ოპოზიციაში ნიკა მელიას დაკავება მეორე პლანზე გადავიდა. რადიკალურმა ოპოზიციამ ძველ მეთოდებს მიმართა და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება დაიწყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხმა ოპოზიციაში მეორე პლანზე გადაინაცვლა. ამჯერად, რადიკალურმა ოპოზიციამ ძველ მეთოდებს მიმართა და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება დაიწყო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი For.ge-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ის თავიდანვე წინააღმდეგი იყო, აღნიშნული ჩანაწერები გამოძიების შედეგების გარეშე განადგურებულიყო. დეპუტატის ეს მოსაზრება ასახულია ოქმში, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების განადგურებისას იქნა შედგენილი.
თავის დროზე, აღნიშნული ჩანაწერების შექმნაზე, საკმაოდ დიდი თანხაა გახარჯული, რადგან მაშინდელ ხელისუფლებას ყველა ადამიანზე ჰქონოდა კომრომატი, რომელსაც შემდეგ მათივე კონტროლისა და მართვისთვის გამოიყენებდა.
დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ახლა, ამდენი წლის შემდეგ უკვე რთული იქნება დადგენა, ვისი დავალებით ხორციელდებოდა ჩანაწერები, ვის ჰქონდა ჩანაწერებზე წვდომა და ვის მიუწვდებოდა ხელი მათ გატანაზე.
კახი კახიშვილი: პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ რაც მოხდა, ფაქტობრივად, ხელისუფლების ბრალია, „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, ვინაიდან 2013 წელს, როდესაც ფარული ჩანაწერების კომისია შეიქმნა, თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ერთხმად აცხადებდა, რომ გამოძიება საჭირო არ იყო, ისე უნდა განადგურებულიყო ყველა ჩანაწერი. იმ დროს აღნიშნული კომისიის წევრი გახლდით და განსხვავებული აზრიც კი გამოვაქვეყნე (კახა კახიშვილის განსხვავებულ აზრს მასალის ბოლოს შემოგთავაზებთ), არ დავეთანხმე და ვთქვი - აუცილებელია გამოძიება, რადგან აღმოვაჩინოთ სად, როგორ მოქმედებდა სისტემურად ფარული ჩანაწერების შეგროვების მანქანა და ვინ ხელმძღვანელობდა მას, რადგან ამის დადგენის გარეშე, შესაძლოა, ქვეყანას ან საზოგადოებას მომავალში შექმნოდა პრობლემები. ხოლო თუ მაინცდამაინც საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ამ ჩანაწერების როგორც დამკვეთები, ისევე შემსრულებლები არ უნდა დაისაჯონ, მაშინ გამოძიების შედეგად ჯერ, პირველ რიგში გამოვკვეთოთ ამ დანაშაულის ჩამდენი პირები და შემდეგ ვიმსჯლოთ მათ მიმართ სანქციების გამოყენება-არ გამოყებაზე. ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი, რომ შესაძლებელია, ამ მასალების დიდი ნაწილი უკვე გატანილია და გამოძიების გარეშე ვერ გავარკვევთ, დღეს ვის ხელშია ეს ჩანაწერები და მომავალში როდის გამოქვეყნდება ან დაგვხვდება წინ.
ალბათ, გახსოვთ, შემდგომში ძველი არქივიდან სექსუალური ხასიათის ჩანაწერები რომ გამოქვეყნდა. ყველაზე დიდი პარადოქსი ის იყო, რომ ამ ჩანაწერების გამოქვეყნება გააპროტესტეს იმ ადამიანებმა, რომლებიც თავის დროზე, გამოძიების გარეშე ითხოვდნენ ჩანაწერების განადგურებას. თუმცა ალბათ დაავიწყდათ, რომ ეს მასალები იმ არქივთანაა დაკავშირებული, რომელიც 2012 წლამდე დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული და არავინ იცის, ასეთი რამდენი ჩანაწერია ან სად ინახება. სამწუხაროდ, დღეს ვსხედვართ და ველოდებით ახალ სერიებს.
ოპოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, რამდენად რელევანტურია ეს მოთხოვნა?
- რიგგარეშე არჩევნებზე ჯერ კიდევ არჩევნების მიმდინარეობის პროცესში იყო საუბარი იმ საფუძვლით, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობდნენ და მეტიც, ბანერებიც კი, არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, წინასწარ ჰქონდათ შეკვეთილი. ამავდროულად, ამ პროცესში ჩართეს ისეთი პარტიებიც კი, რომლებსაც საარჩევნო კამპანიისას მათ მიერვე შეკვეთილ ეგზიტპოლებში დაბალ შედეგებს უჩვენებდნენ. ახლა კი, ამ ადამიანებთან ერთად გაყალბებაზე საუბრობენ, თითქოს, იმ პარტიების შედეგები თითქმის ზუსტად არ დაემთხვა თავის დროზე მათ მიერვე გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებს.
კამპანიის ისეთ მასშტაბებს ვერ მიაღწიეს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი დამდგარიყო. როდესაც ეს ნახეს, ყველა საბაბს იყენებენ, რათა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
ახლა, როცა ჩანაწერები გამოქვეყნდა, თუ ობიექტური ჭეშმარიტება აინტერესებთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კი არა, ჩანაწერებთან დაკავშირებით სამართლიანი გამოძიება უნდა მოითხოვონ, ეს არის ლოგიკური. ანუ, მიზანი რა არის? - მიზანი ერთადერთია - როგორმე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე დაიყოლიონ ხელისუფლება. თუმცა, მათი ამოცანა და მიზანი სულაც არ არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რადგან თავადაც კარგად იციან, რა შედეგითაც დასრულდება. მათი ამოცანაა, ლოზუნგით, ვითომ წაერთვათ სამართლიანი არჩევნების უფლება, მოვიდნენ ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით.
ანუ, მათ რიგგარეშე არჩევნებიც არ სურთ?
- არჩევნები და საარჩევნო გარემო რომ აინტერესებდეთ, სულ მცირე, საარჩევნო კოდექსზე მაინც იმუშავებდნენ, ვიდრე რიგგარეშე არჩევნებზე ისაუბრებდნენ. მაგრამ ათი არჩევნებიც რომ დაინიშნოს, იციან, ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ამიტომ, ყველა საბაბს იყენებენ მოსახლეობაში საპროტესტო ტალღის ასაგორებლად. ნახეთ, ჩანაწერები როგორ გამოაქვეყნეს - თითქოს, აღნიშნული ჩანაწერები ახლანდელი მოპოვებულია, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. არადა, ძალიან კარგად იციან, როდის არის ჩაწერილი. ამიტომაც არ გამოიყვანეს იმ ბავშვების მშობლები და არ ჩაწერეს, რომ სიმართლე არ გაერკვიათ. ხედავთ, ტექსტში ჟურნალისტი აცხადებს, თითქოს, სცემეს და ა.შ. საბოლოო ჩანაწერებში კი გაირკვა, რომ ბოდიშებზე იყო საუბარი, მაგრამ მოსახლეობას განცდას უქმნიან - ეს რა ბინძური მთავრობა გვყავს. ეს მანქანა ძალიან მძლავრად მუშაობს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში ჩემზე გავიდა სიუჟეტი და ერთ ქორწილთან დამაკავშირეს. თოთქოს, ჩემი მფარველობით პანდემიის დროს ქორწილი გაიმართა, თუმცა, იქ მიწვეულიც არ ვიყავი, ასევე არც ნეფეს და არც პატარძალს ვიცნობ. ყველაზე დიდი ნონსენსი კი, ის იყო, რომ სულ სხვა თემაზე, სხვა დროს ჩაწერილი ჩემი კომენტარი გამოიყენეს ამ სიუჟეტისთვის, თითქოს, ამ ქორწილთან დაკავშირებით მკითხეს და ვუპასუხე: „რა ვქნა, ზოგჯერ გამონაკლისები ხდება“. ზუსტად ეს არის ფალსიფიკაცია, რათა შემდგომში ადამიანებში შექმნან განწყობა, რომ ეს რა უმოქმედო და ცუდი მთავრობა გვყავს. პარალელურად, სამართალდამცავი სტრუქტურების დემორალიზებას ახდენენ, ფაქტობრივად, დღეს არ ტოვებენ, რომ პოლიციაზე, სპეცსამსახურებზე, პროკურორებზე, სასამართლოზე ნეგატიური სიუჟეტი არ გააკეთონ. პარალელურად ზეწოლისა და მუქარის შემცველ განცხადებებსაც კი აკეთებენ, სადაც ამბობენ, რომ იციან ამ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების ვინაობა და ხვალ-ზეგ მიაკითხავენ. ასევე, ანგრევენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების იმიჯს. ფაქტობრივად, დღეს ხდება ის, რაც 2003 წელს მოხდა.
