ვინ ცდილობს და ვის ინტერესებში შედის მოლაპარაკების მაგიდის აყირავება? - რატომ დაემთხვა დროში ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება მოლაპარაკების პერიოდს და მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ პლებისციტზე ოპოზიცია არ უნდა დათანხმდეს? ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ნაციონალებს ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების ორი მიზეზი აქვთ - ერთი მხრივ ცდილობენ თავად ოპოზიციის დაშანტაჟებას, რათა ხელისუფლებასთან კომპრომისზე წასვლა არ მოხდეს. ხოლო ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, სადაც საუბარი იქნება, რომ ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის უფლება აღარ აქვს.
უმრავლესობა კი ოპოზიციიდან კვლავ შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინშია, თუმცა შესაძლოა, მოლაპარაკების მაგიდის აყირვების მიზეზი ფარული ჩანაწერები გახდეს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ღარიბაშვილს აღარ აქვს უფლება მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდეს. თუმცა ოპოზიციის შიგნითვე ისევ გაურკვეველია პლებისციტი იქნება თუ არა ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებული წინადადება, რომელიც მხარეებს შეთანხმებამდე მიიყვანს. ოპოზიციის შიგნით აზრი ისევ ორად არის გაყოფილი. ნაწილი ფიქრობს, რომ პლებისციტი ხაფანგია, რომლითაც ხელისუფლება ოპოზიციის გამოჭერას ცდილობს. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ეს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი საშუალება იქნება.
6 მარტს „ტვ პირველის“ გადაცემაში, ნოდარ მელაძის შაბათი, გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. სიუჟეტის ავტორების თქმით, აუდიოჩანაწერში „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯაზე, რომლებმაც მასზე ინტერნეტში შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტია ანზორ ჩუბინიძეც.
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ეს ჩანაწერი ფაბრიკაციაა და 2010 წელს გაკეთებული ათეულობით ჩანაწერიდან არის დამონტაჟებული.
„ლელო“ და „სტარტეგია აღმაშენებელი“ აცხადებენ, რომ თუკი პლებისციტზე ხელისუფლებასთან შეჯერდებიან, მაშინ ისინი პარლამენტში შევლენ, რადგანაც საარჩევნო რეფორმას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ვარაუდობს, რომ შეთანხმება მარტის ბოლომდე მოხდება. თუმცა „ოცნებაში“ ჩნდება ეჭვი, რომ ოპოზიიცის ნაწილში მოლაპარაკებები და პლებისციტი არ აწყობთ, ამიტომაც დიალოგის წინ ჩნდება ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული ე.წ. ფარული ჩანაწერები, რომელსაც კონკრეტული დანიშნულება აქვს.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ორ-სამ დღეში ოპოზიციის მხრიდან კომპრომისულ ნაბიჯებს აანონსებს. თუმცა ოპოზიციაში არ იციან მდინარაძე რა კომპრომისულ ნაბიჯებს და ვისგან ელოდება. ამის პარალელურად კი, ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდის ატრიალების მცდელობაზე საუბრობს და ამბობენ, რომ ოპოზიციაში არიან დესტრუქციული ძალები, ვის ინტერესებშიც ამის გაკეთება შედის.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდის ატრიალებას იწყებს, რადგან ოპოზიციის მიზანია მოლაპარაკება ჩაიშალოს.
ამასთან, პაპუაშვილი გავრცელებული სატელეფონო საუბარს ეხმაურება, რომელშიც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ.
„მიხვდით, ჰო, რაც ხდება?! ევროპის საბჭოს პრეზიდენტი მედიატორობს და შეთანხმების გზებს ეძებს. შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, დილის პიკეტის მოწყობისთვის, ოპოზიციას ბოდიშები და დაანონსებული აქციების გადადება უწევს. ევროპა მკაცრად აკვირდება, რამდენად კონსტრუქციულია ოპოზიცია დიალოგში და რეაქციებიც არ აყოვნებს.
ბოლო დღეები ვხედავთ, რომ ჰაერში შეთანხმების სუნი ტრიალებს... ჰოდა, ჰოი საოცრებავ, რას აკეთებს ოპოზიცია, ალბათ, რიგმა მოუწია და, ამჯერად „ლელოს“ და „ტვ პირველის“ ხელით...
...უკვე მერამდენედ. როცა შეთანხმება ახლოსაა, იწყებენ მაგიდის ატრიალებას. პირველ ჯერზე საკუთარი პარტიის თავმჯდომარეც კი გააქციეს პარტიიდან, ეს ვისთან მქონია საქმეო. ამ ჯერზე, არ მგონია, გამოუვიდეთ. ევროპის გზავნილი აშკარაა: ან იქცევიან კონსტრუქციულად და პასუხისმგებლიანად, ან რჩებიან სამი ტელევიზიის სტუდიებს შორის მომთაბარე მარგინალებად.
არადა, როგორ ხელის გულზე დევს ყველაფერი... რა პასუხისმგებლობაზე და სამშობლოს სიყვარულზეა საუბარი, ერთადერთ მიზნად მოლაპარაკების ჩაშლა რომ გაქვს. ასე იცის, ხალხის ნაცვლად ბაბლზე რომ მუშაობ. გამოდით ბაბლიდან, გამოდით... გარეთ მზეა. ცაც, ტელესტუდიებისგან განსხვავებით, უღრუბლო. ხალხს დაენახეთ და ხალხი დაინახეთ. ხუთი წუთი მაინც დაფიქრდით რამეზე ძალაუფლების ხელში ჩაგდების გზების ძიების გარდა“, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
„ვფიქრობ, ეს ჩანაწერი გამოგდებულია იმისთვის, რომ მოლაპარაკების პროცესს საფრთხე შეექმნას“, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
„მეორე საკითხია თვითონ იმ საკითხების მორალური გარჩევა, რომელიც ამ ვიდეოშია და საზოგადოებაში, ფაქტობრივად ყველა მოსამართლე, მსაჯული გახდა ამ საქმის. ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი გამოგდებულია იმისთვის, რომ მოლაპარაკების პროცესს საფრთხე შეექმნას. არ ვიცნობ „ქართული ოცნების“ შიდა ინფრასტრუქტურასა და არქიტექტურას, მე ხომ არ ვიცი შიგნიდან ვის შეიძლებოდა რამე ჩანაწერი გამოეტანა, ან არ გამოეტანა, ასევე არ ვიცი პირობითად როდინდელი ჩანაწერების ნაკრებია ეს, შესაბამისად, ბევრი უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ მოლაპარაკების პროცესის წინ ასეთი ჩანაწერების გამოგდება იკითხება, როგორც პირდაპირი მიზანი, მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, როდესაც ეუთო/ოდირის დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო, ამის შესახებ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასწარ შეიტყო, ამის გადასაფარად სხვადასხვა აუდიოფაბრიკაციების გზით ყალბი ჩანაწერი შექმნეს. აბაშიძე ამბობს, რომ ენმ-მა როცა შეიტყო, რომ ამ დასკვნის მიხედვით არანაირი არჩევნების გაყალბებაზე არ არის საუბარი, მაშინვე არასრუწლოვანი ბერას და მაშინდელი „ქართუს“ ხელმძღვანელ ღარიბაშვილს შორის ფარული მიყურადების შედეგად ჩაწერილი სხვადასხვა აუდიო ფაილებიდან საუბარი შეკრეს, რომლის მეშვეობითად საზოგადოების ტერორში ყოლა უნდათ.
„ამ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ერთი ის, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, ნაციონალებს აღარ აქვთ იმის საშუალება, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოითხოვონ. ეს არის უსუსური მცდელობა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ თვითდაზიანებებს იყენებს და საბოლოოდ საზოგადოებას საკუთარ თავს კიდევ ერთხელ ახსენებს. ამ შეთითხნილ ჩანაწერების დანიშნულება ასევე ის არის, რომ მოლაპარაკების პროცესი ააყირაონ. ამით „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციას აფრთხილებს, რომ თუკი მათი დღის წესრიგით არ იმოქმედებენ მათაც იგივე ბედი ეწევათ. ნაციონალები ამით ორი კურდღლის დაჭერას აპირებენ, ერთი მხრივ ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდას უყირავებენ და მეორე მხრივ ოპოზიციას აშანტაჟებენ“, - აცხადებს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ეს არის ბოლო ფაზა ნეგატიური საინფორმაციო ომისა, რადგანაც ნაციონალებს ფარული ჩანაწერებით ბრძოლის გარდა სხვა არაფერი აღარ დარჩენიათ. ისინი ცდილობენ საკუთარი კოლეგების დაშანტაჟებას და ხელისუფლების ჩირქის მოცხებას. აბაშიძე ამბობს, რომ საზოგადოება ნაციონალების ამ შანტაჟს არ წამოეგება და ყველამ კარგად იცის, ეს ძალა რასაც წარმოადგენს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დაადგინოს და მის ინტერესებში უნდა შედიოდეს საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ მოცემული საუბარი ფალსიფიცირებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება თაკო სალაყაიას და ბერა ივანიშვილის მიერ გაცემულ დაკვეთებს შორის განსხვავებას ვერ იპოვის. ძაბირაძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია ოპოზიციამ ამის გამო მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე უარი თქვას, რადგანაც აქ ქვეყნის ინტერესები დგას და ამის გამო პოლიტიკური პროცესები უმართავი არ უნად გახდეს.
„რა თქმა უნდა, გამორიცხული არაა და ვერავინ იტყვის იმას, რომ ნაციონალების ინტერესში არ შედის მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნება. ეს არის მათთვის ჩვეული ხელწერა და პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი. თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ხელისუფლება ამ ჩანაწერის გამოკვლევით თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რადგანაც თუ ეს არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერი, საზოგადოება ამის გარკვევას იმსახურებს. კი ბატონო, ლოგიკურია და საეჭვოა მოლაპარაკებების წინა პერიოდს დროში ასე რატომ დაემთხვა. უბრალოდ, ეს ამბავი აუცილებლად გასარკვევია, რადგანაც თუ აუდიო მასალა დამონტაჟებულია, ტელევიზიამ ნება იბოძოს და წყარო გაამხილოს. მაშინ აქაც კანონმდებლობის დონეზე რაღაცეებია შესაცვლელი. ამის გამო კი ოპოზიციამ მოლაპარაკება არ უნდა ჩაშალოს. თუ ღარიბაშვილთან დაჯდომა არ უნდათ, მაშინ „ოცნებაში“ არიან სხვა ადამიანები და მათთან დასხდნენ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან.