გახდება თუ არა პლებისციტი ოპოზიციაში განხეთქილების მიზეზი? - პოლიტიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლებას და ოპოზიციას რამდენიმე დღე რჩება იმისთვის, რომ კონკრეტულ შეთანხმებამდე მივიდნენ. ჩიხში შესული ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, რომ რიგგარეშე არჩევნები პლებისციტით ჩაანაცვლოს. სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ამის დიდად წინააღმდეგები არ არიან. ამიტომ შესაძლოა, 16 მარტს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პლებისციტი ბრიუსელში ოპოზიციასთან შეთანხმების ერთ-ერთ საკითხად ჩაიტანოს.
თუმცა ახალი მოცემულობა პლებისციტთან დაკავშირებით განსხვავებულ აზრებს უკავშირდება. საერთო ოპოზიციური შეთანხმების დარღვევის რისკები გაიზარდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მოთხოვნების ტონი უნდა გამკაცრდეს და ოპოზიცია პლებისციტს არ უნდა დათანხმდეს. სხვა პარტიები ამ პოზიციას არ იზიარებენ და ელოდებიან, რას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“ - გავა თუ არა პარტია ერთიანობიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის რჩევის გათვალისწინებით.
For.ge-სთან ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, სააკაშვილს პლებისციტის მოგების იმედი არ აქვს და ხედავს რისკებს, რომ რიგგარეშე არჩევენების დანიშვნის შანსი ხელიდან ეცლება. ამიტომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ოპოზიციის ნაწილთან ხელისუფლება ამ კომპრომისულ შეთანხმებამდე არ მივიდეს. ანალიტიკოსები პატარა პარტიებს ურჩევენ, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებას დროზე მიაღწიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც უფრო დრო გავა, ყველაზე მეტად ისინი დაზარალდებიან, ვინაიდან მათი ამომრჩევლები მათ, უკვე, როგორც ცალკე პოლიტიკურ ძალებს ვეღარ აღიქვამენ. ამიტომ პარტიებმა ენმ-ისგან დისტანცირება უნდა დაიწყონ და პლებისციტზე შეუთანხმებლობა მიზეზად გამოიყენონ.
როგორც ცნობილია საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ პლებისციტს არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეს. როგორც მან ვიდეო მიმართვაში განაცხადა: „ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები“. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას მოუწევს უახლოეს მომავალში პატიმრობიდან გაათავისუფლოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.
ოპოზიციაში პლებისციტთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულებები აქვთ. ნაწილი მიიჩნევს, რომ პლებისციტი ამ ეტაპზე საუკეთესო ვარიანტია და მზად არიან კომპრომისზე წასასვლელად. ნაწილი კი ამბობს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშე შეთანხმება შეუძლებელია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პლებისციტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავის დროს პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო და შესაბამისად, გადაწყვეტილების გადახედვაც პოლიტსაბჭოსვე გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, თუმცა მისი თქმით, ჯერჯერობით, ეს დღის წესრიგში არ დგას:
„როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს მედიაციის პროცესის ჩასაშლელად, ოპოზიციამ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა არ მისცეს საბაბი „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენ დაგვაბრალოს ამ პროცესის ჩაშლა. პლებისციტის საკითხს რაც შეეხება, ვთქვი და შემიძლია გავიმეორო, რომ ეს არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და თუ ამის გადახედვა მოხდება, უნდა მოხდეს პოლიტსაბჭოსვე გადაწყვეტილებით, ამიტომ ეს დღის წესრიგში არ დგას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე კი პლებისციტს ვადამდელი არჩევნების მიღწევის ერთ-ერთ გზად ხედავს, თუმცა კონკრეტულ შემოთავაზებამდე ამაზე საუბარი მასაც ნაადრევად ეჩვენება.
„ტაქტიკური საკითხები, ეს იქნება პლებისციტი, თუ როგორ მივალთ ახალ არჩევნებამდე, შეიძლება იყოს განხილული. მე მგონია, რომ პლებისციტი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი და ამაზე მთელი ოპოზიციის თანხმობა არსებობდა. მიხეილ სააკაშვილს შეიძლება განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, ამაში ვერაფერ ტრაგიკულს ვერ ვხედავ. იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნების“ მხრიდან არც პლებისციტზეა თანხმობა, არ მგონია მიზანშეწონილად ამ საკითხის გარჩევა“, - აცხადებს კაპანაძე.
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პლებისციტის ჩატარებას ემხრობა და აცხადებს, რომ შეეცდება ეს პოზიცია ოპოზიციაშიც გაამყაროს.
„ჩვენი პარტიის პოზიცია არის, რომ პლებისციტი არის ის მექანიზმი, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას, უნდა თუ არა ქვეყანას ახალი საპარლამენტო, პროპორციული არჩევნები. ბატონი სააკაშვილის განცხადებას არ ვეთანხმები, ისევე, როგორც მის ბევრ სხვა პოსტულატს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და შევეცდებით, რომ ეს ხედვა გავიტანოთ სხვა ოპოზიციურ პარტიებში და ჩვენს ამომრჩევლებში“, - აცხადებს ხაზარაძე.
„გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიასთვის ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკა პლებისციტთან დაკავშირებით იმის დასტურია, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან არაფერზე შეთანხმებას არ აპირებს.
