ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მცდელობა, შეერიგებინა ხელისუფლება და ოპოზიცია უშედეგო აღმოჩნდა. მხარეები პოზიციებს არ თმობენ, პოლიტიკური კინკლაობის იქით კი ქვეყნის წინაშე არსებული გადაუჭრელი პრობლემები დღითი დღე მატულობს. ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ვერც ერთი საკვანძო საკითხის გადაჭრა, ქვეყანა ჩიხშია შესული, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.
დემურ გიორხელიძე: ევროსაბჭოს პირველი პირის ვიზიტი საქართველოში დამთავრდა ქართული პოლიტიკის კრახით. ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც არ აღმოაჩნდა ელემენტარული გონიერება. ხელისუფლება ვერ სცდება ჯინიანობას და მთელი პოლიტიკა დაიყვანა ბატონი მელიას და „ნაცმოძრაობის“ ფრაზეოლოგიამდე, თითქოს სხვა პრობლემა ქვეყანაში არ არის. პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ, კრიტიკულ სიტუაციაში მიუსხდნენ მაგიდას, რაც არის პოლიტიკის არსი. პოლიტიკა არის ავტორიტეტი. პრემიერ–მინისტრსაც და ყველას, ვინც აქამდე იყო, ეშლებათ ერთი რამ, ვერანაირ პოლიტიკურ ავტორიტეტს თანამდებობა ვერ შეგიქმნის. რადგან ის თანამდებობა შენი შრომით არ გაქვს მოპოვებული, ვიღაცამ მოგიყვანა და დაგსვა, აქედან გამომდინარე, არ გაქვს ავტორიტეტი. პოლიტიკაში მთავარია ავტორიტეტი და არა თანამდებობა. ავტორიტეტია ის, როდესაც შენს მოწინააღმდეგეს დასვამ მოლაპარაკების მაგიდასთან და აღწევ შეთანხმებას. კრიტიკულ სიტუაციაში, ქვეყანას რომ საფრთხე შეექმნას და ეს საფრთხე უკვე არის, რომელ ელჩს დაელაპარაკება ხელისუფლება? ეს არის კატასტროფა, ეს არის დიაგნოზი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საშიში მოვლენაა. პოლიტიკოსები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ პოლიტიკაში ყოფნაზე, ვერ ხვდებიან იმას, რომ კრიზისულ სიტუაციაში კომპრომისი უნდა შედგეს. კომპრომისი არ არის სისუსტე. ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი არ იქნება სისუსტე პირიქით, იქნება ძალა, მაგრამ „ოცნებაში“ რომ ვინმე წარმოადგენდეს პოლიტიკოსს და ჰქონდეს ძალა, ამდენი ხანი წავიდოდა მოლაპარაკებაზე, დანიშნავდა რიგგარეშე არჩევნებს, მოიგებდა და საერთოდ სხვა სიტუაციაში გადაიყვანდა ამ მდგომარეობას.
კომპრომისი ოპოზიციისთვის არის რიგგარეშე არჩევნები, რაც დიდი ექსპერტული შეფასებების გარეშეც ნათელია, რომ ხელისუფლებისთვის არც თუ სასიამოვნო შედეგით დამთავრდება. კარგად იციან, რომ თუნდაც უმნიშვნელო გადაცდომის შემთხვევაში, სიტუაცია უმართავი გახდება, ამით უკვე, საკუთარ ამომრჩეველსაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. სწორედ ამ დილემის წინაშე დგას ხელისუფლება, არჩევნების გარდა, რა არის კიდევ სხვა, ოპტიმალური გამოსავალი?
– ჩვენ თუ გვინდა სახელმწიფო, კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის გზებს უნდა მივაგნოთ. ახლა ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. თუ კომპრომისი არ მიიღწევა, ამ რეჟიმში ხელისუფლების ოთხი წელი ყოფნა ეს არის ილუზია. მართალია, ქართველ ხალხს დღეს ძალიან უჭირს, ძალიან დამცირებულია, ძალიან გააღარიბეს, შეურაცხყვეს, მაგრამ ის მაინც ქართველია და ყველა პარტიას შესაბამისად შეაფასებს. 2016 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა დიდი შეცდომა, როდესაც წაეპოტინა კონსტიტუციურ უმრავლესობას იმის ნაცვლად, რომ ნელ–ნელა მოემზადებინა გადასვლის მექანიზმი, გაეძლიერებინა პოლიტიკური სპექტრი, ამის ნაცვლად მიიღო სულელური, აბსოლუტურად უვარგისი კონსტიტუცია. ამის შემდეგ ისევ იქნა სულელური შეცდომები დაშვებული, და აი, ჩვენ მივედით ჩიხურ სიტუაციამდე. თუ გინდა ხელისუფლებაში ყოფნა, მაშინ გამოდი ამ სიტუაციიდან, ვერ გამოდიხარ? მაშინ ერთადერთი გზა რჩება, რომ ხალხმა აწონოს ყველა პარტია და ჩვენ მივალთ იქამდე, რომ მოხდება არა გადაცემა, არამედ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. ჩვენ ფაქტობრივად დავუბრუნდებით იმ მდგომარეობას, რომელიც დადგა 2003 წლის არჩევნების დროს, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო 21%, ხოლო მეორე ოპოზიციურმა პარტიამ 20,4% და ამის გარდა კიდევ იყო ოთხი პარტია. ჩვენ შეგვეძლო დაგვეწყო სხვა ცხოვრება, მაგრამ მივიღეთ პარაზიტული რევოლუცია, რომელმაც დაანგრია ქვეყანა. ახლა ვართ უკან დაბრუნებული, ვართ შევარდნაძის ეპოქაში, ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც საერთოდ ვერ ართმევენ თავს საკითხებს, ერთადერთი, რითაც ნიღბავენ თავის ყოფნას პოლიტიკაში, ეს არის დღედაღამ „ნაცმოძრაობაზე“ საუბარი და ამ დროს გაყიდულია რიონის ხეობა, არის კიდევ სხვა ბევრი პრობლემა და ეს ყველაფერი არის იმ მავნებლური ხელშეკრულების შედეგი, რომელიც უკვე გახდა ცნობილი. გონიერ ხელისუფლებას ასეთი ხელშეკრულება არ უნდა დაედო.
ერთი საკითხია რა უნდა ხელისუფლებას, მეორეა რა უნდა ოპოზიციას და სულ სხვა მხარეს არის ხალხის საჭიროებები და სურვილები. ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის უსუსურ მცდელობებს აქციებზე როგორმე გამოიყვანს ხალხის რაოდენობა, ვხედავთ ხელისუფლების ასევე უსუსურ მცდელობებს როგორმე გაიხანგრძლოვონ ხელისუფლებაში ყოფნა, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ხალხს აღარ უნდა ძველი და გაცვეთილი სახეების დაბრუნება პოლიტიკაში. მათ უკვე ნახეს იმ ადამიანების მმართველობა და იციან დღევანდელობაც, ხომ არ ფიქრობთ, რომ დროა კიდევ ერთი შუალედური, ე.წ. მესამე ძალა წამოვიდეს წინა ხაზზე?
– ცხადია, ეს მარაზმი რაც დღეს არის, შეიქმნა ხალხის ერთი ნაწილის მხარდაჭერით. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც არის ამ ადამიანების მხარდაჭერის იმედზე. მე უფრო დიდი წარმოდგენა მაქვს ქართველ ხალხზე, ვიდრე ამათ. საღი ძალა შეგნებულად არ შეიქმნება. როდესაც საზოგადოება არის გაყოფილი, ჩემი ბიძინა ჯობია შენს მიშას, როდესაც ამ დონეზეა პოლიტიკა დასული, როდესაც ქვეყნის ნგრევა მიმდინარეობს, აქ ადამიანებს არ სურთ რაიმე საღი ძალა. ამას დრო სჭირდება, მაგრამ ეს ძალა აუცილებლად შეიქმნება. ვფიქრობ, რომ დღეს ხელისუფლებაში ერთპიროვნულად ვერავინ ვერ მოვა, ამიტომ ხალხის უფრო მეტი ნდობაა საჭირო და არა შიშის ჩანერგვა, რომ შეიძლება „ნაცმოძრაობა“ ისევ იქნეს პარლამენტში არჩეული. რა, არ იქნება პარლამენტში? მის ნახევარ მილიონიან ამომრჩეველს სად წავიყვანთ? ამიტომ, ძალადობრივი გზით ქცევა, თითქოს საფრთხის გამო, იმისი თქმა, რომ მე უფრო უკეთესი ვარ ამათზე, ასე არ არის. ისინი ერთნაირები არიან, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ხალხს ერთი ძალა უფრო საზიზღრად მიაჩნია და მეორე ნაკლებ საზიზღარად. ეს კარგი არ არის, ეს ქვეყნისთვის კატასტროფაა. არ შეიძლება ცუდსა და უარეს შორის კეთდებოდეს არჩევანი. არჩევანი უნდა გაკეთდეს კარგსა და უფრო კარგს შორის, ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ, ამიტომ, კრიზისი საუკეთესო საშუალებაა. ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლება ამ პოზიციას, კიდევ უფრო უარესად გართულდება სიტუაცია და ჩვენ სახელმწიფოს შევუქმნით დიდ პრობლემებს.
