საქართველოს რუკაზე მალე ახალი ქალაქი გაჩნდება, მაგრამ მის შესახებ თითქმის არავის არაფერი სმენია, ხოლო ვისაც სმენია, მხოლოდ პრემიერის ნათქვამი ძუნწი რეპლიკისა და ჯონდი ბაღათურიას პოპულისტური განცხადებების საშუალებით. საუბარია თბილისის ზღვის დასავლეთით, სპეციალურ ეკონომიკური ზონაზე, რომელსაც ჩინური სავაჭრო-სამრეწველო კომპანია „ჰუალინგი“ (Xinjiang Hualing Industry & Trade Co.) აშენებს;
ჩინურ კომპანიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ხელშეკრულება 2012 წლის ზაფხულში გაფორმდა. ინვესტიციის ოდენობა არანაკლებ 150 მილიონი დოლარია. ბიზნესის სტიმულირებისთვის, ზონა 10 წლით თავისუფლდება გადასახადებისგან. ჩაინა-თაუნში, სახსოვრებელი უბნის ფეშენებელური ვილები და აპარტამენტები უძრავი ქონების ბაზარზე გამოვა გასაყიდად; ზღვისპირა, სარეკრეაციო ზოლის სასტუმროები და სახლები კი 2015 წელს თბილისში გასამართი ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალის სტუმრებს უმასპინძლებს.
„ჰუალინგის“ დაკვეთით მომზადებული ელვარე, გაპრიალებული სარეკლამო ვიდეოკლიპი, ინტერნეტში, „იუთუბზეა“ განთავსებული და ჩინეთის ტელეარხებზეც გადის.
კულტურული უზუსტობების მიუხედავად, (აზიური მუსიკა, ბალკანური ცეკვა), ვიდეორგოლი ეფექტურად წარმოაჩენს საქართველოს: აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი, ულამაზესი ბუნებრივი დერეფანი; თბილისი - პოლიტიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო, ასევე - სადისტრიბუციო ცენტრი, რომელმაც საერთშორისო ინვესტიციები უნდა მიიზიდოს. სარეკლამო რგოლიდან ვიგებთ, რომ მოლაპარაკებებისა და პროექტის დაგეგმარების პროცესში, „ჰუალინგის“ დელეგაციას თავად პრეზიდენტი შეხვდა და კონტრაქტის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო. ფოტოკოლაჟში იხილავთ კომპანიის ხელმძღვანელთან ხელგადახვეულ იმდროინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს; იუსტიციის მინისტრ ზურა ადეიშვილსა და ქალაქის მერ გიგი უგულავას, რომლებიც ინვესტორებთან ერთად ქალაქში მიმოდიან; ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია დელეგატებთან სამახსოვრო ფოტოსთვის პოზირებს...
„ჰუალინგი“ 1988 წელს დაფუძნებული სავაჭრო-სამრეწველო კორპორაციაა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: საგარეო ვაჭრობა, მესაქონლეობა, სატრანსპორტო გადაზიდვები, მშენებლობა, ტურიზმი, სასტუმროები, მომპოვებელი მრეწველობა...
კორპორაცია შინჩანგის ავტონომიური ოლქის დედაქალაქ ურუმჩიშია ბაზირებული, სადაც რამდენიმე დიდ სავაჭრო ცენტრსა და ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ფლობს. ვაჭრობს დეკორატიული სამშენებლო მასალებით, ავეჯით, ელექტროტექნიკით, საკვები პროდუქტებით, ტანსაცმლით და ქიმიური საშუალებებით. 1998 წელს, ხელისუფლების მხადაჭერით, „ხუალინგის“ სავაჭრო ცენტრმა, (დასავლეთ ჩინეთის ერთ-ერთი მსხვილ ბაზრობა), სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა. ჩინური პოლიტიკის სამეცნიერო ცენტრმა კი „ჰუალინგი“ დასავლეთ ჩინეთის 10 მოწინავე კომპანიას შორის დაასახელა.
კორპორაციას ამბიციური გეგმები აქვს: შუა აზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე გასვლა, იმპორტ-ექსპორტის ოპერაციების გაზრდა; დიდი საქონელბრუნვის ევროაზიური სავაჭრო წრის ჩამოყალიბება;
კავკასიის ბაზარზე დამკვიდრებას „ჰუალინგი“ თბილისში, „ეკონომიკური ზონის“ განვითარებით იწყებს. რას ნიშნავს ეს?
„ეკონომიკური ზონა“ თავისუფალი ვაჭრობის არეალია - პორტო ფრანკოს, ან სამრეწველო პარკის კონცეფციით. ზონაში მოქმედი სავაჭრო და საგადასახადო შეღავათები დამატებით სტიმულებს ქმნის წარმოებების განვითარებისთვის და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად იქმნება; ზონების მოწყობას თან სდევს ინფრასტრუქტურის მოწყობა და ხალხის დასაქმება. მაგალითად, გერმანია ემხრობა მსგავსი ზონების განვითარებას კრიზისით დაზარალებულ ევროკავშირის ქვეყნებში. განსაკუთრებით - საბერძნეთში. ეკონომიკური ზონები ბევრია ინდოეთში, ირანში; პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან - ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინასა და უზბეკეთში. ევროპაში - პოლონეთში
ცალკე თემაა ჩინური ზონები, რომლებიც 80-იან წლებში, დენ სიაო პინის საბაზრო რეფორმების პერიოდში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ, ქვეყნაში სოკოებივით გამრავლდა - მათ თავისი სპეციფიკა აქვთ და მეორენაირად „მყისიერ ქალაქებსაც“ (Instant Cities) უწოდებენ; ისინი სულ რაღაც 2-3 წელიწადში, უხარისხოდ, ნაჩქარევად შენდება, მაგრამ ეკონომიკურ სასწაულებს ახდენს. უპრეტენზიო, უსაზღვროდ მოტივირებული ჩინელები არ დაგიდევენ ცუდ საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს, შეუპოვრად შრომობენ და დაბალტექნოლოგიური მრეწველობის ლიდერები ხდებიან - მსოფლიოს პროდუქციის ლამის ორ მესამედს ქმიან.
რა უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილისთვის ესოდენ ძვირფასი „ლაზიკა“? ჩინური „მყისიერი ქალაქის“ კონცეფციის საქართველოში გადმოტანის მცდელობა, სადაც სოფლის გაღატაკებული მოსახელობა მცირე საწარმოებში დოვლათს შექმნიდა. (უნდა აღინიშნოს, მსგავსი სამრეწველო ზონები იდეალური იქნებოდა დღესდღეობით გეტოებში მცხოვრები ლტოლვილვილების ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად) მაგრამ არც ინვესტორი გამოჩნდა, არც ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა - ლაზიკა ქიმერად დარჩა.
თბილისის ზღვის ჩაინა-თაუნის პროექტი „მყისიერი ქალაქის“ გლამურული ვარიანტია: სწორედ ეს ზონა უმასპინძლებს ახალგაზრდული ოლიმპიადის 3800 სტუმარს და დიდებულ რეკლამას გაუკეთებს კომპანიას. ამიტომ, ყველაფერი ხარისხიანი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია თავად „ჰუალინგის“ მისწრაფება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა.
„ჰუალინგის“ ზონა თბილისის ზღვის დასავლეთ ნაპირზე, 420 ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე 2.5 კილომეტრია, იგივეა დასავლეთ-აღმოსავლეთის მანძილიც. საგულისხმოა - პროექტის კონტროლის დეტალურ გეგმაში, ზონის ჩრდილოეთით მდებარე ქედი „კიტაიამას“ სახელით არის მოხსენიებული. როგროც ჩანს, ჩინურ კაპიტალს ჩინური ტოპონიმებიც მოყვება.
პარკში სამი ზონაა: სავაჭრო-კომერციული, (აქ შედის საბაჟო-სასაწყობო მეურნეობა) საცხოვრებელი და სარეკრეაციო, რომელიც ზღვისპირა სასტუმროებსა და ვილებს მოიცავს. უმაღლესი სტანდარტის ურბანულ ცენტრში მიწის ნაკვეთი მაქსიმალურად დაიტვირთება, უძრავი ქონება კი კომერციულ ფასში გაიყიდება. ხელშეკრულების მიხედვით, ახალ დასახლებაში ბიზნეს-საქმიანობის, ცხოვრებისა და გართობისთვის საუკეთესო პირობები შეიქმნება. ქალაქში უნდა აშენდეს 5 დაწყებითი და ერთი საშუალო სკოლა, 6 საბავშვო ბაღი 18 კლასით, თითოეულში - 30 ბავშვი; სათემო მომსახურების ცენტრები - ანუ, ხანდაზმულთა თავშესაფარი, ინვალიდთა სახლი, უსაფრთხოების სადგურები... ერთი საავადმყოფო ორნახევარი ჰექტარი მიწის ფართით, შვიდი მედ-პუნქტი, პოლიკლინიკები, კულტურული საქმიანობის 2 ცენტრი, სპორტული მოედნები, მიწისქვეშა თავშესაფარი, ჩინური აფთიაქები და რესტორნები... მუნიციპალური სააგენტოები და პოლიციის განყოფილებები; ფოსტა, საკაბელო ტელევიზია, რადიო... ამას გარდა, ბანკები, პარკები, ავტოფარეხები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტერმინალები... ბევრი რომ არ ვისაუბროთ, პროექტი ცივილური ურბანული გარემოსთვის დამახასიათებელ ყველა ობიექტს ითვალისწინებს, 18 საზოგადოებრივი ტუალეტის ჩათვლით.
