„რატომ მისმენდნენ როგორც კერძო პირს? რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვანს? მაშინ არც „ქართული ოცნება“ არსებობდა და არც ივანიშვილი იყო პოლიტიკაში“

„რატომ მისმენდნენ როგორც კერძო პირს? რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვანს? მაშინ არც „ქართული ოცნება“ არსებობდა და არც ივანიშვილი იყო პოლიტიკაში“

მიხეილ სააკაშვილი ტრადიციას არ ღალატობს და ამჯერად ამტკიცებს, რომ მისი მმართველობის დროს არავის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გარეთ არ გამოსულა, ხოლო ჩვენ გვარწმუნებს, რომ თავად ყველანაირი ჩანაწერის წინააღმდეგია.

„მგონია, რომ ყველანაირი ჩანაწერი არის ნაქურდალი. მე მაინცდამაინც არ მიყვარს, ძალიან არ მიყვარს მათი მოსმენა. უფრო მეტსაც გეტყვით, არასოდეს, ჩემი მმართველობის დროს, არც ერთხელ... და ახლა, მოდით, ზედაპირულად ნუკი იტყვით, ეგ როდის იყო? არასოდეს, არავის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გარეთ არ გამოსულა.

ამათ დროს კი, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, მათივე მინისტრებზე, მინისტრის მოადგილეებზე პირადი ცხოვრების, ძალიან ინტიმური მომენტების ამსახველი ჩანაწერების გამოყრა და განადგურება, ადამიანების პიროვნული მოსპობა. ეს არის ოლიგარქიული მმართველობის სტილი, ეს არის მათი სტილი და ამიტომ, რასაც აკეთებენ მთელი წლები, იმით ასრულებენ თავის არსებობას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ეს მაშინ, როდესაც 2013 წლის 5 სექტემბერს შს სამინისტრომ ე.წ. მოდულის შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები გაანადგურა. 110 დისკს, რომელზეც 181-საათიანი 144 ფაილი იყო ჩაწერილი, 1 საათის განმავლობაში სპეციალური აპარატის მეშვეობით ანადგურებდნენ.

მასალები, რომლებიც განადგურდა, გადაღებული იყო 2007 წლიდან 2012 წლის ივლისის პერიოდის ჩათვლით. ეს მასალები დაახლოებით 26 ათას სხვა ფაილთან ერთად აღმოაჩინეს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში. ამ ფაილების დიდი ნაწილი ინახებოდა სხვადასხვა კომპიუტერში. შეგახსენებთ, რომ ფაილებში, რომელიც შსს-მ აღმოაჩინა, შენახული იყო პატიმართა წამების კადრები, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია.

უმრავლესობის წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, მოსმენა სააკაშვილის ხელწერა იყო, კარგი იქნება, თუ ჩამოვა და ამ საკითხებზე ჩვენებას მისცემს. სუბარის განცხადებით, სააკაშვილმა ცხრა წლის წინ აღიარა და პირდაპირ თქვა, რომ უკანონო მოსმენებს სისტემური ხასიათი თუ ჰქონდა, თითქოს, არაფერი იცოდა და ეს იყო გაპარული ხარვეზი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დიდი შეცდომა იყო.

„კარგად ვიცით, რომ სპეციალური მოსასმენი აპარატები ჰქონდა არა მხოლოდ მაშინდელ კუდს, რომელსაც კანონის ფარგლებში მოსმენის უფლება ჰქონდა, არამედ თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ფინანსურ პოლიციას, სოდს. ალბათ, არაერთი სხვა უწყება ისმენდა კიდევ. უსმენდნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც კი და იმ ადამიანებსაც უსმენდნენ, ვისი მოსმენის არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. მიხვდებით, რომ ეს სააკაშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა. როცა ციურიხში ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძესთან სასაუბროდ ჩავედი, კუდ–ის თანამშრომლები გამომაყოლეს და როცა სასტუმროს ფოეიში ვსაუბრობდით გარკვეულ თემებზე, თურმე, ამას უკანონოდ იწერდნენ. ეს მე არ შემიმჩნევია, შვეიცარიის უსაფრთხოების სამსახურებმა შეამჩნიეს, ეს ადამიანები დააკავეს და საქართველოში მათი დეპორტაცია მოხდა. ეს იყო სააკაშვილის ხელწერა, სტილი და მის გარეშე ვერაფერი მოხდებოდა.

