„ტვ პირველის“ ფარული აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ პროცესები სამართლებრივ ჭრილში გრძელდება. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საქმის გამოძიება ჩანაწერის უკანონო მოპოვება-გავცელების ფაქტზე დაიწყო, მოსამართლის განჩინების საფუძველზე „ტვ პირველს“ ჩანაწერის ავთენტურობის დადგენის მიზნით ორიგინალის გადაცემა მოსთხოვა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელბის მხრიდან კი ეს ფაქტი როგორც დამოუკიდებელ მედია საშუალებაზე ზეწოლად იქნა აღქმული. მათი ვერსიით, ხელისუფლებას წყაროზე გასვლა სურს და ამის პარალელურად ჟურნალისტების დაშინებას ცდილობს. რა არის ხელისუფლების რეალური მიზანი, რატომ ამბობს ტელეკომპანია კატეგორიულ უარს ჩანაწერის გადაცემაზე და მისი ავთენტურობის დადგენაში პროკურატურას რატომ არ ეხმარება? - ამ და სხვა კითხვებზე for.ge ანალიტიკოსს ვლადიმერ ბოჟაძეს ესაუბრა.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე კომენტარი ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. იყო მოლოდნი, რომ ის მთავრობის სხდომაზე ამის შესახებ ისაუბრებდა. როგორ ფიქრობთ, უნდა გააკეთოს თუ არა ამაზე განცახდება?
- ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ოპოზიციამაც და საზოგადოებამაც გამოძიების დაწყება მოითხოვა. კონკრეტული მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ეჭვი, რომ ხელისუფლება გამოძიებას არ დაიწყებდა. ამიტომაც ის ფაბრიკაცია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, პირდაპირ სიმართლედ გამოაცხადეს. როცა პროკურატურამ თქვა, რომ გამოძიება დაიწყო, პრემიერს ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განცახდება არ უნდა გაეკეთებინა. ეს შესაძლოა, ოპონენტებისგან გამოძიებაზე ზეგავლენის მცდელობად ან ზეწოლის ფაქტად შეფასებულიყო. ამიტომ პრემიერმა ისაუბრა იმაზე, რაც საზოგადოებას ეხება. მას რომ ეთქვა, ეს ჩანაწერი ფაბრიკაციაა და ასე შემდეგ, მაშინ გამოვიდოდა, რომ პროკურატურას პირდაპირ დავალება მისცა. ამიტომ, რადგან გამოძიება დაწყებულია, ღარიბაშვილის მხრიდან სრულიად სწორი პოზიცია იყო, როცა ის ამ თემას საერთოდ არ შეეხო.
პროკურატურამ შესაბამისი ჩანაწერის გადაცემის მოთხოვნით „ტვ პირველს“ უკვე მიმართა, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მოსამართლემ მისცა უფლება, რომ ნებისმიერი ფორმით მისი ამოღება მოხდეს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელის და ჟურნალისტების მხრიდან ეს მედიაზე თავდასხმის ფაქტად შეფასდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციას მიეცემა საშუალება, ხელისუფლება კრიტიკულ მედიაზე დევნაში დაადანაშაულოს?
- პროკურატურის მიმართვის მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ აუდიო ჩანაწერზე ექსპერტიზა ჩატარდეს. დადგინდეს არის თუ არა ფაბრიკაცია. ამას კი უკვე ინტერპრეტაციები მოჰყვა. ეს სცენარი 2003 წელს უკვე ნანახი გვაქვს, მაგრამ მაშინ სულ სხვა რეალობა და სიტუაცია იყო. ახლა 2021 წელია და პარალელების გავლება მაშინდელ „რუსთავი 2“-ში შესვლაზე და კიდევ უფრო მძიმე ფაქტთან 7 ნოემბრის მოვლენებთან შედარება, ნამდვილად კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. აქ საუბარია იმაზე, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდეს იმ ჩანაწერს, რომელიც გავრცელდა. თუ ვინმეს არ უნდა, რომ ტელევიზიაში უწყების წარმომადგენლები მივიდნენ, პროკურატურის მისამართს ვასწავლი და ჩანაწერი თავად მიიტანოს. თვითონაც ხომ გამოძიებას ითხოვდნენ? რა შუაშია აქ ტელევიზიაში შევარდნა და თავისუფალ მედიაზე ზემოქმედება?! აუცილებელია, რომ ექსპერტიზა ჩატარდეს და გავიგოთ ეს აუდიო ჩანაწერები რეალურია თუ ფაბრიკაციაა.
„ტვ პირველი“, რომელსაც მთელი საქართველო ფაბრიკაციის გავრცელებაში ბრალს სდებს, თავად უნდა იყოს დაინეტერსებული, რომ სიმართლე დადგინდეს. თუ, პირობითად, სამხარაულის ექსპერტიზას და პროკურატურას არ ენდობიან, ჩანაწერს ექსპერტიზა საზღვარგარეთ თავად გაუკეთონ. თქვან, რომ ეს უტყუარია და გაგვაგებინონ, რომელ წლებშია ჩაწერილი. მერე ვნახოთ, ამაზე ხელისუფლებას რა სახის რეაგირება ექნება. აქ ხომ ჯერ უნდა გავიგოთ ეს მასალები რეალურია თუ დამონტაჟებული. ტელევიზია, რომელიც სიმართლის დადგენით უნდა იყოს დაინტერესებული, პირიქით, ამის წინააღმდეგია. მაშინ საზოგადოებისთვის უკვე ყველაფერი გასაგებია.
