„ვფიქრობ, ამ ფაბრიკაციის შემდეგ ემოციები დაწყნარდება და ოპოზიციაც და ხელისუფლებაც დიალოგს მოახერხებენ“

„ვფიქრობ, ამ ფაბრიკაციის შემდეგ ემოციები დაწყნარდება და ოპოზიციაც და ხელისუფლებაც დიალოგს მოახერხებენ“

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე გამოქვეყნებული ფარული აუდიო ჩანაწერების შემდეგ, ოპოზიცია კვლავ გაიყო - მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზციის ნაწილს პრემიერის ნახვა არ სურს, ნაწილს კი განსხვავებული აზრი აქვს.

ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ოპოზიციას სურს თუ არა, პრემიერმინისტრის იმიჯის შელახვა დასავლელი პარტნიორების თვალში და იმოქმედებს თუ არა აღნიშნული ჩანაწერები ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტზე, ამ კითხვებზე, ექსპერტი ლადო ბოჟაძე გვპასუხობს.

ლადო ბოჟაძე: ნიკა მელიას თემა და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში მუდმივად დესტაბილიზაციის მცდელობა იყოს. რაც ყველაზე მთავარია, ჩანაწერების ფაბრიკაცია დიალოგის ჩაშლას ემსახურება, რადგან მაღალი მოლოდინია იმისა, რომ დიალოგი შედგება იმ საკითხებზე, რომელიც აწუხებს როგორც ოპოზიციას, ასევე საზოგადოებას.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლიდან ერთი კვირაა გასული და დიალოგი ჯერ არ შემდგარა. ახლა იყო საშუალება, რომ ამ დღეებში ოპოზიცია და ხელისუფლება შეკრებილიყო. თუმცა, მოვისმინეთ ფაბრიკაცია. ასევე შევიტყვეთ „ლელოსგან“ და სხვა ოპოზიციისგან, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ უნდა იყოს მომლაპარაკებელი.

თუმცა, ოპოზიციის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის დასწრებას ითხოვს, მათ შორის გიგა ბოკერია. როგორ ფიქრობთ აღნიშნულ საკითხზე ოპოიციაში რა შეთანხმებას მიაღწევენ?

- ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ოპოზიციის ამოცანა რა არის და „ნაციონალური მოძრაობის“ რა არის. „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, რომ ნიკა მელია ციხეში იჯდეს. ისინი გირაოს გადახდას არ აპირებენ. არადა ისინი ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციების დროს საწვავში რა თანხასაც ხარჯავენ, ის თანხა რომ გადაიხადონ, მელია დღესვე სახლში იქნება. მაგრამ, მათ ნიკა მელია როგორც პატიმარი ისე სჭირდებათ. მათ სურთ, რომ ეს თემა მუდმივად იყოს პოლიტიკურად დღის წესრიგში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი, იგივე გიგა ბოკერია - ყველას ვისაც მეტ-ნაკლებად პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოეკითხება, ფიქრობენ, რომ დიალოგი ერთადერთი გამოსავალია. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ყველაფერს აკეთებს, რომ დიალოგი არ შედგეს, სწორედ იმიტომ, რომ პროცესები ქუჩაში გაგრძელდეს. მათი ამოცანაა - არა დიალოგის მაგიდას, არა პარლამენტს, არამედ ქუჩა. ჩვენ ფაქტობრივად რევოლუცურ სცენარს ვხედავთ - 2003 წლის სცენარს, როდესაც ახალგაზრდები დადიან და საპროტესტო მუხტს ქმნიან. მაშინ „კმარა“ დადიოდა და საღებავებით კედლებზე წერდა. თუმცა, 2003 წლისგან განსხვავებით, საზოგადოება გაზრდილია და იგივე ის ფაბრიკაცია, რომელიც გავრცელდა, ფაქტობრივად, რეაგირების გარეშე დარჩა.

თქვენი აზრით, ოპოზიციის შიგნით აზრი რატომ გაიყო მოლაპარაკების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნასთან დაკავშირებით?

- „ნაციონალური მოძრაობა“ ყველას და ყველაფერს რომ უსმენდა, ეს ცნობილი ამბავია. როგორც ჩანს, ამიტომაც არის, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ამომრჩეველმა პარლამენტში შესასვლელად აირჩია, „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით საკანონმდებლო ორგანოში ვერ შედის. არა მხოლოდ აშანტაჟებს, შანტაჟის გარდა, საუბარია მათი კონტროლებადი მედიიდან კონტროლი და „გაშავება“. ასევე შეიძლება შეთავაზება იყოს, რომ 2024 წელს 5%-იანი ბარიერი იქნება და ჩემს გარეშე (მიხეილ სააკაშვილი იგულისხმება) ვერავინ გადალახავს, ამიტომ მე ჩაგწერთ სიაში. მანამდე მე მოგცემთ ფულს, მე შეგინახავთ, ოღონდ ამ თამაშში მე წამომყევით. რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში შეპირდება თანამდებობებს. ეს, როგორც ჩანს, შერეული შეთანხმებაა.

