„პირდაპირი სიტყვებით აგინებს ოპოზიციის ლიდერებს, ამბობს, რომ ყველაფერი არის მისი გასაკეთებელი - „ეს ჟურნალისტები უნდა მოკვდნენ“ – ამას პირდაპირ ამბობს“

„პირდაპირი სიტყვებით აგინებს ოპოზიციის ლიდერებს, ამბობს, რომ ყველაფერი არის მისი გასაკეთებელი - „ეს ჟურნალისტები უნდა მოკვდნენ“ – ამას პირდაპირ ამბობს“

ნოდარ მელაძის და მაკა ჩიხლაძის განზრახ მკვლელობის მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სსკ–ის 18–109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადებას. ჟურნალისტების მკვლელობის მომზადების საქმეზე ინფორმაცია ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან მამალაძემ გაავრცელა, რომლის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ. როგორც მამალაძე აცხადებს, ინფორმაცია უკრაინული წყაროდან აქვს.

for.ge ლევან მამალაძეს ესაუბრა.

ბატონო ლევან, სოციალური ქსელით მიმართეთ გენერალურ პროკურატურას, უსაფრთხოების სამსახურს, პრემიერ–მინისტრს, მათ შორის ოპოზიციას, სადაც აღნიშნავთ, რომ სააკაშვილი გეგმავს ორი ჟურნალისტის მკვლელობას და ამ გზით ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარებას და ხელისუფლების ხელში აღებას. რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებთ, რომ სააკაშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავს?

ლევან მამალაძე: ვიდეო–მიმართვის, რომელიც 8 მარტს გავაკეთე, მთავარი ამოცანა იყო პრევენცია, რომ საქართველოში არ მომხდარიყო ჟურნალისტების მკვლელობა და აქედან გამომდინარე არეულობა, რომელიც სააკაშვილმა დაგეგმა. ამიტომ მივმართე შესაბამის სტურქტურებს. წყარო, რომელმაც ეს ინფორმაცია მომაწოდა, არის უკრაინული.

რამდენად სანდოა ეს წყარო?

– 2004 წლიდან, როდესაც უკრაინაში ვიყავი, ჩამოვაყალიბე „სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრი“. ჩვენ ვმუშაობდით სწორედ ანალიტიკურ და დაგეგმარების საკითხებზე. დახმარებას ვუწევდით სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს, მაღალი რანგის ჩინოვნიკებს. ჩვენ წვდომა გაგვაჩნია ინფორმაციასთან და ასევე გვაქვს კონტაქტები. მე ახლა ტეხასში ვიმყოფები, ჩემთან ხაზზე გამოვიდნენ „ესდეუს“ ყოფილი თანამშრომლები, რომელთაც დეტექტიური კომპანია აქვთ უკრაინაში, ისინი ძალიან სერიზულად მუშაობენ. აქვთ იმის ტექნიკური საშუალება, რომ მოიპოვონ შესაბამისი ინფორმაცია. მქონდა საშუალება გავცნობოდი მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს შორის შემდგარი საუბრის შინაარს.

აუდიო ჩანაწერია?

– ერთი აუდიო ჩანაწერია, მეორე ვიდეო ჩანაწერია, როდესაც სააკაშვილი ტელეფონით ესაუბრება ადეიშვილს. პირდაპირ გეტყვით, თავიდანვე ეჭვი შევიტანე, რამდენად იყო ეს ჩანაწერი ავთენტური, მაგრამ გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან და ვიცი რა ამ პოლიტ–ტექნოლოგიაში როგორ რა გამოიყენება, ძალიან დაკვირვებით მივუდექი საკითხს. მინდა გითხრათ, რომ ეჭვი არ შემპარვია, ვინაიდან კონტექსტი არ არის დარღვეული, საუბრები ამოჭრილი არ არის. ამიტომ ეჭვი გამიქარწყლდა. იმდენად აღმაშფოთებელი და სახიფათო ინფორმაცია იყო, გადავწყვიტე ასეთი ვიდეო მიმართვა გამეკეთებინა.

რა დიალოგია სააკაშვილისა და ადეიშვილს შორის, შეგიძლიათ გვითხრათ?

