„ერთადერთი ბერკეტი საერთაშორისო ზეწოლაა, რამაც შეიძლება ოპოზიციას აიძულოს პარლამენტში შესვლა“

„ერთადერთი ბერკეტი საერთაშორისო ზეწოლაა, რამაც შეიძლება ოპოზიციას აიძულოს პარლამენტში შესვლა“

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა ისევ გაქრა. მიუხედავად 6-პუნქტიანი შეთანხმებისა და ერთგვარი ულტიმატუმისა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს წაუყენა, მოლაპარაკება ჯერ კიდევ ვერ შედგა. როგორც ჩანს, ვერც პლებისციტზე მოხდება შეთანხმება და არც რიგგარეშე არჩევნებზე კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობა არსებობს, რასაც ოპოზიციური პარტიები ითხოვენ.

ალბათობა იმისა, რომ მხარეები პლებისციტზე შეთანხმებულიყვნენ, რეალურად არსებობდა, თუმცა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ, რომ ეს მიუღებელია და უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, შეთანხმების შესაძლებლობა გააქრო.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხის პლებისციტის გზით გადაჭრა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია.

„მას უნდა, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად (ჯერ ერთი, ეს რამდენიმე თვის შემდეგ არის, სადაც ის დახარჯავს ძალიან ბევრ ფულს, ძალიან ბევრს მოისყიდის) ჩაატაროს პლებისციტი. რომც წააგოს ეს პლებისციტი, მერე ექნება რამდენიმე თვე კიდევ (და ის აუცილებლად წააგებს ამ პლებისციტს), იმისათვის, რომ მოისყიდოს, დააშინოს, დაიჭიროს და, რაც მთავარია, ქვეყნიდან გაყაროს კიდევ ასობით ათასი ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი. და ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს, მეგობრებო, და ჩვენ არა გვაქვს არც ერთი დღე დასაკარგი, მართლა“, - აღნიშნა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

თუმცა, თბილისში ოპოზიციურ ფლანგზე მის ამ განცხადებას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში მისსავე გუნდში განსხვავებული შეხედულებს ავლენს, თქვა, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვის დრო ახლა არ არის. მისი თქმით, ეს „საქმეს არაფერში გამოადგება“.

„მიშაც ცდება ხანდახან, პლებისციტზე ასეთი დარტყმით შეცდა“, - ასე გამოეხმაურა სააკაშვილს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ სააკაშვილის განცხადებას ასე უპასუხა:

„ახლა მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს. გამოუშვას პოლიტპატიმრები, მიიღოს ეს ცვლილებები, მერე შეეგუოს მარცხს ჯერ პლებისციტში და მერე არჩევნებში. სააკაშვილის ჯინაზე ქნას ეს ყველაფერი და მე გამიხარდება“.

ყოველივე ამის ფონზე, დღეს კიდევ უფრო აქტიურად საუბრობენ, რომ „მოქალაქეების“ შემდეგ, თვის ბოლოს პარლამენტში დამატებით, კიდევ რამდენიმე პარტიას ვიხილავთ, კერძოდ საუბარია „სტრატეგია აღამაშენებელსა“ და „ლელოზე,“ თუმცა, ამ ეტაპზე პარტიის ლიდერები ამის შესახებ რაიმე კონკრეტულს არაფერს ამბობენ და კვლავ აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში არ შევლენ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ამბობს, რომ აღნიშნული პარტიების პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი 50-50%-ზეა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტს, რომელიც ამ კვირაშია დაგეგმილი.

„დღევანდელი მდგომარეობის ფონზე, ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ არსებული სიტუაციის ფონზე, ოპოზიციიდან რომელიმე პარტია პარლამენტში შევიდეს, თუმცა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება ამ კვირაში, როდესაც ჩამოვა შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც მედიატორობა უნდა გასწიოს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის.

არ გამოვრიცხავ, რომ ამ მედიაციის შედეგად, ცალკეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეიცვალონ თავიანთი პირველადი დამოკიდებულება. გუშინ გამოქვეყნდა მეგობრების წერილი, - ყოფილი ელჩები, დიპლომატები, ცნობადი სახეები ამერიკაში თუ ევროპაში, რომლებიც წერენ: გარდა იმისა, რომ მოუწოდებენ ხელისუფლებას ნიკა მელია გაათავისუფლონ, იქვე არის კიდევ ერთი მოწოდება, რომ ოპოზიციამ აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, აიღოს მისი კუთვნილი მანდატები პარლამენტში და იქ გააგრძელოს მუშაობა.

ერთადერთი ბერკეტი, რამაც ოპოზიცია შეიძლება აიძულოს პარლამენტში შევიდეს, ეს არის ისევ და ისევ საერთაშორისო ზეწოლა თუ ზემოქმედება. შანსები, რომ ეს პოლიტიკური პარტიები შევლენ პარლამენტში, 50-50%-ზეა. უნდა ვთქვა, რომ იყო ამის კონტურები, პლებისციტთან დაკავშირებით თითქოსდა იკვეთებოდა თანხმობა ამ პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის, მაგრამ ახლა, როდესაც პლებისციტის იდეა პრაქტიკულად უგულებელყოფილია, არ მომისმენია რომელიმე მათგანისგან, რომ ისინი აპირებენ პარლამენტში შესვლას“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ თუკი ხელისუფლება კონკრეტულ დათმობაზე წავა და ოპოზიციასთან შეთანხმებას მიაღწევს, მარტის ბოლოს არა მარტო „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო,“ არამედ „ნაციონალური მოძრაობაც“ ვიხილოთ პარლამენტში.

„თუ, მაგალითად, მმართველი გუნდი დათანხმდება პლებისციტის ჩატარებას ან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, მაშინ შესაძლებელია „ნაციონალური მოძრაობაც“ ვიხილოთ პარლამენტში“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

გოგი რისი ანალიტიკოსია ჩიტიძე, ვერ ხედავთ, რომ სულ სისულელებს ამბობს? „თუ, მაგალითად, მმართველი გუნდი დათანხმდება პლებისციტის ჩატარებას ან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, მაშინ შესაძლებელია „ნაციონალური მოძრაობაც“ ვიხილოთ პარლამენტში“. აი და შენა ყოფილხარ რა?!
3 წლის უკან