მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ისევ რადიკალიზაციისკენ მოუწოდებს. ექს–პრეზიდენტი ქუჩის ოპოზიციას ამჯერად სოციალურ ქსელით მიმართავს, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები. უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც ივანიშვილი თავს ახვევს ოპოზიციას.
„ივანიშვილს უნდა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩაატაროს პლებისციტი, სადაც ის დახარჯავს ბევრ ფულს, მოისყიდის ბევრს, რომც წააგოს და აუცილებლად წააგებს, ექნება რამდენიმე თვე კიდევ, რომ დააშინოს, მოისყიდოს, დაიჭიროს და ქვეყნიდან გაყაროს ათასობით ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი. ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს, მეგობრებო! ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი არც ერთი დღე.
მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გამოვა, მიიღებს მკვეთრ გადაწყვეტილებებს. იმედი გვაქვს, მისი ლიდერობისა და შეუპოვარი ხასიათის, მაგრამ ამაში ყველა ადამიანი უნდა ჩაერთოს. ჩვენ გვჭირდება რიგგარეშე არჩევნები, იმიტომ, რომ არჩევნები, რომელიც იყო, იყო ბოლომდე გაყალბებული და მოპარული, ეს იცის ყველამ.
კარგია, მივესალმები ევროპელების ჩართულობას, მაღალ დონეზე ინტერესის გატანას, საერთაშორისო რეაქციებს, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ სიტუაციაში. ჩვენ მკვეთრად უნდა ვიმოქმედოთ და არ უნდა დავუტოვოთ მას მანევრის დრო და საშუალება“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
გიორგი ბარამიძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა არა პლებისციტი, არამედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, თუ ხელისუფლება კომპრომისის მისაღწევად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ოპოზიციაც სათანადოდ იმოქმედებს. როგორც ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციას აქვს კონკრეტული მოთხოვნები – ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი ცენტრალური და ადგილობრივი კომისიების ადმინისტრაციები და ნორმალური კანონმდებლობა.
„ევროკავშირის უმაღლესმა თანამდებობის პირმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიდევ დაამატა ამას ორი პუნქტი, მათ შორის არის საქართველოში ნორმალური, მიუკერძოებელი სასამართლო. შესაბამისად, არაფერი იცვლება. თუ ხელისუფლება კომპრომისის მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს, გამოუშვებს პოლიტპატიმრებს და დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, ბუნებრივია, ოპოზიციის მხრიდანაც იქნება გარკვეული კომპრომისების გადადგმის აუცილებლობა, შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ ნებისმიერ სხვა საკითხზე. დღემდე იყო, არის და რჩება კონკრეტული მოთხოვნა არა პლებისციტი, არამედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
უკარაინიდან წამოსულ დირექტივებს არ იზიარებს ქუჩის ოპოზიციის ერთი ნაწილი. გიგი უგულავა ღიად აცხადებს, რომ არ იზიარებს მიხეილ სააკაშვილის პათოსს, რადგან, მისი თქმით, პლებისციტს ბევრი პლუსი აქვს. „ევროპული საქართველოს“ წევრი თვლის, რომ ვიდრე მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მანამდე დამუნათება და მით უმეტეს, პლებისციტის იდეის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება, აბსოლუტურად მიუღებელია.
„ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, კანონის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 120/30–ზე პრინციპით, ანუ 30 მაჟორიტარი, თუ რამე არის ივანიშვილის, მინდა, მიხელ სააკაშვილს შევახსენო, ეს სწორედ 30 მაჟორიტარია. ყველას აქვს თავის პირადი აზრი, მაგრამ მეგობრულად მინდა ვთხოვო მათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტსაბჭოს კენჭი აქვს ნაყრელი და მიღებული აქვს, რომ იდეაში შეიძლება განიხილოს 2021 წლის განმავლობაში პლებისციტის იდეა.
უადგილოდ მიმაჩნია ახლა პლებისციტზე საუბარი. პრინციპულად ვერ მივიღებ იმ პოზიციას, რომ პლებისციტი ბიძინას იდეაა, არანაირი ბიძინას იდეა არ არის, თუ რამე არის ბიძინას იდეა, ეს არის შეინარჩუნოს რაც შეიძლება დიდი ხანი ეს მავნებლური სისტემა, რომელიც თავის თავში მაჟორიტარებს გულისხმობს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
სააკაშვილის მოსაზრებას არ იზიარებენ „ლელოშიც“. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პლებისციტი იყო და რჩება საერთო ოპოზიციურ შეთანხმებად, მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებები კი, პარტიის სტრატეგიაზე გავლენას ვერ მოახდენს. მისი თქმით, პლებისციტს აქვს კრიზისის დაძლევის რეალური რესურსი.
„პირველ რიგში, „ლელოს“ გადაწყვეტილებებს ვიღებთ „ლელოელები“ და მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებები ჩვენი პარტიის არც ტაქტიკაზე და არც სტრატეგიაზე გავლენას ვერც ახლა მოახდენს. ეს მისი მოსაზრებაა. რა თქმა უნდა, აქვს მოსაზრების გამოთქმის უფლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ პლებისციტი იყო და რჩება საერთო ოპოზიციურ შეთანხმებად.
ამ შესაძლებლობას აქვს კრიზისის დაძლევის რეალური რესურსი. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ყველას ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქეთკენ, რომ კრიზისი იყოს დაძლეული და არა იქეთკენ, რომ კრიზისი არ იქნეს დაძლეული. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
იაგო ხვიჩიამ კოლეგებისგან იცის, რომ თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გამოყენებისკენ მოუწოდა შარლ მიშელმა, რასაც „გირჩის“ წევრი განცხადებით, არ ეთანხმება ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგა.