– სააკაშვილი საკმაოდ აღზნებულ ფორმაში, ადეიშვილთან ერთად პირდაპირ განიხილავს იმ ჩანაწერს, რომელიც „ტვ.პირველით“ გავრცელდა. ჩანაწერში საუბარია იმაზე, რომ ამ ოპოზიციამ ვერაფერი ვერ გააკეთა. ამბობს, რომ ეს ჩანაწერი ვერ გამოიყენეს, იმის ძალაც არ ეყოთ, რომ ამ ჩანაწერების ფონზე გადააყენონ ახლად დანიშნული პრემიერი, ვერ ააგორეს ეს სიტუაცია და ამბობს, რომ ამაზე ხელსაყრელი ვითარება არასდროს არ იქნება. ასეთ რაღაცას ამბობს: „ვეხმარები, მაგრამ უვარგისები არიან“. პირდაპირი სიტყვებით აგინებს ამ ოპოზიციის ლიდერებს. ამბობს, რომ ყველაფერი არის მისი გასაკეთებელი. აი, ახლა არის სწორედ რევოლუცია მოსახდენი და ამისთვის სჭირდება ამ ჟურნალისტების მოკვლა – „ეს ჟურნალისტები უნდა მოკვდნენ!“ – ამას პირდაპირ ამბობს.

დაასახელა ჟურნალისტები, ვინც სააკაშვილის გათვლით უნდა შეეწიროს რევოლუციური სცენარის განვითარებას?

– ლაპარაკია ნოდარ მელაძეზე და მაკა ჩიხლაძის მკვლელობაზე. და, რომ სწორედ ეს უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ ჩამოშალონ ივანიშვილის ხელისუფლება, გამოიწვიონ რევოლუციური სცენარი, მასობრივი გამოსვლები. პირდაპირ ეუბნება ადეიშვილს, რომ იხილავენ ვინ შეიძლება იყოს შემსრულებელი, რომელი სტრუქტურიდან. ამბობს, რომ მოსაფიქრებელია ვინ სად გვყავდესო, ასევე საუბრობს დროულად თანხების მობილიზაციაზე. იძახის: ეს ჩემი გასაკეთებელია და არა ამ უვარგისი ოპოზიციისო.

საინტერესოა, რას ეუბნება ადეიშვილი, რამდენად არის თანახმა, რომ ეს სცენარი განხორციელდეს?

– სააკაშვილი არის ძალიან აღზნებული, სულ გინებით ლაპარაკობს. აგინებს ივანიშვილს, ხელისუფლებას, ასევე ამ ოპოზიციას, რომ ყველაფერი თვითონ უნდა გააკეთოს, მკვლელის პოვნაც მისი საქმეა, თანხების მობილიზებაც კი. სხვათა შორის, ძალიან წყნარად ესაუბრება ადეიშვილი. ის ეთანხმება, მაგრამ სხვას არაფერს არ ეუბნება.

თუ დასახელდა სტრუქტურები, სადაც წესით, უნდა იპოვონ მკვლელი, ანუ ადამიანი, რომლებმაც სისრულეში უნდა მოიყვანოს სააკაშვილის განზრახვა?

– მე ამას მივაქციე ყურდღება და პირდაპირ სტრუქტურას არ ამბობს. ამბობს, რომ ჩვენ ხომ გვყავს ამ სისტემებში ჩვენები და, ალბათ, ყველაზე კარგი იქნება ისინი გამოვიყენოთო, რასაც ეთანხმება ადეიშვილი.

ოპოზიციის ნაწილში კონკრეტულად ვის ასახელებს?

– ყველას ასახელებს, მაგრამ არ მინდა მათი დასახელება. როცა იქნება საშუალება და დაიდება ეს მასალა, თვითონ მოისმენენ.

მოვკლათ ვიღაცა, იმიტომ, რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში, ეს სააკაშვილისგან გასაკვირი ნამდვილად არ არის. ჩვენს გვახსოვს „რუსთავი 2“-ის სასამართლო დავა და საპროტესტო აქცია, პროცესების გამწვავებისთვის ასევე ითხოვდა ფეხმძიმე ქალის მკვლელობას, რომ ეს გამხდარიყო რევოლუციის მიზეზი. რამდენად შეძლებს ის ამის ორგანიზებას?

– მოდით, შევხედოთ ასე – მაშინ ხომ შეძლეს გიორგი სანაიას საქმის გამოყენება რევოლუციისთვის? ეს ტექნოლოგიაა. ჩვენი საზოგადოება იმდენად არის დამოკიდებული იმაზე, რას იტყვიან ტელევიზიები, არ აქვს მნიშვნელობა, მართალია, ტყუილია, რაც უფრო ყურის მომჭრელია ინფორმაცია, უფრო იჯერებენ. ამ მეთოდს იყენებს სააკაშვილი. გვახსოვს როგორ ყვიროდა – ბარიკადები ჩადგით „რუსთავი 2“–ში, ჩაკეტეთ ყველაფერი, ორსული ქალი უნდა მოკვდესო. წარმოიდგინეთ, ორსული ქალის შეწირვა რას გამოიწვევდა საზოგადოებაში. ახლა რა აქვს გათვლილი – ჟურნალისტები, რომლებმაც გამოაქვეყნეს ეს მასალა, მოხდეს მათი ლიკვიდაცია. სააკაშვილის ის ზონდერები, რომლებიც დაწინაურებული არიან, ახლა მათ გამოყენებას ცდილობს. რამდენი ასეთია ხელისუფელბაში, რომლებიც ჯერ სააკაშვილის მონები იყვნენ?!

