„მესმის ოპოზიციის, მათ უნდათ ზეპარტიულად შეფუთონ თავიანთი აქციები, თუმცა რეალობა ასეთია, რომ ეს არის ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. მაპატიონ, მაგრამ დანარჩენი პოლიტიკური ძალები, ვინც იქ არის, უბრალოდ, დეკორაციის ფუნქციას ასრულებენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
ჩვენ გვინახავს კარვების ქალაქი, ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მათ წინააღმდეგ თვეების განმავლობაში დედაქალაქის მთავარ გამზირზე აწეული მუხტი, მაგრამ საბოლოოდ მაშინდელმა დროში განგრძობითმა პროტესტმაც და რუსთაველზე კარვების განთავსებამაც თანდათანობით მილევადი ხასიათი მიიღო. იმ პერიოდისგან განსხვავებით, დღევანდელი ოპოზიციის საპროტესტო მუხტი პირველ დღესვე მილევადი აღმოჩნდა. მაშინ რა აზრი აქვს ასეთ აქციებს?
- ველოდი, რომ უფრო მასშტაბური იქნებოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, ვიდრე იყო. რა თქმა უნდა, მიტინგის მონაწილენი გაცილებით მეტნი იყვნენ, ვიდრე ნიკა მელიას დაპატიმრების დღეს შეკრებილი ხალხი, მაგრამ უფრო მასშტაბურ და ძლიერ აქციას მოველოდი, თუმცა ეგ იყო, რაც იყო. რაოდენობას შეიძლება იმდენად დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს ამ ვითარებაში, როდესაც ეს მიტინგები საწყის სტადიაშია, მაგრამ ოპოზიციას, რომელმაც უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და ბოიკოტის რეჟიმშია, სხვა სცენარი არც აქვს, გარდა იმისა, რომ ქუჩაში ატაროს პერმანენტული აქციები, მოაწყოს პიკეტირებები. არც არსებობს სხვა საპროტესტო მუხტი, სხვა საპროტესტო მექანიზმი. სხვა რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ? უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მეტი საზოგადოება ჩართოს აქციებში და მასობრიობას მიაღწიოს. სხვათა შორის, როდესაც საუბარი იყო ადრე, უნდა შესულიყო თუ არა ოპოზიცია პარლამენტში და იქიდან ებრძოლა, ხშირად ვიხსენებდი 2008 წლის შემდგომ პერიოდს, როდესაც მაშინდელი ოპოზიციაც არ შევიდა პარლამენტში, დარჩა ქუჩაში და საპროტესტო აქციებმა მოიცვა ქალაქი, კარვების ქალაქი გადაშლილი იყო მთელ რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე, მაშინდელი ანტისახელისუფლებო მუხტი გაცილებით ძლიერი იყო და ოპოზიციური ელექტორატი გაცილებით ერთიანი იყო, ვიდრე დღეს არის. თუმცა ამის მიუხედავად, იმ აქციებმა შედეგი არ მოიტანა. შედეგი მოიტანა ის, რომ, თუ ეს შედეგია, მაშინდელი ოპოზიცია მთლიანად განულდა და, რომ არ გამოჩენილიყო ივანიშვილი, კაცმა არ იცის, როგორ განვითარდებოდა პროცესები ქვეყნის შიგნით და გარეთ.
გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გათვალისწინება, როდესაც 2008 წლის, ან 2011 წლის მოვლენებს ვიხსენებთ, იმ პერიოდშიც არ იქნა გათვალისწინებული მესამე მუდმივი ფაქტორი, რომელიც ყოველთვის გასათვალისწინებელია ამ ქვეყანაში. ეს არის დასავლეთის ფაქტორი. სამწუხაროდ, არა მხოლოდ პოლიტიკურად და ეკონომიკურად, არამედ პროტესტისთვისაც არ ვართ თვითკმარი ქვეყანა. ამიტომ აქ ყოველთვის შემოდის მესამე ფაქტორი დასავლეთის სახით, იქნება ეს არჩევნების ლეგიტიმაცია, იქნება ეს ოპოზიციისა და ხელისუფლების მომრიგებელი, მოსამართლე თუ ფასილიტატორი, როგორც გინდათ, ისე ვუწოდოთ. დასავლეთის ფაქტორი მოქმედებს ქვეყნის შიდა მდგომარეობაზეც, გარე მდგომარეობაზეც და საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ახდენს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს, 1-ლი ნოემბრიდან მელიას დაპატიმრებამდე ცალსახა იყო დასავლეთის განწყობა, მათ აღიარეს არჩევნების ლეგიტიმაცია და მუდმივად მოუწოდებდნენ ოპოზიციას, შესულიყვნენ პარლამენტში და იქიდან გაეგრძელებინათ საქმიანობა. მელიას დაპატიმრების შემდეგ კი, გარკვეულწილად, ეს მიდგომები შეიცვალა, ხელისუფლებამ არ და ვერ იმუშავა, ან ვერ დაარწმუნა უცხოელები თავის პოზიციაში. არ ვიცი, რა პროცესები იყო, მაგრამ ფაქტია, ბოლო ერთი კვირა, თუ ათი დღეა, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს და დასავლეთიდან მუდმივად მოდის კრიტიკა, ოღონდ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მისამართითაც. ამდენად, ქუჩაში დარჩენილმა ოპოზიციამ ვერც მაშინ, 2008-2011 წლებში ვერ მოიპოვა დასავლეთის მხარდაჭერა და არც დღეს არ აქვს დასავლეთის სრული მხარდაჭერა.