„შეთანხმება თუ გვინდა, უნდა გავიგოთ, კიდევ ხომ არ იყო ისეთი საკითხები, რომელიც ამ ექვს პუნქტში არ წერია. მაგალითად, მე მითხრეს, რომ შეიძლება, „ქართული ოცნება“ თანახმა იყოს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამოყენებული იყოს ერთგვარ პლებისციტად. ისიც კი მითხრეს, რომ ამისკენ მოგვიწოდა ბატონმა მიშელმა, რასაც არ ეთანხმება ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგა.
ჩვენ გვინდა, ეს დისკუსია იყოს საჯარო. მინდა ვიცოდე, მართლა შემოგვთავაზა „ქართულმა ოცნებამ“ რამე და ოპოზიციონერმა კოლეგებმა მართლა უარი უთხრეს? ჯერ დეტალები უნდა გავიგოთ. ბატონმა უგულავამ თქვა, ეს ხელისუფლების შეთავაზეაბაა და არ გვაწყობსო. როცა გვეცოდინება, მართლა იყო თუ არა შეთავაზება, მერე მეტის თქმის შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა იაგო ხვიჩამ.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე არის თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს. სოზარ სუბარის განცხადებით, გამოდის ერთი პარტია და იტყვის, რომ პლებისციტი მათთვის არის აბსოლუტურად მისაღები, მერე გამოვა მიშა სააკაშვილი და იტყვის, რომ ამას ვინც ამბობს, ის არის მოღალატე და ეს არის „ქართული ოცნების“ თუ ბიძინა ივანიშვილის მიერ თავსმოხვეული აზრი. შესაბამისად, სუბარი მოუწოდებს ოპოზიციას, ჯერ ჩამოყალიბდნენ რა უნდათ.
„თუ ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა ამაზე უკეთესი შეთავაზება ვიდრე არის საგამოძიებო კომისია, უბრალოდ არ არსებობს, ამის შემდეგ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. რაც შეეხება ნიკა მელიას, მისი გამოშვება არის პირადად მელიას ან ამ ადამიანების ხელში, ეს არის უმარტივესი თემა, მაგრამ ვისაც ყველაზე მეტად არ უნდა ნიკა მელიას გარეთ ყოფნა, არის ზუსტად ის ადამიანი, ვინც დღეს ამ პლებისციტის მიუღებლობაზე ლაპარაკობს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. მე პირადად ვერ ვხედავ პლებისციტის რაიმე აზრს, თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, აგერ შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს, ეს არის ერთგვარი პლებისციტი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სააკაშვილის მიზანი, რომ ისევ ქუჩა და პროცესების რადიკალიზაცია არის, ამის შესახებ საუბრობენ ანალიტიკოსები. ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, სააკაშვილს რეალურად არ უნდა, რომ არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება, მისი მიზანია, ძალაუფლება აიღოს ისე, რომ გამარჯვებულს ყველაფერის უფლება ჰქონდეს.
„ხელისუფლებაში მოსულ პარტიას ყველაფრის უფლება აქვს მაშინ, როდესაც ის მოდის რევოლუციით. 2003 წელს, როდესაც რევოლუციის გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, გვახსოვს რა უკონტროლო იყო მათი ხელისუფლება. ამიტომ, უკონტროლო ხელისუფლება უნდა. დავუშვათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, შეთანხმებული იქნება საარჩევნო სისტემა და გაიმარჯვებს ის, ვინც გაიმარჯვებს. ეს არ უნდა სააკაშვილს. მას უნდა ხელისუფლება წინასწარ დაამარცხოს, ვიდრე ძალაუფლებას აიღებს ხელში. ეს ხერხდება რევოლუციურ სიტუაციაში, როგორც 2003 წელს მოხდა და შედეგად ხელისუფლებას უკონტროლო ძალაუფლება ჰქონდა. ეს უნდა სააკაშვილს. არ სჭირდება მას არანაირი პლებისციტი და მით უმეტეს რეალური არჩევნები“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილმა პლებისციტზე ნეგატიური განცხადებით თავის მომხრეებს და აქტივისტებს მოუწოდა გააგრძელონ ჩვეულებრივი დესტუქცია და ამავე დროს, დიდი ბზარი შეიტანა ოპოზიციის მყიფე ერთობაში, რასაც ადასტურებს „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია. აქედან გამომდინარე, აბაშიძე ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით, ვიხილავთ რამდენიმე მცირე პარტიების ჩამოშორებას „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის სფეროდან, რაც მათთვის მომგებიანია.
„პატარა პარტიები გამოვლენ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტიდან და, როდესაც პარლამენტი მიიღებს საარჩევნო განახლებულ კოდექს, იქ ისეთი კარგი ცვლილებები არის ეუთო-ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, რომ ეს აუცილებლად მომგებიანი იქნება დამოუკიდებელი კონსტრუქციული ოპოზიციისათვის და არა „ნაციონალური მოძრაობისათვის“, რომელსაც უნდა, რომ ის დომინირებდეს ოპოზიციურ ველზე, მაგრამ ასე არ გამოვა. თუ ამ მცირე პარტიების ლიდერებს აქვთ შორსმჭვრეტელობა, ისინი უნდა გამოვიდნენ „ნაცმოძრაობის“ გავლენის სფეროდან და აწარმოონ დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტივობა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძე.