მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადამდგარი გიორგი გახარიას ფოტომ უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა, კიდევ უფრო გამყარდა ეჭვი, რომ ასეთი „ლაიქების“ შემდეგ პოლიტიკიდან ასე მარტივად არ მიდიან და, თუ გავითვალისწინებთ გიორგი გახარიას ისტორიულ სიტყვებს, ,,კი არ მივდივარ, მოვდივარო“, შეიძლება, გარკვეული დაშვებით, პრემიერობიდან წასვლაც პოლიტიკაში მისი მობრუნების საწინდარი გახდეს.
ჩამოყალიბდება თუ არა გიორგი გახარიასგან მესამე ძალა და რას უნდა ნიშნავდეს ბიძინა ივანიშვილის მიერ ერთხელ უკვე ნათქვამი სიტყვები, რომ გადგება გვერდზე და თავად შეუწყობს ხელს ოპოზიციის ჩამოყალიბებას?
ამაზე შეიძლება ვერსიების დონეზე ვიმსჯელოთ. არც ისე მწირია გიორგი გახარიას შესაძლებლობები თუნდაც პარლამენტში საკუთარი მომხრეების მოძიების კუთხით, რადგან სამეგრელოს რეგიონიდან გასული დეპუტატები სწორედ გახარიას რეკომენდაციით მოხვდნენ „ქართული ოცნების“ სიაში, ეს ხალხი კი გახარიას პარტიაში სიამოვნებით გადაბარგდება. შესაძლოა, მაია ცქიტიშვილიც აღმოჩნდეს მის გვერდით, რომელმაც „ოჯახში დაბრუნება ისურვა“ გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ.
ცალკეული ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ გახარიას წასვლა და სამომავლოდ მისი მოსვლა სწორედ ბიძინა ივანიშვილის ჩაფიქრებული გეგმის ნაწილი იყოს. თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, გახარია დამოუკიდებლად არც გადამდგარა თანამდებობიდან.
უკვე კეთდება პროგნოზი, რა ტიპის მესამე ძალას შეუძლია ჩაუდგეს სათავეში გიორგი გახარია. წინასწარი მოლოდინით, ეს არ იქნება აგრესიული ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უარყოფითად მიუბრუნდება. სავარაუდოდ, გახარიას სტილი არ იქნება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კარვებით და ბოქლომებით სირბილი, პირიქით, ის რადიკალურ ოპოზიციას დაუპირისპირდება, რომელთა მისამართითაც ოდესღაც დაიბარა: „მე თქვენ დაგასრულებთ“.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიესალმება, თუკი გიორგი გახარია მესამე ძალას ჩამოაყალიბებს. მისი აზრით, გახარიას საკმაო ავტორიტეტი აქვს, მას მხარდამჭერებიც ჰყავს, თუმცა მას პოლიტიკური პლატფორმა ჯერჯერობით არ გააჩნია, არც პარტია აქვს და არც რაიმე ორგანიზებული ჯგუფი ჰყავს ამ მოწვევის პარლამენტში. ამდენად, თუკი გახარია მოახერხებს მესამე ძალად ჩამოყალიბებას, გინდ ბიძინა ივანიშვილი დაეხმაროს მას, გინდ სხვა ვინმე, დავით ზარდიაშვილისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
„მიუხედავად იმისა, რომ ასეთ რთულ დროში გადადგა პრემიერობიდან და ამ კონკრეტულ საკითხში მის პოზიციას არ ვიზიარებ, გიორგი გახარიას მიმართ პატივისცემა არ დამიკარგავს, რადგან ის იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღირსეული პრემიერ-მინისტრი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. უბრალოდ, მან ვერ იტვირთა ის პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებული იყო მელიას ინციდენტის დასრულებასთან და გადადგა. მე არ მიმაჩნია გიორგი გახარია არც მიუღებელ ფიგურად და არც საქართველოსთვის გამოუსადეგარ ადამიანად. არც ის მგონია, თუკი ივანიშვილი მისგან მესამე ძალას შექმნის, ეს ხელოვნური მესამე ძალა იქნება, რადგან გახარიას საკუთარი მხარდამჭერები ჰყავს“,- აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge- სთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, საშურიცაა, თუკი გიორგი გახარია ამგვარ „ოპოზიციას“ ჩაანაცვლებს, ეს იქნება იდეალური შემთხვევა, რადგან ნაცების მაგივრად გიორგი გახარია მოგვევლინება ოპოზიციად. ასეთ შემთხვევაში, პარლამენტიც კონსტრუქციული იქნება, სადაც საქმიან დავას ვიხილავთ, ეს აღარ იქნება ერთმანეთის დაჭმა პოლიტიკურად. ცხადია, პოლიტიკაში პატიოსანი კონკურენცია იარსებებს, მაგრამ ეს კონკურენცია პარტნიორობას დაეფუძნება.
რაც შეეხება საკითხს, ასეთი ფინალის შემთხვევაში, ხომ არ გაჩნდება ეჭვი, ბიძინა ივანიშვილმა ხომ არ გადააყენებინა საკუთარი თავი გიორგი გახარიას, დავით ზარდიაშვილი გვპასუხობს, რომ ოღონდ შეიქმნას ოპოზიცია და, რაც უნდათ, ის იფიქრონ.
„როგორც ჩანს, ოპოზიციაც ბიძინას შესაქმნელი იქნება. რასაც ვუყურებ, ამას ოპოზიცია არ ჰქვია, ამას ჰქვია ავაზაკთა ბრბო“,- მიიჩნევს ანალიტიკოსი.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ფიქრობს, რომ ივანიშვილის შეცდომა იქნება, თუკი ის გახარიასგან შექმნის მესამე ძალას.
„არა მგონია, ეს სწორი იყოს, რადგან გიორგი გახარია ისეთ დროს გადადგა პრემიერობიდან და ისეთ დროს დაასხა წყალი ანტისახელმწიფოებრივ ძალაზე, არა ოპოზიციაზე, არამედ ვიმეორებ, ანტისახელმწიფოებრივ ძალაზე, როცა ისინი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში იყვნენ ჩაფლულნი. ამდენად, თუ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ძალისკენ გადამხრელი პიროვნებისგან ივანიშვილი შექმნის ოპოზიციურ ძალას, ეს გახარია იქნება, თუ ვინც გინდა იყოს, ეს სიკეთეს ქვეყანას ვერ მოუტანს. არა მგონია, ახლა ბიძინა ივანიშვილი ამას უნდა აკეთებდეს. თუ აკეთებს, ეს ძალიან დიდი შეცდომაა“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე for.ge- სთან საუბრისას.
მისივე თქმით, სულ სხვა მოტივით რომ გადამდგარიყო გახარია და მისგან შეექმნათ მესამე ძალა, ეს იდეალური იქნებოდა, რადგან მას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთ მომენტში გადადგა, რომ პირდაპირ ანტისახელმწიფოებრიობას დაუჭირა მხარი და სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება მოახდინა.
ამდენად, ნანა კაკაბაძე არ მალავს, რომ არანაკლებ დაუპირისპირდება ასეთ ოპოზიციას, როგორც ნაციონალებს უპირისპირდება.