ამ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლების შეცდომებზე ვლაპარაკობთ, დაძაბულობა არის ოპოზიციასთან ურთიერთობა, ვერ იქნა მიღწეული კომპრომისი ვერც ერთ საკითხზე, ამან გამოიწვია ის, რომ კანონიერი, მაგრამ ხისტი ზომების მიღება გადაწყვიტა ხელისუფლებამ. დააკავეს ნიკა მელია და ამის გამოყენება მიდის ოპოზიციის მხრიდან. ამან გამოიწვია ის, რომ ევროპაც აღშფოთებით უყურებს ამ ყველაფერს, საერთაშორისო დაძაბულობა და მათი ჩართვა გამოიწვია საქართველოს პრობლემებში. დღეს ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია, დაძაბულობა იზრდება, ამ დაძაბულობამ შიგნით, ხელისუფლებაში პოლიტიკური მოტივაციით პრემიერის გადადგომა გამოიწვია. მოვიდა ღარიბაშვილი და სწორედ მისი გადადგომისთვის უნდათ გამოიყენონ ეს ჩანაწერები. ამ ფონზე, ამ ჟურნალისტების სიცოცხლის ხელყოფა წარმოიდგინეთ, რა შედეგს გამოიღებს.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ლევან მამალაძე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმ ოპოზიციას, რომელსაც სააკაშვილი იმ ჩანაწერში უმძიმესი სიტყვებით მოიხსენიებს. მაგრამ მეორე მხრივ არის ფაქტები – საქართველოს ჰყავდა პრეზიდენტი, რომელიც ძალა–უფლების შენარჩუნებისთვის უარს არ ამბობდა ძალადობაზე, მაგრამ დღეს რამდენად წავა სააკაშვილი იმაზე, რომ ორი ჟურნალისტის სიციცხლის ფასად მოვიდეს ხელისუფლებაში?

– წავა კი არა, ამ ხნის განმავლობაში სულ ამის გაკეთება უნდა. გავიხსენოთ როგორ მოვიდა ხელისუფლებაში, ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც თვითონ შექმნა. პირდაპირი იძახის, რომ მოვახდინოთ რევოლუცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ჩამოვშლით ხელისუფლებასო. ჩანაწერში, რაც მოვისმინე, პირდაპირ საუბრობს ჟურნალისტების მკვლელობაზე, ამის გეგმა აქვს, რაც ფაქტობრივად ჩავუშალე. იმიტომ არის ახლა გაჩუმებული და გაყურსული, არ იცის რა ქნას. ელოდება ამ მასალების დადებას, მერე დაიწყებს საუაბრს, რომ ავთენტური არ არის და ა.შ. მან ხომ არ იცის ზუსტად, რა ჩანაწერი ვნახე, ამიტომ ნერვიულობს. ავადმყოფია ადამიანი, არ უმკურნალია, წამლებზე არის, შეხედეთ რა დღეშია, რად უნდა მაგას ჩემი დასკვნა.

სააკაშვილი არის პიროვნება, რომელსაც ნორმალური პროცესის შექმნა არ შეუძლია. უკრაინაში ჩავიდა და რა გააკეთა - პოროშენკომ გუბერნატორად დანიშნა, რამდენიმე თვეში გინება დაუწყო, შეუჩნდა ზელენსკისაც, გინება დაუწყო და გამოუშვეს იქიდანაც. ახლა ცდილობს საქართველოში არიოს. სხვათა შორის უკვე „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აღარ უნდა იგი. ამის განმხორციელებლები პოლიტიკურ სპექტრში ნაკლებად შემორჩნენ, მაგრამ საზოგადოების გაბრიყვების სპეციალისტი ნამდვილად არის სააკაშვილი. მე რაც მოვისმინე, ეს არის საშინელი გეგმა, რა ფორმაშიც აპირებს ამის გაკეთებას. ერთადერთი ჩემი ამოცანა იყო ამის პრევენცია, რაც გავაკეთე.

რაც შეეხება თქვენს საქმეს, ამ დრომდე იძულებით ემიგრაციაში ხართ, რატომ ჭიანურდება თქვენი სამშობლოში დაბრუნების საქმე? ასეთი კორუმპირებული იყო ლევან მამალაძე, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ბედავს მისი საქმის გადახედვას?

– გახსოვთ, რომ სააკაშვილი როგორც კონკურენტს განმიხილავდა. მთავარი მიზეზი, რატომაც გადამეკიდა, იყო ის, რომ როგორც იუსტიციის მინისტრი გაურიგდა ინვესტორებს, რომლებიც მადნეულის კვარციტში მუშაობდნენ, ეს არის სახელმწიფო საწარმოები, სადაც სპილენძისა და ოქროს კონცენტრანტები მოიპოვებოდა. ისე გააკეთეს საქმე, რომ ეს მნიშვნელოვანი სახელმწიფო საწარმოები წაეღოთ და ამაში მან მილიონობით თანხა აიღო. ვამხილეთ სააკაშვილი ამ გარიგებაში. ინვესტორებს შეპირებული იყო, რომ სასამართლოს მოაგებინებდა, მაგრამ ყველა ინსტანციის სასამართლო წააგეს. ამის მერე გადამეკიდა და უამრავი თანხა გადაიხადა დაქირავებულ მედიაში, რომ ეძახათ მამალაძეს ზოდები აქვს, ფარშევანგები, ბეჰემოტები ჰყავსო. ათას სისულელეებს ავრცელებინებდა დაქირავეულ ქალებს ავტობუსებში და ქუჩებში.

პრეზიდენტი რომ გახდა, რამდენიმე კვირაში რუსულ კომპანიას 1 ლარად მიყიდა სახელმწიფო საწარმო – მადნეულ კვარციტი და წილში ჩაუჯდა. დღესაც წილშია. მიაქციეთ ამას ყურადღება. სააკაშვილმა, რომელმაც ჯიბეში ჩაიდო სახელმწიფო საწარმოები, ხმის ამომღები არავინ არ არის და მე დღემდე ჭორებს მივრცელებენ. აი, ეს არის მთავარი მომენტი.

ეს გასაგებია, მაგრამ მერე რატომ არ გადაწყდა თქვენი საკითხი?

– „ოცნებაში“ თავიდანვე რამდენი სააკაშვილის მოტრფიალე შევიდა? ერთადერთი მე ამომიღეს პოლიტდევნილების სიიდან, ისიც არგუმენტის გარეშე. ყველა მოწმემ თქვა, რომ ძალადობით დააწერინეს ჩვენება, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. რამდენი პროკურორი შეიცვალა, ყველას მივმართეთ საქმის მასალებით, მაგრამ რეაგირებაა ნული. პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი. ჩემი საკითხი პოლიტიკურია, კანონი ჩემზე არ ვრცელდება. პროკურატურას ვიღაცამ ზემოდან უნდა უთხრას, ეს ვიღაცა ვინ არის, არ ვიცი, ალბათ, - ბიძინა ივანიშვილი.

ამ ლოგიკით გამოდის, რომ არც იცით, როდის მოგიწევთ სამშობლოში დაბრუნება?

– მეტსაც გეტყვით, ჩვენ სასამართლოში გვითხრეს, რომ მაინც უარს გეტყვითო. პროკურატურაში დღემდე მუშაობენ ის ადამიანები, რომლებსაც პირდაპირ დანაშაული მიუძღვით ჩემს საქმეზე და ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაზე. რა თქმა უნდა, ისინი ხელს უშლიან და არც სახელისუფლებო მხარდაჭერა არ არის. რამდენჯერ მივმართეთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და იქაც იგივე მეორდება.

ხომ არ გეგმავთ მიმართოთ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცით მისი დამოკიდებულება ყოფილი ხელისუფლების მიმართ, რომელიც უკომპრომისოა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში?

– სხვათა შორის ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთია, რომელმაც პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხი გადაწყვიტა, ეს არის თემურ ბასილიას საქმე. მისი კონტროლის ქვეშ იყო აყვანილი ეს საქმე, რომ კანონიერ ჩარჩოში გადაწყვეტილიყო ეს საკითხი და ამ კონტროლმა გამოიღო ის შედეგი, რომ თემურის საქმეში მოხდა სამართლიანობის აღდგენა – ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის კონკრეტული დამსახურება. ვგეგმავ მივმართო პრემიერ–მინიტრს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა იქნება შედეგი, მაგრამ მივმართავ.

Katana . აი, ესეც კოაბიტაციის გვერდითი შედეგი!
მუშაობენ ძალოვან სისტემებში ჩატოვებული მეტასტაზები.
ზოგ ნაც-მავნეს ხელი დააფარეს, ზოგი სულაც დააწინაურეს და რა სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი უნდა ჰქონდეს კაცს?!
3 წლის უკან