„რუსეთი აყენებდა საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხს, რომელი ქვეყნის ინტერესების გამტარებლები გამოდიან ადამიანები, ვინც სანქციების დაწესებაში ფულს იხდიან?“

„რუსეთი აყენებდა საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხს, რომელი ქვეყნის ინტერესების გამტარებლები გამოდიან ადამიანები, ვინც სანქციების დაწესებაში ფულს იხდიან?“

„ქართულ ოცნებაში“ ადასტურებენ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მიმდინარე კვირაში შედგება. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ყველა მხარე საბოლოოდ შეძლებს პასუხისმგებლობის გააზრებას და იმ შედეგებს, რაც მოლაპარაკების ჩაშლას შესაძლოა, მოჰყვეს და საბოლოოდ კონსენსუსი შედგება. თუმცა, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ისევ რადიკალიზაციისკენ მოუწოდებს. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სააკაშვილის რეკომენდაცია ბიძგს იძლევა პროცესის გამწვავებისკენ, ქაოსის გაზრდისკენ, რაც რა თქმა უნდა, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხმას წყალს, ვიდრე პლებისციტი, უშედეგო, მაგრამ წყნარი პროცედურა.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ექს–პრეზიდენტი ოპოზიციას მიმართავს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც ივანიშვილი თავს ახვევს ოპოზიციას. სააკაშვილის ეს მოწოდება არის ისევ ქუჩა და ამით ეუბნება ოპოზიციას, გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან არის რადიკალიზაცია? 

რამაზ საყვარელიძე: კი, რა თქმა უნდა. ისიც ჩანს, რასაც პლებისციტის კრიტიკოსები, მაგალითად, იგივე „ქართული ოცნების“ მხრიდან ამბობენ, რომ აზრი არ აქვს პლებისციტს, ვინაიდან ოპოზიციას ეს არაფერს აძლევს. მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ხელისუფლებას, ვიდრე ოპოზიციას და შესაბამისად, პლებისციტიც ამას ასახავს და მაშინ რა განსხვავებაა? რას აძლევს ეს ოპოზიციას, გაუგებარია. ოპოზიციას ერთადერთ შედეგს მისცემდა ის, რომ პლებისცისტს ეთქვა – „გაუმარჯოს ნაცებს, არ გვინდა ოცნება“.

თუ პლებისცისტი ასე არ იტყვის, მაშინ დაიწყებენ ლაპარაკს – „გაყალბდა“. ამით ახალი რა მოხდება? გააგრძელებენ ისევ ისე. ასე რომ, ის უპერსპექტივობა, რაც პლებისცისტს ახლავს, ეს დაინახა მიშამ და ამიტომ დაარტყა. მით უმეტეს პლებისცისტს მხარს უჭერენ ისინი, ვინც მაინცდამაინც არ არიან გულღია მიშისტები - იგივე ბოკერია და უგულავა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში ყველას განსხვავებული პოზიცია აქვს. რამდენად უშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ ოპოზიციამ ერთობლივად მიიღოს გადაწყვეტილება და თქვას – არა პლებისცისტს, რაც შესაძლოა, დაპირისპირების მიზეზი გახდეს? ოპოზიციას სურს წარმოაჩინოს, რომ სააკაშვილი გადაწყვეტილებებს არ იღებს, მაგრამ ფაქტები ადასტურებს, რომ სააკაშვილის დირექტივებით მოქმედებენ...

– წესით, დაპირისპირება უნდა გააჩინოს, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე ნაწილი საღ აზროვნებას დაიწყებს, ბუნებრივია, ის განუდგენა დანარჩენებს და ეს ბზარი გაჩნდება, ვიმეორებ თუ ვინმეს გაუჩნდება საღი აზროვნება. ევროპაც და აშშ ამას გვეუბნება, რომ ეს სტრატეგია, რომელსაც ადგეხართ, არაფრის მომცემი არ არის, ეს მარტო რუსეთს აწყობს. პლებისციტში აქ არ ჩანს რუსეთის ხეირი, წყნარი პროცესია, სააკაშვილის რეკომენდაცია ბიძგს იძლევა პროცესის გამწვავებისკენ, ქაოსის გაზრდისკენ, რაც, რა თქმა უნდა, რუსეთის წინსქვილზე უფრო ასხმას წყალს, ვიდრე პლებისციტი, უშედეგო, მაგრამ წყნარი პროცედურა.