რაც შეეხება, იგივე გიგა ბოკერიას და დანარჩენებს, რომლებსაც დასავლური პოლიტიკა ადარდებთ, ძალიან კარგად იციან თუ დიალოგი ჩაიშლება, დაზარალდება არა მარტო პროცესი, არამედ ოპოზიციაც. ამიტომ, დასავლეთს ოპოზიციის მიმართ კიდევ უფრო ნაკლები ნდობა ექნება. თუმცა, ოპოზიციას დასავლეთი რომ არ აინტერესებს, ეს ჩვენ არაერთხელ ვნახეთ. თუნდაც შალვა ნათელაშვილის განცხადება ეუთოზე, რომ თითქოს ეუთო კორუმპირებული ორგანიზაციაა. მათი მთავარი ამოცანაა, რომ პროცესები დესტაბილიზაციისკენ წაიყვანონ. ასეთ დროს კი, არც დასავლეთის მოსმენა სურთ და არც ამომრჩევლის. რაიმე გონივრული ნაბიჯების გადადგმას აზრი არ აქვს. მათ სურთ რომ პროცესები მხოლოდ და მხოლოდ ქუჩაში გაგრძელდეს.

ბატონო ლადო დასავლეთ პარტნიორებზე ვსაუბრობთ და ეს ფარული კადრები ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წასვლის შემდეგ მალევე გამოქვეყნდა. ამასთან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რამდენიმე დღეში ბრიუსელში მიემგზავრება და როგორ ფიქრობთ, პრემიერზე გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერებით ცდილობენ მისი ღირსების შელხვას?

- ჩვენ ევროსაბჭოს პრეზიდენტისგან და იმ დიალოგის გარდა, რომელიც ვიხილეთ, ასევე ვნახეთ ეუთოს საბოლოო დასკვნა, სადაც არჩევნები არის შეფასებული კონკურენტუნარიანად. ეს არის განაჩენი იმათთვის, ვინც ამტკიცებდა, თითქოს ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა. ამიტომ, აღნიშნული საკითხი, მანამდე, დასავლეთში თუ ვინმეს შეიძლებოდა განეხილა, როგორც ევროპარლამენტარებს ან ცალკეულ ოპოზიციურ წარმოამდგენლებს, ახლა საბოლოო დასკვნა ასრულებს ამ სპეკულაციებს თემაზე - არჩევნები ქვეყანაში გაყალბდა თუ არა. არჩევნები თუ არ გაყალბებულა, თან საგამოძიებო კომისიაა შექმნილი და ეს ვერ მტკიცდება, აგერ ეუთომაც იგივე თქვა, მაშინ ჩვენ გვჭირდება სხვა სცენარი - ან დიალოგი და მოლაპარაკების მაგიდა, ან კიდევ ქუჩა. ქუჩა არის „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანი, ასევე მათი ხელწერაა დესტრუქცია, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, კარვების დადგმა. რატომ არის ეს მათი მიმართულება? - იმიტომ, რომ მხოლოდ ამ პროცესში დარჩება „ნაციონალური მოძრაობა“ მოგებული. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც ესმის ამ პროცესების მნიშვნელობა, მათგან ჩვენ სხვაგვარი განცხადებები მოვისმინეთ. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია დიალოგისთვის ხელის შეშლას არ აპირებს, ეს ძალიან კარგია და გონივრული ნაბიჯია. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ამ ფაბრიკაციის შემდეგ ემოციები დაწყნარდება და ოპოზიციაც და ხელისუფლებაც დიალოგს მოახერხებენ.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, არამარტო დასავლეთში, არამედ ქვეყნის შიგნითაც არის მცდელობა ირაკლი ღარიბაშვილის იმიჯის შელახვის. სწორედ, ეს ფაბრიკაცია ამას ემსახურებოდა. ყველას გვახსოვს, გიორგი გახარიას შემდეგ რა განცხადებები კეთდებოდა „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისში და როგორი გახარებულები იყვნენ. თუმცა, როდესაც შეიტყვეს, რომ პრემიერად ირაკლი ღარიბაშვილი მოდიოდა, იმ წამსვე ღიმილი სახეზე შეახმათ. ამის შემდეგ დაიწყეს მცდელობა მისი დისკრედიტაციის. მაგრამ, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ყველა ვარიანტში უნდა ჩავიდეს, რადგან იქ არის საქართველოს ასოცირების შეხვედრა, სადაც განიხილება თუ როგორ ვასრულებთ ასოცირების ვალდებულებებს. ღარიბაშვილი ოპოზიციის ამბების ჩასატანად კი არ მიდის ბრიუსელში, სხვა საქმეზე მიდის. მიდის როგორც პრემიერ-მინისტრი და არა როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი.