„შთაბეჭდილება მრჩება, რომ უცხოელებს უფრო შესტკივათ გული საქართველოზე, ვიდრე აქაურ პოლიტიკოსებს“

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ უცხოელებს უფრო შესტკივათ გული საქართველოზე, ვიდრე აქაურ პოლიტიკოსებს“

„პლებისციტის იდეა ოპოზიციურ სპექტრში ჩამოყალიბდა და გამოიკვეთა, როგორც ოპოზიციის მხრიდან შეთავაზება. ამდენად, ერთხელ უკვე გაჟღერებული შეთავაზების შეცვლა დააზიანებს ოპოზიციას, რომლებიც ვერ ჩამოყალიბებულან იმ მოთხოვნებში, რასაც დებენ თავიანთი მოლაპარაკებების მაგიდაზე“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე.

რამდენად გონივრულია ოპოზიციის სტრატეგია, რომელიც აცხადებს, რომ უცხოელების დახმარებით უნდა შეიბოჭოს ივანიშვილი? ეს მაშინ, როცა ქუჩაში გამოსულ ოპოზიციას თავად არც გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს, არც სტრატეგია გააჩნია და არც სახალხო მხარდაჭერა აქვს.

- ამ შემთხვევაში, ოპოზიციის სტრატეგია და ქუჩის ტაქტიკა სრულიად გასაგებია. ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, შესაბამისად, პოლიტიკაში ასეა, პროცესი ან მიდის ინსტიტუტებში, მხედველობაში მაქვს პარლამენტი, ან მიდის ქუჩაში. ოპოზიციამ აირჩია ქუჩაში პროცესის გადატანა, პრინციპში, არც უარვყოფ, რომ ოპოზიციას ამაში ხელისუფლებაც დაეხმარა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ამ ვითარებაში ოპოზიციის ამოცანაა, აჩვენოს, რომ პროტესტი არსებობს და პროტესტი არსად წასულა. მთლიანობაში, საკითხი გაცილებით ღრმა, პრობლემურია და დაფიქრება სჭირდება, ვიდრე ის, ოპოზიციას ჰყავს თუ არა ერთიანი გამოკვეთილი ლიდერი. ამ შემთხვევაში, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, კონცენტრირება მოახდინოს შეთანხმების იმ ჩარჩოზე, იმ ძირითად პოსტულატებზე, რაზედაც საუბარი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თბილისში ვიზიტისას. მიუხედავად იმისა, რამხელა პროტესტი იქნება ქუჩაში, რეალურად გაჩნდა კითხვები ბევრი საკითხის მიმართ, რომელიც ასახულია 6- პუნქტიან ჩარჩოში. ხელისუფლებისთვის ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა, თანაც, ამ გამოწვევას აძლიერებს ის, რომ ასოცირების საბჭომდე დარჩენილია ძალიან ცოტა დრო. ამიტომ საჭიროა, გადაიდგას ის ნაბიჯები, რომელიც პოლარიზაციას შეაჩერებს. პოლარიზაცია კი ჩვენს საზოგადოებაში უფრო და უფრო ღრმავდება. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ხელისუფლება იმით განსხვავდება ყველა სხვა პოლიტიკური გუნდისგან, რომ მისი ძალაუფლება უფრო მეტია და, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც უფრო მაღალია. ასე რომ, მოსწონს თუ არა ეს ხელისუფლებას, პასუხისმგებლობის დიდი წილი სწორედ მის მხრებზეა. უპირველესად მასზეა დამოკიდებული, ამ გამოწვევას თავი გაართვას.

გვესმის წინმსწრები შეფასებები, რომ მთავარი ის კი არაა, რას წაიღებს ღარიბაშვილი ბრიუსელში, არამედ რას ჩამოიტანს იქიდან. თუ არ მოხერხდა შეთანხმება და ისევ დროის გაჭიანურებაზე იმუშავეს ოპოზიციამ და პოზიციამ, რას ჩამოიტანს ღარიბაშვილი ბრიუსელიდან?

- მე მგონია, რაღაც კომპრომისი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აუცილებლად უნდა მოინახოს. არა იმიტომ, რომ ბრიუსელში ვიღაცისთვის ანგარიში აქვს ჩასაბარებელი ან ღარიბაშვილს, ან ვინმეს, არამედ იმიტომ, რომ ეს სჭირდება ქვეყანას, სახელმწიფოს. თუ უფრო სიღრმეებში ჩავალთ, დავინახავთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეს არ არის რიგითი მოქალაქე. როდესაც ამხელა თანამდებობის პირი შუამავლად ერევა ამ პოლარიზაციაში, ამ კრიზისში, რომელიც ჩვენთანაა, ეს მიუთითებს, რამდენად მაღალია ინტერესი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც მართლაც ზრუნავენ და გული შესტკივათ საქართველოში არსებულ კრიზისზე. სხვათა შორის, უნდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ უფრო შესტკივათ გული საქართველოზე, ვიდრე აქაურ პოლიტიკოსებს. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, ამ ყველაფერმა სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა. ამიტომ, თუ შეთანხმება დაირღვა და მოხდა მხოლოდ იმიტაცია იმისა, რომ თითქოს რაღაც სრულდება და რეალურად არ სრულდება, ამის ფასი იქნება ძალიან ძვირიც და მძიმეც. მართლა არ მინდა იმის წარმოდგენა და იმ სცენარებზე ლაპარაკი, რა საფასური შეიძლება გადავიხადოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის.

