„ჩვენი ევროპული ინტეგრაციის შანსი თუ ჩავარდება, შემდეგ საზომი არ იქნება გამოყენებული, ვინ უფრო მეტად განაპირობა ამ შანსის ჩავარდნა“

„ჩვენი ევროპული ინტეგრაციის შანსი თუ ჩავარდება, შემდეგ საზომი არ იქნება გამოყენებული, ვინ უფრო მეტად განაპირობა ამ შანსის ჩავარდნა“

10-დღიანი ვადა და დიალოგის მომლოდინე ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს... ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წასვლის შემდეგ ოპოზიცია და ხელისუფლება კვლავ ურთიერთბრალდებების რეჟიმში გადავიდნენ და ერთმანეთს ისევ წითელი ხაზები გაუვლეს. ოპოზიცია ითხოვს, რომ ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ე.წ. პოლიტპატიმრები გიორგი რურუა და ნიკა მელია, ხოლო ამის შემდეგ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და მიშელის მიერ დატოვებულ 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ხელცარიელი ჩავა და ვერ აუხსნის ევროსაბჭოს წევრებს, რატომ ვერ შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება.

თუმცა ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ნამდვილად არ იყო სასურველი მიშელის წასვლის მეორე დილით ოპოზიციას კვლავ პარლამენტის პიკეტისთვის მიემართა. ამიტომაც პირობების დარღვევაში ხელისუფლება ოპოზიციას ადანაშაულებს. ასევე კატეგორიულ უარს ამბობს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. არ აპირებს არც პლებისციტის დანიშვნას. ხოლო მელიას გათავისუფლებისთვის ოჯახს გირაოს გადახდას ურჩევს.

ანალიტიკოსები კი for.ge-სთან ამბობენ, რომ საქართველო, როგორც არასდროს, ახლა ევროკავშირის რადარზეა. აქედან გამომდინარე, როგორ გავართმევთ თავს ჩვენ ყველანი, ამ პოლიტიკური პროცესის მონაწილენი, ამაზეა მეტწილად დამოკიდებული ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ბედი. ეს შანსი თუ ჩავარდება, შემდეგ, ისტორიის გადმოსახედიდან, საზომი არ იქნება გამოყენებული, ვინ უფრო მეტად განაპირობა შანსის ჩავარდნა და ვინ ნაკლებად. ამიტომაც ორივე მხარეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიციამ აქციების მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ 13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტისთვის გადაიდო, ხოლო დანარჩენი აქციები მოდიფიცირდება. რაც შეეხება 4 მარტს დაგეგმილ აქციას, ის 13:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ მსვლელობით დასრულდება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფება. აქცია ავტომობილების მსვლელობით გაიმართება. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებას პატარა მანევრის საშუალებასაც არ მისცემენ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს. ოპოზიცია ხელისუფლებას 10 დღეს აძლევს, რადგანაც ბრიუსელში ჩასვლის დროს მას არ ჰქონდეს საბაბი, რომ ოპოზიციას რამე დააბრალოს. თუ ღარიბაშვილი ბრიუსელში ხელცარიელი ჩავა, მაშინ ევროკავშირისთვის ეს იქნება ნიშანი, რომ „ოცნებამ“ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას დიალოგის სურვილი არ აქვს, ამიტომაც მიშელის წასვლისთანავე ჩვეულ რიტორიკას დაუბრუნდნენ. ძაბირაძე ამბობს, რომ მათ არა ქვეყნის ევროპული მომავალი ადარდებთ, არამედ საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვიან, ამიტომაც ნაბიჯს არც ერთი არ დგამს.

„შანსი იმის, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება საკუთარი სურვილით, ყველა წინაპირობების გარეშე მაგიდასთან მოსალაპარაკებლად დასხდებიან, გამორიცხულია. ამიტომ კარლ ჰარცელმა ევროკავშირის ელჩმა უნდა იკისროს ვალდებულება და ორივე მათგანი დიალოგის მაგიდასთან დასვას. მედიატორობა იქნება თუ არა საკმარისი ესეც საკითხავია. ისეთ განცხადებებს აკეთებს ორივე მხარე, უფრო მომრიგებელი მოსამართლე თუ უშველით. სხვაგვარად ამათ რაიმე დიალოგის სურვილი ჰქონდეთ, არ ეტყობათ. რაც შეეხება საუბრის თემას, ეს მედიატორმა უნდა განსაზღვროს. ამიტომაც აქ წითელი ხაზების გავლება და მე ის მინდა შენ - ეს, არ გამოვა.

ალბათ, იმ 6 პუნქტიდან საუბარი ყელაზე მარტივით უნდა დაიწყონ, სადაც კომპრომისი უფრო ადვილად მიიღწევა. ეს უნდა იყოს საარჩევნო კოდექსი და მის ირგვლივ რეფორმაზე. შემდეგ ნელ-ნელა იმ თემაზე უნდა დაიწყოს საუბარი, რაც იქ არის. აუცილებელია, რომ ორივე მხარემ შეხების წერტილები მოძებნოს, თუკი, რა თქმა უნდა, ამის სურვილი აქვთ, რასაც ნამდვილად ვერ ვხედავ. პირობები უკვე დაირღვა და ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა. ხელისუფლებას კიდევ ეს ორივე ისევ წითელ ხაზებად აქვს მონიშნული“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ევროპელები მომთხოვნები უნდა იყვნენ როგორც ხელისუფლების მიმართ, ასევე ოპოზიციის მისამართითაც. ძაბირაძე ფიქრობს, რომ თუკი ქვეყანა წავა იქითა მხარეს, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომი უნდა მოხდეს ან მუდმივად დაპირისპირების პირობებში ვიყოთ, მაშინ ოპოზიციამაც უნდა იცოდეს, რომ თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, ეს სანქციები მათაც დაეკისრებათ. ამ კრიზისიდან გამოსავალი ოპოზიციამაც უნდა მოძებნოს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან უფრო მკაცრი ტონი იქნება საჭირო, რადგან სიტუაცია შეიძლება ისეთ კრიზისამდე მივიდეს, სადაც გამოსავლის პოვნა გაჭირდება.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ საქართველოში სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკები ჩამოდიან, თუმცა საშველი ნაკლები გვაქვს. მისი თქმით, შარლ მიშელის წასვლისთანავე ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება მოაწყო. ეს კი დიალოგისკენ გადადგმული ნაბიჯი ვერ იქნება. მისი აზრით, ხელისუფლებასთან ერთად ქვეყნის მომავალზე და მის განვითარებაზე ოპოზიციამაც უნდა იფიქროს. ვალდებულება მასაც აკისრია, რომ ქვეყანაში დაპირისპირება არ იყოს და პარალმენტში შევიდნენ. ამიტომაც ყურადღების მისაქცევად ყველაფერს აკეთებენ, რათა დასავლეთის მხრიდან ზეწოლა გაძლიერდეს. ხედავენ, რომ ხელისუფლებაში ხალხს მათი დაბრუნება არ უნდა, ამიტომაც ყველაფერზე მიდიან იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს ან კიდევ რევოლუციური სცენარით ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.

„ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს იქვე დაუდასტურა და დაუმტკიცა კიდევაც, რომ დიალოგის მომხრეა. მზადყოფნა გამოთქვა შეხვედრისთვის და ვნახეთ, რომ ეს შეხვედრაც შედგა. ამიტომაც პირველი შეთანხმება ოპოზიციამ დაარღვია, როცა პარლამენტის პიკეტირება მოახდინა. ხელისუფლებამ მეტი რა ქნას, ეუბნება, რომ კონკრეტულ დათმობებზე მიდის. აბა ახლა რიგგარეშე არჩევნებს ვერ დანიშნავს, ჯერ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და მეორეც ამას „ოცნებას“ საკუთარი ამომრჩეველი არ აპატიებს.

ოპოზიციას ხალხის რა მხარდაჭერაც აქვს, ძალიან კარგად ვხედავთ. ამიტომაც ხელოვნურად ქმნიან ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს რათა დასავლეთის ყურადღება მიიქციონ. ევროპას საქართველოსთან დაკავშირებით პირადი ინტერესები აქვს. მხოლოდ საქართველოზე დარდის გამო არ ჩამოსულა ევროსაბჭოს პრეზიდენტი. მათთვის საქართველო სტარტეგიულად რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ამიტომაც ცდილობენ, რომ ეს კრიზისი მოგვარდეს. თუ არ მოგვარდება კიდევ, ჩვენზე ხელს ჩაიქნევენ და ვიქნებით კიდევ ერთი არეული ქვეყანა, რომელსაც ვერაფერი ეშველა“, - აცხადებს საყვარელიძე for.ge-სთან.