„ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის ჩხუბი ისეთ ფაზაში შევიდა, რომ, ფაქტობრივად, ჩვენ გვრჩება დამკვირვებლის როლი. ჩვენ ამ ჩხუბში არ ჩავერევით, არ გვაქვს რესურსი, ეს ხალხი გავაჩეროთ, იმედი მაქვს, თვითონვე დაიღლებიან ამ ჩხუბით, რითაც 9 წელია, არ დაიღალნენ“,- აცხადებს for.ge - სთან საუბრისას „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი.
ხშირად გაგვიგონია, რომ საპროტესტო მიტინგზე გამოსული ხალხის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს და მუხტია მთავარი, მაგრამ, როცა საპროტესტო მუხტიც არ იგრძნობა, რას მიაღწევს ოპოზიცია პერმანენტული აქციებით, კარვების ქალაქით, პიკეტირებით?
- მგონია, რომ ოპოზიციამ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი და დაინახოს, რომ საზოგადოებაში არ არის ის მუხტი, რომლის სურვილიც მას აქვს. თუ ამ მომენტში ოპოზიციას აქვს შანსი, „ქართულ ოცნებას“ უკან დაახევინოს, ეს უფრო დიპლომატიურ ფლანგზე ხდება და არა შიდა პროტესტის დროს. კარვების აქციაც, გარდა იმისა, რომ ეს არის იმის ილუსტრაცია, რომ არ არის ისე ხალხმრავალი, როგორც ოპოზიციის სურვილია, ეს არის ტაქტიკური შეცდომაც, რადგან, სინამდვილეში, ეს აქციები გამოიწვევს მუხტის დაცემას. ზოგადად, აქციების იდეაა, ყოველი შემდეგი აქცია იყოს კიდევ უფრო დიდი მუხტის მქონე და, თუკი პირველი აქცია ასეთი უცნაური აქტივობით მთავრდება, დიდი ალბათობით, შემდეგი აქცია კიდევ უფრო უარესად დამთავრდება. ამიტომ ეს ტაქტიკური შეცდომაა, რომელსაც ოპოზიცია უშვებს და ამით მუხტს კლავს, თუკი საერთოდ ეს მუხტი არსებობს ჩვენს საზოგადოებაში.
რის გამო ფიქრობთ, რომ საპროტესტო აქციებმა დაწყებისთანავე ფიასკო განიცადა - მომიტინგეთა რაოდენობით, თუ იმ არაეიფორიული განწყობით, რაც მომიტინგეებს შორის სუფევდა?
- მომიტინგეთა რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება, პირველი აქცია არც ისე ხალხმრავალი იყოს. აქ მთავარია ემოცია. მე ვიყავი იმ აქციაზე და ეს აქცია ისევე, როგორც აქციები არჩევნების შემდეგ, საერთოდ არ წააგავდა გაბრაზებული ხალხის აქციას. მაგალითად, 20 ივნისს ეს იყო გაბრაზებული ხალხის აქცია, მიუხედავად იმისა, როგორი პოლიტიკური პოზიციები ჰქონდათ, იქ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც იყვნენ, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებიც, ეს ბრაზი იმდენად ჩანდა, რომ მთავრობამ უკან დაიხია. მსგავსი არაფერი არ იყო არც ამ არჩევნების შემდეგ და არც ახლანდელ აქციაზე. სადაც ემოცია არ არის, იქ 5 ათასი კაცი იქნება, 10 ათასი, თუ 500, მნიშვნელობა არ აქვს. ემოციით დამუხტული 500 ადამიანი უფრო დიდი წნეხი იქნება მთავრობისთვის, ვიდრე რუსთაველზე სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე უბრალოდ შეკრებილი 5 ათასი ადამიანი.
ჩვენ ვიხილეთ არასწორი მესიჯები ოპოზიციის მხრიდან, ისინი ცდილობენ, ზეპარტიულ აქციად წარმოაჩინონ ის, რაც ხდება რუსთაველზე, ასევე, მელიას და რურუას გათავისუფლებას სთავაზობენ საზოგადოებას. ზუსტად ამ მესიჯებში და არასწორ არჩევანში ხომ არ არის მათი პრობლემა? რა უნდა ყოფილიყო სწორი მესიჯები, რომ ემოცია და მუხტი გაძლიერებულიყო?
- ოპოზიციის სხვადასხვა მესიჯი იმითაა განპირობებული, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში არ ჩანს, საბოლოო ჯამში, რა უნდა ოპოზიციას, რა არის მათი მიზანი. ხან ერთი რიტორიკა აქვთ, ხან მეორე. ზოგადად, რითაც ოპოზიცია ამ პერიოდში გაძლიერდა, ეს იყო „ქართული ოცნების“ შეცდომები. გასაგებია, შეცდომა დაუშვა „ოცნებამ“ ბოლო პერიოდში, მაგრამ რომ არა ეს შეცდომები, ასევე, ირაკლი კობახიძის დეკემბერში გაკეთებული განცხადება, რომ „ნაცმოძრაობის“ განადგურება უნდა, მაშინ ოპოზიცია თვითონ რას გააკეთებდა?! ამაზე არ არსებობს პასუხი. როდესაც საუბარია ამ აქციების პოლიტიკურ მიზნებზე, მაშინვე იკვეთება იდეის დეფიციტი, თუ რას ვაკეთებთ სამომავლოდ. ჩემი გადასახედიდან, ამ მომენტში მთავარია, პოლიტიკური სიტუაცია დალაგდეს და კრიზისი მოლაპარაკებით დასრულდეს. იმედია, მხარეები მოახერხებენ შერიგებას დიპლომატების მეშვეობით.