და, რაც ყველაზე მთავარია, დღეს ის ხალხი გამოდის, ვისი მმართველობის პერიოდშიც ფარული ჩანაწერების მთელი ფაბრიკა მუშაობდა. ეს ხალხი ჩადენილზე კი არ აგებს პასუხს, არამედ ჩანაწერის შინაარსზე საუბრობენ და ჩანაწერის ფიგურანტების გამოძიების შედეგად დასჯას ითხოვენ. დღეს ითხოვენ გამოძიებას, როცა 2011 წელს სწორედ თავად იყვნენ ხელისუფლებაში და თუ მიაჩნდათ და მიაჩნიათ, რომ ამ ჩანაწერებში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაშინ გაუგებარია, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რატომ დატოვეს რეაგირების გარეშე, არ დაიწყეს გამოძიება და ეს ყველაფერი გაახსენდათ მხოლოდ დღეს.
თქვენ 2013 წელს უშვებდით, რომ შესაძლებელი იყო, ჩანაწერები ქვეყნის გარეთ გასულიყო. როგორ ფიქრობთ, დღეს ეს ჩანაწერები უკრაინაშია და იქიდან ხდება მათი გამოქვეყნება?
- არ ვიცი უკრაინაშია, რუსეთში, საქართველოში თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში. ფაქტია, რომ ამ ჩანაწერებზე იხარჯებოდა უზარმაზარი ფული, არ იხარჯებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს აინტერსებდა ვიღაცის პოლიტიკური ორიენტაცია ან ინტიმური ცხოვრების დეტალები, ამას იწერდნენ და ინახავდნენ, რათა ყველა ადამიანზე, პოლიტიკოსზე, საზოგადო მოღვაწეზე ჰქონოდათ კომპრომატი. მაშინაც კი ვამბობდი, რომ სანამ ამას გაანადგურებთ, გამოძიება ერთი მხრივ იმისთვისაა საჭირო, დავადგინოთ, ვინ უკვეთავდა და ვინ ასრულებდა ამ ყველაფერს, სად ინახებოდა ან ვის ჰქონდა წვდომა ასეთი ტიპის ჩანაწერებზე, რათა შემდგომში დაგვედგინა, ვის შეეძლო გაეტანა. მეორე მხრივ, გამოძიება უნდა დაწყებულიყო ყველა ნორმის დაცვით, ისე, რომ არ გამჟღავნებულიყო და საზოგადოებაში არ გავრცელებულიყო ფარული ჩანაწერების დეტალები. გამოძიებისთვის გრიფი „საიდუმლო“-ც კი უნდა დაედოთ, გამოძიების დროს დაზარალებულისთვისაც უნდა ეკითხათ, ხომ არ აღმოჩნდა რომელიმე დაშინების ან მუქარის მხვერპლი, ხომ არ დაიბარეს და მათი ჩანაწერების ჩვენების და გავრცელების მუქარით ხომ არ მოსთხოვეს უკანონობის ჩადენა. ყველა დეტალი იყო გასარკვევი.
