ვინ წავა დათმობაზე, ხელისუფლება თუ ოპოზიცია? - მხარეები კვლავ კომპრომისზე საუბრობენ და ამის პარალელურად ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს ელიან, რომელიც მოლაპარაკების პროცესში შუამავლის როლს შეასრულებს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ არჩევნების არც გაყალბება მომხდარა და არც ლეგიტიმაციის პრობლემა არსებობს, მმართველი პარტია მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის. ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ დიალოგი არ შედგება და ისევ ჩაიშლება, მაშინ ტოტალური წინააღმდეგობა უნდა დაიწყოს.
საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ევროდეპუტატებმა პლენარული სხდომის ფარგლებში გამართულ დებატებზე განიხილეს. ევროპელი კანონმდებლები ქართველ კოლეგებს დაძაბულობის განსამუხტავად დიალოგისკენ მოუწოდებენ და დადებითად აფასებენ შარლ მიშელის მიერ საქართველოში პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დანიშვნას. დეპუტატები იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერილი მედიაცია შედეგს გამოიღებს. განხილვისას ერთ-ერთი თემა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას პატიმრობაც იყო.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუკი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგება, ტოტალური წინააღმდეგობა უნდა დაიწყოს, კონსტიტუციური ჩარჩოების გათვალისწინებით.
„ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვიქნებით ამ პროცესების ავანგარდში და ხალხს მოვუწოდებთ, რომ ფიზიკურად გამოვიდნენ. თუკი ხელისუფლება არ აპირებს საუბარს საკუთარ მოსახლეობასთან, მაშინ ერთადერთი საშუალება დაგვრჩა, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ ყველაფერი. ტოტალური წინააღმდეგობა არის ის, რომ მოძრაობა უკვე ქმედებაში გადავიდეს და წინააღმდეგობის კერები იყოს არა თბილისში, არამედ რეგიონებში“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია კი აცხადებს, რომ დანიელსონის ვიზიტი არის სერიოზული პოლიტიკური გზავნილი საქართველოსთვის.
„ბატონი დანიელსონის ვიზიტი (რომელიც წარმოადგენს სამეზობლოს და გაფართოების „პორტფოლიოს“ - ის ამ მიმართულებით მუშაობს) არის ძალიან ნათელი გზავნილი, რომელიც გვეუბნება, თუ როგორ მოვიქცევით ახლა, რამდენად მაღალ პასუხისმგებლობას აჩვენებს ქართული პოლიტიკური კლასი და საქართველო, როგორც სახელმწიფო. ამ ყველაფერს ექნება სერიოზული და ფუნდამენტური გავლენა იმაზე, თუ რამდენად სერიოზულ პარტნიორად ვიქნებით აღქმული. ის ამბიცია, რომელსაც ჩვენ ვაცხადებთ, არის ძალიან დიდი. ეს არის ევროპული კავშირის წევრობა. ეს არის ისტორიული და ცივილიზაციური განაცხადი. ეს არის ეროვნული საკითხი და საჭიროა მედიაცია“, - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონის მედიაცია მოცემულ პოლიტიკურ კრიზისში მნიშვნელოვანია და მიიჩნევს, რომ ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელ კოლეგებთან კონკრეტული შეთავაზებებით უნდა წარსდგეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია კრისტიან დანიელსონის მედიაცია, იმიტომ რომ მედიაცია ფასილიტაციისგან განსხვავებით, პროცესში სრულყოფილ მონაწილეობას ნიშნავს. ბატონი დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი, მე მას კარგად ვიცნობ, ის იყო ევროკავშირში ჩემი კოლეგა, როდესაც მე საქართველოს წარმოვადგენდი, ის წარმოადგენდა შვედეთს. ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და ის პრობლომები და აქაური კონიუნქტურა მისთვის ცნობილია. ვფიქრობ, ჩამოვა მხარეებთან კონკრეტული შეთავაზებით და ამის შედეგად ვნახავთ, რა მოხდება. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ყველა შემთხვევაში ჩავა ბრიუსელში. ასოცირების საბჭო, ეს არის უმაღლესი თანამშრომლობის ფორმატი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, შესაბამისად, წამზომი ჩართულია ხელისუფლებისთვის, რომ ხელცარიელი არ ჩავიდეს ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი და ჰქონდეს რაიმე შეთავაზება ევროპელი კოლეგებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ევროპული კოლეგების მოლოდინი“, - განაცხადა სამადაშვილმა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტარების გზავნილებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს მოწოდებები კეთდება როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მისამართითაც:
„ევროპარლამენტარები ყველა ერთხმად მოუწოდებენ როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ მათი მთავარი ვალია ქვეყანაში დაასტაბილურონ სიტუაცია, იპოვონ გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანაა შესული, იმუშაონ ერთად, სხვათა შორის, პარლამენტშიც, რომ ქვეყანამ არსებულ გამოწვევებს გაუძლოს და ამ გამოწვევებიდან გამოვიდეს გამარჯვებული“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
რა კომპრომისებია მოსალოდნელი მმართველი პარტიის მხრიდან დიალოგის პროცესში, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სოზარ სუბარმა ისაუბრა.
სოზარ სუბარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არც გაყალბება მომხდარა და არც ლეგიტიმაციის პრობლემა არსებობს, მმართველი პარტია მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის.
„ჯერ კიდევ გუშინწინ მთელი ოპოზიცია ამბობდა, რომ მორჩა, დამთავრდა არანაირი დიალოგი არ იქნება. მე ამაზე ვთქვი, რომ ეს იყო ამ ხელოვნურად აწეული სკანდალის მიზანიც და მიზეზიც. თუმცა, საბოლოოდ, რაც ევროკავშირის პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამჟღავნდა, ოპოზიცია იძულებული გახდა შეეცვალა თავისი პოზიციაც და ლექსიკაც და დაიწყეს დიალოგზე ლაპარაკი.
დიალოგთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ურყევი, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. დათმობებს რაც შეეხება, მაქსიმალური დათმობა არის „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული, რომ ჩვენ მივდივართ ახალ არჩევნებზე, თუ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დადგინდება, რომ გაყალბება 1%-ზე მეტს აღწევს. ოპოზიცია ამაზე არ მოდის ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან კარგად იციან, რომ გაყალბება არ მომხდარა.
რაც შეეხება ლეგიტიმაციას, 48%-იანი ლეგიტიმაცია ხელისუფლების ჩაბარებისთვის ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის საკმარისი და საკმარისზე მეტი. ახლანდელი საპარლამენტო უმრავლესობა საფრანგეთში 28%-ით არის არჩეული და არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია. ეს არის დემოკრატიის ანა-ბანა და საქართველოში ნუ იგონებენ რაღაც ახალ თამაშის წესებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის შუამავლობით, დიდი ალბათობით, საარჩევნო კედექსზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მოხდება. ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და სასამართლო სისტემაზე გარკვეული კომპრომისები მოიძებნება. ძაბირაძე ვარაუდობს, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებითაც იქნება.
სანაცვლოდ კი ხელისუფლება მოითხოვს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. თუმცა ანალიტიკოსის აზრით, ეს ორ და სამ დღეში არ მოხდება, ამას გარკვეული დრო და პროცედურები დასჭირდება. რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის მუქარას, რომ თუ დიალოგი ვერ მოხდება, ტოტალურ წინააღმდეგობას დაიწყებენ, რეალობას მოკლებულია, რადგანაც მსგავს აქტივობას ხალხის გამოყვანა სჭირდება, ოპოზიციას კი ამის რესურსი არა აქვს.
„ქუჩაში რომ ხალხი ოპოზიციამ გამოიყვანოს, ამის რესურსი არა აქვს, ამიტომაც რა ტოტალურ წინააღმდეგობაზეა საუბრი არ ვიცი. არ მგონია ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის აქტის განხორციელება შეძლოს. ამაზე უკვე 30 წელია საუბრობენ, მაგრამ ვერაფერს აღწევენ. არ მგონია, რომ დღევანდელ ოპოზიციას ამის რესურსი ჰქონდეს. რაც შეეხება იმაზე საუბარს ხელისუფლება რა სახის კომპრომისზე შეიძლება წავიდეს, ეს დამოკიდებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე იქნება. რამ მოთხოვნები ექნებათ და ამ დიალოგში როგორი ფორმით ჩართვას გადაწყვეტენ.
თუ აქ სერიოზული საუბარი წავიდა იმაზე, რომ ევროპარლამენტი ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების გადახედვას დაიწყებს და გარკვეული ულტიმატუმი ექნება, მაგ შემთხვევაში შეიძლება ხელისუფლებამ უკან დაიხიოს, მაგრამ ამის მოლოდინი ნამდვილად არა მაქვს. მაინც მგონია, რომ მაქსიმუმი რაზეც ხელისუფლება წავა, პლებისციტი იქნება. ჯერჯერობით ეს ხვალ და ზეგ ვერ გადაწყდება და მაინც მგონია, რომ პროცესი დროში გაჭიანურდება“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ხელისუფლება არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს და მისი მაქსიმუმი, რაზეც ის წავა, ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება.
„ხელისუფლება კიდევ ცდის ოპოზიციას, იქნებ რამე ნაკუწი მოაგლიჯოს. „ოცნების“ მიზიანია, ოპოზიცია შიგნით გახლიჩოს და დაანაწევროს. არანაირი დათმობაზე წასვლას არ აპირებენ, რადგან მათ თავად პარტიის შიგნით რყევების ეშინიათ. აშკარად ჩანს, რომ „ოცნებას“ ერთიანობის შენარჩუნება უჭირს და ამის შესაკავებლად პრინციპულობას ინარჩუნებს. თუმცა მაინც მგონია, რომ ხელისუფლებას 16 მარტისთვის დათმობაზე წასვლა მოუწევს. „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ რიგგარეშე არჩევნები თავიდან აირიდოს.
ისინი დროებით ევროპის გასაჩუმებლად ნიკა მელიას გაათავისუფლებენ. ამის მოსწრება კი 16 მარტამდე შესაძლებელია. ამით ბრიუსელში ჩავლენ და იტყვიან, რომ კომპრომისზე წავიდნენ. „ოცნება“ ხედავს, რომ ოპოზიციას გვერდით ხალხი არ უდგას. ამიტომაც წყალი ჯერ კოჭებამდე სწვდებათ, სანამ ყელამდე არ აუვათ, მანამდე რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავენ. არც ევროპის და არც ოპოზიციის აქტივისტების აქტიურობა არაა იმისთვის საკმარისი, რომ ხელისუფლება დათმობებზე წავიდეს. ქუთაისში გამოსულმა ხალხმა აჩვენა პროტესტი რას ნიშნავს. ხალხს ვადამდელი არჩევნები არ ადარდებს, ამიტომაც ამ დათმობაზე ხელისუფლება არ წავა“, - აცახდებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
:)
ფრანგებს რა უნდა ელაპარაკო, დემოკრატიის გარტყმაში არ არიან! :)