„დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებებიც უშედეგოდ დასრულდება. საქმეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩაერია, თუმცა, მგონია, რომ ვერც შარლ მიშელი უშველის არსებულ ვითარებას“, - ამის შესახებ ექსპერტმა სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ განაცხადა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე For.ge ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, საქართველოში შარლ მიშელის ორდღიანი ვიზიტი და ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რა შედეგს გამოიღებს? შედგება თუ არა მხარეთა შორის შეთანხმება?
- მმართველი გუნდი ღებულობს ისეთ კანონს არჩევნების შესახებ, რომელიც პრაქტიკულად, გამორიცხავს თამარ ჟვანიას გადაყენებას. როგორც ჩანს, აპირებენ, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩაატარონ სწორედ მისი მეთაურობით, რაც უკვე გამორიცხავს რაიმე კონსენსუსს. არ ვიცით, ეს კანონპროექტი, რომელსაც ხელისუფლება იღებს, ოპოზიციისთვის რამდენად იქნება მისაღები.
შარლ მიშელის ვიზიტი არის თუ არა ერთგვარი სიგნალი „ქართული ოცნებისთვის“, რომ თუკი ხელისუფლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს არ იპოვის, საქმე სანქციების დაწესებამდე მივა?
- მიშელმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიზირებულ სასამართლოსა და მართლმსაჯულებაზე. ჩვენთან დემოკრატია სერიოზულად არის მორყეული. მიშელის პირდაპირი მესიჯი იყო, რომ სასამართლო გაათავისუფლეთ პოლიტიკური ზეწოლისაგან.
ამასთან, ჩვენთან სახელისუფლებო შტოები არ არის განაწილებული ბალანსირებულად და კოსტიტუციაში არის სერიოზული ხარვეზი. ფაქტობრივად, ანთებულ იქნა ყვითელი ბარათი, ჯერჯერობით. როგორც ჩანს, ევროკავშირს აქვს გამიზნული, თუ ეს ყველაფერი არ შესრულდა, წითელი ბარათი აანთოს.
ორი კვირის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ უნდა აჩვენოს პოლიტიკური ნება, რომ დაიწყოს რეფორმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციები რა ფორმით იქნება, ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა, სხვა მექანიზმებიც არსებობს. დახმარების შემცირება, უვიზო მიმოსვლის გადახედვა და ა.შ. სანქციებს აქვს სამი მომენტი: პრევენციული, დასჯადი და პოსტ-ეფექტური ტიპის სანქციები.
ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შედარებით ხისტი მმართველია. როგორ ფიქრობთ, რას მოუტანს ქვეყანას მისი გადაწყვეტილებები თუ ნაბიჯები?
- ხელისუფლებაში არის კლანები. აღსანიშნავია ის, თუ როგორ არის კლანების გადანაწილება „ქართული ოცნების“ რიგებში. ვფიქრობ, რომ ძალოვნები და კახელების (ღარიბაშვილის) კლანი გაერთიანდა და ძალოვნებს აქვთ საკმაოდ სერიოზული პოზიციები. გახარიას კლანი დამარცხდა. ამიტომ, როგორც ჩანს, დროებითი ზავი არსებობს კახელების და ძალოვნების კლანს შორის. შესაბამისად, აქ უნდა ვილაპარაკოთ კლანებს შორის ახალი გადანაწილება როგორ მოხდება.
ადრე იყო სულ სხვა გადანაწილება: ძალოვნების კლანი, (წულუკიანი, სუბარი), კალაძის კლანი, ღარიბაშვილის კლანი, გახარიას კლანი, ე.წ პიარშიკების კლანი (რამიშვილი, ნაცვლიშვილი,) რომელთაც საკმაოდ სერიოზული გავლენები აქვთ პარტიის შიგნით და ბოლოს, ოლიგარქების კლანი.
აქედან გახარის კლანი წავიდა. ახლა მიდის კალაძის კლანის ჩაჩოჩება. როგორც ჩანს, მიდის ასევე ფინანსური გადანაწილების პროცესიც. ძალოვნების კლანს მივაკუთვნებდი მოსამართლეების კლანსაც, (ლილუაშვილი, წულუკიანი, მურუსიძე) თუმცა, სავარაუდოდ, ეს არის დროებითი ზავი. როგორც კი კალაძის კლანთან ანგარიში იქნება გასწორებული, აეწყობიან ახალ ვერტიკალზე და შემდეგ უნდა ველოდოთ კახელებსა და ძალოვნებს შორის სერიოზულ დაპირისპირებას. ეს არის ჯერჯერობით დღევანდელი პოლიტიკა და მმართველი ძალა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ოპოზიციონერი ლიდერი გაათავისუფლონ? არის თუ არა ეს პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული?
- ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში, ეს მგონი გამორიცხულია. ეტყობა პრინციპული პოლიტიკური საკითხია. დავუშვათ „ქართულმა ოცნებამ“ გამოუშვას რაიმე საბაბით, თუნდაც გირაოს სანაცვლოდ, გამოდის, რომ ის ყველაფერი, რაც მათ ჩაატარეს და რის გამოც ვა-ბანკზე წავიდნენ, არ გამართლდა. არ მგონია ნიკა მელიას საკითხი გადაწყდეს თავად მელიას სასარგებლოდ ისე, როგორც ამას ოპოზიცია ლამობს.