კულტურის სამინისტრომ ზარზმა-აწყურის ხატებზე მუზეუმისგან დოკუმენტაცია გამოითხოვა

კულტურის სამინისტრომ ზარზმა-აწყურის ხატებზე მუზეუმისგან დოკუმენტაცია გამოითხოვა

კულტურის სამინისტროში for.ge-ს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პირველი ეტაპი იმით დასრულდა, რომ სამინისტრომ ეროვნული მუზეუმისგან ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციის ოფიციალურად გამოთხოვის გადაწყვეტილება მიიღო. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ხელმეორედ შევიკრიბებით და მოხდება იმ დოკუმენტაციის განხილვა, რომელსაც ეროვნული მუზეუმი კულტურის  სამინისტროს წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ for.ge-ს ადმინისტრაციული საჩივარი ეხება ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების შესახებ, 2012 წლის 7 აგვისტოს, ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის თანამშრომლების მიერ დაწერილ დასკვნას, რომელსაც for.ge  ეროვნული მუზეუმისგან 2012 წლის 24 აგვისტოდან დღემდე ითხოვს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ეროვნული მუზეუმი ურთიერთგამომრიცხავ წერილობით პასუხს იძლეოდა. კულტურის სამინისტროში გამართულ პროცესზე for.ge-მ ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლისგან კიდევ ერთი, ახალი ვერსია მოისმინა. კერძოდ, ჩვენს მიერ გამოთხოვილი დოკუმენტი, თურმე, რეესტრში გაატარებული არ ყოფილა. ამიტომ, ისე მოუკითხიათ, მაგრამ ვერ უპოვიათ.

ახლა ეროვნულმა მუზეუმმა უნდა მოიძიოს და კულტურის სამინისტროს წარუდგინოს, როგორც რეესტრში გატარებული, ისე რეესტრში გაუტარებული დოკუმენტაცია, ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების შესახებ.

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას კულტურის სამინისტროსგან ესწრებოდნენ: იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი თემურ ჩიხრაძე; სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ეკა ქარდავა და ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტები - მაია დვალიშვილი და ალექსანდრე ჩიხრაძე.