„კახა კალაძის წასვლასთან თუ დარჩენასთან დაკავშირებით, არ მინდა, შორს მიმავალი პროგნოზი გავაკეთო - ყველა თავისუფალია საკუთარ გადაწყვეტილებებში“

„კახა კალაძის წასვლასთან თუ დარჩენასთან დაკავშირებით, არ მინდა, შორს მიმავალი პროგნოზი გავაკეთო - ყველა თავისუფალია საკუთარ გადაწყვეტილებებში“

საქართველოში საინტერესო პოლიტიკური ცხოვრების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ თვითმართველობის არჩევნებისთვის მზადება 7 თვით ადრე დაიწყო.

რატომ დაიწყო მმართველმა გუნდმა თვითმმართველობისთვის ასე ადრე მზადება, ნიშნავს ეს თუ არა, რომ თბილისის მერი კახა კალაძე „ოცნებას“ ტოვებს და ამან გამოწვია მათი ასე ნაადრევად სამზადისი, for.ge-ს ამ კითხვებს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პასუხობს.

„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება 7 თვით ადრე დაიწყო. რითი ახსნით მათ ამ ნაადრევ გადაწყვეტილებას?

- რეგიონებში თვითმმართველობის არჩევნების დროს მოსახლეობაში დიდი იმედებია, რადგან ხელისუფლება უფრო აქტიურად შეუდგება მუშაობას იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რომელიც სოფლის მაცხოვრებელს აწუხებს. კონკრეტულ პრობლემებს აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ სპექტრი ძალიან დიდია. ეს ერთი საკითხია. მეორე - წელიწადზე მეტია ქვეყანა კარჩაკეტილ მდგომარეობაშია. ადამიანებს სხვა ტიპის აქტიურობა მოსწყურდათ, გარდა ტელევიზორის ყურებისა, გარდა გაუთავებელი პოლიტიკური სანახაობების ცქერისა - მათ უნდათ პრაქტიკული ხასიათის საქმიანობა დაინახონ ხელისუფლების მხრიდან და ამ საქმიანობაში თავადაც მიიღონ მონაწილეობა.

ამიტომ, ჩემი აზრით ხელისუფლება ამ მდგომარეობას კარგად ჩასწვდა. სწორედ, აი, ამ მოსახლეობაზე გათვლა იყო გაკეთებული, რომ ისინი არჩევნებისთვის სამზადის იწყებენ და ამ სამზადისით იწყებენ იმ კონკრეტული პროექტების დაჩქარებას, რომელიც მოსახლეობის ყოვლდღიურ ცხოვრებას ეხება.

გავრცელებული ინფორმაციით კახა კალაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და ეს გახდა საარჩევნო კამპანიის ნაადრევად დაწყების საფუძველი. რამდენად არის ეს ინფორმაცია რეალობასთან ახლოს?

- კავშირს ვერ ვხედავ კალაძის „ოცნებაში“ დარჩენა-არდარჩენასთან რატომ უნდა იყოს დაკავშირებული ნახევარი წლით ადრე დაანონსებული საარჩევნო კამპანიის სამზადისი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კალაძე-გახარია ერთიანდებიან...

- სხვადასხვა მედიასაშუალებებმა მიგვაჩვიეს საინფორმაციო ფეიკ-ინდუსტრიას. მაგალითად, მე მირჩევნია დავეყრდნო იმ კონკრეტულ წყაროს, რომელმაც შეიძლება თავის დროზე რაღაც არ მითხრას, ანუ ინფრომაცია არ მომაწოდოს, ყოველ შემთხვევაში არც მომატყუებს. შეიძლება ჩემთვის რაღაც ინფორცია დაგვიანებული იქნას, მაგრამ თუ ეს ინფორმაცია გაჟღერდა ასეთი მედიასაშუალებით, მაშინ ის ჩემთვის სანდოა და ვალდებული ვარ დავუჯერო, ხოლო აქედან გამომდინარე, ჩემი შემდგომი ანალიზი გავაკეთო.

არ მსმენია არც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს პიარიდან კალაძის წასვლის შესახებ, არ გამიგია არც სხვა რომელიმე საინფორმაციო საშუალების მხრიდან, რომელსაც სანდოდ მივიჩნევ მსგავსი ინფორმაცია, ასევე, არ გამიგია, რომ გახარია უკვე შეუდგა თავისი ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას და ასევე მოლაპარაკება აქვს „ქართული ოცნების“ წარმოამდგენლებთან. ამის შესახებ იმ წყაროებიდან, რომელსაც სანდოდ მივიჩნევ, არაფერი გამიგია. რა თქმა უნდა, ვარაუდისა და თეორიული გათვლების დონეზე ყველაფერი შეიძლება წარმოვიდგინოთ და ყველანაირი მოდელი შევქმნათ, მაგრამ მირჩევნია, ჩემს მოსაზრებას უფრო მეტი დამაჯერებლობა მივცე. ამ ეტაპზე კი, ვერ ვაძლევ დამაჯერებლობას, რადგან სანდო ინფორმაციას არ ვფლობ.

თუმცა, კახა კალაძეს როდესაც ჟურნალისტებმა წასვლასთან დაკავშირებით ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ ის მალე გააჟღერებს საკუთარ გეგმებს...

- ერთი მხრივ მოულოდნელიც იყო და შემდგომ გასაგებიც გახდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ცალსახად განაცხდა, რომ ის პოლიტიკას ტოვებს. მე გამიჩნდა პროტესტი - რა დროს მისი წასვლაა, როდესაც ქვეყანა ჩაფლულია სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში, რადგან ამ სიტუაციაში მისი წასვლა ამ კრიზისს უფრო გააღრმავებდა. თუმცა, მისი წასვლიდან დაახლოებით 3 თვე გავიდა და რომ გითხრათ, მისი წასვლით ქვეყანა ჩამოიქცა, ამის თქმის უფლება ნამდვილად არ მაქვს. მივესალმები იმ ხედვებს, რომელიც ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრს გააჩნია.

ბიძინა ივანიშვილის წასვლის ფონზე, საქართველოში პოლიტიკური მიწისძვრა არ მომხდარა. ახლა კი, მე შორს მიმავალი პროგნოზი გავაკეთო კახა კალაძის წასვლასთან თუ დარჩენასთან დაკავშირებით, უბრალოდ, არ მინდა. ამ ქვეყანაში ყველა თავისუფალია, მით უმეტეს საკუთარ გადაწყვეტილებებში, რომლებიც უნდა მივიღოთ, მაგრამ რაღაც ტოლობის ნიშნის დაწერა ამა თუ იმ პოლიტიკოსის წასვლასა ან სხვა პარტიაში გადასვლასთან დაკავშირებით, არასწორად მიმაჩნია.

„ქართული ოცნებისთვის“ თვითმმართველობის არჩევნები რამდენად მნიშვნელოვანი იქნება და ამ არჩევნებს გამოიყენებს თუ არა ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამზადისად?

- ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გარკვეულწილად, მე ვიზიარებ იმ პოლიტიკური პარტიების ზოგიერთი წარმოამდგენლების მოსაზრებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება გაიგივებული იქნას პლებისციტთან. ანუ, ტესტირება მოხდეს ძალთა რეალური თანაფარდობის კუთხით, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი არჩევნებზე მოსვლით, საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ყველაზე რეალურ მონაცემებს - რომელი პოლიტიკური პარტია რა რეალური რეიტინგის მატარებელია მას შემდეგ, რაც ურთულესი წელი გადავიტანეთ. სხვათა შორის დიდი იმედია, რომ ეს დუღილის გრადუსი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ საკმაოდ დაიწევს. მოლოდინი მაქვს, რომ რადიკალურ პოზიციებზე მყოფი პარტიების წარმომადგენლებში, რომლებსაც პარლამენტმა მანდატები ჯერ კიდევ შეუნარჩუნა, საღად მოაზროვნეები გამოჩნდებიან და საკანონმდებლო ორგანოს თავის ცხოვრებას დაუკავშირებენ.

ვნახავთ, რა მარაგით მივლენ საშემოდგოდ ამ პარტიის წარმომადგენლები, მაგრამ დესტრუქციულ პოზიციებზე დარჩენილი პარტიები თუ დესტრუქციულ პოზიციებზე დარჩებიან, მათ საშემოდგომო არჩევნებზე ნულ პროცენტიანი ბარიერიც ვერ უშველით. ისინი, უბრალოდ, პოლიტიკური ველიდან გაქრებიან.

ახლა პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მიდის მუშაობა. ამ კანონპროექტის წინააღმდეგი წავიდნენ „ოცნების“ წევრებიც, რადგან მაჟორიტარების შემცირება იგეგმება. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მმართველი გუნდი ვინმემ დატოვოს?

- ეს საკანონმდებლო ინიციატივა კონსულტაციების მიზნით გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში. მოვლენებს ნუ დავასწრებთ და დაველოდოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოსაზრებებს: რამდენად შეესაბამება შემოთავაზებული ახალი საარჩევნო სისტემა საქართველოს კონსტიტუციას, დემოკრატიის პროცესებს, რამდენად რელევანტურია საერთო ევროპულ ხედვებთან. შეიძლება იქიდან რიგი რეკომენდაციები იქნას წამოღებული, რომლის გათვალისწინებაც მოუხდეს კანონპროექტის ავტორებს და ბევრი რამ შეიცვალოს. საბოლოო ჯამში, დრო გვანახებს, რა სახეს მიიღებს ეს კანონპროექტი. წინასწარ არარსებულზე მსჯელობა - ვის მოეწონება, ან ვის არ მოეწონება - ნაადრევია.

რატომ უნდა გვიწევდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისიწნება შიდა საარჩევნო კანონპროექტებზე, რატომ ვერ ვიღებთ დამოუკიდებლად და რატომ არ უნდა მოგვარდეს ეს ქვეყნის შიგნით?

- მესმის, რომ გარკვეულწილად კითხვები ჩნდება - რატომ არ ვართ თვითმყოფადები ჩვენ კანონპროექტის საქმიანობაში?! მაგრამ ხელისუფლებისაც მესმის, რომელიც ამ გზით მიდის, რადგან ის თამამი განაცხადი, რომ ევროკავშირში გვინდა განაცხადი შევიტანოთ, ითვალისწინებს იმასაც, რომ მაქსიმალურად დაახლოებული იყოს ჩვენი კანონმდებლობა ევროკავშირში არსებულ საკანონმდებლო სიტუაციასთან. მით უმეტეს არჩევნების თემა ყველაზე მგრძნობიარე გახდა.

ამ თემის გარშემო არსებული აზრთა სხვადასხვაობა იქამდე მივიდა, რომ დაწყებული 8 მარტის შეთანხმებით, გაგრძელებული პოსტსაარჩევნო ფასილიტაციის პროცესებით და დღეს უკვე მედიაციის პროცესით დასრულებული, გამოავლინა ის, რომ ჩვენ ევროპელი პარტნიორების ჩართვა მაინც გვიწევს. ეს ადასტურებს იმას, რომ დემოკრატიული პროცესების მდგრადობის თვალსაზრისით, ჩვენ ჯერ იმ სიმაღლეზე არ ვიმყოფებით, როდესაც ჩვენ მიმართ ნდობაც იქნება და ჩვენც შეგვეძლება ყოველგვარი დასავლური პარტნიორების გარეშე ჩვენს ქვეყანაში თამამად მივიღოთ ის საკანონმდებლო სისტემა, რომელიც ავტომატურად ჩაითვლება თავსებადად. მაგრამ, ვინაიდან, ჯერ კიდევ, პოლიტიკურ კრიზისში ვიმყოფებით, ჩვენ თავს ვიზღვევთ. ჩვენ არ მივყვებით ბელორუსიის ან რუსეთის სისტემას. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ევროპასთან, სადაც გვინდა შევიდეთ 2024 წლის განაცხადის შემდგომ. აქეთკენ მიდის ყველაფერი და ამ გზას დღეიდან დავადექით.

დღეს ოპოზიცია ამბობს, რომ გაერთიანებულია და თქვენი აზრით თვითმმართველობის არჩევნების დროს მერობის საერთო კანდიდატს დაასახელებენ, თუ ამ შემთხვევაში მათი ერთობის რღვევა დაიწყება?

- წინ ძალიან საინტერესო პროცესი გველის. გარდაუვალია შალვას ფანჩატურში შეკრებლი ე.წ გაერთიანებული ოპოზიის დაყოფა, თუნდაც აი, ამ წყალგამყოფზე, რასაც ჰქვია ვინ შევა პარლამენეტში და ვინ დარჩება პარლამენტის მიღმა. აქედან გამომდინარე, ამ ნიშნითაც გაიყოფა ე.წ ოპოზიცია. ბევრი მათგანი თვითმმართველობის არჩევნებს უკვე ბოიკოტს უცხადებს და მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ამიტომ დაველოდთ ამ პოლიტიკურ სპექტრში ვინ დარჩება პოლიტიკურად შერაცხად სუბიექტად. აი, ამის შემდგომ ერთობლივ თუ ცალ-ცალკე კანდიდატებზე ვისაუბროთ, რაც ეს ოპოზიციური ჯანსაღი კონსტრუქციული ველი გამოჩნდება რადიკალურ ფონზე.