ნამახვანჰესზე მინდა გკითხოთ, შეთანხმების ის პუნქტები, რაც უკვე გასაჯაროვდა, სრულად ამართლებს იმ ადამიანების გულისწყრომას, ვინც იქ დგას და ამას აპროტესტებენ. უნდა მიეცეს თუ არა სამართლებრივი შეფასება ამ ყველაფერს თუკი ეს მართლაც ასეა?
– ეს არის პოლიტიკა, ეს არ არის ენერგეტიკა. მე ძალიან კარგად ვიცი, რას ვამბობ. მე თვითონ ვარ ავტორი ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების კონცეფციის, რომელიც გავაკეთე ბრწყინვალე ენერგეტიკოსებთან ერთად. ზუსტად ვიცი, როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა. ვიღაცეები გამოვიდნენ და ამბობენ, რომ თითქოს ენერგეტიკით იღუპება ქვეყანა, ეს არის უპასუხისმგებლო ენერგეტიკოსების განცხადებები, რომლებიც ამ დანაშაულებრივი განცხადებებით ყველაფერ კლანურს უჭერენ მხარს. აქ არავითარ ენერგეტიკაზე არ არის საუბარი, აქ არის სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული. ასეთი ხელშეკრულება არ შეიძლება ოდნავ მაინც გონიერმა კი არა, თუნდაც სუსტმა ხელისუფლებამ დადოს. ეს არის დანაშაული, ამის ხელმომწერ ხელისუფლებას რომ ხალხი მხარს დაუჭერს, მაშინ ის უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ მალე გაყრიან ამ ქვეყნიდან და ქართველები თუ ასე გააგრძელებენ, აუცილებლად გადავლენ ეროვნულ უმცირესობაში. ჩვენ ვართ უკანასკნელ ზღვარზე. იმერეთი არის საოცარი მხარე, ეროვნული ბალანსის თვალსაზრისით ვამბობ, თორემ ყველა მხარე საოცარია. რა გააკეთეს იქ? - უნივერსიტეტი, ვითომ განათლების კერა შექმნეს და ამ დროს უცხოელები ჩამოყავთ, პაკისტანი, ინდოეთი და არაბული ქვეყნები. ხარაგაულის რაიონში ასობით ჩინელს დატოვებენ, აქ რიონის ხეობას მთლიანად თურქებს აძლევენ, მითხარით, ამას ხელისუფლება შეიძლება აკეთებდეს? ამიტომ, ამის მოთმენა და იმის თქმა, რომ თქვენც რაღაცას გადმოგიგდებთ და ისარგებლებთ, თუ ქართველები ამაზე წავლენ, ისინი სასტიკად დაისჯებიან. არის დანაშაული ჩადენილი, ეს ხალხი აუცილებლად უნდა გასამართლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს გავიდა, მაშინ ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ მოხდება ქვეყნის ფართომასშტაბიანი გაყიდვა.
პრემიერმა ღარიბაშვილმა დაავალა მინისტრებს ხალხთან კომუნიკაცია, თუმცა მოცემულობას ეს ვერ ცვლის, პარლამენტი ამ საკითხზე მოსმენებს გეგმავს, როგორ ფიქრობთ, ეს ხელისუფლების მორიგი პოლიტიკური ტრუკია, თუ რეალურად არ იყო პოლიტიკოსთა უმეტესობა საკითხის გარშემო ინფორმირებული?
– ეს ყველაფერი არის იმისთვის, როგორმე შეინიღბოს და ადამიანები დაარწმუნონ იმაში, რომ თურმე ერისთვის სასიკეთო საქმე კეთდება, თურმე ენერგეტიკა გაძლიერთდება და ასე შემდეგ. ეს არის საზიზღარი დემაგოგია და სხვა არაფერი.
?
უკაცრავად, მაგრამ შეგიძლიათ ასეთივე თავდაჯერებით განაცხადოთ, რომ მეორედაც თუ მოიგოს ხელისუფლებამ არჩევნები, მაშინ ვეღარ იტყვის ოპოზიცია, კიდევ ერთხელ გააყალბესო?!
რატომ ვერ იტყვის?
ლიმიტირებულია ამის თქმა, ნამუსი არ გაუშვებთ თუ სხვანაირ სცენარს მიიღებენ გარედან?!
ეჭვი არ მეპარება: რამდენჯერაც წააგებენ არჩევნებს, იმდენჯერ დაიმხობენ თავზე ქვეყანას - გ ა გ ვ ი ყ ა ლ ბ ე ს ო !!!
აბა, მათ გარდა, ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ ოპოზიცია უმრავლესობით მოვიდოდა პარლამენტში?! (პირიქით, ვისაც ვიცნობ, ყველა აღშფოთებულია: მაგათ თუ კიდევ ამდენი ხმა აიღეს და 60 დეპუტატი რეალურად გაიყვანეს, მართლა ამათი ცოცხების ღირსი ვყოფილვართო!).
მხოლოდ თვითონ ეგონათ, ხელისუფლება ისე ჩაფლავდებოდა, ფრაქციასაც ვერ შექმნიდა პარლამენტში!
ხომ ვიცით, რასაც ემყარებოდა ეს მოლოდინი? ფუჭ ამბიციებს: 5-კაციანი "პარტიების" წარმომადგენლებიც კი არ ელოდებოდნენ 20%-ზე ნაკლებს! და რომ ვერ მიიღეს, ნახევარპროცენტიანებმაც კი ფეხები გაფიჩხეს: არ შევალთ პარლამენტშიო!..
არასერიოზულია ეს ყველაფერი და იმის მოლოდინიც, რომ ორივე ძალა ("ცუდი და უარესი") გავუშვათ და არჩევანი გავაკეთოთ "კარგსა და უკეთესს" შორის! - ეს კეთილი სურვილია მხოლოდ: სად გეგულებათ დაუნჯებული ეს "კარგი და უკეთესი" (ასარჩევად) და მათგან რამდენსა აქვს შანსი, მოხვდეს პოლიტიკურ ფარვატერში?
P.S.
ნამახვანჰესთან დაკავშირებით კი აუცილებლად უნდა შედგეს ერთი ძალიან წარმომადგენლობითი თავყრილობა, (არა ღია ცის ქვეშ, არამედ დახურულ დარბაზში), სადაც შეიკრიბებიან მეცნიერები, დარგის სპეციალისტები, ეკოლოგები და მაღალი კვალიფიკაციის იურისტები, რომ ერთხელ და სამუდამოდ იქნეს გამოტანილი ვერდიქტი, რომლის აღსრულებაც სავალდებულო იქნება ყველა ხელისუფლებისათვის - დღევანდელისაც და მომავლისაც!
კი შეგვეცოდა ეს ბიჭი და ვხუმრობდით კიდეც, ალბათ გადაწყვიტა კარგ გზაზე დაეყენებია ეს გოგო...იქნებ, ღმერთმა უშველოსო.
მერე ჩვენც მიგვავიწყდა ეს ამბავი.
რამდენიმე წლის წინ, გვარი და სახელი მეცნო და ამიტომ დავინტერესდი ამბით...
მოკლედ, ამ ბიჭმა ალბათ ბევრი ეცადა, მაგრამ არაფერი გაუვიდა...
როცა საქმე ოფიციალურ გაყრამდე მივიდა, ცოლმა მთელ ქვეყანას ამცნო, ჩემი ქმარი ჩემი უმცროსი დის საყვარელია და უნდა გავეყაროო!
კაცი ჯერ გარეთ ვერ გამოდიოდა სირცხვილით,კარგი ოჯახის შვილი იყო... მერე, სულ გაქცეულა საქართველოდან.
ამით იმის თქმა მინდოდა რომა, ოპოზიციად რომ პარლამენტში დაისვეს... რას ელოდნენ რას?!
ყველა ერთნაირი უგნური როგორ იყო ?!
სააკაშვილს მავნებლობაში მასტერკლასების ჩატარება შეუძლია და ამათ ჯერ წერა-კითხვა ვერ უსწავლიათ სათანადოდ... და რა ეგონათ რა. ესენი უნდა გაესამართლებიათ ყველა,ვისაც საპასუხისმგებლო თანამდებობები ჰქონდათ, უნდა აეკრძალათ პარტია და დანარჩენს როგორმე მოახერხებდნენ.
დირექტორებს უნდოდათ ეს საბავშვო ბაღი და იმიტომ მაგრამ...
ცოტა ჭკუა და გონება თუ არ ჰქონდათ, რად უნდოდათ ამ ხელისუფლებაში რა
ეს ვირეშმაკოლოგიის მამამთავარი სააკაშვილი რომ ყველა ნაბიჯზე უგებს ამდენ დოყლაპიას ეგ არაფერი... ქვეყანა მიდის უკან! ესაა პრობლემა!
პ.ს.მაგ ნამახვან ჰესს კიდევ არ ააშენებიებენ და ძალიანაც კარგი!
ჯერ ხომ სვანებმა იხმალავეს... ახლა ლეჩხუმლები, რაჭველები და იმერლები ხმალაობენ...და დაჟე, წინა დღეს გურულების კარავიც დაიდგა რიონის ხეობაში. მთავრობა, რომელიც ხალხს მანამდე ვერ ესაუბრება არგუმენტირებულად, სანამ ხალხი ქუჩაში არ გამოვარდება, ვერ მართავს სახელმწიფოს ვერა!
შეიძლება, მართლა საჭირო და მომგებიანი იყოს ეგ ჰესი... მაგრამ ვინც ხალხთან საუბარს გაურბის, ვერც ხალხს დაარწმუნებს რამეში და ვერც საქმეს გააკეთებს!