ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი კმაყოფილია იმ რეფორმებით, რაც მას თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პირისპირ შეხვედრისას გააცნო. აპატურაის თქმით, ეს რეფორმები ძალიან პროფესიონალურ დონეზეა ჩამოყალიბებული და სწორი მიმართულებით ვითარდება. თუმცა საქართველოში უნდა მოხდეს მხარეებს შორის შეთანხმება, რადგან კოჰაბიტაციის პროცესი რთულად მიმდინარეობს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, საქართველო-ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო, ასევე, ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობასა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს.
როგორც ირაკლი ალასანია აცხადებს, "ეს ვიზიტი კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს საქართველოს, რომ უახლოეს პერიოდში მრავალმხრივ ფორმატებში მეტი ინტეგრაცია მოხდეს ნატო-ს ქვეყნებთან".
ასევე, თავდაცვის მინისტრი შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრე ვერშბოუს. ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში კი, ირაკლი ალასანია ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენსა და ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალს, გენერალ ჯოზეფ დანფორდსაც შეხვდება.
მეტიც, ირაკლი ალასანია ნატოს ქართველი გამნაღმველების გამოცდილების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გამოყენებას სთავაზობს. ამის შესახებ მან ნატოს შტაბ-ბინაში, პროექტ "საქართველო III"-ის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ თავდაცვის სფეროში მომუშავე ვეტერანების ნაწილი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ახალმა მინისტრმა მათთვის მოიცალა, ძველი გამოცდილი კადრების დაბრუნება დაიწყო სამინისტროში დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციისა და პროტეზირების ცენტრი შეიქმნა, სამხედრო განათლებაზე კეთდება აქცენტი და სხვა, რეფორმის საწყის ეტაპზე უკვე ცალკეული ნაბიჯები გადადგმულია. თუმცა ექსპერტები თანხმდებიან, რომ შეიარაღებული ძალების მართვა იმდენად მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ რეფორმის მსვლელობისას კიდევ მრავალი რამ იქნება გამოსასწორებელი.
რას ნიშნავს აპატურაის განცხადება ქართული ჯარის რეფორმის მოწონებასთან დაკავშირებით, რა იყო აქამდე და როგორ ვითარდება ჩვენი სამხედრო პოტენციალი, ამის შესახებ სამხედრო ექსპერტებს ვესაუბრეთ.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ აქამდე ჯარისთვის მთავარი პრობლემა იყო ფინანსები, რომელიც ეფექტურად არ გამოიყენებოდა. ამ დროს კი შეგვეძლო, უფრო ღრმა და საფუძვლიანი რეფორმა გაგვეტარებინა. სამწუხაროდ, მხოლოდ კოსმეტიკური რეფორმებით შემოვიფარგლებოდით და ერთიანი სისტემაც არ აეწყო.
მისი თქმით, თავდაცვის სისტემა არ არის მხოლოდ თოფიანი ადამიანების კრებული, აქ საჭიროა ცალკეული მექანიზმების დახვეწა, რომელიც შვეიცარული საათივით მუშაობს. ომში იგებს მთლიანი სისტემა და არა ცალკეული ელემენტის სიძლიერე. მშვიდობიან დროსაც კი გვყავდა დაჭრილები, დაღუპულები, ხდებოდა "დედოვშჩინა" და ჯარისკაცის უფლებების შელახვა, რაც სისტემის დაუხვეწაობის ბრალი იყო. გაურკვეველი შესყიდვები, მონოპოლიური ბიზნესი ფინანსდებოდა თავდაცვის სამინისტროდან.
ამდენად, გიორგი თავდგირიძის განმარტებით, ალასანიას აქვს ნაბიჯები, რაც შეიძლება, დადებითად შევაფასოთ, მაგრამ შეიარაღებული ძალები არ არის საპიარო ელემენტი და მთავარია საქმე. კერძოდ, საჩქაროა ოფიცრების დაბრუნების საკითხი და ძველი კადრების მიერ ახლობლობით შერჩეული ოფიცრები უკან არ უნდა ბრუნდებოდნენ.
"კარგია, რომ ვეტერანების საკითხის შესახებ ალასანიამ განაცხადა და იმედი მაქვს, ვეტერანებს მიექცევათ ყურადღება, მაგრამ ორლარნახევრით არ უნდა მოემატოთ დახმარება ვეტერანებს. საჭიროა გადამწყვეტი ღონისძიებები, როცა ამხელა ბიუჯეტია შეიარაღებულ ძალებში. უახლოეს ხანში ომის საშიშროება არ იგრძნობა. ის, რომ ფინანსები მიმართული უნდა იყოს მხოლოდ ომის საჭიროებისთვის, ასეთი ვითარება არ არის. ახალი ხელისუფლების მოსვლამ, გარკვეულწილად, რუსეთთან კონფრონტაცია შეარბილა".
რაც შეეხება აპატურაისთან შეხვედრას, გიორგი თავდგირიძის აზრით, ეს ჩვეულებრივი მორიგი შეხვედრაა. ნატოში კი ან გვიღებენ, ან არ გვიღებენ. თუ გვიღებენ, მაშინ შეიძლება სამოქმედო გეგმა შედგეს, როდის და რანაირად გაცხადდეს ეს. აპატურაის იმიტომ მოსწონს ეს ყველაფერი - მინისტრის ხედვა, სტრატეგიული შეფასებითი დოკუმენტი, რომ ეს არის ევროპული ტრადიცია და ამით საზღვრავენ ისინი ქვეყნის თავდაცვის სფეროს რეფორმებს.
"სასიამოვნო მოსასმენია, როცა ნატო გაქებს, თუმცა საქმე არის შედეგი. უამრავ აღფრთოვანებას გამოხატავს აპატურაი, მაგრამ მთავარი სათქმელი მან თქვა - კოჰაბიტაცია. ნატოში გაწევრიანება ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუ შევქმნით ეიფორიას, რადგან დღეს აპატურაიმ გაგვიღიმა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი წყდება ადგილზე. სიმართლე გითხრათ, შეიარაღებულ ძალებში ის პირობლემები აღარ გვაქვს, რაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო. ეს კარგია, რომ აღარ მოეწყობა ამბოხის იმიტაცია, ვიღაცას არ დაიჭერენ, აგენტობის და მზვერავობის ბრალდებით, მაგრამ ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ განიხილავს შეიარაღებულ ძალებს, როგორც მის დამცავს, რადგან ეს ნდობა არ არის", - აცხადებს ექსპერტი.
მისივე აზრით, მინისტრ ალასანიას ხედვა კარგია, პრიორიტეტები სწორადაა განსაზღვრული, სამხედრო განათლებაზე იქნება აქცენტი გაკეთებული, შესყიდვები გამჭვირვალე იქნება, მაგრამ ეს უნდა იყოს სამუშაო დოკუმენტი. უფრო მეტიც, შესყიდვები რაც არ უნდა გამჭვირვალე იყოს, თუ კვლავ ისეთი სტრუქტურული მოწყობა და ისეთივე ნორმატიული აქტებია, შესყიდვები კვლავ პრობლემური იქნება. შეიძლება, ალასანია პატიოსანი ადამიანია და არ იკადრებს შესყიდვებში ჩარევას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ამ სისტემის კარგად მუშაობას.
"თუ რეფორმა თავდაცვის მინისტრის ან შეიარაღებული ძალების ოფიცრების კისერზე დავკიდეთ, კვლავ ნაკლული რეფორმა გვექნება და მოგვიწევს ალასანიას კრიტიკა. ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა აკისრია ირაკლი ალასანიას - შეიარაღებული ძალების მართვა და მოდით, ნუ ავკიდებთ ამ კაცს ამაზე პასუხისმგებლობას. რეფორმა ალიანსმა იტვირთოს და ცალკე კომისია შექმნას".
ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ნატოს უამრავი პროგრამა აქვს, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების რესოციალიზაციისა და დასაქმების კუთხით, თუმცა საქართველოს მთავარი მიღწევა ის არის, რომ მივაღწიეთ თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან. თუნდაც სამშვიდობო ოპერაციების კუთხით, ჩვენი სამხედროები საკმაოდ ცხელ წერტილებში მონაწილეობენ და მძიმე მისიებს ასრულებენ, ვიდრე თვითონ ნატოს ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
"თუმცა, რომ ვთქვათ, თავდაცვის მიმართულებით კარდინალური ცვლილებები მოხდა, ჯერჯერობით, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ახლა მზადდება კონცეფტუალური და სამართლებრივი დოკუმენტები. სამწუხაროდ, აგვისტოს ომმა აჩვენა ყველა ხარვეზი, რაც შეიარაღებული ძალების მიმართულებას ჰქონდა", - განმარტავს მაისაია.
მისი მოსაზრებით, ირაკლი ალასანიას რეფორმაში მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა, რომ ნატოსა და საქართველოს შორის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულება რჩება უცვლელი. ეს იყო პოლიტიკური მესიჯი.
რაც შეეხება აპატურაის, ვახტანგ მაისაიას თქმით, იგი არის პოლიტიკური პიროვნება, რომელიც აჟღერებს იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც ნატოს გააჩნია. მან გაიმეორა ის, რასაც მისი წინამორბედი ხელმძღვანელობა ავითარებდა. პოლიტიკურად კიდევ მოხდა ხაზგასმა, რომ საქართველოს ინტეგრაციის კურსი მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობისთვის.
ექსპერტის აზრით, რეფორმები ჯერ კიდევ გასატარებელია, საქართველოს სტრატეგიული დაზვერვის სტრუქტურა ჩამოსაყალიბებელია და ეს იგივეა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ ჰქონდეს თვალები. თუმცა ახლა დაიწყო კურსის აწყობა და ეს უახლოესი მომავლის საქმეა.
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი აცხადებს, რომ აპატურაის განცხადებები ნიშნავს იმას, რასაც ის ამბობს, რომ მას მოსწონს ალასანიას ხედვა და მის პერიოდში გატარებული რეფორმები. უფრო მეტიც, სრულიად ნათელია, რომ ის დადებითად აფასებს, რასაც აკეთებს ალასანია და ეს კიდევ ერთი საბუთია, რომ, რბილად რომ ვთქვათ, სიტუაცია ახლოსაც არ არის იმასთან, რასაც ნაცმოძრაობის მესვეურები ქადაგებენ და მცდარ ინფორმაციას აწვდიან მათ.
ზაზა ფირალიშვილის თქმით, ნაცმოძრაობამ ზედმეტად მაღალ ნოტებზე დაიწყო პოლიტიკური პროპაგანდის სტრატეგია, ზედმეტად ადრე ჩაიყენა საკუთარი თავი წინაასაარჩევნო რეჟიმში და ამით თავისდაუნებურად წყვეტს იმ არგუმენტს, რომელიც შეიძლებოდა, რაღაც კონტექსტით მაინც გამოეყენებინათ ოდესმე. ამდენად, ისინი თვითონვე მარხავენ საკუთარ არგუმენტებს, რაც მათთვის დრამატულია.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ფილოსოფოსის თქმით, დიდი იმედი ჰქონდა ნაცმოძრაობას, რომ "ქართულ ოცნებაში" განხეთქილება მოხდებოდა და საიფორმაციო შტურმით ბიძინა ივანიშვილისგან ალასანიას იზოლირებას შეძლებდნენ. თუმცა ერთი რამ ცხადია, რაც ჩვენს ქვეყანაში ესმის ყველას და არ ესმის მხოლოდ ნაცმოძრაობის მესვეურებს - სანამ არსებობს სააკაშვილის და მისი უშუალო გარემოცვის ფაქტორი, რომელთაც არაადამიანური რეჟიმის შექმნა მიეწერებათ ამ ცხრა წლის განმავლობაში, მანამ რიგითი ადამიანი ბევრ რამეზე დახუჭავს თვალს და მანამდე უზრუნველყოფილია "ქართული ოცნების" მთლიანობა. საინტერესოა, რომ მაღალი ეშელონებისგან განსხვავებით, ამას უკვე აცნობიერებენ ნაცმოძრაობის მეორე და მესამე ეშელონები.