მოვლენების ქრონოლოგიას თუ გავიხსენებთ, სააკაშვილის პოლიტიკური გეგმა არ შეცვლილა – პროცესების რადიკალიზიაცია, ისევ რევოლუცია და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა. მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოდის, ასეთი პრეცედენტი რეალურად არ არსებოს. 2003 წელს ძალაუფლება რევოლუციით აიღო ხელში და შემდეგ უკვე ხელისუფლებას ინარჩუნებდა გაყალბებული არჩევნებით...

– გეთანხმებით, არც ერთხელ არჩევნების გზით ხელისუფლებაში არ მოსულა. არჩევნები, რევოლუცია და გაყალბება – ეს სამი რამ ერთმანეთთან შეუთავსებელია, მაგრამ სააკაშვილი ძირითადად რევოლუციას და გაყალბებას იყენებდა, ამიტომ არჩევნების შედეგები გარანტირებული ჰქონდა. ბუნებრივია, ასეთი ბიოგრაფიის ადამიანი არ ეცდება დაელოდოს არჩევნებს, თან კიდევ, აქ უსასრულობაში გადადის.

დავუშვათ, ჩვეულებრივ არჩევნებში მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ აიღო ნიშა და შევიდა პარლამენტში, თუ ასე გააგრძელა, შემდეგი 2024 წლის არჩევნებში, წამყვანი ოპოზიციური ძალა ხომ არ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და მაინც ვერ მოვა ხელისუფლებაში. ასე რომ, ეს იქნება ქრონიკული ოპოზიციონერი და ამ ქრონიკულში გადასვლა არ აწყობს მიშას. „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ხელისუფლებაში არ მოვიდა, ოპოზიციაში რამდენი ხანიც არ უნდა იყოს, მიშასთვის აქ ჩამოსვლის პირობები არ შეიცვლება. ამიტომ მიშას სჭირდება სასწრაფო რადიკალური მოქმედებები და ვის აწყობს ეს? ვიმეორებ, აწყობს რუსეთს. ამას უცხოელებიც გვეუბნებიან – რასაც თქვენ აკეთებთ, ეს მხოლოდ რუსეთს აწყობსო. იმათ გონიათ, რომ ნაციონალებს გული შეუწუხდებათ ასეთ განცხადებაზე. თუ დააკვირდებიან, რომ პრორუსული ხალხი უზით გვერდით, შეიძლება უფრო მეტი რეალობა დაინახონ. რა თქმა უნდა, მათ დესტაბილიზაცია სჭირდება და ამ შემთხვევაში კონკრეტულად მიშას.

დასავლეთის პოზიციები ნათელია. აშშ–მა რუს მაღალჩინოსნებს ნავალნის საქმეზე სანქციები დაუწესა, ოპოზიცია ანვითარებს ვერსიას, რომ ნიკა მელიას დაკავების გამო, იგივე საფრთხე ემუქრება საქართველოს. მელიას და ნავალნის საქმეების ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლებელია, მაგრამ ამის მიუხედავად, რამდენად მიღწევადი და მხარდაჭერილი იქნება ის რადიკალიზაცია, რომელსაც დასავლეთის სახელით გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“?

– ნაციონალები ლობისტებს ქირაობენ იმისთვის, რომ სანქციების თემა ამოწიონ. ანუ, ქართველი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესებისთვის ამერიკელებს ფულს უხდიან ქართველები.

ისევ ქართველი ხალხისგან წაღებულ ფულს იხდიან...

– რა თქმა უნდა. ამ საკითხზე პასუხი გასცა კინზინგერმა და სხვებმაც, რომ ლობისტებს დიდი გავლენა აქვთ ამერიკაში, ოღონდ გააჩნია, რა თემებზე. თემა, რომელიც არ უკავშირდება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს, ამ თემაზე ლობისტებს ყურს არ უგდებენ და მათ ძალისხმევას გვერდზე დებენო. საქართველოში ამერიკას თავისი სახელმწიფო ინტერესი აქვს, იმიტომ, რომ საქართველო თავის პარტნიორ ქვეყანად მიაჩნიაო. ამიტომ გამორიცხულა, რომ საქართველოს სანქციები დაუწესოს ამერიკულმა მხარემო. მართლაც, რომ პარტნიორებს სანქციებს არ უწესებენ. გასაგებია, რომ ნავალნის გამო რუსეთს დაუწესეს სანქციები, რადგან რუსეთი მტრად არის მიღებული, საქართველო კი, პარტნიორად არის მიღებული. მით უმეტეს, რომ ნავალნისა და მელიას ფიგურები განსხვევული წონისანი არიან. საქართველოს მიმართ სანქციები უკვე განაცხადი იქნება იმისა, რომ ამერიკა–საქართველოს მეგობრობაში გაჩნდა ბზარი.

ვის აწყობს ასეთი ბზარი?

– რუსეთს. ის დიდი ხანია ღიადაც ამბობს და ოცნებობს იმაზე, რომ დასავლეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ბზარი გააჩინოს, ხინჯი შეიტანოს. თავის დროზე რუსეთის დუმა აყენებდა საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხს, რადგან რუსეთის დუმა მტრად მიიჩნევს ამერიკას და რახან საქართველო ამერიკის პარტნიორია, ამიტომ ითხოვდა საქართველოსთვის სანქციების დაწესებას. აი, ახლა რომელი ქვეყნის ინტერესების გამტარებლები გამოდიან ადამიანები, ვინც სანქციების დაწესებაში ფულს იხდიან – დასავლეთის, თუ რუსეთის? - რა თქმა უნდა რუსეთის. ამიტომ, დასავლეთი გაცილებით ფრთხილი უნდა იყოს ნაციონალებთან ურთიერთობის საკითხში. ელჩი დეგნანი ამბობდა, რომ რუსეთი ეცდება ჩაერიოს არჩევნებში, თუ დაინახავენ იმას, რომ რუსეთი ჩაერია არჩევნებში და დღეს ამას ვაკვირდებით ჩვენ რუსთაველის გამზირზე, ეს უნდა თქვან. ამ არჩევნებში რუსეთი მედიის საშუალებით არ ჩარეულა, პირდაპირ გავლენის ფიგურებით ერევა. რუსეთი იცდის და ელოდება ოპოზიციის სისულელეების შედეგს.

მიღწევადი, ალბათ, რევოლუცია არ არის, რადგან მოწოდების მიუხედავად, ხალხი მათ დაძახებაზე არ გამოდის. რევოლუციას თუ ვინმე აკეთებს, ეს არის ხალხი. თუკი ძალისმიერი ხერხი გაჩნდება, ალბათ, მოხდება ის, რაც მოხდა 20 ივნისს, როდესაც ძალოვანმა სტრუქტურებმა პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცეს რევოლუციურად განწყობილებს. ანუ, ერთი მხრივ ხალხი და მეორე მხრივ ძალოვანი სტრუქურების მზაობა იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ასეთ რევოლუციურ მზაობას – აი, ეს ორი მექანიზმი სრულიად საკმარისია.

ამას ემატება მესამე მექანიზმი, კერძოდ, ხელისუფლების ძალისხმევა იმისთვის, რომ უცხოეთს დაანახოს, ვინ რას აკეთებს, არ ათქმევინოს უცხოეთს, რომ აქ ერთპარტიული დიქტატურაა ხელისუფლების სურვილით, რაც უნდა ოპოზიციას დააბრალოს ხელისუფლებას.

ეს დაბრალება საჭიროა იმისთვის, რომ სწორედ რევოლუციურ სცენარს დასავლეთის მხარდაჭერა ჰქონდეს. თუ დიქტატურაა, მაშინ დასავლეთი რევოლუციას მხარს დაუჭერს და ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება, გავიხსენოთ 2003 წელი, მაგრამ თუ დიქტატურა არ არის, მაშინ გაუგებარია რევოლუცია რატომ უნდა მოხდეს. ასე რომ, აქ რამდენიმე ფრონტია – ხალხი, ძალის გამოყენება შიგნით და საგარეო ურთიერთობები. ყველაზე რთული, რა თქმა უნდა, საგარეო ურთიერთობებია.

Temo "ნაციონალები ლობისტებს ქირაობენ იმისთვის, რომ სანქციების თემა ამოწიონ. ანუ, ქართველი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესებისთვის ამერიკელებს ფულს უხდიან ქართველები." - ზუსტად თქვი, ჩაჯვი გვარამიავ! ალამუთის ციხის ჭეშმარიტი ბინადრები ხართ ყველანი
3 წლის უკან
kolxi დიქტატურა ვნახე ნაცსექტის ხელისუფლების დროს, თანაც ისეთი, მტერსაც არ ვუსურვებდი...
3 წლის უკან