პოლიტიკურ პროცესში კითხვა - ვინ რას დათმობს და ვინ რას არა? - კვლავ მთავარ ინტრიგად რჩება, შარლ მიშელის მიერ ბრიუსელში ჩანიშნულ შეხვედრამდე კი სულ რაღაც 3 დღე რჩება.
ევროპის მორიგი სამაშველო მისია ინტენსიურ მოლაპარაკებებზე გადავიდა. შარლ მიშელის შემდეგ კრისტიან დანიელსონის - შვედი დიპლომატის მედიაციის პირველი დატვირთული დღე შედგა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, რომელიც თავის დროზე აქტიურად იყო ჩართული ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციაში, დღეს ქართველ პოლიტიკოსებს შორის აგვარებს ურთიერთობებს.
72 საათი ქართული პოლიტიკის განსამუხტად - ასეთია კრისტიან დანიელსონის მისია, რომელიც, ყველა იმედოვნებს, რომ შეუსრულებელი არ იქნება. რა იქნება უცნობია, თუმცა შვედი დიპლომატი ძალისხმევას არ აკლებს.
კრისტიან დანიელსონის საქართველოში სამდღიანი ვიზიტის მთავარი მისია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაა.
კითხვაზე - არსებობს თუ არა კონკრეტული წინადადებები, რომელიც მხარეებს უნდა შესთავაზოს? - დანიელსი აცახდებს:
„ჩვენ ძალიან ნაყოფიერად უნდა ვიმუშაოთ ამ დღეების განმავლობაში, სრული ჩართულობით იმისთვის, რომ ამ მედიაციამ ნაყოფი გამოიღოს. ჩემთვის მთავარი პუნქტი, დასაწყისი მომენტი არის, მოსმენა. დილით უკვე შევხვდი პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, დღის განმავლობაში შევხვდები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ასევე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მერე ვნახავთ, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ, რომ პროცესი წინ წავიდეს“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
პირველი შეხვედრის შემდეგ მხარეები ცდილობდნენ, რომ დეტალებზე არ ესაუბრათ. მმართველი გუნდიც შეხვედრაზე 3 წარმომადგენლით მივიდა.
დიპლომატების ჯგუფი მეორე შეხვედრაზე უკვე სხვა პარტიებსაც მოუსმენს, ვიდრე ყველას ერთმანეთის პირისპირ დასვამენ. პირველ ეტაპზე, როგორც უკვე აღნიშნა, ბრიუსელიდან წარმოგზავნილ შვედ დიპლომატს მათი მოსმენა აქვს განზრახული. მანამდე კი იყო პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილთან აუდიენცია დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე შეხვედრა იყო. 1-საათიანი საუბრის შემდეგ პრემიერი მედიასთან ჩავიდა, სადაც აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ევროკავშირისგან სხვა სახელმწიფოების პრობლემებში ასეთი ჩართულობა იშვიათია, რაც მისთვის ბრიუსელის ინტერესს ადასტურებს.
პრემიერმა ისაუბრა მელიას პატიმრობის ფაქტორზეც დიალოგის პროცესში და აღნიშნა, რომ თუ ამის ნება არსებობს, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს დღესვე შეუძლია ციხიდან გამოსვლა, გირაოს გადახდის შემდეგ.
„ყველას მინდა მოვუწოდო თავშეკავებისაკენ, არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას, არასაჭირო ქმედებების პროვოცირებას, ან ხელოვნურ აჟიოტაჟს, თავი შეიკავონ ყველაფერ იმისგან, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, ან სულაც დააზიანოს მიმდინარე პროცესი“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტის დღის ბოლოს განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ ამ თავშეკავებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარსდგება საქართველო უმნიშვნელოვანეს მომენტში და უმნიშვნელოვანეს ადგილას, ბრიუსელში, ევროპის წინაშე.
პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმება რამდენიმე დღეში იქნება მიღწეული და ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში ევროპელი მედიატორის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი კოლეგების, მეგობრების მხრიდან ეს ჩართულობა, რაც, პირველ რიგში, მიანიშნებს იმაზე, რომ აუცილებელია, ის გამოწვევა, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ, ქვეყნისთვის გახდეს შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს მივაღწიოთ. ამიტომ, მე იმედს ვიტოვებ, რომ რამდენიმე დღეში იქნება შეთანხმება მიღწეული“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა ქრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო 6-პუნქტიან გეგმას, რომელიც პრეზიდენტ მიშელის სამოქმედო გეგმაშია ჩამოყალიბებული.
