გუბერნატორის პოსტი უქმდება, სოფელი იურიდიული პირი ხდება

გუბერნატორის პოსტი უქმდება, სოფელი იურიდიული პირი ხდება

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ, გუბერნატორების ინსტიტუტი გაუქმდება, ხოლო სოფლები იურიდიულ პირებად ჩამოყალიბდებიან, რომელთაც უვადო სარგებლობაში - საძოვარი, ტყე და მიწა გადაეცემათ. ასევე, სოფლის მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა, საბჭო და მისი ხელმძღვანელი თავად აირჩიოს.

აღნიშნულ რეფორმებს მთავრობის მიერ მომზადებული დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს, რომლის ძირითადი პრინციპების სახალხო განხილვა მომავალ კვირას დაიწყება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განმარტებით, კანონით სამხარეო ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების ფორმირება განისაზღვრება და სამხარეო დონეზე სამხარეო თვითმმართველობის ძირითადი ელემენტები დაინერგება, რაც წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნას გულისხმობს.

„ეს ორგანო იქნება ფორმირებული პირველ დონეზე არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან. მხარეს აღმასრულებელი ხელისუფლება ეყოლება, რომლის მმართველიც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იქნება. ამ პოსტზე, სამხარეო საბჭო სამ კანდიდატურას დაასახელებს, რომელსაც მთავრობას წარუდგენს, ხოლო მთავრობა აქედან ერთ-ერთს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაამტკიცებს. როდესაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება და შესაბამისი კანონმდებლობა ძალაში შევა, გუბერნატორის ინსტიტუტი გაუქმდება და გაცილებით უფრო დემოკრატიული ინსტიტუტი იქნება შემოღებული“, - აცხადებს ნარმანია.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ შემუშავებულ სტრატეგიას უმრავლესობა მიესალმება, ხოლო უმცირესობა დოკუმენტის დაწვრილებით გაცნობას გეგმავს.

როგორც for.ge-ს ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ჟორჟოლიანმა განუცხადა, სტრატეგიის განხორციელებით, ქვეყანაში რეალური ადგილობრივი თვითმმართველობები შეიქმნება, რომლებზეც დელეგირებული იქნება უფლებამოსილებები და თითოეულ ადამიანს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის საშუალება ექნება.

„სოფლები იურიდიულ პირებად ჩამოყალიბდებიან, რომელთაც უვადო სარგებლობაში საძოვარი, ტყე და მიწა გადაეცემათ. ასევე, სოფელს შესაძლებლობა მიეცემა, საბჭო და მისი ხელმძღვანელი აირჩიოს. დაგეგმილია მუნიციპალიტეტების ოპტიმიზაცია და თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდა“, - აცხადებს დეპუტატი.

რეფორმებზე საუბრისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ყურადღებას გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ გამგეობებსა და ადგილობრივ თვითმართველობებზე ფაქტიურად ერთპიროვნული მმართველობის განხორციელება უნდა დასრულდეს.

„მიუღებელია ის ფორმა, რა ფორმითაც დღეს გუბერნატორის ინსტიტუტი არსებობს. ის, რომ პრეზიდენტი გუბერნატორს ნიშნავს და ის პირდაპირ კონტროლს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და გამგეობებზე ახორციელებს მიუღებელია. თუ კოლეგიური ორგანო იქნება, რომელიც რეგიონის განვითარების მიმართულებას განსაზღვრავს, ეს კარგი იქნება, რადგან პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ერთ პირზე ყველაფერი დამოკიდებული არ უნდა იყოს“, - განუცხადა for.ge-ს კობახიძემ.

 უმცირესობა რეგიონების დეცენტრალიზაციას მიესალმება.

როგორც for.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა, თუ მთავრობის სტრატეგია მათ ხედვას დაემთხვევა, უმცირესობა ინიციატივას მხარს დაუჭერს.

„თვითმართველობების დონეზე რეფორმების გარღმავებას მხარს ვუჭერთ. ხელმძღვანელი პირები საერთო სახალხო არჩევნებით უნდა დაინიშნონ. თუმცა, თუ გუბერნატორთა ინსტიტუტი უქმდება, მათ ვინ ჩაანაცვლებს? თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიასთან და ევროსაბჭოს სხვა ინსტიტუციებთან ვთანამშრომლობდით. დეცენტრალიზაცია ქვეყნის ინტერესებში შედის და მერის არჩევითობის საკითხი უნდა გამტკიცდეს. მუნიციპალიტეტებსა და გამგეობებს მეტი დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეთ. სოფლებში მეტი თვითმართველობა უნდა იყოს და მეწარმეს რაიმე საბუთისთვის, ნებართვისთვის და ქვითრისთვის ეკონომიკის სამინისტროში ჩამოსვლა არ უნდა უწევდეს. თუ სტრატეგია ჩვენს ხედვებს ოდნავ მაინც ემთხვევა, მზად ვართ ინიციატივაზე ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

დეცენტრალიზაციისა და რეგიონების განვითარების მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივები მზადდება, რომელიც პარლამენტში, უახლოეს პერიოდში იქნება ინიცირებული.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობით, გუბერნატორების დანიშვნის უფლებით ქვეყნის პირველი პირი სარგებლობს.