მხარდაჭერა აქვს არა ოპოზიციას, არამედ იმას, რომ შედგეს მოლაპარაკებები. ცხადია, ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მუდმივად გვესმის მოთხოვნა მოლაპარაკების თაობაზე. ამიტომ საეჭვოა, ქუჩაში დარჩენილმა ოპოზიციამ რამეს მიაღწიოს, თუ ის უფრო მძლავრი არ იქნება და უფრო მასობრივი, რაც საეჭვოა მრავალი ფაქტორის გამო, მათ შორის, იმის გამოც, რომ ოპოზიციურ ელექტორატს ეს ოპოზიცია სრულად ვერ აერთიანებს, იქ სხვადასხვა ჯგუფებია. თუ დასავლეთის მკვეთრი და ცალსახა დამოკიდებულება არ იქნება, ოპოზიციას გაუჭირდება ამ მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიოს.
რა ფაქტორით შეიძლებოდა საპროტესტო მუხტის აწევა და ხალხის მობილიზება?
- რეალურად, მუხტი არც არასდროს არსებობდა. ეს მუხტი რომ ყოფილიყო უარყოფითი და მძლავრი, მაშინ პერმანენტული საპროტესტო აქციები ახლა კი არ დაიწყებოდა, არამედ დაიწყებოდა 1-ლი ნოემბრიდანვე. ეს აქციები იმიტომაც არ დაიწყო, რომ ამომრჩეველი ერთგვაროვანი სულაც არ არის. მით უმეტეს, არ არის დღეს მუხტი ისეთი, როდესაც მოსახლეობისთვის სულერთი იქნება, ვინ მოვა ხელისუფლებაში, ოღონდ „ქართული ოცნება“ წავიდეს. ასეთი განწყობა არ არის და ასეთი განწყობა რომ შეიქმნება, თუკი შეიქმნა საერთოდ, მაშინ „ქართულ ოცნებას“ არაფერი ეშველება. ამიტომ ხვალ და ზეგ არ ველი მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას. ცხადია, იქნება კარვები, კარვის გაშლას ბევრი ხალხი არ სჭირდება, პარტიული აქტივიც საკმარისია ისევე, როგორც ბევრი ხალხი არ სჭირდება პიკეტირებებს, მაგრამ იმას, რომ მასობრივი აქციები მოაწყონ, ნამდვილად სჭირდება მოსახლეობის, ფაქტობრივად, სრული ჩართულობა.
მუხტი იმ შემთხვევაში აიწევს და ხალხი მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს „ოცნების“ საწინააღმდეგოდ ხმას, თუკი სააკაშვილი ჩამოშორდება ქართულ პოლიტიკას და შიში აღარ ექნება მოსახლეობას, ოღონდ სააკაშვილი არ მოვიდეს, „ოცნებას“ მივცეთ ხმაო. თქვენც ასე თვლით, რომ ეს ერთადერთი გამონაკლისი იქნება?
- გეთანხმებით, მაგრამ ირწმუნებს კი ამას მოსახლეობა? როგორც ის არ სჯერა ხალხს, რომ ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, ისე არ დაიჯერებს იმას, რომ სააკაშვილი ჩამოშორდება ქართულ პოლიტიკას, ძალიან ფილიგრანული ტექნიკა სჭირდება პოლიტიკურ ოპოზიციას, რომ ეს თემა მოხსნას დღის წესრიგიდან, თუმცა მე როგორც ვუყურებ, მაინცდამაინც დიდი ფილიგრანობით არ გამოირჩევა არც ოპოზიცია, არც ხელისუფლება. საკმაოდ ხისტები და უხეშები არიან თავიანთ ქმედებებში, თავიანთ სტანდარტულ სვლებში, სადაც არავითარი სიახლე არაა. ასე რომ, გაჭირდება, ოპოზიციამ შეძლოს სრული მობილიზება.
შესაძლოა, ოპოზიციას იმის იმედი ჰქონდა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში კორონას გამო სახლში ჩაკეტილი ხალხი ქუჩაში ნებისმიერი მოტივით გავიდოდა. რაც არ უნდა იძახონ, რომ ზეპარტიულია ეს აქცია, ალბათ, არავის სჯერა მისი ზეპარტიულობის, რადგან იქ ნაცები დგანან მთავარ ოპონენტებად. ვინმეს სჯერა მათი ზეპარტიულობის?
- რაც შეეხება კორონავირუსს, ადამიანებს დღეს სხვა პრობლემები აქვთ. შეიძლება „ქართული ოცნება“ ძალიან არ ეხატებათ გულზე, მაგრამ არც ოპოზიცია მიაჩნიათ მხსნელად. ამიტომ არ ველი მასშტაბურ აქციებს მაშინაც კი, თუ კორონავირუსის პრობლემა მოიხსნება. პირიქით, კორონავირუსი დღეს ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს. მესმის ოპოზიციის, მათ უნდათ, ზეპარტიულად შეფუთონ თავიანთი აქციები, თუმცა რეალობა ასეთია, რომ ეს არის ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია, მაპატიონ, მაგრამ დანარჩენი პოლიტიკური ძალები, ვინც იქ არის, უბრალოდ, დეკორაციის ფუნქციას ასრულებენ.