ახლახანს გაცხადდა იგორ კოლომოისკისთან დაკავშირებით სანქციების დაწესების შესახებ. ერთადერთი, რაც დღეს აკავებს ჩვენს პარტნიორებს ცოტა უფრო ხისტი მოქმედებებისგან, რასაც ისინი იყენებენ ხოლმე სხვა ქვეყნებთან და სხვა პირებთან მიმართებით, ის არის, რომ, უბრალოდ, მათ პოლიტიკურად არ უნდათ საქართველოს მიმართ ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ითვლებოდა რეფორმებში ლიდერად, დემოკრატიის ფორვატერად, ლიდერად აღმოსავლეთ პარტნიორობაში ნატოს ასპირანტ ქვეყნებს შორის. ამიტომაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ უნდათ, რადგან ეს ავტომატურად გადაიყვანს ქვეყანას დაბალ რიტმში, მაგრამ, თუ ჩვენ ახლა მაინც ვერაფერი გავიგეთ და ჯიუტად წავედით პოლარიზაციის გზაზე, მაშინ აუცილებლად შევეჯახებით ამ პრობლემას.

პლებისციტთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია. ერთი შეფასებით, პლებისციტი არის ხაფანგი, რომელშიც ოპოზიციას შეიტყუებენ და ოპოზიცია დამარცხდება. მეორე შეფასებით კი, როცა მხარეები ვერ თანხმდებიან, მაშინ ხალხმა უნდა უთხრას პოლიტიკოსებს თავისი სურვილი პლებისციტის საშუალებით, რაც დემოკრატიული გამოსავალია. თქვენი აზრით, პლებისციტი ხაფანგია, თუ გამოსავალი?

- მე არ შევალ იმის შეფასებაში, პლებისციტი სწორია თუ არა, აქ მთავარია, რომ ოპოზიციურ სპექტრში ჩამოყალიბდა ეს იდეა და ეს გამოიკვეთა, როგორც ოპოზიციის მხრიდან შეთავაზება. ამდენად, უკვე გაჟღერებული შეთავაზების შეცვლა თავისთავად დააზიანებს ოპოზიციას, რადგან, ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ ოპოზიციონრები თავად ვერ არიან ჩამოყალიბებულნი იმ მოთხოვნებსა თუ შეთავაზებებში, რასაც დებენ თავიანთი მოლაპარაკებების მაგიდაზე.

მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონრებს უპასუხა, რომ პლებისციტი არც განიხილება და გაკვირვება გამოხატა, საიდან მოიტანა ოპოზიციამ ეს საკითხი.

- მეორე მხარეა, პლებისციტი განიხილება თუ არა, „ქართული ოცნება“ ბევრ რამეზე იძახის, რომ არ განიხილება, მაგრამ, ზოგადად, როცა ოპოზიცია შეთავაზებას ან მოთხოვნას აყალიბებს და მერე იმ მოთხოვნას ცვლის, ეს არასწორია და მიუთითებს თავად ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებასა თუ დაბნეულობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩამოუყალიბლობა ცუდია ოპოზიციისთვის. ყველა განსჯა კარგია მანამდე, სანამ ამას გამოთქვამ და, როდესაც გამოთქვამ და მოთხოვნას დააყენებ, მერე ის აღარ უნდა შეცვალო. ეს პოლიტიკის და მოლაპარაკებების კანონია.

არაერთგზის თქმულა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი არ უნდა ჩაერიოს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში. ამის მიუხედავად, ის, როგორც ყოველთვის, აქტიურია და არც მალავს, რომ ღიად ერევა ჩვენს საქმეებში. სულ ბოლოს მისი ჩარევა გამოიკვეთა პლებისციტთან დაკავშირებულ რეკომენდაციებში.

- რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მესმის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს, თანაც, ის ორჯერ იყო საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი, მიხეილ სააკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, ის უკრაინელი, თუ ქართველი პოლიტიკოსია, შეუძლებელია, ერთდროულად იყო ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი, ერთდროულად იყო უკრაინის პოლიტიკაშიც და ქართულ პოლიტიკაშიც.

ისე, სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში უფროა, ვიდრე უკრაინულში. უკრაინაში, უბრალოდ, ფიზიკურად იმყოფება.

- ვერ გეტყვით, სად უფროა, რადგან უკრაინაში უჭირავს ოფიციალური თანამდებობა, იქაური მოქალაქეობა აქვს და განცხადებებს აკეთებს იმ ქვეყნის მოქალაქეობით. სააკაშვილი აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს, სად არის და მხოლოდ ამის მერე უნდა გაახმოვანოს საკუთარი მოსაზრებები. თუ ის საქართველოს პოლიტიკაშია, მაშინ ის უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში, უნდა იყოს აქ და არა უკრაინის მოქმედი ჩინოსნის ამპლუაში, არ შეიძლება სხვა ქვეყნის სახელმწიფო მოხელე კომენტარს აკეთებდეს მეორე ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე, ასეთი რამ არსად ხდება. ამიტომ გადაწყვიტოს, რომელი ქვეყნის პოლიტიკაში უნდა ყოფნა.

amo "არ შეიძლება სხვა ქვეყნის სახელმწიფო მოხელე კომენტარს აკეთებდეს მეორე ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე, ასეთი რამ არსად ხდება. ამიტომ გადაწყვიტოს, რომელი ქვეყნის პოლიტიკაში უნდა ყოფნა." უბედურებაც ეგაა, რომ ჩვენ არავინ არაფრად გვთვლის თვითონ უკრაინაც კი, მან უნდა აუკრძალოს თავის მოხელეს მსგავსი თავხედობა, აბა ჩვენ არაფერი რიჩაგი არ გაგვაჩნია. თვითონ ის არაფერს შეცვლის.
3 წლის უკან