„მერამდენედ უნდა მომკლან ჩემს შვილთან ერთად?!“ - კითხულობს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი „რუსთავი 2“ -ის მიერ გავრცელებული კადრების ნახვის შემდეგ. მას აინტერესებს, ისევ დონაძის დრო ხომ არ არის და უნდა ბედავდეს თუ არა დონაძე ამდენს და ისევ უნდა დასცინოდეს?!
ამ აზრს იზიარებენ „რუსთავი 2“-ის შენობასთან გამართული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც. ისინი აცხადებენ, რომ თავის დროზე „რუსთავი 2“ იყო ავტორი ისეთი შინაარსის ტიტრებისა და მატირაჟებელი იდეების, თითქოს, ბუტა რობაქიძე ყაჩაღი გახლდათ. სწორედ „რუსთავი 2“-მა ამცნო საზოგადოებას, თითქოს, სანდრო გირგვლიანი სვანურ გარჩევას შეეწირა. ამდენად, აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მოუწოდებენ, შეწყვიტოს მსგავსი ფალსიფიცირებული ვიდეომასალების ჩვენება და ადამიანების ღირსების შელახვა.
დღეს კი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო-მასალას გამოეხმაურნენ. ცხრა არასამთავრობოს მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული სიუჟეტით „რუსთავი-2“-მა დაარღვია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნები და ხელი შეუწყო დაინტერესებული მხარის პოზიციების ტირაჟირებას, რადგან არ გაითვალისწინა წყაროს შესაძლო დაინტერესება, არ ეცადა, გადაემოწმებინა ფაქტები და მოეძიებინა დამატებითი მასალები.
როგორც არასამთავრობოების განცხადებაშია ნათქვამი, ჟურნალისტმა სიუჟეტში განაცხადა, რომ ეს არის კადრები, რომელიც მანქანის გაჩერებიდან პირველსავე წუთებში არის გადაღებული. კერძოდ, „რუსთავი 2“-ის წამყვანმა აღნიშნა, „მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს არის უწყვეტი კადრებით გადაღებული, ანუ ამ კადრების გადაღებისას კამერა არც ერთხელ გათიშული არ ყოფილა. კადრებიდან ჩანს, როგორ დააკავა საპატრულო ეკიპაჟმა იმ მანქანაში მყოფები, რომლებიც ბუტა რობაქიძესთან ერთად იყვნენ და შემდეგ როგორ ამოაქვთ ამ მანქანიდან იარაღი - ერთი პისტოლეტი და ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი“.
შესაბამისად, არასამთავრობოები თვლიან, რომ ჟურნალისტის ამ ტექსტით, ტელეკომპანიამ ფაქტად წარმოაჩინა პროკურატურისთვის დაინტერესებული პირის მიერ გადაცემული მტკიცებულება, რაც ჯერ კიდევ საჭიროებს დამატებით ექსპერტიზასა და გამოკვლევას.
„ამასთან, სიუჟეტში გამოთქმული იყო უმძიმესი ბრალდებები საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრის, ვახტანგ კომახიძის მიმართაც და ინფორმაციის ასეთი სახით გავრცელებით, ტელეკომპანიამ მოახდინა იმ ადამიანზე თავდასხმა, რომელიც არ მონაწილეობდა პროგრამაში“.
გარდა ამისა, ყველა ტელეკომპანიამ, რომელმაც გაავრცელა ეს კადრები, დაარღვია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 35-ე მუხლის მე-20, 23-ე და 24-ე პუნქტები. კერძოდ, 23-ე პუნქტი: „ტანჯვისა და მწუხარების ამსახველი საარქივო მასალის (დანაშაულის ჩათვლით) გამოყენებისას, მაუწყებელი უნდა შეეცადოს, შეამციროს ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა, ამ მასალამ მიაყენოს მასში ასახულ პიროვნებას ან მის ნათესავებს“.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით For.ge იურისტებს ესაუბრა.
იურისტი თამარ კორძაია აცხადებს, რომ ყველა ეთიკური კოდექსის თანახმად, სისხლის ამსახველმა კადრებმა, გარდაცვლილი პირის ახლო ხედით ჩვენებამ, შეიძლება, ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებაზე და ამ მხრივ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ შეზღუდულნი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ტელეკომპანიას უნდა ეფიქრა, რას შესძენდა მაყურებელს ახალი კადრები და სწორედ ასეთი მსჯელობის შემდეგ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება. ამასთან, უნდა გაეთვალისწინებინათ გარდაცვლილი პირის ოჯახის მდგომარეობა, რადგან ქცევის კოდექსში ზუსტად წერია, რომ მათი თანხმობის შემთხვევაში, უნდა დაედოთ აღნიშნული კადრები ეთერში.
„აბსოლუტურად სამართლიანი იყო გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედის პრეტენზია, რომ მისთვის უნდა ეჩვენებინათ ეს კადრები და მას ტელევიზიით არ უნდა გაეგო ამის შესახებ. გარდა ამისა, დაკავებული ახალგაზრდები კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ საზოგადოების წინაშე ღირსების შემლახავ მდგომარეობაში, როდესაც მათ თავზე იარაღი ჰქონდათ დადებული და პოლიციის თანამშრომლები მათ აგინებდნენ“, - აცხადებს თამარ კორძაია.
მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა ფაქტად წარმოაჩინა ჯერ კიდევ გადაუმოწმებელი მტკიცებულება, თანაც - მტკიცებით ფორმაში. ის უხსნიდა მაყურებელს, რომ ეს არის უწყვეტი კადრები, რომლითაც დასტურდება, რომ იარაღის ჩადება არ მომხდარა. შესაბამისად, ცალმხრივად მოხდა სრულიად უსაფუძვლო ბრალდება და გამოყენებულ იქნა სიუჟეტი ერთი პირის მიერ, როგორც თავდაცვის საშუალება. ამიტომ აღნიშნული სიუჟეტით ტელეკომპანიამ შეცდომაში შეიყვანა მაყურებელი.
ამასთან, თამარ კორძაია ამ კადრების მიმართ დონაძის სავარაუდო ინტერესზეც საუბრობს, რადგან დონაძემ განაცხადა, რომ ამის შემდეგ მას აღარ აქვს მკვლელის იარლიყი, თუმცა, ეს გამოძიების თემაა.
რაც შეეხება ტელეკომპანიას, იურისტის აზრით, მართალია, ამ ტიპის დარღვევისთვის სასჯელი არ არსებობს, მაგრამ საზოგადოების განხილვის თემა უნდა გახდეს, ენდოს თუ არა მაყურებელი ამ ტელეკომპანიას.
ადვოკატი ირმა ჭკადუა კი აცხადებს, რომ კადრები მართლაც ძალიან მძიმე იყო ყველასთვის და მით უფრო, ოჯახის წევრებისთვის, რადგან გაფრთხილებულნი არ იყვნენ დაღუპულის დედა და ოჯახის წევრები.
„როგორ შეიძლებოდა, რომ შვილის ბოლო ამოსუნთქვა აჩვენეს დედას. ეს ნიშნავდა, რომ ოჯახს განუახლდა ტკივილი და, პრაქტიკულად, ხელმეორედ მოკლეს. მე ვესაუბრე ქალბატონ იას და ვიცი, მისი იმ წუთიერი მდგომარეობა. თანაც, ისე ცუდად შეიფუთა ეს ყველაფერი, რომ აღნიშნეს, თითქოს, ეს იყო სენსაციური და ახალი კადრები. სინამდვილეში, ბოლო ამოსუნთქვის კადრები მართლა არ იყო ადრე გავრცელებული, თუმცა დანარჩენი კადრები 5-6 წლის წინ გამოყენებული აქვთ ვახტანგ კომახიძეს და გოგა ხაინდრავას თავიანთ ფილმებში“, - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.
მისი თქმით, ეს არის ტრაგედიის შემდგომ გადაღებული და დადგმული კადრები, სადაც მონაწილე პერსონებს როლები აქვთ გადანაწილებული და თამაშობენ. თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ კადრების გავრცელებით უფრო დაიმძიმეს იმ ადამიანებმა თავიანთი მდგომარეობა, ვისაც პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. უფრო მეტიც, ადვოკატი განმარტავს, რომ კადრებით აშკარად გამოჩნდა, როგორ დარბოდნენ პოლიციელები იარაღებით, ამ დროს კი მათ თვალწინ კვდებოდა 18 წლის ბავშვი და იგი არავის ახსოვდა, მას ყურადღებას არავინ აქცევდა. არადა, ბავშვი რომ მანქანაში ჩაესვათ და საავადმყოფოში წაეყვანათ, შეიძლება, გადარჩენილიყო.
თვით ის ფაქტი, რომ ამ კადრების გავრცელების შემდეგ ამ ადამიანებმა უფრო დაიმძიმეს მდგომარეობა, ირმა ჭკადუას არ უკვირს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ყოფილი ხელისუფალნი ასეთ რამეს მიჩვეულნი იყვნენ და პიარ-კამპანიებით, ტელეშოუებით კვებავდნენ როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე - დასავლეთს.
„მათ რაღაცეები ვერ გათვალეს და შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან ბევრი დეტალი გაეპარათ. მით უფრო, რომ მასალა დასავლეთისთვის იყო გათვლილი. ბატონი დონაძე წუხელ ამბობდა, მოდით, ჩამქოლეთ, სახლში ვარო. მათი მხრიდან განტევების ვაცის როლის თამაში, მე მგონი, უხერხული და სამარცხვინოა. გაცილებით მეტი აგრესია გამოიწვიეს საზოგადოებაში ამ ადამიანებმა და, ალბათ, გაცილებით მეტ რისხვას დაიმსახურებენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთისგანაც. უფრო ნათლად გამოჩნდა, პოლიცია როგორ ექცეოდა დაკავებულებს, რა პირობებში მიმდინარეობდა მათი ე.წ. სპეცოპერაციები. ამით ზუსტად ის თქვეს, რომ თვითონ სჩადიოდნენ უკანონობას“.
ირმა ჭკადუას აზრით, ყველამ იცის, რომ დონაძე „რუსთავი 2“-ზე მოღვაწეობდა. ამდენად, იგრძნობა, რომ ტელეკომპანია დღესაც ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ არის და, წმინდა ადამიანური მოსაზრებით, საკუთარი ნება-სურვილით არ უნდა აკეთებდნენ ამას. ამასთან, სხვა ტელეკომპანიებიც ამ კადრებს არ უნდა გამოჰკიდებოდნენ.
„სამწუხაროდ, ყოფილი ხელისუფლება დღემდე ახერხებს, რაღაცეები გვიკარნახოს და ის თემა შემოიტანოს ტელესივრცეში განსასჯელად, რაც მათი ინტერესის სფეროშია“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.