ტელეკომპანიის ინტერესების დამცველი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ პროკურატურა ითხოვს მტკიცებულებებს, რომელიც მათ წყაროზე გაიყვანს. ამბობენ, რომ გამოძიების ინტერესში ე.წ. კონვერტის ან ელექტრო მოწყობილობის ამოღება შედის, რომლითაც ვითომ და მასალები ტელევიზიაში წყარომ მიიტანა. ასევე ეჭვობენ, რომ პროკურატურას სხვა იმ მასალების მოპოვებაც უნდა, როემლიც ჯერ ეთერში არ გასულა.
- ნოდარ მელაძეს შეუძლია, რომ ის ჩანაწერი რაც უკვე გაუშვა დისკზე გადაიტანოს და პროკურატურას მიუტანოს. დანარჩენი ჩანაწერები კარგად შეინახოს, შაბათი მალე მოვა და გამოაქვეყნოს. ფაბრიკაციის და დეზინფორმაციის გავრცელებას ხომ არავინ უშლის, ხალხი ისედაც კარგად ხვდება მისი ქმედებები რასაც ემსახურება.
ბერა ივანიშვილის ინტერვიუზე მინდა გკითხოთ, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მან ფაქტობრივად, ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბერას გულახდილ განცახდებაში იყო მცდელობა, რომ ხელისუფლებას მსგავსი აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნების არ ეშინია და ეს პოლიტიკური ბრძოლის იარაღი ვერ იქნება?
- ყველა ჩანაწერი, რომელიც ამ ქვეყანაში კეთდებოდა, „ნაციოანლური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს კეთდებოდა. 2013 წელს, სამწუხაროდ, სამოქალაქო სექტორის მოთხოვნით, რომელიც ახლა უკანონო ჩანაწერების გავრცელებაზე ვენებს იჭრის, მტკიცებულებები განადგურდა. შანსი ხელიდან გავუშვით, გაგვეგო, ვინ გვისმენდა, იწერდა და ამ ყველაფერს რაში იყენებდა. დღეს ვრცელდება ჩანაწერები და ვიცით, რომ ესენი ხელისუფლებას აღარ აქვს იმიტომ, რომ გაანადგურა, ამიტომ ეჭვმიტანილი ის ვერ იქნება. რაც შეეხება ამ გავრცელებულ ჩანაწერებს, ბერა მომხდარ ფაქტს ადასტურებს. იგივეს ამბობს ანზორ ჩუბინიძეც.
თუმცა ჩანაწერები გაკეთებულია 2011 წელს და ამას ექსპერტიზა დაადგენს. ასევე, საინტერესოა 2011 წლის ზაფხულში ბერას რატომ უსმენდნენ, როცა ივანიშვლი ჯერ პოლიტიკაში შემოსული არ იყო. მაშინ ამ საუბარს რაიმე ინციდენტი რომ მოჰყოლოდა, სააკაშვილის ხელისუფლება ამას ოჯახის წინააღმდეგ არ გამოიყენებდა? ამიტომაც ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმის, რომ არანაირ ზეწოლას, დაბულინგებას და შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ეს ასე მარტივად ვერ დაიმალებოდა.
მაშინ აუდიო ჩანაწერში ფაბრიკაცია რა არის?
- ფაბრიკაციის ნაწილი ის მგონია, სადაც ბერას სიმღერაზე აპელირება მიდის, რომელიც მან 2017 წელს ჩაწერა. ღარიბაშვილი მაშინ პოლიტიკაში საერთოდ აღარ იყო. ამიტომ მისთვის რომელ მინისტრებს უნდა დაერეკა, ცოტა გაუგებარია. თუ პირველი ნაწილი უტყუარია, მეორე დამონტაჟებულია იმ მიზნით, რომ თითქოს საუბარი ახლანდელ დროზეა. ანუ ბერა ვიღაცეების პოსტებს დასდევს, ამაში კი პრემიერი და გენერალი ეხმარებიან. თუ მელაძეს რამე სხვა ჩანაწერებიც აქვს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. თავად მიუტანოს პროკურატურას ის, რაც უკვე მაყურებელმა მოისმინა. ტელევიზიის შტურმს და ომს რატომ ელოდება?
როგორ ფიქრობთ, ამ აუდიო ჩანაწერების გავრცელების მიზანი რა იყო, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“, დისკრედიტაცია თუ მოალპარაკების ჩაშლა?
- სავარაუდოდ, ყველაფერი ერთად, რომლის სცენარი 2003 წლის მსგავსი უნდა იყოს. ამ ხალხს სურს, საზოგადოებამ ინსტიტუტების მიმართ ნდობა დაიკარგოს, ხოლო კრიტიკულ მომენტში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა არ იმოქმედონ ისე, როგორც ეს მათ მოვალეობაში შედის. ეს არის მათი მთავარი ამოცანა, სადაც ვითომ თავისუფალ ტელევიზიაზე ასევე თავდასხმა ხდება. არადა თავისუფალი მხოლოდ სინდისისგან და ნამუსისგან არიან, რადგანაც ფინანსურად და პოლიტიკურად გაქცეულ სააკაშვილზე არიან ჩამოკიდებულები. რა თქმა უნდა, სამიზნე არის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი გახარიას გადადგომას ჟრიამულით შეხვდა, მაგრამ როცა გაიგეს, რომ პრემიერად ღარიბაშვილი დაინიშნა, ღიმილი სახეზე შეახმათ. მათ ძალიან კარგად იცოდნენ კანონის აღსრულების თვალსაზრისით, ღარიბაშვილის დანიშვნას რა მოჰყვებოდა და არც ტყუოდნენ. მისი დანიშვნიდან მეორე დღესვე ნიკა მელია დააკავა და სასამართლოს გადაწყეტილება აღასრულა. ასევე ბევრი სხვა პრობლემური საკითხების მოგვარება დაიწყო. ამიტომაც „ოცნების“ გაძლიერება ოპოზიციას არ აწყობს და ამ ჩანაწერების გამოქვეყნება მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.