სამწუხაროდ, ჩვენი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ტრენდულად ფიქრობს. მაშინაც კი, ჩემდა სამწუხაროდ, პირი შეკრეს ისე, რომ სამართლებრივ საფუძვლებს არ შეხედეს, ყველა კარი აატალახეს, მათ შორის, ევროკავშირის და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, მიაღწიეს შედეგს - ხელისუფლებას გამოძიების დაწყების გარეშე ფაქტობრივად გაანადგურებინეს ნივთმტკიცებები. ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ თავადვე აცხადებდნენ - რატომ არ გამოიძიეთ. კითხვა რომ დავსვი, კი, მაგრამ თქვენ არ იყავით ის ხალხი, განადგურებას რომ ითხოვდითთქო? პასუხი მივიღე შემდეგი - ჩვენ რა, ჩვენ პასუხისმგებლობა არ გვქონდა, ხელისუფლებაში ვინც იყო, პასუხისმგებელიც ის გახლდათო. მინდა, გთხოვოთ ჩემი განსხვავებული მოსაზრება გამოაქვეყნოთ, რომელიც მაშინ განადგურების ოქმსაც დაერთო.
ახლა თუ დაიწყება გამოძიება?
- გამოძიების დაწყება ძალიან მარტივია, მაგრამ რთული იქნება გამოძებისთვის სრული ობიექტურობის დადგენა. შეიძლება, ეპიზოდურად რამე დაადგინონ, თუმცა რთული იქნება ამდენი წლის გასვლის შემდეგ იმის დადგენა, ვის მიუწვდებოდა ხელი ჩანაწერებზე, მათ გატანასა თუ გავრცელებაზე. რა თქმა უნდა, იმან გაიტანა, ვისაც წვდომა ჰქონდა; რა თქმა უნდა, წვდომა ბევრ ხალხს არ ექნებოდა, თუნდაც სამართალდამცველი სისტემის თანამშრომლებს. ამიტომ, ახლა გამოძიება სერიოზულად გართუდება, თუმცა გამოძების ჩატარება ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა.
აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჯერ დუმილი არჩია, შემდეგ კი, გაუგებარი კომენტარი გააკეთა. როგორ ფიქრობთ, რატომ იქცევა ასე ომბუდსმენი?
- სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, როდესაც მის განცხადებებს თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ემოციურ ფონზე უფრო აკეთებს, ვიდრე ობიექტურ ფაქტებზე. არ ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით რა აინტერესებს - გინება და თუნდაც, არანორმალური ლექსიკით საუბარი, თუ ის, საიდან აღმოჩნდა ეს ჩანაწერები?! მოდი, ვთქვათ ერთი, პირველ რიგში, ეს შანტაჟი უნდა დასრულდეს. ამავდროულად, გამოძიებაც უნდა ჩატარდეს და დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ძალადობას ადგილი. რომელ წლებში იყო ჩანაწერები გაკეთებული. ასევე, მათი ავთენტურობაც უნდა დადგინდეს. პირველი არის, ამ ჩანაწერების მოპოვების დრო, მექანიზმები, ხომ არ იყო დამონტაჟებული. მეორე მხრივ, გამოძიების ფარგლებში ასევე უნდა გაირკვეს, ხომ არ ყოფილა ვინმეზე ზეწოლა.
დასავლელი პარტნიორების მხრიდან იქნება გამოხმაურება და აღნიშნული საკითხი ეუთო/ოდირის ანგარიშში შევა?
- აღნიშნულ ჩანაწერებს არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს. თქვენც ხვდებით, რომ ეს ჩანაწერები გაცილებით ადრეა გაკეთებული, ვიდრე 2020 წლის არჩევნები. ამიტომ, არანაირი კავშირი ოდირის დასკვნასთან ამას არ აქვს და მისი განხილვა შეუძლებელია. არჩევნებთან კავშირში რომ არ არის, ფაქტია, თუმცა ისიც ფაქტია, გადაფარვისთვის კარგად იმუშავა, ნახევარი საქართველო ამ გადაცემას ელოდებოდა.
ამ ჩანაწერების შემდეგ, ოპოზიცია ისევ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე ალაპარაკდა და ის მოლაპარაკებები, რომელიც უნდა გამართულიყო, ჩაიშალა?
- არ ვიცი. არ ვარ ჩართული პარტიულ საქმიანობაში. შესაბამისად, არც ის ვიცი, ვინ ვის ელაპარაკება ჩვენი გუნდიდან. სამწუხაროდ, ზოგჯერ გვიან ვიგებ რაღაცებს. ამიტომ, ინფორმაცია არ მაქვს მოლაპარაკებების შესახებ ან მისი გამართვის თარიღებზე. ვიცი მხოლოდ ის, რაც პრესაში გამოდის. რამდენადაც ვიცი და „ქართული ოცნების“ მხრიდან რა განცხადებებიც გაკეთდა, პირდაპირ აცხადებენ, რომ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ არის. იმის იქით კულუარებში რა არის, არ ვიცი.
ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ არჩევნების რეფორმებთან დაკავშირებით წინააღმდეგი წახვედით, კონკრეტულად კი მაჟორიტარების მხრივ...
- ეს იყო საკითხი, რომელზეც პლენარულ სხდომაზე განვაცხადე მას შემდეგ, რაც სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. თურმე, მაჟორიტარული სისტემა შეიძლება, შეიცვალოს და თვითმმართველობაში მაჟორიტარების რაოდენობა შეიკვეცოს. თავად თვითმმართველობის არსი რას ნიშნავს - უშუალო კონტაქტს მოსახლეობასთან. თვითმმართველობის არჩევნები ბევრად განსხვავდება საპარლამენტო არჩევნებისგან. თვითმმართველობა პირდაპირ ნიშნავს, იყო კომუნიკაციაში ადამიანებთან, რათა თავად მართონ პროცესები, რომელიც საჭიროა რაიონის განვითარებისთვის. სად გინახავთ პროპორციულად არჩეული დეპუტატი ასე ხშირად დადიოდეს მოსახლეობასთან? ერთი საკითხია, რომ შეიძლება, მაჟორიტარად არჩეული დეპუტატი ვარგოდეს ან არ ვარგოდეს, შეიძლება, ვიღაც არ მოგწონდეს, ნაკლებად ხვდებოდეს ხალხს, ვიღაც მეტს აკეთებდეს, მაგრამ აქ პიროვნებებზე არ არის საუბარი, საუბარია სისტემაზე. სისტემა უნდა იყოს იმისთვის, რომ ხალხთან მეტად იყო კომუნიკაციაში. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“, როგორც ყველა სხცა მთავრობა ვერ დაიტრაბახებს იმით, რომ ხალხთან მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს. ამიტომ, კიდევ ისეთი მექანიზმების მოფიქრება და ცვლილებები, რითაც კიდევ უფრო მოწყდები ხალხს, დაუშვებელია. პლენალურ სხდომაზე პირდაპირ განვაცხადე, რომ ამას მხარს არ დავუჭერდი. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც ორი ან სამი პარტიის გადასაწყვეტია. ეს ეხება პირდაპირ ხალხს. ამიტომ, ერთი მხრივ აუცილებლად მიმაჩნია, ამ საკითხის განხილვაში საჭიროა თვითმმართველობის ექსპერტების ჩართვა, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების. ეს საკითხი კონსენსუსით უნდა გადაწყდეს. კიდევ ერთი კითხვა - პროპორციულად არჩეული რას გააკეთებს რაიონისთვის? მაჟორიტარს ის მაინც ევალება, რომ ბიურო ჰქონდეს, მოსახლეობას შეხვდეს და განცხადებები მიიღოს. პროპორციული წესით არჩეულს საერთოდ არ ევალება ეს. რას მივიღებთ? მივიღებთ იმას, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია შეწყდება და უკმაყოფილობა ქუჩაში გამოვა. ვფიქრობ, ძალიან კარგად ესმის ოპოზიციას ეს. მათი მიზანი ის კი არ არის, რომ არჩევნების სისტემა შეიცვალოს, მიზანია, ხალხი უფრო მეტად გავაბრაზოთ, რომ მერე გაბრაზებულმა ხალხმა ჩამოგვაგდოს.
უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხზე
მომუშავე დროებითი კომისიის წევრის - კახა კახიშვილის განსხვავებული აზრი
2013 წლის 3 სექტემბერს უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხზე მომუშავე დროებითმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შსს სამინისტროს თანამშრომლების მიერ წლების მანძილზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მასალების იმ ნაწილის განადგურების თაობაზე, რომელიც მოქალაქეების პირად (სექსუალურ) ცხოვრებას შეეხება.
ვადასტურებ პატივისცემას კომისიის წევრებისა და მათი გადაწყვეტილების მიმართ. მადლობელი ვარ, რომ კომისიამ გაითვალისწინა ჩემი და ჩემი თანამოაზრეების არგუმენტები და არ მიიღო გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროში აღმოჩენილი დანაშაულებრივი გზით მოპოვებული უკლებრივ ყველა ფაილის განადგურების შესახებ, რის შედეგადაც უზრუნველყოფილია დიდწილად საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცულობა. თუმცა,მიუხედავად ამისა მიმაჩნია, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოკლებულია, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო სამართლებრივ საფუძვლებსა და სტანდარტებს.
ვინაიდან, მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შეუსაბამობის დასადასტურებლად სახეზეა გაცილებით მეტი სამართლებრივი არგუმენტი, ვიდრე მიღებული გადაწყვეტილების სისწორის დამადასტურებელი, შევეცდები მხოლოდ ძირითად და სამართლებრივ არგუმენტებზე გავამახვილო კომისიისა და საზოგადოების ყურადღება:
1) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში აღმოჩენილი დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მასალა წარმოადგენს ნივთიერ მტკიცებულებას, ანუ მასალას, რომელიც წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან - თვისებებითა და მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებული უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის საქმესთან, რომლის გამოძიების შედეგად, მითითებული მტკიცებულებათა დახმარებით უნდა დაედგინა დამნაშავე პირები - დამკვეთები და შემსრულებლები, ასევე უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო დაზარალებულ პირთა შელახული უფლებების დაცვა. ამასთან, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აღმოჩენილი მასალა წარმოადგენს ზღვაში წვეთს იმ მასალასთან შედარებით, რომელსაც სხვადასხვა მიზნითა და მოტივით დანაშაულებრივი გზით მოიპოვებდნენ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები, ხოლო ამ მასალის დიდი ნაწილი გატანილია. გაუგებარია, როგორ უნდა დადგინდეს დეტალური გამოძიების გარეშე ამ მასალის გამტანების ვინაობა, უზრუნველყოფილ იქნეს მათი ადგილსამყოფლის დადგენა, ამოღება და დამნაშავე პირების პასუხისმგებლობა. აქვე მსურს აღვნიშნო - აზრი, იმის შესახებ, თითქოს ყოველივეს უზრუნველყოფა მოხდება დარჩენილი მასალის გამოყენებით - არგუმენტად ვერ გამოდგება, ვინაიდან თითოეულ ცალკე აღებულ დანაშაულს საკუთარი დამკვეთი და შემსრულებელი ჰყავს, ასევე დანაშაულის ჩადენის განსხვავებული მოტივები, ხოლო თუ ასეთი - ერთი პიროვნება ან ერთი ჯგუფია, აღნიშნულიც სწორედ გამოძიების ფარგლებშია დასადგენი.
