„დენიელსონმა თქვა: ვინც ამ მოლაპარაკებას ჩაშლის, ის რუსულ თამაშს თამაშობს და არავის უნდა მოლაპარაკების ჩამშლელობა დაბრალდეს“

„დენიელსონმა თქვა: ვინც ამ მოლაპარაკებას ჩაშლის, ის რუსულ თამაშს თამაშობს და არავის უნდა მოლაპარაკების ჩამშლელობა დაბრალდეს“

ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში მანამდე დარჩება, სანამ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ იქნება. ხელისუფლებასთან 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ შესაძლოა, 5-თვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ევროპელების დახმარებით კრიზისი აღმოიფხვრას.

მედიატორის ფუნქციით აღჭურვილმა შვედმა დიპლომატმა 14 მარტს ორივე მხარესთან შეხვედრის შემდეგ, მოულოდნელად გამგზავრება გადაიფიქრა იმ მიზეზით, რომ ორივე მხარე მონდომებულია და იმედი აქვს შეთანხმებას მიაღწევს. დანიელსონი 15 მარტს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მართალია, შეხვედრის დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ოპოზიცია ვარაუდს გამოთქვამს, რომ დანიელსონმა პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალება სთხოვა. ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით სიტუაცია საკმაოდ რთულად არის, თუმცა დანიელსონი, სავარაუდოდ, გამოსავლის პოვნას აქაც ცდილობს. ვინ წავა კომპრომისზე, როცა ხელისუფლება კვლავ აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება? სავარაუდოდ, პატარა პარტიების ნაწილი პლებისციტის ჩატარებაზე თანახმაა, თუმცა რატომ ადანაშაულებს მათ ირაკლი კობახიძე მოლაპარაკების დეტალების გამხელაში ვერ გაუგიათ.

დღის განმავლობაში დანიელსონი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა და ამის შემდეგ „ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრა გამართა. დანიელსონმა უნდა შეძლოს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები შეაჯეროს, რასაც შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა უნდა მოჰყვეს.

ამის პარალელურად, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევოპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრაზე იმყოფება. მოლაპარაკებები ორ ფრონტზე მიმდინარეობს, რამაც საქართველოს მომავლის ბედი უნდა გადაწყვიტოს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია შეთანხმების ხელმოწერით დასრულდება.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მედიატორი არც ერთ ისეთ წინანადადებას არ აყენებს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს.

„სამწუხაროდ, გვიწევს დეტალების გასაჯაროვებისგან თავის შეკავება. სავარაუდოდ, ხვალაც გაგრძელდება კონსულტაციები. ყოველი შემდეგი შეხვედრა ნიშნავს წინ წაწევას კონკრეტული მიმართულებებით. შესაბამისად, არის საინტერესო და კონსტრუქციული დისკუსიები ყველა მიმართულებით, ყველა ასპექტში და გვაქვს კვლავაც იმედი, რომ ეს შეხვედრები დასრულდება შედეგით, შეთანხმების ხელმოწერით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტყვის თუ არა „ქართული ოცნება“ უარს საკუთარ პრინციპებზე, თუ მედიატორისგან მსგავსი წინადადება იქნება - ამ კითხვის პასუხად კობახიძე აცხადებს, რომ მედიატორისგან მსგავსი წინადადება არ ყოფილა.

მისი შეფასებით, მედიატორის წინადადებები არ ცდება სამართლიანობის პრინციპებს და ეს განწყობა შეთანხმების იმ მონახაზშიც აისახა, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს.

„შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ უკვე ვხედავთ, რომ მედიატორი არც ერთ ისეთ წინადადებას არ დააყენებს, რომელიც სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება. ამაში დარწმუნებულები ვართ, მათ შორის, გამომდინარე იმ დისკუსიებიდან, რომელიც დღემდე გაიმართა, მათ შორის, გამოკვეთილია შეთანხმების იმ მონახაზში, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს და, ზოგადად, განწყობებშიც“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მოლაპარაკების პროცესში წინსვლაა.

„ვფიქრობ, მოლაპარაკების პროცესი წინ მიდის და ჩნდება მეტი შესაძლებლობა შეთანხმებისთვის. ტექსტიც უკვე თანდათან იღებს ისეთ სახეს, რომ იქ უფრო მეტი თანხმობის მოძებნა შეიძლება, ვიდრე განსხვავების“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა: „ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესში ხელს უშლის შეთანხმების მიღწევას“.

არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუ აღნიშნული საკითხი საერთოდ არ იქნება განხილული მოლაპარაკების დროს.

 „მოქალაქეების“ ერთ-ერთი წევრი ლევან იოსელიანი for.ge-სთან აცხადებს, რომ შეხვედრაზე მას დარჩა შთაბეჭდილება, ოპოზიციის ნაწილი სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით, ახლა უფრო მომწიფებულია და მზად არის კომპრომისული ნაბიჯები გადადგას. იოსელიანი ამბობს, რომ მას ოპოზიცია დანიელსონის შეხვედრაზე 15 მარტს ისეთი რადიკალური აღარ მოეჩვენა, როგორც თუნდაც წინა რაუნდების დროს. დეპუტატი აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ შეხვედრას არ ესწრებოდა და მათი განწყობის შესახებ არაფერი იცის. თუმცა იმედს იტოვებს, რომ ისინი იმ კონტექსტს ხვდებიან, რაც ქვეყნის გარშემოა შექმნილი.

„ბატონი კუბილიუსი, კრამონი, მეთიუ ბრაიზა და ყველა სხვა ევროპელი თუ ამერიკელი მეგობრები ერთადერთ გამოსავლად შეთანხმებას მიიჩნევენ. ოღონდ ეს ინსტიტუციურ განვითარებაზე და რეფორმებზე ორიენტირებული უნდა იყოს. ყველა ამას ამბობს და არავისგან განცხადება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე არ კეთდება. ისინი არჩევნებს ამ რეფორმებზე უპირატეს ამბად არ აღიქვამენ. ოპოზიციის ნაწილზე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ისინი არსებულ სიტუაციას სრულიად იაზრებენ და კომპრომისზე წასვლა არაა გამორიცხული.

რაც შეეხება ჩვენი პარტიის პოზიციას, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენთვის ინსტიტუციონალური განვითარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთჯერადად არჩევნების ჩატარება. ამ შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი სასამართლო რეფომაა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამაზე უარის თქმა ვადამდელი არჩევნების გამო არასწორად მიმაჩნია. ეს არის ქვეყნისთვის დიდი ზიანის მომტანი. თუნდაც შარლ მიშელის ვიზიტი რომ გავიხსენოთ, ვნახავთ რეალურად მან რაზე ისაუბრა. მიშელი ლაპარაკობდა მართლმსაჯულების სისტემაზე და მასზე პოლიტიკის გავლენებზე. ჩვენ ევროპელ მეგობრებს აინტერესებს, რომ ქვეყანაში ინსტიტუციონალური რეფომები გატარდეს და ამის შედეგად წინ წავიდეთ. ერთჯერადი არჩევნები არანაირ შედეგს არ მოგვიტანს“, - აცახდებს იოსელიანი for.ge-სთან.

მისივე თქმით, მთელი ევროპა და ამერიკა ფიქრობს, რომ საქართველოში აუცილებელია რეფორმების გატარება და არა ვადამდელი არჩევნები, ამიტომაც კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. იოსელიანს აქვს მოლოდნი, რომ ოპოზიციის ნაწილი ნაკლებად ხისტად ფიქრობს და იმის საფუძველს იძლევა, რომ რაღაცა მიღწეული იქნას. დეპუტატის თქმით, წითელ ხაზებზე საუბარი არ ყოფილა და ყველაფერი ეს იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ თვის ბოლოს კონკრეტული შეთანხმება დაიდება.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება და ბრალდებები ოპოზიციის მიმართ რამ გამოიწვია არ იცის. თუმცა, რაც შეხვედრიდან მან გაიგო, საუბარია იმაზე, რომ დანიელსონი საქართველოში იმ დრომდე დარჩება, რამდენიც საჭირო იქნება. მეგრელიშვილი იმედოვნებს, რომ არსებობს პერსპექტივა, რეალურად რაღაცა შეთანხმება მიღწეული იქნება. მისი განცხადებით, 14 მარტს უფრო მისაღები თემების გავლა მოხდა, ვიდრე 15 მარტს. მაგიდაზე დაკორექტირებული დოკუმენტი დაიდო და თუ 14 მარტს ფიზიკურად მასზე ხელმოწერისთვის და პარლამენტში შევლისთვის მზად იყვნენ, 15 მარტის მონაცემებით შესაძლოა, ცოტა დაფიქრდნენ.

„ის მიზეზები მაინტერესებს, ოპოზიციამ რა გააფუჭა ისეთი, რომ კობახიძემ ასეთი მწვავე განცხადება გააკეთა. საქმე ისაა, რომ ბატონი დანიელსონი ძალიან სერიოზული ადამიანია, ეს ადამიანი ცდილობს მოგვისმინოს და მერე ამ მოსმენილიდან გვეუბნება რეალურად რა გამოვა. ეს არ არის ოპოზიციის და „ოცნების“ წინადადებები. უბრალოდ, ორივეს გვისმენს და შემდეგ მესამე მხარის პოზიციიდან გვესაუბრება, რა გამოვა. დანიელსონის დარჩენა, ევროკავშირის ინტერესი და ჩვენზე ხელის არჩაქნევა, ნიშნავს იმას, რომ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. თუ ამ ადამიანმა მოახერხა და მხარეები კიდევ დაახლოვა, ალბათ, ამ ადამიანს ძეგლი უნდა დავუდგათ“,-აცხადებს მეგრელიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ოპოზიციამ „ოცნების“ პოზიცია რა არის არ იცის, ხოლო ერთმანეთს ქვა რომ არ ესროლონ, ამისთვის ევროპიდან დამხმარე სჭირდებათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია.

„თანამდებობებს ოპოზიციის ლიდერები პარლამენტში დაიკავებენ თუ არა, ჩემთვის დიდად საინტერესო არ არის. ჩვენთვის საარჩევნო რეფორმის ფუნდამენტური ცვლილებაა მნიშვნელოვანი. ამიტომ არის საკითხები, რომელიც ოპოზიციის დიდი ნაწილიდან აღშფოთებას იწვევს, მაგრამ არ ვიცით „ოცნება“ რას აპროტესტებს. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა, პირისპირ საუბარი და დისკუსიების გაშლა. თუ შეთანხმება ვერ მოხდა, უნდა გავიგოთ, ვინ რისი წინააღმდეგი იყო. კობახიძემ ამაზე დაიმუქრა კიდევაც და ვეთანხმები. დენიელსონმა თქვა: ვინც ამ მოლაპარაკებას ჩაშლის, ის რუსულ თამაშს თამაშობს. ევროპა გვეხმარება, რომ ამ ამბავს თავი ავარიდოთ, ამიტომაც ჩამშლელს სერიოზული არგუმენტების მოტანა მოუწევს, ეს რატომ გააკეთა. მთელი ეს ამბავი მიდის იმისთვის, რომ არავის უნდა მოლაპარაკების ჩამშლელობა დაბრალდეს“, - ამბობს მეგრელიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს კი მიაჩნია, რომ ახლა ევროპისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მოლაპარაკებებმა უნაყოფოდ არ ჩაიაროს და შეთანხმება შედგეს. ანალიტიკოსის აზრით, ასეთი დაინტერესება დასავლეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ თუ ამას ვერ გამოვიყენებთ, არა აქვს მნიშვნელობა, ვინაა მართალი და ვინ მტყუანი, ორივე მხარე, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია პასუხისმგებლები იქნებიან იმ შედეგებზე, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანაში განვითარდეს. ასევე ევროპიდან ამას საკმაოდ მკაცრი პასუხი მოჰყვება და ქვეყანას საბოლოოდ უფსკრულში გადაჩეხავენ.

„ევროპაში არსებობენ ისეთი ძალები, რომლებიც ევროკავშირის და ნატოს გაფართოვების წინააღმდეგები არიან. არსებობენ ძალები, რომლებიც რუსეთის ფაქტორს ანგარიშს უწევენ. ამ წარუმატებელი მოლაპარაკებების ფონზე, მათ საბაბი გაუჩნდებათ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში გადაწიონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ისევ და ისევ რუსეთის ადვილ სამიზნედ რჩება. კვლავ დამოკიდებული უნდა ვიყოთ რუსეთის განწყობებზე, როდის მოესურვება პუტინს საქართველოში ჯარით თუ მისი გარეშე შემოსვლა.

ეს არის პირდაპირ საფრთხე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ემუქრება. ასევე დიდი პრობლემები გვექნება ეკონომიკურ-სოციალური თვალსაზრისით. როდესაც ერის და ქვეყნის წინაშე ასეთი რამ დგას, იქ რომელიმე მართალი და რომელიმე მტყუანი ვერ იქნება. ორივე მხარის ბრალი იქნება, თუკი ქვეყანას ამ საფრთხის წინაშე დააყენებენ. ყველაზე მეტად კი მტყუანი ამ ყველაფერში ქართული საზოგადოებაა, რომელიც ჯერჯერობით, ისევ მართალი მხარის აღმოჩენას ცდილობს. მაშინ, როდესაც მოსახლეობის მოთხოვნა ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა უნდა იყოს და მთლიანობაში პოლიტიკური სპექტრი დაავალდებულოს, რომ ამას ანგარიში გაუწიონ. ეს ადამიანები ყველაფერს ცდილობენ, რომ საქართველო ამ კრიზისიდან გამოიყვანონ, თან გვაფრთხილებენ და გვეუბნებიან, რომ გონს მოვიდეთ. სხვა მეტი რაღა გააკეთონ?“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, რეგიონში ვითარება ძალიან მკვეთრად შეიცვალა. რუსეთმა კავკასიაში მაქსიმალურის მიღება შეძლო, არა მარტო სომხეთში, არამედ აზერბაიჯანში. ამიტომ მას ორივე ქვეყანაში სამხედრო ძალები და შენაერთები ჰყავს. ახლა იმაზე გადავა, რომ აზერბაიჯანზე უფრო მასშტაბური კონტროლი მოიპოვოს. ძაბირაძეს მიაჩნია, რომ რეგიონში ერთადერთი კუნძული საქართველო რჩება, რომელიც რუსეთს ამიერკავკასიის სრულად ათვისების საშუალებას არ აძლევს. ამას ხვდება ყველა და დიდი ფილოსოფია არ სჭირდება. მისი თქმით, ევროპელები გვეუბნებიან, რომ ამას ხელი არ შევუწყოთ. უპასუხისმგებლოა ოპოზიცია? მაშინ პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ ნაბიჯი პირველმა გადადგას. ხელისუფლებაა უპასუხისმგებლო? მაშინ პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ პირველი ნაბიჯი გადადგას. ძაბირაძეს კი მიაჩნია, რომ ქვეყნის და ერის წინაშე ყველა უპასუხისმგებლოა.