„ვხედავთ, ოპოზიციის გარკვეული წევრების შეცვლილ რიტორიკას პლებისციტთან დაკავშირებით. ზოგიერთი ამბობს, რომ პლებისციტი შეიძლება იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, რომელიც ამბობს, არაფრით არ შეიძლება ახალი პლებისციტიც კიო, როცა მისი პარტია ითხოვდა ამას ცოტა ხნის წინ. ოპოზიციაში არ არის ერთიანობა. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის პრევენციული ხასიათის, ცდილობს, დააზღვიოს ოპოზიცია, რომ ისინი არ შეთანხმდნენ არაფერზე ხელისუფლებასთან“, - აცხადებს ხვიჩია.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილის რეაქცია პლებისციტთან დაკავშირებით ლოგიკურია.
„სიტუაცია ასეთია, რომ ხელისუფლება თუკი პლებისციტს თვითმმართველობის არჩევნებს მიაბამს, ამის მოგების დიდი შანსი აქვს. ეს კი რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. პირველი - იმის მიუხედავად, რომ ხალხი ხელისუფლებით უკმაყოფილოა, ოპოზიცია საზოგადოებაში პოპულარობით არ სარგებლობს. ასევე, თავად ოპოზიციაც კარგ მდგომარეობაში არ არის და როდის გასკდება მათ შორის არსებული ბზარები, არავინ იცის. ხელისუფლება ადგილობრივი არჩევნებისთვის ბევრ ფულს დახარჯავს, ეს ლოგიკურიც არის და ძალიან ბევრ ისეთ პროექტს განახორციელებს, რომელიც მოსახლეობის გულის მოგებას გამოიწვევს. ამიტომაც სააკაშვილმა იცის, რომ უკვე წაგებეული თამაშია და ამის კატეგორიული წინააღმდეგია. რაც შეეხება პატარა პარტიებს, რა თქმა უნდა, პლებისციტი მათ აწყობთ, რადგანაც მათთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა უფრო არამომგებიანია. ისინი ნაციონალებთან ალიანსის გამო მათმა ამომრჩევლებმა მიატოვეს, ამიტომ დიდი ალბათობა არსებობს, რომ განმეორებით არჩევნების შემთხვევაში პატარა პარტიები პარლამენტში ვერ მოხვდნენ.
რაც შეეხება პლებისციტს, ეს მიზეზი მაინც იქნება იმის, რომ ისინი პარლამენტში შევიდნენ. თუ პატარა პარტიებს უნდათ, რომ ამის გამო ნაციონალებმა გამყიდველები და გაყიდულები არ ეძახონ, მაშინ მათგან დისტანცირება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყონ. წინააღმდეეგ შემთხვევაში პლებისციტსაც თუ წააგებენ, რისი დიდი ალბათობა არსებობს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის როგორც პოლიტიკური ძალა აღარ იარსებებენ. ისევ ნაციონალები და „ოცნება“ იქნება“,-აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ თუკი საუბარი მოლაპარაკებაზე და კომპრომისზეა, მაშინ ორივე მხარე პლებისციტის ჩატარებაზე უნდა შეთანხმდნენ.
„ვფიქრობ სააკაშვილის წინააღმდეგობის მიუხედავად ამ საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმება მოხდება. ვფიქრობ, ეს საკითხი კომპრომისის საფუძველი გახდება. რაც შეეხება სააკაშვილს, როგორც ჩანს, ფიქრობს პლებისციტის მოგებას ვერ შეძლებს. ამბობს, რომ პლებისციტს გააყალბებენო, მაშინ თვითმმართველობის არჩევნებშიც მაგ ლოგიკით მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. თუ პლებისციტს გააყალბებენ, ადგილობრივ არჩევნებს რატომ ვერ გააყალბებენ? ამიტომ რაღაცაზე შეჯერება რომ მოხდება, ეს ფაქტია.
კომპრომისი ორმხრივია - „მხოლოდ მე რომ მაწყობს იმაზე დამთანხმდი“ - ეს მოლაპარაკება არაა. ეს არის კაპიტულაციის გამოცხადება და დანებება. ოპოზიცია ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით ამას სთხოვს. ორივემ სარგებელი ხომ უნდა დაინახოს, სხვანაირად შეთანხმება არ ხდება. თუ ოპოზიცია პლებისციტს წააგებს, მაშინ ის პარლამენტში უნდა შევიდეს. მოლაპარაკების დროს ხელისუფლებამ ოპოზიციას ეს პირობა უნდა ჩამოართვას, რომ თუ წააგებენ, მაშინ პარლამენტში შევიდნენ. პატარა პარტიებისთვის პარლამენტს გარეთ ბოიკოტი არის დამღუპველი და წამგებიანი. რც უფრო მალე იქნება რამე კომპრომისული გადაწყვეტილება მიღებული, მათთვისვე უკეთესი იქნება“, - აცახდებს ზურაბიშვილი for.ge-სთან.
ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეოდა თეთრი და შავი
აბა ესე როდემდე??
მაგრამ საქმე იმაშია რომ ეს გამიშვი დამიჭი ამ ჩათლახებსაც აწყობთ....
ხალხიი??
ხალხი არა პეტრუშკა......