2) ხსენებული მასალის დახმარებით გამოძიების შედეგად, შესაძლებელი იყო იმ მოტივებისა და განზრახვის დადგენა, რომელიც საფუძვლად დაედო ასეთი ტიპის სისტემური დანაშაულის მომზადებასა და ჩადენას. კერძოდ, ვინაიდან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, იმის შესახებ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლები წლების განმავლობაში შერჩევით, მიზანმიმართულად აწარმოებდნენ დანაშაულებრივი გზით მოქალაქეების მიყურადებასა და თვალთვალს, გამოძიებას უნდა დაედგინა აღნიშნულის მოტივები: ხომ არ ჰქონდა ადგილი მაკომპრომიტირებული მასალების გამოყენებითა და გასაჯაროების მუქარით ადამიანების მიმართ შანტაჟს, წამებას, დანაშაულში ჩათრევას ან იძულებას. მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დამდგარიყო სასტუმროების იმ თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მოქმედებით თუ უმოქმედობით ხელი შეუწყეს დანაშაულის ჩადენას და უკანონოდ, სასტუმროების ნომრებში დამნაშავე პირებს დაამონტაჟებინეს ფარული კამერები, ხოლო თუ ასეთი პირების მიმართ შსს თანამშრომლების მხრიდან, გამოძიება დაადგენდა ზეწოლასა და შანტაჟს - ესეც იქნებოდა კიდევ ერთი ღირებული ჩვენება სისტემური დანაშაულის მტკიცების პროცესში. ამასთან, გამოძიებას უნდა დაედგინა და შესაბამისი კვალიფიკაცია მიენიჭებინა ყველა იმ პირის მოქმედებისათვის, რომლებმაც საცხოვრებელ სახლებში, სასტუმროებსა და ოფისებში ფარული კამერებისა და მოსასმენი აპარატურის უკანონოდ დამონტაჟებას შეუწყეს ხელი.
3) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არეგულირებს მტკიცებულებათა დართვის, შენახვის და განადგურების წესს. ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, გამოძიებისთვის ღირებული მასალის, სისხლის სამართლის საქმეზე დართვას წყვეტს გამომძიებელი, ხოლო განადგურებას - სასამართლო. ამრიგად გაუგებარია და მოქმედ კანონმდებლობასთან შეუთავსებელია გამოძიებისა და სასამართლოს კომპეტენციაში კომისიის მხრიდან უხეშად ჩარევა.
4) საზოგადოების რამდენიმე წევრის მიერ გამოთქმული მოსაზრება - თითქოს საქართველოს ოპერატიულ- სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის ნორმათა შესაბამისად, უკანონოდ მოპოვებული მასალის შენახვა აკრძალულია და ამ მიზეზით ეს მასალა უნდა განადგურდეს, არგუმენტად ვერ გამოდგება, ვინაიდან კანონი ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შესახებ, არეგულირებს ოპერატიული თანამშრომლების საქმიანობას, კომპეტენციას და უფლება - მოვალეობების ზღვარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ კანონის უხეშად და სისტემატიურად დარღვევა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ თანამდებობრივ დანაშაულს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ფაქტი აუცილებლად უნდა იყოს სრულყოფილად გამოძიებული, ხოლო დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნასა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს ადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი,რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მკაფიოდ არეგულირებს და ადგენს გამოძიების მიმდინარეობას, მტკიცებულებების მოპოვების, დართვისა და განადგურების წესებს და ასეთი გადაწყვეტილებების მიმღებ დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს - გამოძიების ორგანო და სასამართლო.
5) არგუმენტად ვერ გამოდგება ვერც ის მოსაზრება, თითქოს არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი მე-8 მუხლი, ევროპის საბჭოს საერთაშორისო სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვით, თურმე ასეთი საქმეების გამოძიება არ შეიძლება, ვინაიდან ეხება მოქალაქეების პირად ცხოვრებას. წარმოუდგენელია, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი ტიპის დანაშაული არ გამხდარიყო სრულყოფილი გამოძიების საგანი, ხოლო ფაქტობრივი მტკიცებულებები განადგურებულიყო. სწორედ ამ კონვენციის მუხლები დაარღვიეს იმ შსს-ს თანამშრომლებმა, რომლებიც აწარმოებდნენ პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევას და ზუსტად ამის გამო უნდა დადგეს მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ხოლო ამ მასალის განადგურებით, ფაქტობრივად შესაძლებელია დამნაშავე პირებმა თავი აარიდონ პასუხისმგებლობას. ამასთან, ვალდებული ვარ აღვნიშნო, რომ მიუხედავად ხშირი აპელირებისა ევროპულ კონვენციასა და მის პრეცედენტულ სამართალზე, ჩემს მიერ არაერთგზის დასმულ კონკრეტულ თხოვნაზე წარმოდგენილი ყოფილიყო თუნდაც ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან, რომელიც დაადასტურებდა მასალის განადგურების აუცილებლობასა და გამოძიების შეწყვეტის მიზანშეწონილობას, კონკრეტული პასუხი დღემდე არ მიმიღია.
6) ბატონი ტომას ჰამერბერგის რეკომენდაციაში აღნიშნული მოსაზრება, რომ ეს მასალა უნდა განადგურდეს, ჩემს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან ევროკომისიის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა - უნდა განადგურდეს ის მასალა, რომელიც გამოძიებისთვის არ არის ღირებული, თუმცა ვიდრე გამოძიება არ გადაწყვეტს, რომელი მასალაა ღირებული, რომელი უნდა განადგურდეს და რომელი -არა, გაუგებარია როგორ ღებულობს კომისია ასეთ გადაწყვეტილებას და რა კრიტერიუმებით ადგენს, რომელი მასალაა გამოძიებისთვის ღირებული ან რომელი - არა.
7) არგუმენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამნისტიის და ამ მიზეზით გამოძიების არ დაწყების თაობაზე ასევე ვერ იქნება ჩემს მიერ გაზიარებული, ვინაიდან მსოფლიო სამართლის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომლის დროსაც გამოძიების გარეშე, არაპროცესუალურ პირს ან პირებს მოეხდინათ დანაშაულის საბოლოო კვალიფიკაცია და იქვე განესაზღვრათ ამ მუხლით ჩადენილი დანაშაულის ამნისტირება. გარდა აღნიშნულისა, საქმის ვითარების გაცნობის შედეგად (არა საბოლოო კვალიფიკაციით), იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ისეთი მუხლებიც, რომლებიც არ ყოფილა ამნისტირებული, მაგალითად: სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, გაფლანვა (საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის ნაწილში), იძულება, წამება და ა.შ. აღნიშნულის დადასტურება - უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ სრულყოფილი გამოძიების პირობებში, რაც სამწუხაროდ, ამ ნაწილში, ვეღარ ჩატარდება.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ კომისიის გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თამამშრომლების მიერ წლების განმავლობაში, საძინებლებში, კონსპირაციულ ბინებში, სასტუმროებში, სამუშაო კაბინეტებში და სხვა ადგილებში მოქალაქეების სექსუალური ცხოვრების დანაშაულებრივად მოპოვებული კადრების განადგურების თაობაზე ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობასა და პრაქტიკას, ხელს შეუშლის მაშტაბური და სისტემური დანაშაულის სრულყოფილ გამოძიებას, დამნაშავე პირების დადგენასა და მათი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ პატივისცემას კომისიის წევრებისა და მათი აზრის მიმართ.
პატივისცემით, კახა კახიშვილი