„ფარული ჩანაწერების ომი“ გრძელდება - პროკურატურამ „ტვ პირველის“ მიერ გამოაქვეყნებულ აუდიო ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო. ტელეკომპანიის მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.
„გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს გენერალური პროკურატურის განმარტებით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება „ტვ პირველის“ ან ჟურნალისტების საქმიანობას არ უკავშირდება.
გამოძიების ფარგლებში საუბარია ჩანაწერის უნებართვოდ ჩაწერა-მიყურადებაზე, მის უკანანო გამოყენებასა და გავრცელებაზე.
„კატეგორიულად და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გენერალურ პროკურატურაში საჯარო სივრცეში გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიება არ არის მიმართული რომელიმე ტელეკომპანიის ან ჟურნალისტის საქმიანობის მიმართ. აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, - აცხადებენ პროკურატურაში.
ჟურნალისტი ნოდარ მელაძე კი აცხადებს, რომ ისინი ჟურნალისტურ გამოძიებას გააგრძელებენ. მელაძე ამბობს, რომ ამ აუდიო ჩანაწერებით იკვეთება პირთა უფრო ფართო წრე, რომლებიც წარმოადგენდნენ სადამსჯელო რაზმებს, ვიდრე ეს ჩვენ ვიხილეთ და ჩანაწერები იძლევა ამ პირთა იდენტიფიცირების საშუალებას.
„მე მათ ადგილას არ ვიჩქარებდი კომენტარებს, იმიტომ რომ, ყველაფერი წინ არის. 4 დღე დასჭირდათ იმისთვის, რომ შეექმნათ ფსევდო სცენარი. გვინახავს ჩვენ ფარულ ჩანაწერებზე აღძრული საქმეები. ამ შემთხვევაში პროკურატურამ რა განცხადება გააკეთა? – მედიის დაშინება სცადა. 158-ე მუხლის მეორე ნაწილის განმარტებაში ჩვენ ვკითხულობთ კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, თუ ეს ეხება კომერციულ სუბიექტს“, მაგალითად ვიგულისხმოთ „ტვ პირველი“. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. ანუ შოთაძე შეიძლება წავიდეს იმაზე, რომ ტელევიზია გათიშოს“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.
სახელწმიფო დაცვის სამსახური უფროსი და გენერალი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ უკანონო ჩანაწერების გავრცელება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მისივე თქმით, აუდიო ჩანაწერი, რომელიც მაყურებელმა ერთ-ერთი ტელეარხის ეთერით, მოისმინა, მოდელირებულია.
როგორც ანზორ ჩუბინიძე იხსენებს, 2010-2011 წლებში, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადებდა, ხშირი იყო მუქარა მისი ოჯახის წევრების, უფრო კონკრეტულად კი ბერა ივანიშვილის მიმართ. მაშინ ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და მისი უშუალო ვალდებულება იყო ჩართულიყო საქმეში და შეემოწმებინა, საფრთხე რამდენად რეალური იყო.
„ქრონიკასთან“ ინტერვიუში ანზორ ჩუბინიძემ გაიხსენა კონკრეტული ფაქტი, როდესაც შეხვდა ერთ-ერთ ადამიანს, ვისაგანაც უშუალოდ მოდიოდა მუქარის შემცველი განცხადებები, თუმცა, როგორც ის ამბობს, ამ შეხვედრამ მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა.
„ეს იყო 2010 წლის ბოლო, 2011 წლის დასაწყისი. ეს არის პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ არ აქვს განცხადება გაკეთებული პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. ამ დროს მე ვარ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამ პერიოდში ბერას მიმართ გავრცელდა მუქარის შემცველი და სალანძღავი სიტყვებით დახუნძლული პროვოკაციული განცხადებები. რა თქმა უნდა, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო და, რა თქმა უნდა, მეც ჩავერთე. მოვახდინე იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი. მე შევეცადე და გავედი კონტაქტზე ერთ-ერთის მშობელთან. ჩემდა სასიხარულოდ, მშობელი აღმოჩნდა ადეკვატური, კარგად გაიგო ჩვენი შეშფოთების საფუძველი, ჩაერთო ძალიან პოზიტიურად და მედიატორის როლიც კი იკისრა ახალგაზრდებთან. იგივე მშობელი ჩვენ დაგვეხმარა და გაგვიყვანა კონტაქტზე თავისი შვილის მეგობართან, რომელიც ძირითადად ავრცელებდა ამ პოსტებს.
ის ცხოვრობდა მეზობელ კორპუსში, მშობელთან ერთად. როდესაც ჩვენ მასთან მივედით, აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა მარტო იყო სახლში და მისი შობლები არ იყვნენ იმ დროს. ჩემი თხოვნით, საუბრის პროცესში ჩაერთნენ მეზობლები. ჩემი განზრახვა იმაში მდგომარეობდა, რომ ახალგაზრდა კაცისთვის შემექმნა კეთილსაიმედო გარემო და მისი ნდობა მომეპოვებინა. ამან გაამართლა, საუბრის დასაწყისშივე მეზობლებთან და ზემოთ აღნიშნულ მშობელთან ერთად ადვილად შემოვიყვანე კონტაქტში. ჩემს მიმართ კარგად განეწყო. მე მას ჩემთვის სასურველი კითხვები დავუსვი და მივიღე პასუხები. დავრწმუნდი იმაში, რომ მის მიერ მანამდე გავრცელებულ მუქარას არ ექნებოდა მომავალში რაიმე ტიპის ქმედება და ფაქტობრივად, ამით დასრულდა საუბარი“, - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
მისივე თქმით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში იყო მცდელობა, რომ სიუჟეტი გადმოეტანათ 2010-2011 წლებიდან 2016-2017 წლებში და თვითონ და ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც უკვე მოქმედი ჩინოსანი და პრემიერ-მინისტრი, აბსურდულ ბრალდებაში დაედანაშაულებინათ.
„რეალობაში რა ხდება? ირაკლი ღარიბაშვილს, 2010-2011 წლებში, როდესაც ის „ქართუ ფონდის“ თავმჯდომარე იყო, ჩემს მიერ ხსენებულ შეხვედრებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. დღეს ანზორ ჩუბინიძეს ამაყად შეუძლია თქვას, რომ ბუნებაში არ არსებობს ახალგზარდა, გნებავთ ძველგაზრდა ადამიანი, რომელზეც მას რაიმე ზემოქმედება მოუხდენია“, - განაცხადა ანზორ ჩუბუნიძემ.
„ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი for.ge-სთან ამბობს, რომ კონკრეტული პოლიტკური ძალა ამ აუდიო ჩანაწერების მეშვეობით ცდილობს სურათი შექმნას თითქოს სახელმწიფო სტრუქტურები დარბიან და ბერა ივანიშვილის მიერ შედგენილი სიით ახალგაზრდებს უსწორდებიან. ვოლსკი ამბობს, რომ პირველ რიგში, ამ ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დადგინდეს, ასევე - როდის არის გაკეთებული ჩანაწერი და ვისთან გვაქვს საქმე. ეს არის კერძო პირების თუ ოფიციალური სტრუქტურების მიერ ჩადენილი დანაშაული.
„წინა ხელისუფლებას საკუთარი დანაშაულებების გადაფარვა უნდა. ხალხის ქუჩაში მოკვლა, წამება და ქონების წართმევა მათი ხელწერაა. მათ ეს დანაშაულებები არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ ქუჩაში მეტი ხალხი მიიზიდონ. ამიტომაც ქმნიან სურათს, თითქოს სახელწმიფო სტრუქტურები დარბიან და ბერას მიერ შედგენილი სიით ახალგაზრდებს უსწორდებიან. მოძებნეს ვიღაც ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მანქანაში იჯდა და გაიგონა უკან მსხდომები ბერას როგორ ესაუბრებოდნენ, ხოლო 11 წლის წინ მისი ხმა იცნო. ეს ხომ აბსურდი და ლოგიკას მოკლებული ამბავია“, - აცხადებს გია ვოლსკი for.ge-სთან.
მისივე თქმით, არასრულწლოვნის ფარული ჩაწერა კანონით აკრძალულია და არა აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანი ვინ არის. მაშინაც მათ დავალება ჰქონდათ, რომ ეგინებინათ იმ ოჯახის არასრულწლოვანი წარმომადგენელი, რომელიც პოლიტიკურად არ აწყობდათ და დღესაც მიღებული აქვთ იგივე დავალება. შემდეგ კი ცდილობენ, რომ თავი დაზარალებულად წარმოაჩინონ.
ვოლსკის თქმით, თუკი შეიქმნა წინაპირობა იმისთვის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არიან ჩართულები ადამიანების ჩაგვრაში, მაშინ ეს უნდა გაგრძელდეს ამ მიმართულებითაც, მაგრამ რაღაც რეალობა ხომ უნდა შეიქმნას, რომ ასეთს ადგილი ჰქონდა.
„სინამდვილეში ასე იყო, რომ არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს ინტენსიურად აგინებდნენ. მასზე ვირტუალურ სივრცეში შეტევა განხორციელდა. ახლა კი ეს ახალგაზრდები გამოდიან და ამბობენ, რომ დიახ, ვაგინეთ, დღესაც შევაგინებთ, მაგრამ დაზარალებულები და მსხვერპლები ისევ ჩვენ ვართო. ფაქტია, რომ არასრუწლოვანის მიყურადება და ჩაწერა უკანონოდ მოხდა, შემდეგ ამ მასალის დამონტაჟება მოახდინეს და პოლიტიკური მიზნების გამოყენებისთვის გაავრცელეს. ამ ყველაფერს რომ გამოიძიებენ, ამის შემდეგ კიდევ უფრო რელურ სურათს დავინახავთ“,-ამბობს ვოლსკი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ გამოძიების დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ მუხლს, რომლითაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ეს უწყების გადასაწყვეტია. ბოჟაძე ამბობს, რომ პირველ რიგში უნდა დადგინდეს, არის თუ არა ეს ავთენტური აუდიო ჩანაწერი, ვის მიერ არის ჩაწერილი და რა მიზნით. ხოლო თუკი დადგინდება, რომ ეს მასალა არ არის ავთენტური, ამ ფარული მიყურადების და უკანონო ჩანაწერის გამო კონკრეტული პირები უნდა დაისაჯონ.
„ჯერ ავთენტურობა გავარკვიოთ, მერე - დრო, როდის არის ეს ჩანაწერი გაკეთებული და ასევე დავადგინოთ ის პირები, ვინც ეს განახორციელა. თუ ეს ავთენტური აუდიო ჩანაწერი აღმოჩნდება, მაშინ გამოძიება ფიგურანტებზეც უნდა გადავიდეს და დაადგინოს რელურად რა ხდებოდა. თუ არ იქნება ავთენტური, ვინ ჩაწერა და რატომ, ეს უნდა გაირკვეს. 3 დღეა ვეძებთ ბერა ივანიშვილის მიერ დაზარალებულ ადამიანებს და ვერ ვპოულობთ. გამოჩნდა ის ადამიანი, რომელსაც ანზორ ჩუბინიძე რეალურად გაესაუბრა და ამას არც უარყოფს. ეს პიროვნება იძახის, რომ არავის დავუშინებივარ და თუ რამე გაინტერესებთ აქ ვარ და პასუხს გაგცემთო.
მაშინ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოსულიც არ იყო და მან ამის შესახებ განცხადება ოქტომბერში გააკეთა. „ნაციოანლური მოძრაობა“ რომ ყველას უსმენდა, ეს კარგად ვიცით და არახალია. ეს ხომ აბსურდია, რომ „ოცნება“ ბერას და ღარიბაშვილს უსმენდეს და მერე ეს ჩანაწერები მელაძესთან მიჰქონდეს?! რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, ყოველ შაბათს მის ტყუილებს და პასკვილებს საზოგადოება შეეჩვია და ასე ადვილად აღარ იჯერებენ. დემოკრატია ზუსტად ესაა, რომ მელაძისნაირ ჟურნალისტსაც საქმიანობის უფლება აქვთ და ამაში ხელს არავინ უშლის“,-აცხადებს ბოჟაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, რაც შეეხება მელაძის დაქადნებას, რომ პროკურატურამ განცახდების გაკეთება იჩქარა და სავარაუდოდ, მიანიშნა, რომ ჩანაწერები კიდევ აქვს, ამის არავის ეშინია. ბოჟაძე აცხადებს, რომ რამდენსაც „ტვ პირველი“ გამოაქვეყნებს, იმდენი გამოძიება დაიწყება, ოღონდ არა ტელევიზიის და ჟურნალისტების წინააღმდეგ, არამედ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც დანაშაული ჩაიდინა და ეს უკანონო ჩანაწერები გააკეთა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს არის უსინდისოდ დამონტაჟებული მასალა, რომლის გავრცელების დროც ზუსტად იყო შერჩეული. მისი თქმით, „ნაციოანლურმა მოძრაობამ“ მოლაპარაკების ჩასაშლელად, უკვე სხვა გზა რომ აღარ ჰქონდა, ეს ჩანაწერები გამოაქვეყნა. ამიტომაც თუ ტელევიზია პარტიულ ინტერესებს არ ემსახურება, მაშინ დაეცადა მოლაპარაკების დასრულებამდე და შემდეგ გამოეჩინა.
„ჩვენი მოქალაქეები დიდი ხანია შავ და თეთრს არჩევენ, იციან საიდან მოდის დეზინფორმაცია და ვინ იტყუება. ამიტომ ნაციონალების მცდელობა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, ქაოსი და რევოლუცია მოაწყონ, არ გამოვა. თუ ამდენი ხანი დაზარალებულები არ ჩანდნენ და დანაშაული, პირობითად რომ ვთქვათ, ჩადენილი უკვე იყო, მელაძეს ცოტა ხანი მოეცადა და მერე გაევრცელებინა, როცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება დასრულდებოდა. აქ მცდელობა იყო, რომ მოლაპარაკება ჩაშლილიყო და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები კიდევ უფრო კრიზისში შესულიყო. მელაძეს თუ აქვს რამე ჩანაწერები, გამოაქვეყნოს და გამოძიება მაგაზეც დაიწყება“,-აცახდებს ბოჟაძე for.ge-სთან.
მარტო საქართველოში დაამყარა ივანიშვილმა ისეთი სასწაული დემოკრატია, რომ ეს ტიპი, ჩამჩით ჭამის გამო, ჯერ ბოტასებს ყიდულობს და მერე,პირდაპირ ეთერში ამავე ბოტასებიდან ამოხტომას ახერხებს!
ტოჟე მნე Richard Quest!