„ჩვენ ვნახეთ უსუსური ადამიანები, რომლებიც სწორედ სანქციებზე არიან დამოკიდებულნი, მაგრამ მათ ამისგან რა ხეირი ექნებათ?!“

„ჩვენ ვნახეთ უსუსური ადამიანები, რომლებიც სწორედ სანქციებზე არიან დამოკიდებულნი, მაგრამ მათ ამისგან რა ხეირი ექნებათ?!“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნანატრი სანქციები, რომელზეც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია ოცნებობს, არ იქნება. ამის მიუხედავად, ოპოზიცია იმედოვნებს, რომ შტატები მალე ბიძინა ივანიშვილისთვისაც მოიცლის. მათი აზრით, უკრაინელი ოლიგარქის, იგორ კოლომოისკისთვის დაწესებული სანქციები სახელმწიფო დეპარტამენტის მინიშნება იყო, რომ სანქციების გამოყენება საჭიროებისამებრ გავრცელდება სხვა ქვეყნებზეც.

მას შემდეგ, რაც კორუფციულ გარიგებებში მხილებულ კოლომოისკის და მისი ოჯახის წევრებს აშშ-მა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, ოპოზიციური სპექტრი არ გამორიცხავს, სია კიდევ გაგრძელდეს. ამის ფიქრის საფუძველს მათ აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი ფაქტი.

„ნაცმოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილის თქმით, სანქციების შემოღება ოლიგარქებთან მიმართებით, ფაქტობრივად, აშშ-ის და, გარკვეულწილად, ევროპის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი გახდა. ამდენად, ივანიშვილმაც უნდა იცოდეს, რომ ეს საფრთხე რეალურია და სწორედ პერსონალური სანქციებია ყველაზე ეფექტური ბრძოლის საშუალება ოლიგარქების წინააღმდეგ.

„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუ მამუკა მდინარაძემ სანქციებთან დაკავშირებით ასეთი განცხადება გააკეთა, ეს არასწორია.

„ჯერ ერთი, არა მგონია, ვინმე სანქციებზე მართლაც ოცნებობდეს საქართველოში, რაც არ უნდა უარყოფითად იყოს განწყობილი ამ ხელისუფლების მიმართ, რადგან ეს დააზარალებს საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები იქნება პერსონალური. მე არ ვიცი, ეს იქნება ივანიშვილის, თუ სხვა ვინმეს წინააღმდეგ, მაგრამ ფაქტია, სანქცია არ დაწესდება ქვეყნის მიმართ. თუ დაწესდება, ეს იქნება პერსონის მიმართ, მაგრამ პერსონალური სანქციებიც უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის იმიჯზე. არა მგონია, ჩვენ მაინცდამაინც ის ტაქტიკა უნდა ავირჩიოთ, რომ გამოვცადოთ ჩვენი პარტნიორების მოთმინება, თუ რა დონეზე უნდა შეგვეშალოს ან რა დონეზე უნდა გადავცდეთ ზღვარს, რომ მათ სანქციები დაგვიწესონ“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე და განმარტავს, რომ ჩვენ იმას უნდა ვცდილობდეთ, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაცია მოვახდინოთ საქართველოს წინ წაწევისთვის.

კერძოდ, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველო აბსოლუტურად სხვა რაკურსით წარმოჩნდეს, ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მის ინტეგრაციაზე, ევროუსაფრთხოებაზე. ამის საწინააღმდეგოდ, დღეს სრულიად მსოფლიოს მედია, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი, ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის თანამდებობის პირი არ დარჩენილა, რომელიც შეშფოთებას არ გამოთქვამს საქართველოში არსებული კრიზისის გამო. ამიტომ ჩვენთვისვე სჯობს, ვიფიქროთ არა მათი მოთმინების გამოცდაზე, არამედ იმაზე, როგორ განვავითაროთ პოზიტიური დღის წესრიგი, რათა კრიზისი დროზე განიმუხტოს. ეს ყველას ინტერესში უნდა იყოს.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ რთულია იმის თქმა, რა მოხდება მომავალში და სანქციებს დააწესებენ თუ არა, მაგრამ ევროსაბჭოს პირველი პირის ჩამოსვლა საქართველოში როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის სრული მარცხი იყო. ამ ადამიანებმა აჩვენეს, რომ ისინი პოლიტიკოსები არ არიან, კრიზისულ სიტუაციაში არ შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა.

„ჩვენ ვნახეთ უსუსური ადამიანები, რომლებიც სწორედ სანქციებზე არიან დამოკიდებულნი, ერთი იძახის, დაუწესონ სანქციები ამ ხელისუფლებას, მეორე იძახის, დაუწესონ ივანიშვილს, მაგრამ რა ხეირი, თუკი ეს ხელისუფლება ასე დარჩება?! ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ოთხი წელი „ოცნება“ ასეთ მდგომარეობაში გაძლებს და ხელისუფლებას შეინარჩუნებს? ასე რომ, ორივე მხარე ძალიან ცუდად მოიქცა, სახელმწიფოს რომ გაუჭირდეს, ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც კრიზისულ სიტუაციაში ყველაფერს გვერდზე გადადებენ და სახელმწიფო ინტერესებით იმოქმედებენ. დღეს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია, ასეთ დროს ჩვენ ვხედავთ პოლიტიკაში იწილო-ბიწილო თამაშს, რომელსაც აზრი აღარ აქვს“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.