ტურისტული ზონების იდეას მთავრობაში ვერ ელევიან

ტურისტული ზონების იდეას მთავრობაში ვერ ელევიან

საქართველოს მთავრობა ტურისტული ზონების გავლენიდან ჯერაც ვერ გამოვიდა. საოცარია, მაგრამ ქობულეთის ტურისტული ზონის ჩავადნის ფონზე მთავრობა აჭარაში ახალი ტურისტული ზონების შექმნაზე მუშაობს. საინტერესოა კიდევ რამდენი ზონის პროექტი უნდა ჩავარდეს, რომ მისი უსარგებლობა ყველასთვის თვალსაჩინო იყოს?

მთავრობა არ აპირებს ახალ ტურისტულ ზონებში ინვესტორს განსხვავებული პიროებები შესთავაზოს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამიერიდან ქვეყანაში არც პრივილეგირებული კომპანიები იქნებიან და ცალკეული შეღავათებიც არ დაწესდება. ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს ტურისტული ზონის შექმნას, გაუგებარია.

აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე განმარტავს, რომ კონკრეტული შეღავათების დაწესებაზე ამ ეტაპისათვის გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა მსჯელობა მიმდინარეობს.

„ამჟამად ინვესტორებისთვის კონკრეტული შეღავათების დაწესება ჯერ არ მომხდარა, თუმცა მსჯელობა მიმდინარეობს. სწორედ ამიტომაც ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებებს ინვესტორებთან. შეღავათებზე მას შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რაც შევისწავლით, თუ რა არის ინვესტორთა მოთხოვნები და საჭიროებები, ასევე განვიხილავთ, თუ რამდენად მომგებიანი იქნება ესა თუ ის პროექტი ადგილობრივი ეკონომიკისათვის და მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ხაბაძემ.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის განმარტებით, ხელისუფლება ქობულეთის ტურისტული ზონის ჩავარდნილი პროექტზეც ზრუნავს და ცდილობს ზონაში ახალი ინვესტორები მოიზიდოს. პროექტის წარუმატებლობის ფონზე, ხაბაძე გამორიცხავს, რომ ზონამ სტატუსი დაკარგოს.

„ეს პროექტი მართლაც ჩავარდა, რადგანაც მხოლოდ ორი-სამი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება და თან ძალიან ნელი ტემპით. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამ კუთხითაც და ვზრუნავთ ახალი ინვესტორების მოძიებაზე.

რაც შეეხება სტატუსს, ქობულეთის ტურისტულ ზონას იურიდიული სტატუსი არ ჩამოერთმევა, ამის მიზეზი არ არსებობს. აქაც სახელმწიფო ორგანოებთან და ინვესტორებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა პირობები შეიძლება შევთავაზოთ ინვესტორებს, რომ უფრო დიდი დაინტერესება გამოიწვიოს“, - აცხადებს ხაბაძე სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას.

მთავრობამ აჭარაში დამატებით რამდენიმე ტურისტული ზონის მოწყობაზე განცხადება 2012 წლის ბოლოს გააკეთა. ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2012 წლის შეჯამებისას განაცხადა, აჭარაში რამდენიმე ტურისტული ზონის შექმნაა დაგეგმილი, რადგანაც აჭარას საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია და ხელისუფლება შეეცდება ამ პოტენციალის გამოყენებასო. როგორც კვირიკაშილი ამბობს, ახალ ტურისტულ ზონებში შემოსვლის ინტერესი ინვესტორებს აუცილებლად გაუჩნდებათ.

ჯერჯერობით კი, ქობულეთის ტურისტულ ზონაში შესვლის სურვილი მარტოოდენ 3 ინვესტორს გაუჩნდა, მათგან მხოლოდ ერთმა მოახერხა აღებული ვალდებულების შესრულება.  ქობულეთურ ზონაში ამჟამად კვლავ მხოლოდ 3 სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. აჭარის ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობას ორი ინვესტორი, შპს „აიეტი“ და შპს „ესკო ჯორჯია“ აწარმოებენ.

კომპანია „აიეტის“ სასტუმრო მზადაა ექსპლოატაციაში მისაღებად. ტერიტორიაზე საინჟინრო-კომუნალური ქსელების ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამუშაოებიც განხორციელდა.  საერთოდ კი, ტურისტულ ზონაში 30 სასტუმროს აშენების პროექტი დამუშავდა, თუმცა დანარჩენი მიწის ნაკვეთები საკუთრებაში ამ დრომდე არ გადაცემულა.

სანამ აჭარა ახალი ტურისტული ზონებით დაიფარება, მანამდე საქართველოში ტურიზმის მრჩეველთა საბჭო იქმნება. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, საბჭო ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე კერძო სექტორის წარმომადგენლების ინიციატივით ჩამოყალბდება.

ტურიზმის მრჩეველთა საბჭოში ხმის უფლებით შედიან საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია, გიდების ასოციაცია, კერძო დასაქმების სააგენტოების ასოციაცია, ასევე ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

მრჩეველთა საბჭოს მიზანია, ტურიზმის სფეროში არსებული გლობალური საკითხების განხილვა. ამასთან, ტურიზმის განვითარებისთვის სწორი მიმართულებების ჩამოყალიბების მიზნით საბჭო რეკომენდაციებსაც შეიმუშავებს და მათ განხორციელებაზე იზრუნებს.

როგორც ვხედავთ, მრჩეველთა საბჭოს ტურიზმის სწორი გზით განვითარება დაევალება. ჰოდა, იქნებ მრჩევლებმა მაინც ურჩიონ ცალკე ეკონომიკის სამინისტროს და ცალკე აჭარის მთავრობას, რომ ყოვლად უმაქნისი ტურისტული ზონების შექმნას თავი დაანებონ, რადგან ასეთი ძალისხმევა ყოველთვის ფუჭია. ტურისზმის განვითარებას ზონები კი არა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ადეკვატური ფასები და ხარისხიანი მომსახურება სჭირდება. ასე რომ, ამ მხრივ გაცილებით დიდი სამუშაოა ჩასატარებელი და შედეგიც (თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართა) უფრო თვალსაჩინო იქნება.