ჩინური ზონაში პრეფერენციული საგადასახადო პოლიტიკა იმოქმედებს. შეღავათები ასეთია: მშენებლობისთვის საჭირო იმპორტირებული საქონელი - სამშენებლო და დეკორატიული მასალები, მანქანა-დანადგარები, ოლიმპიური სოფლისა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსთვის განკუთვნილი ავეჯი და მოწყობილობები - არ იბეგრება არც იმპორტის, არც - დამატებითი ღირებულების გადასახადით. მოგების გადასახადის ნაცვლად, ზონაში მომუშავე საწარმოები ბრუნვის 3%-ს იხდიან. სალარო აპარატების განკარგვის უფლება ინვესტორს - როგორც ზონის ორგანიზატორს ენიჭება...
პრეფერენციები გამოიყენება მიწის ნაკვეთების, სავაჭრო ობიექტების, აპარტამენტების და ვილების გაყიდვა-გაქირავების, ასევე, განვითარების პროცესში.
საბაჟო-სასაწყობო მეურნეობაში შესაძლებელი იქნება საქონლის შეფუთვა, დაჭრა, მარტივი მეთოდით გადამუშავება, ხელახალი გაყინვა და დაფასოება.
ინვესტორს შეუძლია, რომ მერიის თანხმობის შემდეგ, საკუთარი უფლება-მოველეობები მესამე პირს გადასცეს.
როგორც ამბობენ, კორპორაცია „ჰუალინიგის“ საქართველოთი დაინტერესება ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის კავშირების წყალობით მოხდა - კომპანიის მესვეურები საქართველოში ჩამოვიდნენ და 2007 წელს ხელისუფლებისგან კონცესია შეიძინეს წლიურად 88 ათასი კუბური მეტრი ხე-ტყის დამუშავებაზე; 2011 წლიდან ამოქმედდა ურუმჩი-თბილისის პირდაპირი ავიარეისები, რამაც მიმოსვლა გააიოლა. 2012 წლის ივლისის დასაწყისში კომპანია ჯერ „ბაზისბანკის“ აქციების 90% - ის მფლობელი გახდა, რამდენიმე დღეში კი ეკონომიკის სამინისტროსთან სპეციალური ზონის განვითარების მემორანდუმს მოაწერა ხელი. ხელშეკრულების მხარეები არიან საქართველოს მთავრობა, რომელსაც ნიკა გილაური და გიგი უგულავა წარმოადგენენ და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული სამი ჩინური კომპანია: სააქციო საზოგადოებები - Hualing International Special Economic Zone, Ruilong Industrial Investment და Fund Investment - სამივე კომპანიას ჟანგ ძუნი წარმოადგენს. „ბაზისბანკის“ აქციებში კომპანიამ 100 მილიონი დოლარი გადაიხადა. ეკონომიკური ზონის განვითარებაში კი, არანაკლებ 150 მილიონი დოლარის ინვესტირება უნდა მოახდინოს
ინვესტიციის თემა საზოგადოებისთვის დღეს გახდა აქტუალური. რიტორიკა მეტისმეტად შემაშფოთებელია. „ელვისებური ქალაქის“ მოწინააღმდეგეთა ავანგარდში „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურა დგას, რომელიც პროექტს „საუკუნის ღალატს“ უწოდებს: მისი პროგნოზით, თბილისის ზღვის „ჩაინა თაუნში“ 126 ათასი ჩინელი ჩამოსახლდება, ყვითელკანიანები უკონტროლოდ გამრავლებიან და საქართველოს დემოგრაფიულ ბალანსს შეცვლიან; ურბანულ ანკლავში ჩინური მაფია შეიქმნება, რომელსაც ჩვენი პოლიცია ვერ გააკონტროლებს...
ბაღათურიას განცხადებები პოპულისტურია და მოკლებულია არგუმენტაციას; მაგრამ ჩაინათაუნის ურბანულ და ეკონომიკურ გავლენასთან დაკაშირებით, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები:
პროექტის თანახმად, ჩინური ქალაქი 126 ათას მაცხოვრებელზეა გათვლილი. ეს მეტია, ვიდრე რუსთავი (116 ათასი) , ბათუმი (124 ათასი); ზუგდიდი (69 ათასი), გორი (49 ათასი). ჩინური ქალაქის პროექტი სატრანსპორტო ხაზებს, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებს მხოლოდ საპროექტო ტერიტორიის ფარგლებში განიხილავს. დასახლების გარეთ კომუნიკაციების მოგვარება მუნიციპალიტეტის საქმეა, მაგრამ პროექტში ამის შესახებ საუბარი არ არის. საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს უშველებელი ქალაქი მიმდებარე ვარკეთილისა და ვაზისუნბის კომუნიკაციებზე? არსებული კანალიზაცია და სანიაღვრე ამ უბნების მომსახურებასაც არ ყოფნის: წყალი გრაფიკით მიეწოდებათ და ზედა სართულებამდე ვერ ადის. ახალ დასახლებას, პროექტის თანახმად, წლიურად 14 მილიონ 395 ათას 600 ტონა წყალი სჭირდება. რამდენად არსებობს საამისო რესურსი? არ არის გამორიცხული, რომ წყალმომარაგებასა და კანალიზაციაზე დამატებითმა (გაორმაგებულმა) დატვირთვამ ვარკეთილსა და ვაზისუბანში სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს და ისედაც მოუწყობელი რაიონები ტიპიურ გეტოებად აქციოს.
ცალკე პრობლემაა ტრანსპორტი: საცხოვრებელი ფუნქციის გარდა, როგორც აღვნიშნეთ, ქალაქში განვითარებული იქნება საცალო და საბითუმო ვაჭრობის, სამეწარმეო და კომერციული ობიექტები... ასევე - სარეკრეაციო ფუნქციები, რამაც დასახლება მიზიდვის ცენტრად უნდა აქციოს. პროექტში მოცემულია შიდა ტრანსპორტის გეგმა, მაგრამ როგორ მოხდება ჩინურ ქალაქთან დაკავშირება? აქ სამრეწველო ტერიტორიებიც არის დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, გადაადგილება მოუწევთ მძიმე სპეც-მანქანებს. რა მოხდება, როცა მეტრო ვარკეთილის სატრანსპორტო კვანძს სამჯერ მეტი მანქანა მიაწყდება? სატრანსპორტო კავშირი შესაძლებელია გლდანისა და მუხიანის გავლით, მაგრამ მგზავრების გაზრდილი რაოდენობა სატრანსპორტო პრობლემას აქაც წამოჭრის - ქუჩების გამტარუნარიანობამ, შესაძლოა, მოძრაობის ინტენსიურობა ვერ უზრუნველყოს.
ამას გარდა, ქალაქის გამწვანება მეტისმეტად მწირია და ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს - საკითხავია, როგორ უნდა განვითარდეს სარეკრეაციო ზონა?
საინტერესოა ახალშენის ეკონომიკური გავლენა თბილისის სამშენებლო აქტივობაზე: ჩინელ ინვესტორებს მშენებლობა საკმაოდ იაფი უჯდებათ, რაც მოგების მარჟას ზრდის.
უძრავი ქონების ფასს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: მიწის ნაკვეთის ღირებულება, სამშენებლო მასალისა და მუშახელის ფასი, გადასახადების რაოდენობა, სამუშაოების მასშტაბი და ა.შ.
ჩინელებმა 420 ჰა მიწა სიმბოლურ ფასად - 12 ათას ლარად იყიდეს. მათი კონგლომერატის ერთ-ერთი მიმართულება სამშენებლო მასალებით ვაჭრობაა. ამას დავუმატოთ 10 წლის განმავლობაში ყველანაირი გადასახადებისგან გათავისუფლება და უიაფესი მუშახელი. ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობაზე დასაქმებულთა 70% ქართველი უნდა იყოს; დანარჩენი - ჩინელი. დღესდღეობით ტერიტორიაზე მხოლოდ ჩინელი მუშები არიან. ქართველები არ ჩანან. არ არის გამორიცხული, ხარჯების გაიაფების მიზნით, სწორედ ჩინელები დაიქირავონ, რომლებსაც თვეში 50 დოლარზე მეტს არ უხდიან.
მშენებლობის მოცულობა ძალიან დიდია, ასათვისებელი სივრცის საერთო ფართობი - 7 მილიონ 64 ათას 300 კვადრატული მეტრი.
თბილისის სხვა უბნებში დასაქმებული სამშენებლო კომპანიები შიშობენ, რომ ჩაინა-თაუნთან კონკურენციას ვერ გაუძლებენ და გაკოტრდებიან;
საინტერესოა, რომელი ქართული კომპანიები არიან დასაქმებული ახალი ქალაქის მშენებლობაზე?
