მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ისაკაძესა და „ქართუ ბანკს“ შორის არსებული დავის შესახებ, კიდევ ერთი ახალი გარემობა იკვეთება. საქმე ეხება გახმაურებულ ისტორიას, როდესაც ქვეყნის ყოფილ ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლით, სხვადასხვა ბიზნესჯგუფებმა „ქართუ ბანკი“ დაახლოებით 125 მილიონ ლარზე მეტით აზარალეს. როგორც for.ge-სთვის გახდა ცნობილი, ისაკაძე თავად აპირებს სარჩელის შეტანას ამ საქმესთან დაკავშირებით და მათ შორის, იმ ქონებაზეც იდავებს, რომელიც დღეს რატომღაც თბილისის მერიის ბალანსზე ირიცხება.
სავარაუდოდ, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიერ ორგანიზებული სქემის თანახმად, იმ დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ პოლიტიკურ ოპონენტთან, ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული ბანკის მოვალეებმა სახელმწიფოს წინაშე საეჭვო წარმომავლობის დავალიანებები აღიარეს.
იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა უკვე მომზადებული ჰქონდა, ბანკში დაგირავებული ქონებები სახელმწიფომ გადაიფორმა. მოგვიანებით კი, ბანკის გირავნობისგან გათავისუფლებული ქონებები, სხვადასხვა გზებით, ისევ ყოფილ მფლობელებს დაუბრუნდა.
ცნობილია, რომ დღეისათვის სქემაში მონაწილე ყველა კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს. სანდო წყაროების ინფორმაციით, ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის შემდეგ, ამ კომპანიების წარმომადგენლები ბანკთანაც ცდილობენ ურთიერთობების დალაგებას.
რაც შეეხება, გიორგი ისაკაძეს, რომლის კომპანიებს შპს „ლოგოს“ და ამხანაგობა „თეთრ სახლს“, რომლებსაც „ქართუ ბანკის“ 5,5 მილიონი დოლარის დავალიანება გააჩნდათ. როგორც თავის დროზე ისაკაძე აცხადებდა, მან ზემოთხსენებულ სქემაში მონაწილეობაზე უარი თქვა და არც პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას დალოდებია, რომ „ქართუ ბანკთან“ არსებული პრობლემის მოგვარებაზე ეზრუნა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ისაკაძის კომპანიებს სახელმწიფოს წინაშე მართლაც ჰქონდა დაახლოებით 5 მილიონ ლარიანი დავალიანება, რომელიც შპს „ლოგოს“–ს და ამხანაგობა „თეთრ სახლს“ გაყიდული პროდუქტის დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით დაუგროვდა. მოგვიანებით, საგადასახადო სამსახურის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ამ დავალიანებას საურავებიც დაეკისრა და ისაკაძის კომპანიებს სულ 12 მილიონ ლარზე მეტი ლარის სანაცვლოდ ბალანსზე არსებული მთელი ქონება ჩამოართვეს.
სანდო წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ ხსენებული კომპანიების რეალური დავალიანება სახელმწიფოს მიმართ გაცილებით ნაკლები იყო და საგადასახადო სამსახურების მაღალჩინოსნების ზეწოლით, ისაკაძის ჯარიმა-საურავები ხელოვნურად გაიზარდა.
თავად, ისაკაძე დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ამ და სხვა დეტალების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახელმწიფოსთან გარიგებაში შესულ სხვა კომპანიების მფლობელებს სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული ქონება უკან დაუბრუნდათ, ამ ბიზნესმენებს ბანკის დაზარალების მიზნით, აღიარებული დავალიანებებიც ჩამოაწერეს.
საპირისპირო მოხდა გიორგი ისაკაძის კომპანიებთან დაკავშირებით. შპს „ლოგოსს“ და ამხანაგობა „თეთრ სახლს“ „ქართუ ბანკში“ დაგირავებული ქონება მართლაც ჩამოართვეს, თუმცა, ამ კომერციული სტრუქტურებისთვის ქონებების დაბრუნება არ მომხდარა. უფრო მეტიც, ისაკაძის კომპანიებს არც საგადასახადო შეთანხმებით უსარგებლიათ, ანუ, შემოსავლების სამსახურს ამ კომპანიების დავალიანება სრულად არ ჩამოუწერია. ეს იმ დროს, როდესაც ადეიშვილის მიერ ორგანიზებულ სქემაში მონაწილე სხვა კომპანიებს, მათ მიერ აღიარებული დავალიანებები, პრაქტიკულად, სრულად აპატიეს და ზოგიერთმა კომპანიამ ლიკვიდიაციის, ანუ გაკოტრების პროცედურებიც მოამთავრა.
ზემოთხსენებული ოპერაციების განხორციელების შემდეგ, შპს „ლოგოს“-ს და ამხანაგობა „თეთრი სახლს“ ჯამში 3 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება მაინც დარჩა.
ამ გარემოებებით რიტორიკა - თითქოს გიორგი ისაკაძეც ისეთივე დამნაშავეა, როგორც ამ სქემის მონაწილე სხვა კომპანიების წარმომადგენლები, ეჭვქვეშ დგება, რადგან აშკარაა, რომ ისაკაძის საქმესთან დაკავშირებით განსხვავებული გარემოებები იკვეთება, რის შესახებაც დეტალურ საუბარს, ბიზნესმენი მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ აპირებს, სადაც სრულ და ფაქტობრივ მასალებს წარმოადგენს საზოგადოების წინაშე.
ერთადერთი დეტალი, რაც ისაკაძემ დაგვიდასტურა საუბრისას, ის არის, რომ რამდენიმე სარჩელის შეტანას გეგმავს, მათ შორის სახელმწიფოს წინააღმდეგაც, რაზეც აქტიურად მუშაობენ მისი უცხოელი კონსულტანტები და ადვოკატები.
ისაკაძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე, იგი არ სარგებლობს საადვოკატო მომსახურებით, რადგან ამის საჭიროება არ დამდგარა, ხოლო მისი პრეტენზიების სპექტრი ძალზედ მასშტაბურია, რომელიც სხვადასხვა ტიპის სარჩელებში გადავა უახლოეს მომავალში და ეს არ ეხება მხოლოდ კომერციულ სტრუქტურებს.
„ცალკეულ ეპიზოდებებზე, უპასუხისგებლო გადაწყვეტილებებზე და განცხადებებზე პასუხის გაცემა მოუწევს სახელმწიფოს და მის შესაბამის უწყებებსაც“,- აცხადებს ისაკაძე.
ცნობილია, რომ სარჩელი შედის იმ ქონებებზეც, რომელიც დღეს თბილისის მერიის ბალანსზეა და ადრე ისაკაძესთან დაკავშირებული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენდა.
„ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ ადეიშვილის მირ ორგანიზებულ სქემაში რამდენიმე ათეული ბიზნესჯგუფი მონაწილეობდა. მათ შორის არიან ვანო მერაბიშვილის უახლოესი გარემოცვის, ლაურა ღაჭავას და ძმები კოდუების, ცეზარ ჩოჩელის, „ბლოკ ჯორჯია“–ს მფლობელის ვახტანგ ჯანაშვილის და სხვა ოდიოზური ბიზნესმენების კომპანიები.
„ქართუ ბანკის“ ვერსიით, ამ სქემაში გიორგი ისაკაძის კომპანიებიც იყო ჩართული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისაკაძის პრეტენზიების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი სწორედ „ქართუ ბანკის“ ეს რიტორიკაა. თუმცა, ბიზნესმენი აკონკრეტებს, რომ სარჩელები მხოლოდ „ქართუსთან“ არსებულ დავას არ შეეხება. სავარაუდოდ, ისაკაძე საზოგადოებისთვის აქტუალურ და გახმაურებულ არაერთ საქმეებთან დაკავშირებით აპირებს სამართლებრივი დავების დაწყებას.
დღეისათვის „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ ორგანიზებულ სქემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ასეულობით ადამიანია დაკითხული, ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, ხოლო შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, შემოსავლების სამსახურის სხვა მაღალჩინოსნები და აღსრულების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა მელია, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.