სააკაშვილს პირდაპირი აღიარება აქვს, როგორ უსმენდა კობა დავითაშვილს. მან აღიარა, რომ უსმენდნენ ქართველ ოპოზიციონერ ლიდერებს – შალვა ნათელაშვილს, გოგა ხაინდრავას, ლევან ბერძენიშვილს, გამოვაქვეყნეთ მათი ჩანაწერები, დანაშაულის ნიშნები არ არის, მაგრამ ეს გავაკეთეთ ამ ადამიანების დისკრედიტაციისთვისო. ეს არის დანაშაული, რომელიც აღიარებული აქვს მიხეილ სააკაშვილს. კარგი იქნება, თუ ჩამოვა და ამ საკითხებზე მისცემს ჩვენებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

აღნიშნულთან დაკავშრებით პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო. ამ საკანდალურ აუდიო ჩანაწერზე პირველი კომენტარი გააკეთა პრემიერ–მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გავრცელებული მასალა არის 11 წლის წინანდელი ჩანაწერის ფაბრიკაცია, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ტოტალური მოსმენების მსხვერპლნი იყვნენ. როგორც პრემიერი აცხადებს, ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია და ასევე კარგად არის ცნობილი საიდან და ვისგან მომდინარეობს. მისი თქმით, ეს არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, მით უმეტეს, როდესაც გამოიკვეთა რეალური კონტურები შეთანხმების მიღწევის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

„რატომ მისმენდნენ მაშინ მე, როგორც კერძო პირს?! რატომ უსმენდნენ 15 წლის, არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს? მაშინ არც პოლიტიკა არსებობდა, არც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“, არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო პოლიტიკაში. შესაბამისად, ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს. ჩვენ, ყველანი ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი. სწორედ ეს არის გამოსაძიებელი, რატომ იყო მოსმენა და რატომ გაასაჯაროვეს ფაბრიკაცია და დამახინჯებული სიყალბე ჩვენი უამრავი საუბრის.

დაზარალებულები ვართ ჩვენ, მე პირადად, რადგან პირველი კითხვა რაც მაქვს, რატომ მისმენდნენ?“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, აშკარაა, რომ ჩანაწერების გავრცელების უკან დგანან ზიზღის გამავრცელებელი ადამიანები, ეს არის „ჰეითერობა“, რაც თანამედროვე სამყაროში სირცხვილია.

„ყველა მოქალაქემ იცის, რა ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ უკანონო ჩანაწერების გაკეთება თავისთავად არის იმის საფრთხე, რომ ადამიანები, ვინც ამას აკეთებდნენ, ვინც ამას უკანონო გზით გადასცემდნენ სხვა ადამიანებს და ინახავდნენ, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში გამოიყენებენ მათ მიერ შექმნილ უკანონო ჩანაწერებს რაიმე მიზნებისთვის.

ამ შემთხვევაში პრინციპული რა არის – პრინციპული არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არასოდეს არ მომხდარა ადამიანებზე ზეწოლა და მათი კომპრომეტაცია ჩანაწერების საშუალებით, ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარტია „მოქალაქეები“ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ლევან იოსელიანის განცხადებით, როდესაც გამოძიება უარს ამბობს, გამოიძიოს ფარული ჩანაწერის შინაარსი, მაშინ არსებობს შესაძლებლობა, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. მისი თქმით, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას შეუძლია, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს.

„ამისთვის საჭიროა, როგორც მმართველი პარტიის მხარდაჭერა, ისე ოპოზიციის. ორივე მხარეს აქვს ამაზე პასუხისმგებლობა. თუ ჩვენ გვინდა, რომ გავიგოთ, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე, მაშინ უნდა შევქმნათ საგამოძიებო კომისია. სამწუხაროდ, მმართველი პარტია ამის შექმნაზე უარს აცხადებს, თუმცა, ოპოზიციას ამის რესურსი აქვს, შემოვლენ თუ არ შემოვლენ ისინი პარლამენტში, არ აქვს მნიშვნელობა, მათ გააჩნიათ მანდატი, რომ დაგვეხმარონ საგამოძიებო კომისიის შექმნაში და გავარკვიოთ, მართლა რასთან გვაქვს საქმე. მარჩიელობა და სტუდიებში ამ საქმის გარჩევა როდესღაც უნდა დასრულდეს“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.

ქუჩის ოპოზიცია ჯერ კიდევ ფიქრობს, მიიღებს თუ არა პარტია „მოქალაქეების“ შეთავაზებას. „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიებას არ ითხოვენ, რადგან ეს კონცერტის ნაწილია.

„მე არ ვითხოვ ამ საქმის გამოძიებას, ამ საქმეს არ გააჩნია შინაარსი, ეს არის კონცერტის ნაწილი, რომ გაამართლოს საგამოძიებო უწყებამ, ვინემ დაიჯერებს რომ ეს იყო? რომ გაამტყუნოს, ამას დაიჯერებთ, რომ მურუსიძემ თავისით გადაწყვიტა? ჩვენი სასამართლო ახლა ბერას გასასამართლებლად მზად არ არის“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.