ჯერჯერობით არცერთის სახელი არ ვიცით. ცნობილია, რომ საქართველოში დაფუძნებული ჩინური კომპანიის კომერციული დირექტორი ზურაბ ადეიშვილის მეგობარი, მიხეილ ჩოგოვაძეა. იგი წარსულში იმერეთის რწმუნებული იყო, მაგრამ მსხვერპლით დასრულებული ქუთაისის მემორიალის აფეთქების შემდგომ, საჯარო პოლიტიკას ჩამოშორდა. სწორედ მას აქვს უფლება, დანიშნოს სამშენებლო კონტრაქტორები და მშენებლობის მართვის მრჩეველები. როგორც ამბობენ, სამშენებლო სამუშაოებს მერიასთან „აფილირებული“ კომპანიები შეასრულებენ. მაგრამ ეს სხვა წერილის თემაა და ამაზე აქ არ შევჩერდებით.
მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. გათხრილია საძირკველი. ღობეებზე მომავალი ქალაქის ბანერებია გაკრული.
გაურკვეველია, ვინ იცხოვრებს ამ ტერიტორიაზე. ბევრი ქართველი ეკონომიკურ ზონაში დიდ პერსპექტივებს ხედავს და იქ უძრავი ქონების, ან კომერციული ფართის შეძენას გეგმავს. ისინი, ვისაც მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები აქვთ, ქონების გაყიდვისგან თავს იკავებენ. ხელშეკრულების თანახმად, ჩაინა-თაუნში უმაღლესი კატეგორიის ბინები და ვილები აშენდება. სტანდარტული საცხოვრებელი ერთ საერთო ოთახსა და სამ საძინებელს მოიცავს. საერთო ფართი 70-80 კვადრატული მეტრია. სამი საძინებელი მინიმუმ ოთხკაციანი ოჯახისთვის არის განკუთვნილი. ბინების რაოდენობა - 59.230. გამოდის, რომ ქალაქი 236 920 კაცსაც დაიტევს, ანუ, საბინაო ფონდი მოსახლეობის ზრდაზეა გათვლილი.
მაგრამ რამდენად გადახდისუნარიანია ჩვენი მოსახლეობა? საეჭვოა, რომ მათი რაოდენობა 126 ათასს აღწევდეს. ვინ დასაქმდება ქალაქში და რა სახის ეკონომიკური საქმიანობა განხორციელდება იქ? არსებობს საფრთხე, რომ ქალაქის უდიდესი ნაწილის შევსება ჩინელი მოსახლეობით მოხდება - ასეთი კოლონიის შექმნა ხომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სტრატეგიის ნაწილია. რა სოციალურ და დემოგრაფიულ გავლენას იქონიებს ეს ფაქტი თბილისზე?
„მყისიერი ქალაქის“ მთავარი „სავაჭრო ნიშანი“ ოლიმპიური სოფელი უნდა გახდეს. ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობის საპატიო უფლება ჩვენ თურქეთთან მწვავე კონკურენციაში მოვიპოვეთ. ოლიმპიური კომიტეტის სტანდარტების შესაბამისად, სოფლის ინფრასტრუქტურა მინიმუმ სამვარკვლავიანი სასტუმროს ხარისხის შესაბამისი უნდა იყოს; მშენებლობა 2015 წლის 1 მარტამდე დასრულდება - პარალელურად, სარეკრეაციო ზოლში, ხუთვარსკვლავიანი, 200-ოთახიანი სატუმრო აშენდება.
ჩაინა-თაუნის გარშემო ატეხილმა ხმაურმა, შესაძლოა, მშენებლობის პროცესი შეაფერხოს; შედეგად, საფრთხის წინაშე დადგება ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის პერსპექტივაც, რაც ქვეყნის იმიჯზე საკმაოდ ცუდად იმოქმედებს. არანაკლებ საზიანოა პოლიტიკოსთა ხმამაღალი ქსენოფობიური განცხადებები ჩინელთა დესანტზე....
ახალი ქალაქები სხვადასხვა მიზნით შენდება. ჩაინა-თაუნი ლოჯისტიკური ცენტრი უნდა გახდეს. მემორანდუმი ძალაშია, მშენებლობის შეჩერება ქვეყანას ფინანსური ზარალის ფასად დაუჯდება და პოტენციურ ინვესტორებს დააფრთხობს, რომლებიც ისედაც არ იჩენენ ჩვენი ქვეყნით დაინტერესებას.