იმოქმედებს თუ არა გავრცელებული აუდიოჩანაწერი პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე და შეცვლის თუ არა „ქართული ოცნება“ ირაკლი ღარიბაშვილს? - ოპოზიციის ნაწილი შეთანხმდა, რომ ღარიბაშვილის გამო მოლაპარაკებები არ უნდა ჩაიშალოს, თუმცა „ლელო“ ულტიმატუმს აყენებს და ამბობს, რომ თუ მოლაპარაკების მაგიდასთან ღარიბაშვილი იჯდება, ისინი დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებენ. ხელისუფლება კი ამბობს, რომ ოპოზიციის საქმე არ არის მოლაპარაკების მაგიდასთან ვის დასვამენ. ეს „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია და ამას გუნდის შიგნით გადაწყვეტენ.
შესაბამისად შეძლებს თუ არა ქართული პოლიტიკური სპექტრი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას, ჯერჯერობით, ისევ უცნობი რჩება. ორივე მხარე კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა კვლავ რჩება ე.წ. წითელი ხაზები, რომელიც როგორც მმართველი გუნდისთვის, ისე ოპოზიციისთვის უკვე რამდენიმე თვეა უცვლელია.
„ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა დიალოგის მაგიდას ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირაც მიუჯდეს. პოზიციას იზიარებს გიგი უგულავაც, რომელიც ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, დიალოგის პროცესიდან ღარიბაშვილის ჩამოშორებას ითხოვდა, თუმცა მან პოზიციები შეცვალა. ოპოზიციის ამ ნაწილისთვის კომპრომისის წინაპირობას კვლავ პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი წარმოადგენს.
პატიმრების გათავისუფლების საკითხს იზიარებს ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილიც, თუმცა მათთვის კომპრომისული შეთანხმების წინაპირობა, შესაძლოა, პლებისციტიც გახდეს. პოლიტიკური ლიდერების განმარტებით, ვადამდელი არჩევნების მისაღწევად ნებისმიერი მოდელი მისაღებია - პლებისციტი კი, ამ კუთხით, შეიძლება ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქცეს.
დიალოგს უალტერნატივოდ მიიჩნევენ მმართველ გუნდში. თუმცა, უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციის არაერთგვაროვანი განცხადებები მოლაპარაკებების მიზანმიმართული ჩაშლის მცდელობაა. „ქართული ოცნება“ ვადამდელი არჩევნებისა და პლებისციტის იდეას სამართლებრივ ნონსენსს უწოდებს და ოპონენტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით შექმნილი დოკუმენტის ფარგლებში შეთანხმებას სთავაზობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს ამ ეტაპზე არ მიუღია გადაწყეტილება, ვინ უნდა მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. გია ვოლსკის თქმით, არ არის გადაწყვეტილი, უნდა იაროს თუ არა პრემიერმინისტრმა მოლაპარაკებებზე.
„ნაცებს არ მოსწონთ ის შედეგი, რაც მივიღეთ არჩევნებით, ახლა ხან არასრულწლოვანი ბერას თემას შემოაგდებენ, ხან ვითომ პრემიერი როგორ უნდა მივიდეს მაგიდასთან. გეგონება გადაწყვეტილია, რომ პრემიერმა უნდა იაროს მოლაპარაკებებზე, გეგონება სხვა ამოცანები, რომელიც მის წინაშე დგას, არ არის შესასრულებელი და ნაკლებად მნიშვნელოვანია.
ჯერ არ გადაწყვეტილა ეს თემა. ახლა ის, რომ პოლიტიკოსი ზის მაგიდასთან და მას მიუჯდეს პარლამენტის თავმჯდომარე, ან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ან ორივე ერთად, ამათმა უნდა იძახონ, ჩვენ დავარტყით მუშტი მაგიდას და არ მოდის ამიტომ პრემიერმინისტრი. ეს ხომ ბანალურია,“ - ამბობს გია ვოლსკი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი 16 მარტს ბრიუსელში იმ გონივრული შეთავაზებით ჩავა, რომელიც ევროპელი პარტნიორების მოწონებას დაიმსახურებს.
როგორც კახა კუჭავა ამბობს, საბოლოო გეგმა არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა გეგმა ბევრ სხვადასხვა კომპონენტს შეიცავს.
„ვმსჯელობთ, არის ძალიან კარგი მონახაზები და კარგი ვერსიები, რომელზეც საბოლოოდ შევთანხმდებით. არ შევალ დეტალებში, ეს არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენ ამ კვირის განმავლობაში ნამდვილად გავაგრძელებთ მუშაობას და ირაკლი ღარიბაშვილი რომ ხელცარიელი არ ჩავა, ამაში ყველა მინდა იყოს დარწმუნებული. ნამდვილად იქნება ჩვენი მხრიდან ძალიან კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგმული, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან დადებითად შეაფასებენ ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტში“, - აცხადებს კახა კუჭავა.
რაც შეეხება მოლაპრაკების მაგიდას, კახა კუჭავა ამბობს, რომ ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრაზე.
„ეს ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენი მხრიდან, ირაკლი ღარიბაშვილი, კობახიძე იქნება, თალაკვაძე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, ძალიან კარგად დაიცავს ჩვენი პარტიის და ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ, ნუ ნერვიულობენ, მთავარია, ისინი მოემზადონ იმისთვის, რომ იყვნენ კონსტრუქციულები, ჩვენი მხრიდან ნამდვილად იქნება წარმოდგენილი ღირსეული გუნდი“, - ამბობს კახა კუჭავა.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს და მიიჩნევს ვინ იქნება „ქართული ოცნებიდან“ მომლაპარაკებელი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გადაწყვეტილების მიმღები ვინ არის, ეს ყველასთავის კარგად არის ცნობილი.
