კომერციული ბანკები არაპროფილური აქტივების ჩამოშორებაზე უარს აცხადებენ. ისინი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას აპირებენ და პოზიციების დათმობას არც კი ფიქრობენ.
სწორედ ამას ამტკიცებს საქართველოს ბანკების ასოციაციის მიერ მენაშენეებისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ბანკებისთვის მიუღებელია ბრალდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხებასთან დაკავშირებით, რადგან სწორედ ბანკების სესხების წყალობით განვითარდა არაერთი ინდუსტრია.
ბანკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ არაპროფილური აქტივების ფლობას განსაზღვრავს და მკაცრად არეგულირებს კომერციული ბანკების შესახებ კანონი, რომლის მიხედვით ბანკი ვერასდროს გახდება არასაბანკო სფეროს მნიშვნელოვანი მოთამაშე და ხელს ვერ შეუშლის სხვა კომპანიის განვითარებას. ბანკები მენაშენეთა ასოციაციის პოზიციას არასათანადოდ არგუმენტირებულად მიიჩნევენ და საკითხის გადასაწყვეტად სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების ინიციატივას გამოთქვამენ.
საინტერესოა საერთოდ რას განსაზღვრავს კანონი “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ”. მეათე მუხლის მეორე ქვეპუნქტის მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია:
ა) ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის არაუმეტეს 20 პროცენტის შესაბამის წილს თუ ბანკის წილი არ აღემატება თვით ამ ბანკის ხელუხლებელი კაპიტალისა და რეზერვების ჯამური ოდენობის 15 პროცენტს;
ბ) შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს წილს მხოლოდ გარკვეულ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საბანკო საქმესთან და თუ ეს საქმიანობა კონკრეტულად მითითებულია ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ ლიცენზიაში;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვით ბანკებს შეუძლიათ შექმნან და შეიძინონ შვილობილი ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან სხვა სახის საქმიანობას. ნებართვაში თითოეული შვილობილი ორგანიზაციის მიხედვით დათქმული უნდა იყოს საქმიანობის სახეობა, რომლის შესრულებაც მას შეუძლია. ამ შემთხვევაში შვილობილი ორგანიზაციის საქმიანობა შეზღუდულია ნებართვაში დათქმული საქმიანობის სახეობით.
არადა რამდენიმე დღის წინათ დეველოპერებს იმედი გაუჩნდათ, რომ ბანკები კეთილ ნებას გამოიჩენდნენ და არაპროფილურ ბიზნესს დათმობდნენ. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა აცხადებდა, რომ ბანკების ჩართულობა არაპროფილურ ბიზნესში არასწორია და ამ მიმართულებით ბანკებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, ბანკების უმრავლესობის პოზიციაა, რომ საკითხის დარეგულირება საკანონმდებლო დონეზე მოხდეს და ასეთი ბიზნესებიდან ბანკები გამოვიდნენ.
რა თქმა უნდა, მენაშენეებმა ეს პოზიცია თავისი ბიზნესის დასაცავად აირჩიეს. გარდა ამისა, მათი სურვილია, რომ ბანკებთან ურთიერთობა მაქსიმალურად სწრაფად დარეგულირდეს, რათა შეძლონ ხელსაყრელი კრედიტების მიღება, რაც სამშენებლო ბიზნესს ბოლოს და ბოლოს ჩიხიდან გამოიყვანს.
თუმცა ასე არ ფიქრობენ ბანკებში და საერთოდაც ისინი მშენებლებსაც ალმაცერად უყურებენ. ამას დაუფარავად აცხადებს “თიბის ჯგუფის” პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე.
“ზოგადად, ბანკები დეველოპელურ კომპანიებს ვუყურებთ ცოტა სკეპტიკურად იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ საკმარის კაპიტალიზაციას იმისათვის, რომ დაფინანსდეს ეს მიმართულება. სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს “გრძელი ფული”, “გრძელი დაფინანსება”, ხოლო კომპანიებს არ გააჩნიათ საკმარისი სახსრები, რომ მოიძიონ დამატებითი კრედიტები. გარდა ამისა, ბაზარიც არ არის გამართული ისე, როგორიც უნდა იყოს”, - აცხადებს “კომერსანტთან” საუბრისას ხაზარაძე.
ასეთი დამოკიდებულების შემდეგ მშენებელთა და ბანკირთა კოჰაბიტაციაზე ლაპარაკიც ზედმეტია.