მოლოდინის მიუხედავად, რომ 5-თვიანი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ევროპიდან გადმოგდებული მაშველი რგოლის დახმარებით მომხდარიყო, ჯერჯერობით ფუჭი იმედი აღმოჩნდა. ევროკავშირის მედიაციით შეხვედრა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის 14 მარტს არ გაიმართა. პოზიციების დასაახლოვებლად დიალოგი 15 მარტს კვლავ გაგრძელდება.
ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერები 14 მარტს უკვე მეორედ, მედიატორებთან
3-საათიანი შეხვედრიდან გამოვიდნენ. „ოცნების“ ლიდერების თქმით, მათი მხრიდან ნაბიჯები გადადგმულია, ახლა საჭიროა იგივე ოპოზიციამ გააკეთოს.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა 14 მარტს დილიდან დაიწყო. პირველი შეხვედრა მმართველ გუნდთან შედგა, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ ლიდერები წითელ ხაზებზე აღარ საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ სამართლიანობა ის მთავარი კრიტერიუმია, რის გარშემოც მმართველი გუნდი ოპოზიციასთან კომპრომისული შეთანხმების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. შეხვედრის დეტალური განხილვისგან მმართველი გუნდის წევრებმა თავი შეიკავეს.
„ოცნების“ შემდეგ დანიელსონი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერებს, შემდეგ კი „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩის“ ორივე ფრთის წარმომადგენლებს შეხვდა.
მმართველი გუნდის მსგავსად, შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ ისურვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც. თუმცა, ყველა მათგანი ერთხმად აღნიშნავდა, რომ მოლაპარაკებებმა წინ წაიწია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ შეთანხმების მიღწევის რეალურს რესურსს ხედავდნენ.
პოლიტიკოსებმა ისიც თქვეს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა დისკუსიის ბოლო დღეს პარტიებს შედეგზე ორიენტირებული წინადადებები თვითონ წარუდგინეს.
„ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, ამიტომ გადავწყიტე რომ კიდევ ერთი დღე 15 მარტსაც თბილისში დავრჩე. ხვალაც მუშაობას გავაგრძელებ და მხარეებზე იქნება დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. საკმაოდ დავწინაურდით და ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული“, - აცახდებს დანიელსონი.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგაც, უმრავლესობის წევრები შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებენ.
მისივე თქმით, შეხვედრისას წინ წაიწიეს ბევრ საკითხში, ხოლო გარკვეული საკითხები დამატებით შეთანხმებას და დაზუსტებას საჭიროებს. აქვე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან დადებულ პირობას არღვევს და მუდმივად საუბრობენ დისკუსიის დეტალებზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
„გვქონდა კიდევ ერთხელ პროდუქტიული დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან ერთად, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც დიალოგს და შესაძლო შეთანხმებას უკავშირდება. წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის ვიზიტის შემდეგაც. გარკვეული საკითხები დამატებით შეთანხმებას და დაზუსტებას საჭიროებს და ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკებები არის გასაგრძელებელი, ჩვენ ახლაც მოვერიდებით დეტალების გამჟღავნებას. დეტალებზე საუბარი გაგვიჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ შეთანხმებულები ვართ ამასთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.
მე ხაზს ვუსვამ, რომ ამ პირობას არღვევენ პერმანენტულად ოპოზიციის წარმომადგენლები მუდმივად და საუბრობენ დეტალებზე, რაც არის ჩვენს პარტნიორებთან დადებული პირობის უხეში დარღვევა. ჩვენ ამ პირობას არც ერთ შემთხვევაში არ დავარღვევთ.
მათ დაასახელეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის ე.წ. წითელი ხაზები, ამაზე ჰქონდათ მათ საუბარი როგორც დღეს, ასევე გუშინ.
ჩვენს პატივს ვცემთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს განსხვავებით მათგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, კრისტიან დანიელსონთან დღეს უკვე მეორე შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დადებითი შედეგით დასასრულებლად აუცილებელია ოპოზიციამ ნაბიჯები კიდევ გადადგას.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებების პროცესში სამართლიანი შეთავაზება გააკეთა.
„დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო დღე მოლაპარაკებების პროცესში. მოლაპარაკებები გრძელდება, ჯერ კიდევ რჩება სამუშაო საკითხებო, რომ პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს. ჩვენ სამართლიანი შეთავაზებები გვაქვს გაკეთებული და ვფიქრობთ, რომ ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს. ჩვენი მხრიდან სამართლიანი შეთავაზებები უკვე გაკეთდა.
ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების და მოქალაქეების არჩევანს, ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს და შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის, ნებისმიერი პარტიის დღის წესრიგზე მაღლა დგას საქართველოს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციის, დემოკრატიის გაძლიერება, ევროინტეგრაციის ამოცანები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სამწუხაროა, კონკრეტული შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა, თუმცა იმედია, რომ მარტის ბოლომდე შეთანხმება აუცილებლად მოხდება. ვაშაძე აცხადებს, რომ მედიატორები პრობლემად მხოლოდ საქართველოს შიდა პოლიტიკას არ აღიქვამენ, ისინი რეგიონში შექმნილ სიტუაციაზეც შეშფოთებულები არიან, ამიტომაც ევროკავშირი ფიქრობს, რომ საქართველომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით შიდა პრობლემები უნდა მოაგვაროს.
„საზოგადოება მინდა დავაწყნარო, რომ კონკრეტულ შეთანხმებამდე აუცილებლად მივალთ. ნამდვილად არ ვიცი, რა დეტალებზე ვისაუბრო, როცა ამის საუბრის საშუალება არ გვაქვს. რამდენიმე დღის წინ სწორად ვთქვი, რომ მარტის ბოლომდე დრო გვაქვს. მოკლედ ვფიქრობ, რომ თვის ბოლომდე კიდევ მოლაპარაკება გაგრძელდება. ჩვენ გვაჩვენეს გეგმა და დოკუმენტი, რომელიც მედიატორების მიერ შემუშავებული იყო და ჩვენც ჩვენი პოზიცია გამოვთქვით. ეს იყო მესამე მხარის მოსაზრებები. რაზეც ჩვენი პოზიცია აინტერესებდათ.
ნამდვილად წინ წავიწიეთ, თუმცა რთულია კონკრეტულად რამე ვთქვა. ნამდვილად არ მინდა დასავლელ პარტნიორებთან რეპუტაცია გავიფუჭო. ამის საბაბი ასევე კობახიძეს არ მინდა მივცე, ისედაც დაგვაბრალა, რომ შინაარსი გარეთ გამოვიტანეთ. სამწუხაროდ, დღეს მზად ვიყავით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაგვედგა, ამიტომაც სამწუხაროა, რომ დღეს კონკრეტულზე ვერაფერზე შევთანხმდით. არ ვიცი „ოცნება“ კონკრეტულად ჩვენგან კიდევ რას ელოდება. მე მგონი კომუნიკაცია მედიატორებთან გვექნება და დეტალურად გავიგებთ რაზეა საუბარი. ცუდია, რომ ქართული დელეგაცია ბრიუსელში შეთანხმების გარეშე ჩადის“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ოპოზიცია კომპრომისულ ნაბიჯზე კვლავ არ მიდის. მისი თქმით, ოპოზიცია მთელი მოლაპარაკების მანძილზე მხოლოდ იმას იმეორებს, რომ მათ პოზიციები არ შეუცვლიათ. ნიკა მელია და გიორგი რურუა თუ არ გათავისუფლდებიან და რიგგარეშე არჩევნები თუ არ დაინიშნება, მოლაპარაკებას აზრი არა აქვს. ხელისუფლება ამბობს, რომ მოთხოვნები სამართლიანი უნდა იყოს როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოებრივად და პოლიტიკურად, შესაბამისად, „ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებს ვერ დანიშნავს, რადგანაც ამის არანაირი სამართლებრივი ბერკეტი ოპოზიციას არა აქვს.
„ოპოზიცია ისევ ჯიუტად ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემას აწვება. ასევე რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს და კომპრომისზე არ მიდის. ყველასგან დამტკიცებულ, დემოკრატიულ და პრურალისტური არჩევნების გაყალბებად გამოცახდებას ითხოვენ. ამიტომ ასეთ ვითარებაში წარმოუდგენელია, რომ შეთანხმება მოხდეს. ამიტომ მაინც ვიტოვებ იმედს, ცალკეულ პატარა პარტიებთან საარჩევნო რეფორმაზე და სხვა საკითხებზე მაინც მოხდეს შეთანხმება. „ქართული ოცნების“ მომხრეებში გარკვეულწილად წუხილი არის - ხელისუფლება რამის დათმობას ხომ არ აპირებ?
მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ის, რაც კანონიერად და სამართლებრივად საქართველოს სახელმწიფოს 31 ოქტომბერს არჩევნებზე მოპოვებული აქვს, არ დათმობს. ნაცოპოზიციას ნებისმიერი მიზეზით და საბაბით მოლაპარაკების მაგიდის აყირავება შეუძლია. ეს შეიძლება ფაბრიკაციული ჩანაწერები იყოს, „ნამახვანჰესის“ მშენებლობა და სხვა ნებისმიერი თემა. მათი კიეველი ბატონ-პატრონი მიხეილ სააკაშვილი მზად არის ნებისმიერი დესტრუქციული გზით ხელისფლებაში დაბრუნდეს“, - აცახდებს გია აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, პატარა პარტიები, როგორიც არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და „გირჩი“ თუკი ნაციონალების გრავიტაციიდან არ გამოვლენ, მათაც თვითგანადგურება ემუქრებათ. თუმცა ანალიტიკოსი იმედს იტოვებს, რომ დარჩენილ დროში შესაძლოა, გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან კონსტურქციული შეთანხმება მოხდეს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან აცხადებს, რომ მოლაპარაკების სამ დღეში დასრულების იმედი არ ჰქონდა, ვინაიდან ყველაფრის დალაგება ასე ადვილად ვერ მოხდება და ფუჭი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ანალიტიკოსი აცახდებს, რომ ეს თემა ურთულესია და ყველა კომპრომისისთვის მზად არ არის. ხოლო ყველამ კარგად იცის ევროპელებთან საუბრის დროს რა უნდა თქვან. ამიტომ დღის განმავლობაში, ორივე მხრიდან საუბარი კომპრომისზე იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერაფერზე შეთანხმდნენ. მისი აზრით, ორივე მხარე ამბობს, რომ პროგრესი არის, მაგრამ ვერაფერზე თანხმდებიან. წითელ ხაზებზე მხარეები აღარ ლაპარაკობენ, თუმცა უარი მასზე არავის უთქვამს.
„ქართული ოცნება“ პოლიტიკური თვალსაზრისით ისევ დაწინაურდა. გამოქვეყნდა ორი „აირაის“ და ეუთო/ოდირის დასკვნები, სადაც არჩევნების ლეგიტიმურობა კიდევ ერთხელ დადასტურებულია. ამიტომაც ხელისუფლება ევროპელ მომლაპარაკებლებთან ამ არგუმენტებით ილაპარაკებს. „ოცნება“ ევროპელებს ეუბნება, რომ თქვენს მიერ სანდო ორგანიზაციებმა არჩევნები აღიარეს და ოპოზიცია მაშინ რას ითხოვს? ამაზე ევროპელებს პასუხი არ ექნებათ.
დანიელსონმა რა უნდა უთხრას, რომ რაღაცა შეცდომებია ჩვენს მიერ ნდობაგამოცხადებულ ორგანიზაციების დასკვნებშიო? რა თქმა უნდა, ვერ ახსნის და ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ვერც ერთი არგუმენტით ვერ მოსთხოვს. რეალურად რასაც ეს ორგანიზაციები ამბობენ, თითქმის 100%-იანი რეალობაა, რაც არჩევნებზე მოხდა. არანაირი კატასტროფა გაყალბება არ ყოფილა. ჩვეულებრივი ქართული სტანდარტის მქონე არჩევნები ჩატარდა. „ოცნება“ იგივე არგუმენტებით ბრიუსელში ჩავა. ოპოზიცია ნელ-ნელა იმ პოზიციებს დაკარგავს, რაც მათ ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ დასავლეთისგან მოიპოვეს“,-აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელიდან დაბრუნებისას არაფერს სასარგებლოს ოპოზიციისთვის არ ჩამოიტანს. ძაბირაძე ამბობს, რომ „ოცნებას“ ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც არგუმენტები აქვს, რომ თუ მას პოლიტიკის კეთება უნდა, გადაიხადოს ის 40 ათასი ლარი და გამოვა. მისი აზრით, ამ მოლაპარაკებაში უკეთესი პოზიცია „ოცნებას“ აქვს, ვიდრე ოპოზიციას. ამიტომ მას არ ჰგონია, რომ ღარიბაშვილმა ბრიუსელიდან კატასტროფული მითითებები ჩამოიტანოს.
„პრემიერი ბრიუსელში ცუდი წინადადებებით არ ჩადის. საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებაზე ისაუბრებს, ეუთო/ოდირის შენიშვნებს დაურთავენ და „ოცნება“ ევროპელებს აჩვენებს, რომ დემოკრატიული გზით მიდიან. „ოცნება“ ბრიუსელში უფრო წელში გამართული ჩავა ვიდრე ოპოზიცია.
მეთიუ ბრაიზამ რა ინტერვიუც მისცა, ეს ოპოზიციისთვის კატასტროფაა. კაცი პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ოპოზიციას დასავლეთიდან მხარდაჭერა არ ექნება. ამას თუ მაინც ვერ ხვდებიან, მაშინ სიტუაცია უფრო მძიმედ ყოფილა. შეიძლება ასეთი ქცევით ოპოზიცია არათუ რიგგარეშე არჩევნებამდე მივიდეს, არამედ დასავლეთისგან ყველანაირი მხარდაჭერა და რეიტინგი დაკარგოს. ეს კი ქვეყნისთვის სრული კატასტროფაა. ამიტომ ორივე მხრიდან რაღაცა კომპრომისული ნაბიჯები უნდა მოიძებნოს“, - აცხადებს for.ge-სთან ძაბირაძე.
მქონდა ბედნიერება ამ დღეებში, ცუკერბერგის მიერ გავარსკვლავებული, სააკაშვილის შნირების ლაივ-ები მენახა. ...გერმანიის და საფრანგეთის თავშესაფრებში რომ ზღაპრებს ჰყვებიან, ოღონდ კუჭი გამოივსონ.... ჰოდა,ეს მაძღარი (ოქ, ვიცი რომ არაზრდილობიანი ფორმაა...) ტიპები, ლაივში რომ კბილებს იჩიჩქნიან და მიშა საქართველოში უნდა დაბრუნდესო გვანათლებენ, ზუსტადაც ივანიშვილის ბრალია! …და ივანიშვილის დირექტორების!
პ.ს Katana ის მბული ვნახე და.... არა, არ მომეწონა! ჩემთვის მნიშვნელივანი მარტო ის კი არაა, ვინმე რომ სიმართლეს ამბობს (იყო ნამდვილად სიმართლე, ევროპელების შეფა სებაში ას პროცენტიანი...) ისიც მნიშვნელოვანია, ვინ ამბობს!