„ეუთო/ოდირის ბოლო დასკვნამ ყველაფერი თავის ადგილას დასვა. 4 თვის შემდეგ, როდესაც ყველა საფეხური გაიარა, საქართელოში ჩატარებულ არჩევნებზე ცალსახად გამოითქვა შეფასება: ეს იყო უნარიანი და გამჭირვალე. შესაბამისად, ეს იყო ვერდიქტი“, - ამის შესახებ For.ge-ს ექიმმა და „ქართული ოცნების“ წევრმა, ლადო კახაძემ განუცხადა.
მკითხველს აქვე შევახსენებთ, რომ საუბარია, სამი დღის წინ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არჩევნების დღეს პარტიის წარმომადგენლებისა და პარტიასთან დაკავშირებული სამოქალაქო სადამკვირვებლო ჯგუფების ჭარბი რაოდენობა ხელს უწყობდა საარჩევნო უბნებზე ზედმეტ ხალხმრავლობას.
ბატონო ლადო, ეს დასკვნა საქართველოს რას ეუბნება?
- ამით საქართველოს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ „თქვენ მოდიხართ ევროატლანტიკური სივრცისკენ“, იქვე აღინიშნა, რომ „ეს არის საზოგადოების არჩევანი სოციუმის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, რომელიც თავისი მახასიათებლებით ხასიათდება, თუმცა, აქვე ამბობს, რომ არსებობს ისეთი ხარვეზები, რომლის გამოსწორება თქვენ ხელგეწიფებათ.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით, 1-ელ მარტს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა შედგა. მომზადდა 6-პუნქტიანი დოკუმენტი, სადაც შეტანილია პოლიტიპატიმრების საკითხიც. რას ფიქრობთ, ნიკა მელია საქმეზე?
- მე, საერთოდ, ციხის მოწინააღმდეგეთა რიგებში ვითვლები. ციხე არის თავისუფლების აღკვეთის ის რგოლი, რომელიც ორი კატეგორიის ადამიანებს უნდა ეკუთვნოდეს: პირველი - სისხლის სამართლის ისეთი დანაშაული, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას და მის ჯანმრთელობას ეხება. მეორე - ისეთი სახელმწიფო საიდუმლოს გაცემას, რომელსაც ადამიანების მასობრივი გენოციდი მოჰყვება. ეს ორი უნდა იყოს მკაცრად დასჯილი და უვადოც შეიძლება, მათ შორის ნარკოტიკების გამსაღებელიც. თუმცა, ნიკა მელიას აწყობს იქ, თვითიზოლაციაში ყოფნა, რა მიზეზით, ეს მას ჰკითხეთ.
მელიას შეეძლო იქ საერთოდ არ მოხვედრილიყო. დღესაც ხელში უჭირავს გასაღები. პროკურატურის განცხადებას ვეფუძნები, რომელმაც თქვა, რომ ნიკა მელიას დაჭერა თვითმიზანი არ არის. მან კონსტიტუციური ნორმა დაარღვია და ამის საზღაური უნდა გადაიხადოს. ყველა პირობა ღირსების შეუალახავად, შენარჩუნებულია და უმაღლეს დონეზე მოვლილ-ნაპატრონებია. გადაატრიალოს გასაღები და გამოვიდეს გარეთ. თუმცა, არ აწყობთ მშვიდობიანი თანაცხოვრება, მათ უნდათ ყველანაირ წერტილში ცეცხლი დაანთონ. პოლიტიკური ბრძოლა ეს ყოფილა თურმე. მათ აქვთ ამის უფლება, მოიგონონ, ვირტუალური სამყარო შექმნან, მოდიფიკაცია გააკეთონ.
ყველაფერი ეს თურმე პოლიტიკური ბრძოლის ხერხი ყოფილა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამას არავინ იჯერებს. მათი 27%-იანი რეიტინგი 5%-ზე ჩამოვიდა მათივე კვლევების საფუძველზე. ანუ ისინი თავს ლიკვიდაციას უკეთებენ. ისევ მელიას აყენებენ ცუდ მდგომარეობაში. მელია ჭკვიანი გამოდგა და თქვა: მე თვითიზოლაციაში ვარ, როგორც დააჭერინეთ ჩემი თავი, ისე გამომიყვანეთო.
პრაქტიკულად, სახეზე გვაქვს 2-კვირიანი ულტიმატუმი, რომლიც ვადაც იწურება... რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი მხარეები ვერ შეთანხმდნენ? რამდენად არის მოსალოდნელი საპროტესტო აქციების დაწყება?
- სადაც სიტყვა „ულტიმატუმია,“ იქ შეთანხმებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ისინი იყენებენ ულტიმატუმის ენას. სადაც ულტიმატუმია, იქ შერიგება არასდროს მოხდება. ეს ძალიან კარგად იცის შარლ მიშელმა.
ამის ფონზე, გაძლიერდა ანაკლიის თემა. დიახ, ანაკლია არის ჩვენი სტრატეგია, ანაკლია არის დიდი ლახვარი რუსებისთვის. ამ ანაკლიას ჩვენ მაინც გავაკეთებთ ზუსტი მოთხვნების შესაბამისად.
იმ ფლანგზე ვხედავ ისეთი ადამიანებს, რომელთა ხელში ლანცეტი რომ მოხვდეს, კარგი ჭრილობის გაკეთება შეიძლება, ხოლო უგვანოს ხელში ის ლანცეტი მომაკვდინებელი იარაღი ხდება. ისინი, ვინც იმ ფლანგზე არიან, ერთი პოლიტიკური ძალის ლანცეტებია, რომლებიც აზიანებენ სხეულს.
პატარა პარტიებს მივმართავ: თქვენი ინტელექტუალური პოტენციალი, დაგროვილი პოლიტიკური გამოცდილება და ის ხედვები, რომლებიც კარგი გაქვთ, შეიძლება გამოიყენოთ იმ პოლიგონზე, რომელიც მთავრობამ შემოგთავაზათ ბარიერის ნულამდე დაწევით. თუმცა, თქვენ რატომღაც ხართ იმ ფლანგზე, რომელიც დესტრუქციულია. სანამ არ ჩაეხსნებით იმ ფლანგს, არაფერი გამოგივათ, დაიღუპავთ თავს.
მე ექიმი ვარ და ვიცი რას ნიშნავს არქივი. ადამიანი, რომელიც კლინიკიდან გაეწერება, მის შესახებ წარუმატებელი რაც რამ არის, ეს იქნება წლები და საჭიროა მეცნიერებისთვის. თუმცა, არის პოლიტიკური არქივი, იმ საშინელი კასრების თემა, რომელიც ვიღაცას ჰგონია, რომ სადღაც გამქრალია. არ დაიჯეროთ. შეიძლება ერთი მასალიდან ათასი დუბლიკატი გააკეთო.