NATO თავდაცვის მინისტრის მუშაობით და რეფორმებით კმაყოფილია

NATO თავდაცვის მინისტრის მუშაობით და რეფორმებით კმაყოფილია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პირისპირ შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, საქართველო-ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობასა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს.

„ჩვენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. დღეს, შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა მინისტრ ალასანიასთან. მე მოხარული ვარ იმ რეფორმებით, რაც მან გამაცნო. ჩემთვის ეს ძალიან პროფესიონალურ დონეზეა ჩამოყალიბებული და ძალიან სწორი მიმართულებით ვითარდება. მეორეს მხრივ, საქართველოში უნდა მოხდეს მხარეებს შორის შეთანხმება. კოაბიტაციის პროცესი რთულად მიმდინარეობს. გვსურს, ქვეყნის შიგნით მხარეები ძირითად და არსებით საკითხებზე შეთანხმდნენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დიალოგი მათ შორის მიმდინარეობს და გვინდა, რომ შეთანხმებას მალე მიაღწიონ“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

“ხვალინდელ მინისტერიალზე კონკრეტულად განვიხილავთ, თუ რა მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ავღანური და გლობალური უსაფრთხოების დაცვაში, ISAF-ის დასრულების შემდეგ. ნატოს-გან და ჩვენი პარტნიორებისგან მოვისმენთ, თუ რა გეგმები აქვთ მათ. ჩვენ კონკრეტული წინადადებები გვაქვს მომზადებული, იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლს შეასრულებს საქართველო პოსტ-ISAF-ის პერიოდში. ამ დღეებში ამ საკითხებს უფრო მეტად მოეფინება ნათელი. რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში, გადაწყვეტილება მიღებულია, თარიღიც პრაქტიკულად შერჩეულია. ეს ვიზიტი კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს საქართველოს, რომ უახლოეს პერიოდში მრავალმხრივ ფორმატებში მეტი ინტეგრაცია მოხდეს ნატო-ს ქვეყნებთან“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

დღესვე დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან.

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ირაკლი ალასანია ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენსა და ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალს, გენერალ ჯოზეფ დანფორდსაც შეხვდება. თავდაცვის მინისტრი ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრასაც დაესწრება. დაგეგმილია შეხვედრები ასევე, ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.