„ირაკლი ღარიბაშვილთან ერთ მაგიდასთან ჯდომა სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ცივი გონებით მივუდგები ამ საკითხს და სახელმწიფო და ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლიდან გამომდინარე, მზად ვარ, რომ მივიდე ამ მოლაპარაკებებზე. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ერთი ერთში არ გვაქვს მოლაპარაკებები და ესეც ის სამწუხარო უბედურებაა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა ამ ქვეყანას, იმიტომ, რომ ნულოვანი ნდობა გვაქვს იმ მხარესთან მიმართებით, ვინც მოდის მოლაპარაკებებზე“, - ამბობს ვაშაძე.
„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ მისი პარტიის პოზიცია არ შეცვლილა და პრემიერმინისტრთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას არ აპირებენ.
„ლელო“ ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება, მაგრამ მოლაპარაკებები აქამდე მიმდინარეობდა ღარიბაშვილის გარეშე და ამიტომაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ საფრთხე არ შეუქმნან ამ მოლაპარაკებების პროცესს, გამოიძიონ დროულად ეს საკითხი, დაადგინონ ამ ჩანაწერების ავთენტურობა, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება დროულად დასრულდეს და კითხვებს გაეცეს პასუხი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ გადააქცევენ ღარიბაშვილს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განხეთქილების ვაშლად“, - აცხადებს ბუაძე.
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერები ზუსტად პოლიტიკური მოლაპარაკებების ჩასაშლელად არის გამოგდებული და ამაში ეჭვიც არ ეპარება და დარწმუნებულია, ეს არის 2011 წლის ჩანაწერები. მისთვის არც ისაა ახალი ამბავი, რომ არასრუწლოვან ბერას თინეიჯერები აბულინგებდნენ.
„ეს არის მიზანმიმართულად გამოჩენილი ჩანაწერები, რათა ხაზი გაესვას, ვითომ მინისტრი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ბავშვებს ქუჩაში დასდევდნენ. ესაა იმ პერიოდის ამბავი, როცა ჩუბინიძე ივანიშვილის და ბერას დაცვის უფროსი იყო, ხოლო ღარიბაშვილი „ქართუს“ მმართველი. რა თქმა უნდა, ჩემთვის დაუჯერებელია, რომ მინისტრი გლდანში თინეიჯერს მიადგეს და საქმის გარჩევა დაუწყოს. ეს რომ 2011 წლის ჩანაწერია იმიტომ არ ამბობენ, რომ ახალს უფრო მეტი რეზონანსი აქვს. ამით ამბობენ, თითქოს მოქმედი მაღალჩინოსნები ვიღაცეებს სახლში ადგებიან და ხალხს ავიწროვებენ.
ეს არის ზღვარგადასული ქცევა, რითაც უნდათ წინა ხელისუფლების დროინდელი დანაშაული გადაიფაროს. აღნიშნული სკანდალი დადებით შედეგებს მოლაპარაკების პროცესში არ მოიტანს. ნაკლებად მჯერა, რომ ეს კონკრეტულ დროს არ არის შერჩეული და მხოლოდ ჟურნალისტების გამოძიებაა. რა თქმა უნდა, აქ არის პოლიტიკური კონტექსტი, რომლითაც ვიღაცა მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს. დღეს პოლიტიკურ სპექტრში ბევრია დაინტერესებული იმით, რომ ვითარება გამწვავდეს, რათა ხალხში პანიკა და აღშფოთება გამოიწვიონ. მაშინ, როცა რიგგარეშე არჩევნების და პლებისციტის კუთხით თითქმის ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმება მიღწეული იყო, უცბად ეს ჩანაწერები ჩნდება. მე მგონი აქ ეჭვიც არავის ეპარება, რომ ვიღაცა ამ დიალოგის ჩაშლას ცდილობს“, - ამბობს დავით ზურაბიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ხელისუფლება ეცდება ამ ვითარებიდან ყურადღება გადაიტანოს, ხოლო დასავლეთისთვის ეს ამბავი არ იქნება ძალიან სერიოზული, რადგანაც ეს არის ძველი ჩანაწერი და მაშინ ღარიბაშვილი პრემიერი არ იყო.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციისთვის საჩუქარია.
„თავის დროზე, როგორც ვანო მერაბიშვილი იყო ოპოზიციისთვის საჩუქარი და მისი პრემიერად გადაყვანა შეცდომა იყო, იგივე ხდება ახლა ღარიბაშვილის შემთხვევაშიც. არაფრის მომლაპარაკებელი არ არის, ამიტომაც „ოცნებას“ ურჩევნია ოპოზიციასთან ირაკლი კობახიძე გაუშვას, რადგანაც მან იცის მაინც რას ლაპარაკობს. ოპოზიციას ფეხების ბაკუნის ნაცვლად, უნდა უხაროდეს, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდეს. მადლობა მოიხადონ, რომ გიორგი გახარია არ იქნება, რადგანაც ის არის საუკეთესო ტაქტიკოსი, რომელიც ოპოზიციას საკუთარი დღის წესრიგით ათამაშებდა. ამიტომაც ურჩევნიათ პრანჭვას თავი დაანებონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ“, - აცხადებს ხუხაშვილი for.ge-სთან.