დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში უფლებადამცველმა დიმიტრი ლორფთქიფანიძემ, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის იურისტმა, გიორგი თოიძემ და ორგანიზაცია „უფლება და თავისუფლება“-ს ადვოკატმა, მარინა კორძაძემ საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გასხვისების სქემაზე ისაუბრეს, რომელშიც მათი თქმით, არაერთი დანაშაულის ნიშნები იკვეთება.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ონკოლოგიის ცენტრის გასხვისების გამო მედპერსონალის დიდი ნაწილი უმუშევრად დარჩა, ბევრს ანაზღაურება შეეზღუდა და საერთოდაც, ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის გასხვისების საქმეში ადამიანის უფლებები უხეშად იყო დარღვეული.
„საუბარია 61 ათას კვ მეტრ ფართის მიწის და 43 ათას კვ მეტრის ფართის გასხვისებაზე, რაც 2011 წლის აპრილის მდგომარეობით ხელთ იგდო კანადურმა კომპანიამ „პეგასუს ფარმაცევტიკალ გრუპ“. არის თუ არა ეს კანადური კომპანია დაკავშირებული ამ მოვლენებამდე სულ ცოტა ხნით ადრე კანადიდან ჩამოყვანილ და ეკონომიკის მინისტრად დანიშნულ ქალბატონ ვერა ქობალიასთან, ამაზე გამოძიებამ უნდა იმსჯელოს და გაგვცეს ამ კითხვაზე პასუხი. ფაქტია, რომ ამხელა ქონება, მე ვიტყოდი ჩვენი ქვეყნის ნაციონალური სამედიცინო ღირსება (რადგან მოგეხსენებათ საქართველოს ონკოლოგიური სკოლა მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი სკოლა იყო), გასხვისებული იყო 3 მლნ აშშ დოლარად, გარკვეული პოზიტიური პირობით, რომელიც ინვესტორს უნდა შეესრულებინა და შესრულებული არ არის. დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით შეიძლება იქნეს დაკვალიფიცირებული“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, ონკოლოგიური ცენტრის გასხვისება არის თაღლითური გეგმა, რომლის მიზანიც სახელმწიფო ქონების ხელში ჩაგდება იყო. ამასთანავე, უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, იგივე პროცესი ამჟამად ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრთან დაკავშირებითაც იწყება. ამიტომ იგი მედიკოსთა კორპუსს მოუწოდებს, რომ ამ უსამართლობის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლონ.
ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის მედპერსონალის საინიციატივო ჯგუფის იურისტი გიორგი თოიძე კი ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის გასხვისების დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, ნასყიდობის ხელშეკრულება 2010 წლის 19 ნოემბერს არის დადებული, გამყიდველი არის ეკონომიკის სამინისტრო, ხოლო მყიდველი „პეგასუს ფარმაცევტიკალ გრუპია“. ხელშეკრულებით მყიდველ მხარეს ხუთი წლის განმავლობაში სამედიცინო დარგის პროფილი უნდა შეენარჩუნებინა და 30 თვის განმავლობაში 20 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემოდა მყიდველს ეს ქონება სრულ საკუთრებაში. იურისტი ამბობს, რომ ამ ხელშეკრულების თანახმად, მყიდველი ხუთი წლის შემდეგ პრაქტიკულად სრულიად თავისუფალია თავის ქმედებებში და შეუძლია ეს შენობა-ნაგებობები ნებისმიერი პროფილის დაწესებულებად აქციოს. ეს კი გამყიდველი მხარის გულგრილობაზე მეტყველებს.
„წარმოიდგინეთ ინვესტორი, რომელსაც სახელმწიფო ეუბნება, რომ მან 30 თვის განმავლობაში ობიექტში 20 მლნ დოლარის ინვესტირება უნდა მოახდინოს, მაგრამ ამასთანავე, აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ორი წლის შემდეგ ობიექტი ნებისმიერი პროფილის დაწესებულებად აქციოს. ეს ინვესტიციის არსის დამახინჯებაა, რადგან ინვესტიცია ამ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ან ამ სამედიცინო ცენტრის სრული რეაბილიტაცია, რაც შემდეგ საქართველოს მოსახლეობას მოხმარდებოდა, ან ანალოგიური შენობის სხვაგან აშენება, რაც ასევე ჯანდაცვის მომსახურების სისტემაში უნდა ჩამჯდარიყო. ის პირობა კი, რომლითაც ეს ქონება გასხვისდა, ითვალისწინებს ამ ობიექტში გარკვეული თანხის ჩადებას და შემდეგ ამ ობიექტის მყიდველის სრულ საკუთრებაში გადაცემას“, - ამბობს იურისტი.
მისი თქმით, ინვესტირების პირობების შესრულებამდე ორი თვეა დარჩენილი (რადგან ინვესტიცია 20 მლნ დოლარის ოდენობით 2013 წლის მაისამდე უნდა განხორციელებულიყო) და ამ მომენტისთვის ობიექტზე მილიონი დოლარიც კი არ არის დახარჯული. იურისტი ამბობს, რომ ამ საქმეში მთავარია ეკონომიკის სამინისტროს უმოქმედობა, რადგან ხელშეკრულებით მას უფლება ჰქონდა ინვესტირების პროცესის მონიტორინგი ჩაეტარებინა და თუ ეს პროცესი სათანადოდ არ ხორციელდებოდა, ეკონომიკის სამინისტროს მყიდველი მხარისათვის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება მოეთხოვა, ხოლო ამის კვლავ შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების დარღვევის უფლებაც ჰქონდა.
გიორგი თოიძის თქმით, ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი ფუნცქიონირებდა, როგორც სააქციო საზოგადოება „ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ (დირექტორი რეზო გაგუა). მისი ფუნქციონირება 2011 წლის დეკემბერში შეწყდა. იურისტის თქმით, არსებობს რეზო გაგუას ბრძანება N88, სადაც იგი მიუთითებს, რომ ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ცენტრმა 26 დეკემბერს სამედიცინო საქმიანობა შეწყვიტა, ხოლო სტაციონარული საქმიანობის ნებართვა დანართებითურთ გადაეცა შპს „საქართველო ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს“. ეს არის შპს, რომლის დამფუძნებელიცა და დირექტორიც რეზო გაგუაა და იურისტ თოიძის განცხადებით, რეზო გაგუამ ონკოლოგიური ცენტრის ნებართვები და საქმიანობა, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობით გადაიბარა.
ამასთანავე, გიორგი თოიძე ამბობს, რომ ონკოლოგიური ცენტრის დირექტორმა, რეზო გაგუამ სულ რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან დაითხოვა ონკოლოგიის კვალიფიციური სპეციალისტი, თენგიზ ჩარკვიანი და ამის მიზეზი გახდა მხოლოდ ის, რომ მან ონკოცენტრის გასხვისების თემა გაახმაურა.
ორგანიზაცია „უფლება და თავისუფლება“-ს ადვოკატი, მარინა კორძაძე, რომელმაც ონკოლოგიური ცენტრის გასხვისების სქემა შეიწავლა, აცხადებს, რომ მისმა გასხვისებამ პრობლემები შეუქმნა პაციენტებსაც (ვინაიდან ონკოლოგიის ცენტრის მთელი ქონება დღეს კანადური კომპანიის საკუთრებაშია) და მედიკოსებსაც. მარინა კორძაძე ამბობს, რომ სს „ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრს“ საგადასახადო ორგანოების მიმართ გააჩნდა დავალიანება 6 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სააქციო საზოგადოების ბალანსზე რიცხული ქონება გირავნობით და იპოთეკით იყო დატვირთული. ხოლო როდესაც ორგანიზაციას საბიუჯეტო დავალიანება ერიცხება, მისი გასხვისება ან არ ხდება, ან თუ ხდება, მისი დავალიანებით იყიდება. ამ შემთხვევაში კი ქონება დავალიანების გარეშე გასხვისდა კანადურ კომპანიაზე. ამიტომ, დღეს სააქციო საზოგადოება არსებობს ყოველგვარი აქტივის გარეშე და აქვს უზარმაზარი დავალიანება, რაც მას მძიმე ტვირთად აწევს. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრს მოგვიანებით სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიაც გაუუქმეს. აქვე იურისტი კორძაძე ონკოლოგიის ცენტრში ფინანსურ დარღვევებზეც საუბრობს.
„ვთქვათ, პაციენტს ერთი ანალიზი დაახლოებით 200 ლარამდე უჯდება, ამ დროს იგი მხოლოდ გადახდილი თანხის ნახევრის სამედიცინო მომსახურებას ღებულობს. როგორ ხდება მომსახურების ღირებულების გაზრდა და ამის ხარჯზე მოგების გადასახადის შემცირება, ეს მძიმე ფინანსური დანაშაულია, გარდა იმისა, რომ პაციენტი მოტყუებული რჩება. ამდენად, სახეზეა რამდენიმე სახის ფინანსური დანაშაული. აღსანიშნავია, რომ ცენტრიდან ძვირადღირებული აპარატურა დაიკარგა, მაგრამ ამაზე არც ერთ ხელმძღვანელს რეაგირება არ მოუხდენია. გარდა ფინანსური დანაშაულებისა, აქ შეიძლება სამოხელეო დანაშაულიც გამოიკვეთოს. ასევე სახეზეა ცრუმეწარმეობა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, მომხმარებლის მოტყუება და გადასახადებისაგან თავის არიდება“, - ამბობს იურისტი.
მისი თქმით, ასევე შრომის უფლებაც დარღვეულია, რადგან მედპერსონალის უფლებები უხეშად ილახება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „უფლება და თავისუფლება“-ს მიერ ჩატარებული კვლევა ეგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურას, რათა საქმეზე ჩატარდეს გამოძიება და გაირკვეს, ვის ინტერესებში იყო ონკოლოგიის ცენტრის ასეთი პირობების გასხვისება და პრაქტიკულად მისი განადგურება.
ონკოლოგიის ცენტრის მედპერსონალის განცხადებით, თავის დროზე, როდესაც ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი დაარსდა (გასული საუკუნის 70-იან წლებში), მასში 615 საწოლი იყო მოთავსებული და ამდენი პაციენტის მიღება შეეძლო. დღეს კი ონკოლოგიის ცენტრს კანადური კომპანიისგან იჯარით აქვს აღებული შენობის მხოლოდ მცირე ნაწილი და დაახლოებით 150-მდე პაციენტის მიღება შეუძლია სტაციონარში. მედიკოსები სტატისტიკას იშველიებენ და ამბობენ, რომ ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად 7000 ონკოლოგიური პაციენტი რეგისტრირდება და იმ ფონზე, როდესაც წლიურად დაახლოებით 35 000 პაციენტის მომსახურებაა საჭირო, ონკოლოგიის ცენტრის შენობა გასხვისებულია და კომპანიას, რომელმაც იგი შეიძინა დაახლოებით ორ წალიწადში შეუძლია დაწესებულებას პროფილი შეუცვალოს. კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ სამედიცინო პროფილი უნდა იქნეს შენარჩუნებული, მაგრამ მედიკოსების თქმით, კანადური კომპანია „პეგასუს ფარმაცევტიკალ გრუპ“, რომელმაც ონკოცენტრის ქონება შეიძინა, ძირითადად ფარმაცევტულ საქმიანობას ეწევა და პაციენტების სტაციონარული მომსახურების არანაირი გამოცდილება არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, მან მაინც გაიმაჯვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ეს ქონება შეიძინა. ამიტომ ონკოცენტრის მედპერსონალს ეჭვი აქვს, რომ იმ ხუთწლიანი სავალდებულო ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც ხელშეკრულებაშია დაფიქსირებული, ობიექტი სავარაუდოდ პროფილს შეიცვლის. ამიტომ ონკოცენტრის თანამშრომლები მთავარი პროკურატურისგან მოითხოვენ, ცენტრის გასხვისებასთან დაკავშირებული ბატალიები გამოიძიოს და სათანადო რეაგირება მოახდინოს.
ონკოლოგები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ინვესტორმა, კანადურმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და ამიტომ ახალ ხელისუფლებას მედიკოსები სთხოვენ, ან აიძულოს ინვესტორი ვალდებულებები შეასრულოს, ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ონკოლოგიური ცენტრი სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნოს, რადგან მათი განმარტებით, კერძო სექტორი ვერანაირად ვერ გასწვდება იმ საჭიროებას, რაც ონკოლოგიის დარგში არსებობს. მედიკოსების განმარტებით, ონკოლოგია საკმაოდ ძვირადღირებული დარგია და ამიტომ კერძო სექტორში მისი მოქცევა პაციენტებს სათანადოდ ვერ მოემსახურება, რადგან ნებისმიერი ბიზნესი მოგებაზეა ორიენტირებული. ამ დარგში კი მოგების მიღება რთულია. შესაბამისად, ათასობით ადამიანი, რომელიც ყოველწლიურად ონკოლოგიური სნეულებით ავადდება, სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩება, რაც სოციალურ კატასტროფას გამოიწვევს.
ონკოლოგი რემა ღვამიჩავა აცხადებს, რომ კანადის ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულია გამაფრთხილებელი განცხადება, რომლითაც ყველა ფინანსურ ჯგუფს აფრთხილებენ, რომ „პეგასუს ფარმაცევტიკალ გრუპ“-ის და მის შევილობილ კომპანიებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან აღნიშნულმა კომპანიამ კანადის ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო კომისიასთან შეთანხმების გარეშე დაიწყო ფასიანი ქაღალდების, ე.წ. ბონდების გაყიდვა და ამასთანავე, მომავალ მეანაბრეებს ასპროცენტიან მოგებას ჰპირდებიან, რაც თავისთავად ბადებს ეჭვებს.