გუშინ გვიან ღამით ლადო ვარძელაშვილისა და ირინა ონაშვილის ნუცუბიძეზე მდებარე სახლში დატრიალებულ ტრაგიკულ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ლადო ვარძელაშვილის ბინაში მისი მეგობრები ერთ-ერთი მეგობრის საბერძნეთიდან დაბრუნებას აღნიშნავდნენ, რა დროსაც, როგორც ამბობენ, ერთ-ერთს იარაღი შემთხვევით გაუვარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს უფროსი დევი სირაძე დაიჭრა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ის დაკავებულია.
მომხდარის გამო ამ წუთებში შსს-ში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის ლადო ვარძელაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. ამასთან, მასთან ერთად, უბედური შემთხვევის ყველა თვითმხილველი იკითხება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილმა ეზომდე ჩასვლა მოახერხა, თუმცა იგი ეზოშივე გარდაიცვალა.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გამოძახებულ იქნა სასწაფო დახმარების ბრიგადა. ექიმები აცხადებენ, რომ გამოძახება ღამის 1.30 საათზე დაფიქსირდა და ისინი გამოძახებიდან 7 წუთში იმყოფებოდნენ ადგილზე.
თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ და ეზოში ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდა. ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნის გამო დაღუპული საავადმყოფოში - ემერჯენსის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა კი ის ეზოშივე გარდაცვლილი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
45 წლის სირაძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში 2009 წლიდან მუშაობდა. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
მომხდარში გასარკვევად და იმის გასაგებად, ჰყავდა თუ არა დევი სირაძეს მტრები, For.ge ნაციონალ დეპუტატებს დაუკავშირდა, თუმცა მათ ამ ტრაგედიის შესახებ ქუთაისში ყოფნის გამო არაფერი იცოდნენ. ასევე, ვეცადეთ დაკავშირებას გიორგი ავალიანთან, სპორტრისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, მასაც ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
მოგვიანებით გიორგი ასანიძეს დავუკავშირდით. იგი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ სატელევიზიო სიუჟეტიდან ფლობს ინფორმაციას და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს. მისი თქმით, დევის სირაძეს უკვე რამდენიმე წელია იცნობს, ბოლო წლები ის სპორტის სამინისტროში მუშაობდა, წარსულში სპორსტსმენი გახლდათ, და, სავარაუდოდ, ხელბურთელი იყო.
„ჩვენი ერთ-ერთი შეხვედრა შედგა ჯამლეტ ხუხაშვილთან რამდენიმე თვის წინ მოწყობილ საღამოზე. ბოლოს ოლიმპიადაზეც ერთად ვიყავით. კარგი ადამიანი იყო და, სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა კაცი ასე ტრაგიკულად დაიღუპა“, - გვითხრა გიორგი ასანიძემ.
მისივე ინფორმაციით, დევი თბილისში იმყოფებოდა და დღემდე მუშაობდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში. თუმცა იმ ტრაგიკულ ღამეს ისინი სტუმრის ჩამოსვლას აღნიშნავდნენ.
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გარეშე პირისთვის გამოძიებამდე ძნელია იმის თქმა, გაუფრთხილობლობით მოხდა მკვლელობა თუ წინასწარ განზრახვით, თუმცა გაუფრთხილებლობით მკვლელობა სამ წლამდე ციხეს ითვალისწინებს.
„ეჭვის საფუძველი არსებობს. ისინი ამბობენ, თითქოს იარაღი საბერძნეთიდან ჩამოსულ მათ მეგობარს გაუვარდა. რა ვიცი, საბერძნეთიდან იარაღით ვერავინ ჩამოვიდოდა, ამდენად, ის იარაღი აქ შეიძინა, სხვისი იარაღი იყო თუ არა, ამაზე არაფერი თქმულა. იმ მწირი ინფორმაციიდანაც კი საეჭვო დეტალები იკვეთება. ალბათ, თანდათან გახდება ცნობილი უფრო მეტი ინფორმაცია და მტკიცებულებებიც გამოიკვეთება, იყო ეს გაუფრთხილებლობით მკვლელობა თუ წინასწარ განზახვა,“ - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს პრესსამსახურს, თუმცა ტრაგედიის დეტალებთან დაკავშირებით იქ ინფორმაციას არ ფლობდნენ. ერთი რამ აღნიშნეს, რომ დევი სირაძე იყო სპორტის დეპარტამენტის მასობრივი სპორტისა და ღონისძიებების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი. 14-დან შვებულებაში იმყოფებოდა და 22-ში უნდა გამოსულიყო სამუშაოდ.
პრესსამსახურში ვერც ის დაადასტურეს, თუ სად იმყოფებოდა შვებულების განმავლობაში დევი სირაძე. თუმცა აქვე განგვიმარტეს, რომ დევი სირაძე წარსულში სპორტსმენი არ ყოფილა.