„ეს შეხვედრა გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ძალიან დეტალურად განგვეხილა ჩვენი პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტულად, ყველა იმ 6-პუნქტთან მიმართებაში, რომელიც არის ჩამოყალიბებული პრეზიდენტ მიშელის სამოქმედო გეგმაში. ზოგიერთ საკითხზე ჩვენ გვქონდა უფრო ფუნდამენტური დისკუსია უფრო მეტ დეტალზე, სხვებზე შევთანხმდით რაღაც ზოგად მონახაზზე, მაგრამ ერთი რამ არის ნათელი და ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ არსებობს ისეთი საკითხები, რომლის მოგვარებაც გახსნის გზას შეთანხმებისთვის და არსებობს საკითხები, რომელზეც შეიძლება შეთანხმება მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავჭრით მთავარ პრობლემებს.
პირველ რიგში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს და ეს მოითხოვს იმას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩვენს პარტიას წარმოადგენდეს ნიკა მელია და შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. გარდა ამისა, ვადამდელი არჩევნები არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ამ პოზიციის გადახედვა იცით, რომ არ მომხდარა. გზები, როგორ შეიძლება ჩვენ მივიდეთ ამ არჩევნებამდე, არსებობს სხვადასხვა და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი.
არსებობს პუნქტები, რომელზეც მოუწევს დათანხმება „ქართულ ოცნებასაც“ და მოუწევს დათანხმება ოპოზიციასაც იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს წარმატებით, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მოხდება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია. მისი აზრით, ოპოზიცია ხელსიუფლებას ულტიმატუმის ენით არ უნდა ელაპარკოს, რადგანაც მოლაპარაკების დროს მსგავსი რიტორიკით საუბარი წარმოუდგენელია, მით უმეტეს შედეგის მიღწევა გაჭირდება. მისი აზრით, ორივე მხარე რაღაცა შეთანხმებაზე უნდა წავიდეს. ძაბირაძეს მოლოდნი აქვს, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის შეთანხმება მელიას და რურუას გათავისუფლებაზე მოხდება. ასევე არაა გამორიცხული პლებისციტზეც კომპრომისი შედგეს, ოღონდ იმ დათქმით, რომ რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს იქნება, თუკი პლებისციტი ხელსიუფლებამ წააგო.
„ოპოზიცია ამ პროცესის პარალელურად პარლამენტში უნდა შევიდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას ევროსაბჭოდან რა სახის გზავნილი და იქნება. თუკი ევროსაბჭო ასოცირების ხელშეკრულების შე,სრულების გადახედვას დაიწყებს და საქართველოსთან დაკავშირებით გამოყოფილ დახმარებებს შეამცირებს, მაშინ ეს ხელისუფლებისთვის სერიოზული ზეწოლა იქნება. ამიტომ „ოცნებაც“ მეტ დათმობაზე წავა. ვნახოთ, მოვლენები დროში როგორ განვითარდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
რა თქმა უნდა, ახლანდელი სიტუაცია და 2012 წელს არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ერთმანეთს ვერ შეედრება. სააკაშვილი რომ არ წასულიყო და მარცხი არ ეღიარებინა, ქვეყანა სამოქალაქო ომის წინაშე იდგა. ახლა ამის მსგავსი 1%-იც არ არის. თუმცა ხელისუფლებას ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ავიწყდება - 2012 წლისგან განსხვავებით რეგიონში ახლა სრულიად სხვა სიტუაციაა. კავკასიაში გეოპოლიტიკური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. დასავლეთისთვის მაშინ ჩვენი რეგიონი ადვილად შეღწევადი იყო. ახალა კი რუსეთი საკმაოდ მოძლიერებულია და გავლენები გაფართოვებული აქვს. შესაბამისად, ევროპისთვის ახლა საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც ამის დასარეგულირებლად უკან არაფერზე დაიხევენ და ყველა ბერკეტს გამოიყენებენ“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ოპოზიცია ძალიან სუსტი და მოსახლეობის დიდი ნაწილში არაპოპულარულია. ამიტომაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ გვერდით არ დგება. შესაბამისად, ოპოზიციას ეს ყველაზე ძლიერი ბერკეტი - ხელისუფლებაზე ხალხით ზეგავლენა მოახდინოს, არ აქვს. ძაბირაძე ვარაუდობს, რომ ოპოზიცია ხალხის გარეთ გამოყვანას ვერ შეძლებს და ქუჩაში მარტო დარჩება. მისი აზრით, ქვეყანაში ბრძოლა ორ ძალას შორის მიდის, რომლებიც ამას საკუთარი მედია საშუალებებით და პარტაქტივით აკეთებენ. ხელისუფლებისგან და ოპოზიციისგან დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა თავისი პრობლემებით სრულიად ცალკე დგას. მედიაში მიმდინარე პროცესები და რეალობა სრულიად სხვაა. ამიტომაც ახლა ოპოზიცია ცდილობს დასახულ მიზანს რაც შეიძლება სწარფად მიაღწიოს, რადგან იმ მხარდჭერასაც დაკარაგვს, რომელიც ამ ეტაპზე აქვს.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ეცდება, პარლამენტში არ შევიდეს, რადგან მათ გადაწყვეტილებას ამომრჩეველი მოღალატეობრივ საქციელად აღიქვამს. რაც შეეხება ხელისუფლებას, ანალიტიკოსის აზრით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ თვიმმართველობის არჩევნებამდე მივიდეს. ასევე არც ისაა გამორიცხული, რომ პლებისციტს დათანხმდეს და ამით პატარა პარტიები პარლამენტში შეიტყუოს, თუმცა მოგების შანსი ისევ ხელისუფლებას აქვს. მისი აზრით, მაქსიმუმი კომპრომისი რაზეც „ოცნება“ წავა, ეს ნიკა მელიას გათავისუფლება და პლებისციტია, ოღონდ იმ დათქმით, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა.
„ოპოზიცია ახლა ერთმანეთს უყურებს, ან ყველა უნდა შევიდეს ან არავინ. პრაქტიკულად, ვინც ნაწილ-ნაწილ შევა, ის დაზიანდება, რადგან უკვე დაგვიანდა და ამისთვის რაღაცა მიზეზი სჭირდებათ. ნაციონალები და ევროპელები რომ არ შევლენ, ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა პატარა პარტიებმა შეიძლება პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღონ. ისინი საბაბს ეძებენ, რომ პარალმენტში შევიდნენ, ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ პლებისციტი ფარად გამოიყენონ და თუ ამაზე ხელისუფლება წავა, პარლამენტშიც შევიდნენ.
ხელისუფლებას ახლა ადგილობრივ არჩევნებამდე მისვლა სჭირდება. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება მაინც სარისკოა. მართალია, მოგების დიდი შანსი აქვთ, თუკი პლებისციტს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩაატარებენ. მაინც მგონია, რომ „ოცნების“ მაქსიმუმი ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება და მუდმივად ამაზე ილაპარაკებენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნა შეასრულეს და ისინი პარლამენტში მაინც არ შედიან“,-აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, თუკი ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს, ამის შემდეგ ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნებზე ხელისუფლების დათანხმება გაუჭირდება. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ადგილობრივი არჩევნებისთვის ხალხის გულის მოგებას შეეცდება და სხვადასხვა პროექტების და ფინანსური დახმარებების შედეგად ოპოზიციას ხალხის მხადაჭერას წაართმევს. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ „ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, ამიტომაც თუ შედეგები მათთვის სასარგებლო იქნება, რიგგარეშე არჩევნებზე არაფრით არ წავა.
ამან თქვა ..... იმან თქვა ...
სკამი ჩემია!! ..... არა ჩემია??
მე ასე მინდა და ვსოო!! ...... არა, მე ისე მინდა და მორჩა !!
დაუსრულებელი ცირკი....
საქართველო?
მოკლედ ორივეებს ერთ დიდ ხაროში ჩავყრიდი, კიბეს ამოვაცლიდი და სახურავს დავახურებდი ...
ორმოცი დღის მერე ჩავიხედავდი შიგ ......გადარჩენილს ჯერ მე დავახურებდი და მერე კრიშკას ისევ დავუხურავდი ...