი.
არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე, დავით აბულაძე ამბობს, რომ როდესაც ბიუჯეტის თანხა იხარჯება, მაშინ გარკვეული პრიორიტეტების განსაზღვრა ხდება. კერძოდ, თუ საუბარია ბიუჯეტის თანხაზე და განსასაზღვრია, საბავშვო ბაღი უნდა ავაშენოთ თუ ხიდი, მაშინ სჯობს, საბავშვო ბაღი აშენდეს, მაგრამ არქიტექტორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ხიდის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მიერ უნდა დაფინანსებულიყო. ამიტომ, იგი მიიჩნევს, რომ თუ ეს თანხა მიზნობრივად მხოლოდ ხიდის ასაშენებლად იყო გამოყოფილი და მისი არაშენების შემთხვევაში ეს ფული ჩვენთვის დაკარგული იქნება, მაშინ სჯობს, რომ ხიდი აშენდეს.
„არა ერთი, არამედ ხუთი ხიდი რომ კაგეთდეს მტკვარზე, თბილისს ეს მაინც არ ეყოფა. აქედან გამომდინარე, ამ ხიდის აშენებას მხარს ვუჭერ, მაგრამ არ ვეთანხმები პროფესიული კვლევის, ანალიზის გარეშე ხიდის აშენებაზე უარის თქმას. თუ ეს ჩვენი ბიუჯეტით არ კეთდება და ეს თანხა იკარგება, უნდა ჩატარდეს პროფესიული განხილვა და სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს, როგორ გაკეთდეს ეს ხიდი“, - აცხადებს დავით აბულაძე.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში შესაბამისი კვალიფიციური კადრები არ მუშაობენ, რომლებსაც სამშენებლო პროექტის ექსპერტიზის ჩატარება შეუძლიათ.
„სამინისტროში არ მუშაობენ ისეთი სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ ხიდის, ან თუნდაც შენობის ავკარგიანობა განსაზღვრონ. იქ შესაბამისი სტრუქტურა არ არის. 11-კაციანი რგოლია, რომლის ხელმძღვანელიც თამარ რუხაძეა და ეს ადამიანები მიმდინარე საკითხებს ძლივს ართმევენ თავს. ამ სტრუქტურაში არ არიან სპეციალისტები, რომლებსაც შესაბამისი შეფასების გაკეთება შეუძლიათ“, - აღნიშნავს აბულაძე.
ზოგადად კი, იგი მიიჩნევს, რომ მტკვარზე რამდენი განივი კავშირის შესაძლებლობაც იქნება, ყველა უნდა იყოს გამოყენებული. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს არგუმენტს, სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებლების პროტესტთან დაკავშირებით, დავით აბულაძე ამბობს, რომ ნებისმიერი რამ, რაც კეთდება, ვიღაცისთვის დისკომფორტს შექმნის, მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი ქუჩის ინტერესებიდან გამომდინარე კი არა, მთლიანად ქალაქის საჭიროების მიხედვით უნდა იქნეს მიღებული.