ბევრს არც ის მოეწონა, რომ ოპოზიციონრები ეროვნულ მოძრაობასთან აიგივებენ თავს. თქვენ რას ფიქრობთ?
- ერთი მხრივ, მათ უფლება აქვთ, საკუთარ თავს ნებისმიერი სახელი უწოდონ, მაგრამ ეს რომ მართლაც იდეით სავსე მოძრაობა იყოს, ამ გაერთიანებას თავისით გაუჩნდებოდა სახელი, რომელიც ამ კონკრეტულ მომენტში კიდევ უფრო ძლიერი შეიძლება ყოფილიყო, ვიდრე ისტორიული ანალოგები. თუ ამ მოძრაობას უწევს ისტორიული ანალოგების გამოყენება, ეს იმას მიუთითებს, რომ საკუთარი იდეა არ აქვთ, რომელიც გაამართლებს მათ აქტივობას. ეს ხომ ჩვენი ოპოზიციის ზოგადი პრობლემაა, წინასაარჩევნოდაც ეს პრობლემა იყო და „გირჩი“ სულ ცდილობდა ამ ხალხთან კომუნიკაციას, გაერთიანებას, რომ გარკვეულ თემებზე შეთანხმებისთვის მიგვეღწია. ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მთავარი პრობლემაა, გარდა იმისა, რომ ისინი იბრძვიან ძალაუფლებისთვის, ისინი იბრძვიან, რომ არაფერზე პასუხისმგებლობა არ აიღონ. ყველა პოლიტიკოსი, ასე თუ ისე, ძალაუფლებისთვის იბრძვის, მაგრამ მერე რას აპირებენ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, ამაზე წარმოდგენა არ აქვთ. ფაქტობრივად, როდესაც ჩვენ მივადექით სიტუაციას, რომ მოდით, ბიძინა ჩავანაცვლოთ „ნაცმოძრაობით“, ამ სიტუაციაში როგორც კი გაჩნდა კითხვა, მერედა, რატომ ვაკეთებთ ამას, ამაზე პასუხი არ აქვთ. ერთადერთი, რასაც იყენებენ, „ქართული ოცნების“ პერმანენტული შეცდომებია.
ფაქტია, „გირჩთან“ მიმართებით ოპოზიციური სპექტრის გაუცხოება მოხდა. მათ საპროტესტო აქციაზე რომ იყავით, არ იგრძნობოდა ეს გაუცხოება? თქვენი თანაპარტიელი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, ისე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების, თუკი ისინი ძალაუფლებას ჩაიგდებენ, არავინ იცის, ოპონენტებს როგორ გაუსწორდებიანო. ეს შიში თქვენც ხომ არ გადმოგედოთ, თუ რა იქნება მომავალში ამ ოპოზიციის ხელში?
- აქციაზე არა მარტო მე ვიყავი, საკმაოდ ბევრი „გირჩელი“ იყო და აქციაზე ყოფნის პრობლემა არ გვქონია. რაც შეეხება ვახო მეგრელიშვილის განცხადებას, ძალიან მარტივია ამის ახსნა. როცა ძალაუფლებისთვის მთელი შემართებით იბრძვის რომელიღაც ძალა, რომლის გეგმაც არ ვიცით, რა იქნება მომავალში, თუკი ის ძალაუფლებას მოიპოვებს, ერთადერთი, რაც ვიცით, რომ ის ჩვენთან არ ლაპარაკობს, კრიტიკული დამოკიდებულება აღიზიანებს და ურჩევნია, კი არ გიპასუხოს, არამედ არ დაგელაპარაკოს, ეს აჩენს შიშს, თუ ის ასევე მოიქცევა, როცა ძალაუფლებას მოიპოვებს, მაშინ რით განსხვავდება „ქართული ოცნებისგან“?! შეიძლება, უფრო მეტი აგრესიითაც მოვიდეს ძალაუფლების ჩასაგდებად და უფრო მეტი დააშავოს ამ კუთხით. ესაა პრობლემა, ამიტომაც გაგვიფუჭდა ურთიერთობა კოლეგებთან, რადგან ჩვენ გამუდმებით კითხვებს ვსვამდით, რას ვაკეთებთ, რისთვის ვაკეთებთ, ასე რატომ ვაკეთებთ? პარლამენტში ჩვენი შესვლა გადადებულია, თუკი პოლიტიკური დევნის პროცესი არ შეწყდება. უფრო მეტიც, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის ჩხუბი ისეთ ფაზაში გადავიდა, რომ, ფაქტობრივად, ჩვენ გვრჩება დამკვირვებლის როლი, ჩვენ ამ ჩხუბში არ ჩავერევით, არ გვაქვს რესურსი, ეს ხალხი გავაჩეროთ და, მეორე მხრივ, არც ერთის პოზიციას არ დავიკავებთ. იმედი მაქვს, ან თვითონ დაიღლებიან ამ ჩხუბით, ან ვიღაც ჩვენზე უფრო ძლიერი ჩაერევა და გააჩერებს. თუმცა ფაქტია, 9 წელი არ დაიღალნენ ამ ჩხუბით. ამ სიტუაციაში დიპლომატიურ ფრონტზე „ქართული ოცნება“ მარცხდება, მაგრამ, ჩემი გადასახედიდან, რაღაცნაირად ეს კარგიცაა, რადგან ჩხუბის დროს ორივე მხარე უნდა გაილახოს, რომ მერე დამშვიდდნენ.