ქართველ პოლიტვეტერანთა განცხადება - გავერთიანდეთ ადგილობრივ არჩევნებში სათემო უფლებათა დასაცავად!

ქართველ პოლიტვეტერანთა განცხადება - გავერთიანდეთ ადგილობრივ არჩევნებში სათემო უფლებათა დასაცავად!

მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რაც პარლამენტის საბოტაჟით გამოიხატება, ქვეყნის პარტიულ-პოლიტიკური სისტემის სავალალო მდგომარეობის შედეგია: როგორც აშკარად ვხედავთ, პოლიტიკური პარტიების დიდ ნაწილს ამომრჩეველთა რეპრეზენტაციის ნაცვლად საკუთარ მიზნად ვიწრო-პარტიული, პატრონ-კლიენტელური ურთიერთობებით ნასაზრდოები ინტერესებისთვის „უკომპრომისო“ ბრძოლა მიაჩნია.

ასეთ, უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში პარტიები ვერ ახერხებენ ვერც პატიოსან, ჯანსაღ კონკურენციასა და რაც კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ხალხის სასიკეთოდ, არათუ პარტნიორობასა და თანამშრომლობას, არამედ ქვეყნის პოლიტიკური მდგრადობისთვის საერთო ნიადაგის ელემენტარული პირობების შექმნას. ამ ვითარებაში კი საარჩევნო სისტემის მოწყობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად, ხოლო მისი მოგვარება ლამის პანაცეად განიხილება. ერთი მხრივ ესეც მისასალმებელია, რომ პარტიათა რაღაც ნაწილი მაინც ცდილობს თუნდაც მხოლოდ ამ საკითხზე გარკვეული საერთო ენის გამონახვასა და მათი თვალთახედვით უფრო მისაღები, სამართლიანი საარჩევნო სისტემისათვის ერთობლივად მუშაობას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მუშაობის შედეგი - ადგილობრივი არჩევნებისათვის განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი, ვერ ასახავს მთავარს: ვერც ადგილობრივ საზოგადოებათა და საბოლოო ჯამში, ვერც ქართველი ხალხის მოლოდინებსა თუ ინტერესებს.

უარესიც: სწორედაც ამ მოლოდინებისა და ინტერესების საპირისპიროა ადგილობრივი საარჩევნო სისტემის თაობაზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიათა ნაწილს შორის მიღწეული თანხმობა მუნიციპალურ საკრებულოებში პარტიულ-პროპორციული წარმომადგენლობითობის კიდევ უფრო გაზრდის თაობაზე. საქმე იმაშია, რომ პარტიულ-პროპორციული წარმომადგენლობა ორჯერ და მეტად იზრდება საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული წევრების ფაქტობრივად ამდენჯერვე შემცირების ხარჯზე, რაც ადგილობრივი საზოგადოებების, უწინარესად - მცირე და საშუალო სასოფლო თემების, კიდევ უფრო მეტად დაკნინების ტოლფასია.

ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძველი და უმთავრესი სუბიექტია ადგილობრივი თანასაზოგადოება (community), თემი. ამიტომ, თვითმმართველობის არა თუ განვითარებაზე, არამედ არსებობაზეც კი საუბარი ფუჭია, თუ იგნორირებულია თემის უფლებები. თემი, როგორც მოსახლეობის ტერიტორიული ერთობა აყალიბებს იმ საერთო საჯარო ინტერესებს, რომელთა გათვალისწინებით ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობა. სწორედ თემების, დასახლებების ინტერესებია თვითმმართველობის განხორციელების განმსაზღვრელი. მათ გარეშე თვითმმართველობას ეცლება საფუძველი და რჩება მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებათა აღმსრულებელ ორგანოდ.

2005-2006 წ.წ. - თვითმმართველი ერთეულების გამსხვილება, რაც ნაკარნახევი იყო უწინარესად - უფლებამოსილებებისა და რესურსების რელური თანაბარზომადობის, ანუ - მუნიციპალური თვითმმართველობის „თვითკმარობის“ მიღწევის აუცილებლობით, მოხდა ადგილობრივი თემის, როგორც თვითმმართველობისათვის ყველაზე არსებითი სუბიექტის უკიდურესი დაკნინების ხარჯზე. ნაცვლად იმისა, რომ მუნიციპალურ თანასაზოგადოებაში, რომელიც ბუნებრივად ადგილობრივი თემებისგან შედგება, გარანტირებული ყოფილიყო მუნიციპალურ თვითმმართველობაში თემის მონაწილეობითი, მათ შორის - უშუალო უფლებებიც, რასაც თემი თავადვე, პირდაპირი დემოკრატიის სხვადასხვა ფორმებით განახორციელებდა.

2005-2006 წლის რეფორმით თემი შენარჩუნდა მხოლოდ პირობითად, როგორც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც მართალია, ჰყავდა საკრებულოში მაჟორიტარული წესით არჩეული წევრი, მაგრამ უშუალოდ სათემო ადმინისტრაცია იყო სრულიად უუფლებო და იქმნებოდა მუნიციპალიტეტის მიერ თემის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე.

2014 წლის რეფორმით - თემი, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, კიდევ უფრო დასუსტდა, ვინაიდან - მას საკუთარი, თუნდაც მუნიციპალიტეტისგან დანიშნული ადმინისტრაცია, პრაქტიკულად აღარ ჰყავს; ერთადერთი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რასაც თემი აქამდე ინარჩუნებდა - მუნიციპალურ საკრებულოში თავისი მაჟორიტარულად არჩეული წევრის ყოლის უფლება იყო და ახლა, პარტიების მიერ მიღწეული ამ შეთანხმებით, თემების დიდი უმრავლესობა, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო თემები, ამ მიზერულ უფლებასაც კი კარგავენ!

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული დასახლების საერთო კრება და რჩეული, როგორც უშუალო, პირდაპირი დემოკრატიის ფორმა, პრაქტიკულად - შინაარსისგან დაცლილია, ვინაიდან დასახლების თემი, როგორც სამართალსუბიექტი არც არსებობს და ცხადია, მას რაიმე უშუალო უფლება საერთოდაც არ გააჩნია. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი უუფლებო საერთო კრება, რომლის ერთადერთი რეალური ფუნქციაა მუნიციპალურ ორგანოებში „წინადადებების წარდგენა“, რაც ისედაც ადმინისტრაციული სამართლით საყოველთაოდ გარანტირებული უფლებაა თითოეული პირისთვის და მის რეალიზაციას რთული პროცედურებით რაიმე საერთო კრების მოწვევა არაფერში სჭირდება, „ურმის მეხუთე თვალის“ გარდა არავითარ სხვა დანიშნულებას არ ასრულებს და იმთავითვე მკვდრადშობილი, ფსევდო-დემოკრატიული ინიციატივაა.

ის სუსტი კავშირი, ერთგვარი წვრილი ძაფი, რაც თემს, როგორც იდენტობის მქონე გარკვეულ სუბიექტს აკავშირებდა მუნიციპალურ თვითმმართველობასთან, აუცილებლად გაწყდება, თუკი იგი დაკარგავს უკანასკნელ სათემო უფლებას - იყოლიოს უშუალოდ თავისი წარმომადგენელი საკრებულოში. მუნიციპალური საკრებულო თემისგან კიდევ უფრო გაუცხოვდება და ბუნებრივია, ამითი ვერც პარტიები იხეირებენ: ადგილობრივ თემთან, თუკი მათ ამ თემში მაჟორიტარ კანდიდატად წარსადგენი პერსონა აღარ დასჭირდებათ, აღარც ასეთი, გარკვეული „სოციალური კაპიტალის“ მქონე, ავტორიტეტული პიროვნებების პარტიაში მიზიდვასა თუ რეკრუტირებაზე არ იზრუნებენ; ხოლო ისედაც ანტი-პარტიული განწყობები, პარტიებთან დაკავშირებული უკიდურესი სკეპტიციზმი, რასაც, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ - დღევანდელი მძაფრი პოლიტიკური კრიზისით უხვად იკვებება, კიდევ უფრო გაძლიერდება! გარდა ამისა, არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის შეტანა, მისი ხელოვნურად ექსპანსია ადგილობრივ, სათემო დონეებზეც, პარტიულ-პოლიტიკური განხეთქილებების დათესვა თუ გავრცელება ადგილობრივ თემებში, არა მხოლოდ დაამძიმებს, არამედ, საერთოდ გამოუვალს გახდის ისედაც უმძიმეს ვითარებას, როცა კრიტიკულად გვიჭირს საერთო ნიადაგის, საერთო ენის გამონახვა!

პარტიებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათი განვითარების და მეტიც: საერთოდ გადარჩენის უმთავრესი წინაპირობა ხალხის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი სწორედაც - ადგილობრივი თემის რეპრეზენტაციაა პოლიტიკურ პროცესში, ხოლო ეს თემთან უშუალო, პირდაპირი და მყარი კავშირის გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია.

დასახლების და თემის უფლებათა იგნორირების შედეგია ის, რომ ყოვეწლიურად იზრდება დაცლილ დასახლებათა ნუსხა, ვერ ყალიბდება თანასაზოგადოება, რაც არა მხოლოდ თვითმმართველობის, არამედ სახელმწიფოს საფუძველიცაა. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში თემის წარმომადგენლის ინსტიტუტის მოშლით სოფლების დაცლის პროცესი გახდება შეუქცევადი და ამით ჩვენ არა მხოლოდ სოფლებს, არამედ ქვეყანასაც დავკარგავთ. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ სათემო უფლებების დასაცავად მხოლოდ თემის საკრებულოში წარმომადგენლობა საკმარისი ვერ იქნება. აუცილებელია, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსმა გაითვალისწინოს იმ ქვეყნების, სადაც თვითმმართველობის გამსხვილება ასევე მოხდა (მაგალითად, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ლიეტუვას, რომელიც ევროკავშირის წევრიცაა), ის პოზიტიური გამოცდილება, რაც დაკავშირებულია მუნიციპალურ თანასაზოგადოებაში ადგილობრივი თემების მონაწილეობით და უშუალო უფლებებთან: მათ შორის - ადგილობრივი ადმინისტრაციის ფორმირებისას თემის განსაკუთრებული უფლებები, აგრეთვე ის უშუალო უფლებები, რაც დაკავშირებულია თემის მიერ პირდაპირი დემოკრატიის ფორმებით გადაწყვეტილებების მიღებასთან ისეთ სათემო მნიშვნელობის საკითხებზე, როგორებიცაა თემის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მისი განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამები; ასევე, სუბსიდიარობის პრინციპის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებების მიღება ყველა იმ სათემო საკითხზე, რისი განხორციელებაც თემს ძალუძს, იქნება ეს მაგ. - ტერიტორიის გამწვანება-კეთილმოწყობა, დასუფთავება, თუნდაც - სოციალური დახმარებების უფრო სამართლიანად განაწილება და ა.შ. აქვე ხაზგასასმელია - მიწათსარგებლობისას სათემო უფლებების აღდგენა და კანონმდებლობით მყარი გარანტირება: თემის განვითარებისთვის, მეტიც - მის გადასარჩენად აუცილებელი იქნება, რომ მუნიციპალური საკუთრების მიწა თემის ტერიტორიაზე სწორედ თემს გადაეცეს მუდმივი, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით და ამით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დაბრუნდეს ლენინის დეკრეტით შეწყვეტილი მიწათმფლობელობისა თუ მიწათსარგებლობის ის სამართლებრივი ტრადიცია, როცა მიწის საკუთრება კერძო და სათემო იყო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართველი პოლიტვეტერანები თავს უფლებას ვაძლევთ განვაცხადოთ:

  1. ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოუდგენელია მუნიციპალურ თანასაზოგადოებაში ადგილობრივი თემის, განსაკუთრებით - სასოფლო თემების, მონაწილეობითი და უშუალო უფლების მყარად გარანტირების გარეშე;
  2. კატეგორიულად დაუშვებელია მუნიციპალური საკრებულოს არჩევნებისას პარტიულ-პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდა საკრებულოში უშუალოდ თემიდან ასარჩევი წევრების შემცირების ხარჯზე, რაც სათემო უფლებათა მორიგი ხელყოფაა;
  3. პარტიულ-პოლიტიკური სისტემის უმწვავესი კრიზისიდან გამოსაყვანად პარტიათა კონსენსუსი უნდა ემყარებოდეს მოსახლეობისა და ამ შემთხვევაში - ადგილობრივი საზოგადოებების - თემების უკეთეს რეპრეზენტაციას. ხოლო ეს კიდევ უფრო ნაკლებ მოსალოდნელია, თუკი პარტიებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო თემებში, აღარ ექნებათ საჭიროება შეარჩიონ თემისთვის ავტორიტეტული, გარკვეული „სოციალური კაპიტალის“ მქონე პერსონები და მათ ნაცვლად მოსახლეობისთვის დიდ წილად ანონიმური პარტიული სიებით, რაც როგორც წესი პატრონ-კლიენტელური პრინციპებით დგება, მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას;

4.აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის არსებითი გაძლიერება, რაც უწინარესად კანონმდებლობით მუნიციპალური თვითმმართველობის განხორციელებისას თემის მონაწილეობითი და უშუალო უფლებების მყარი გარანტიების შექმნას გულისხმობს; ამ მიზნით პირველ რიგში აუცილებელია:

ა) მუნიციპალურ საკრებულოში თემის წარმომადგენლობითობის შენარჩუნება;

ბ) თემის, როგორც მოსახლეობის ტერიტორიული ერთობის უფლების აღიარება. კანონმდებლობით გარანტირებული უნდა იქნას თემის უფლებები სუბსიდიარობის პრინციპის გათვალისწინებით, განაგოს სათემო მნიშვნელობის ისეთი საკითხები, როგორიცაა დასახლების, თემის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა, თემის განვითარებასთან დაკავშირებულ მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელება, გადაწყვეტილებების მიღება ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა ტერიტორიის გამწვანება-კეთილმოწყობა, სანიტარია და დასუფთავება, თუნდაც სოციალური დახმარებების უფრო სამართლიანი განაწილება თემში და სხვ.

გ) აუცილებელია სათემო მიწათსარგებლობის კანონმდებლობით გარანტირება. მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის თემისთვის მუდმივ და უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას - ყველაფერი იღონოს ადგილობრივი თვითმმართველობის გასაძლიერებლად და უფრო თამამად გადადგას დეცენტრალიზაციის მიმართულებით საჭირო ნაბიჯები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს სათემო უფლებებს და არ დაუშვას მათი შეზღუდვა თუნდაც უფრო „სამართლიანი“ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების მოტივით.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს - მეტად იზრუნონ ხალხისა და ადგილობრივი თემების რეპრეზენტაციისთვის როგორც ეროვნულ, ასევე მუნიციპალურ პოლიტიკაში, რაც პოლიტიკური კრიზისის დაძლევის, საერთო ნიადაგისა და საერთო ენის გამონახვის ყველაზე მტკიცე წინაპირობაა.

მოგიწოდებთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - გავერთიანდეთ და ადგილობრივი არჩევნები გამოვიყენოთ თვითმმართველობის გაძლიერების, უპირველს ყოვლისა - სათემო უფლებათა დასაცავად!

ქართველი პოლიტვეტერანები

გურამ სანადირაძე

პაატა ჩხეიძე

ზურაბ მარშანია

დავით მარღანია

გოგიტა ქერქაძე

სანდრო სვანიშვილი

დავით ზარდიაშვილი

ნოდარ ლაბარტყავა

მალხაზ გულაშვილი

გია იკობაშვილი

 

 

Maverick უღრმესი მადლობა პოლიტვეტერანებს დროული განცხადებისთვის!

ასევე "უღრმესი მადლობა" საქართველოს უმაღლეს კონსდტუტუციონისტს, ბატონ კობახიძეს "საყოველთაო," "სახალხო" "განხილვით" მიღებული კონსტუტუციით, რომლის ძალითაც მოვიღეთ ის რაც დღეს გვაქვს!

ქართულ ოცნების პოლიტ საძმოს, დროულად შეცვალეთ კობახიძის კონსტუტუცია თავისი დამატება, ჩასწორება-შესწორებებიანად თორემ დარჩენით ნაცბოზბანდის ამომრჩეველების პირისპირ და მერე კენჭისყრა კი არა, ლოდების ცვენა ვერ გიშველით!!!
3 წლის უკან