„ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს ბიზნესში ხელების ფათურს“

„ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს ბიზნესში ხელების ფათურს“

„ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს ბიზნესში ხელების ფათურს“... „ბიზნესსა და ჩინოვნიკებს შორის წილების გადანაწილება არ მოხდება“, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან უკვე რიგით მეორე შეხვედრისას განაცხადა. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ასეთ მოკლე დროში ბიზნესმენებთან ინტენსიური შეხვედრა მათ მიმართ ახალი ხელისუფლების დამოკიდებულებას ადასტურებს.

როგორც პრემიერმა განაცხადა, დღეს გაცილებით საქმიანი შეხვედრა იყო და ბიზნესმენები მნიშვნელოვან საკითხებზე სვამდნენ კითხვებს, ვიდრე პირველი შეხვედრისას, რაც ორივე მხრიდან ემოციური გახლდათ. მომავალში ბიზნესსექტორთან ამ ტიპის შეხვედრები ინტენსიური გახდება.

პროგნოზირებადი გარემო, მოულოდნელ გადაწყვეტილებებზე უარის თქმა, საშუალო და მცირე ბიზნესისადმი ყურადღება, დაბალი გადასახადები, ბიზნესომბუდსმენის დახმარება, ფონდების ამუშავება, რადგან ქართულ ბიზნესს სჭირდება კაპიტალური დაფინანსება, - ეს არასრული ჩამონათვალია, რაზეც ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს ორსაათიანი დახურული შეხვედრისას ესაუბრა. თავის მხრივ, ბიზნესმენებმა მსოფლიოს მასშტაბით რეკლამირება უნდა გაუწიონ ჩვენს ქვეყანას. მანამდე კი ქართველ მეწარმეები იმ დროს ელიან, როცა ბიზნესის კუთხით კანონმდებლობა დაიხვეწება.

For.ge მრეწველების ლიდერს გოგი თოფაძეს ესაუბრა, რომელიც ბიზნესმენებთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ქუთაისის პარლამენტში ყოფნის გამო ვერ დაესწრო, მაგრამ საკუთარი შეხედულებები გააჩნია ამ სფეროს დარეგულირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ის, რასაც აცხადებს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომ ბიზნესმენებს გაეხსნებათ გზა იმისთვის, რომ თავისი აქტიურობა გამოაჩინონ და ვერავინ გაბედავს, დაჩაგროს ნებისმიერი სფეროს ბიზნესმენი, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, ძალიან კარგია.

„ამის შესახებ ბატონმა ბიძინამ განაცხადა და ჯერჯერობით ყველაფერს აკეთებს ისე, როგორც საჭიროა. იგი თვითონვე ჩადებს სერიოზულ ინვესტიციებს სოფლის მეურნეობაში და ამასთან, სხვადასხვა საინვესტიციო ფონდები შეიქმნება. ეს კი  მიანიშნებს, რომ თვითონვე უწყობს ხელს ბიზნესის საქართველოში განვითარებას“, - აცხადებს გოგი თოფაძე და  გადასახადების გადახედვასა და კანონქვემდებარე აქტების შეცვლას გვთავაზობს.

მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების კანონმდებლობაში ბევრი რამ გაუგებარი იყო და დაბეგვრის ბაზა უნდა შეცვლილიყო. ამასთან, გოგი თოფაძეს ასეთი პრეცენდენტი არსად შეხვედრია, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია შელახულიყო და თავის მართლება დაეწყოთ ბიზნესმენებს. „ყოფილმა ხელისუფლებამ ეს კარგად გამოიყენა, რაც უდიდესი დარტყმა იყო ბიზნესზე. სწორედ ამიტომ იჯდა ამდენი ხალხი საპატიმროებში. კონკრეტულად, წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა შეთანხმებები, მილიონების გამორთმევა, რამაც დაანგრია ქართული ბიზნესი. ხალხმა დაკარგა ბიზნესის განვითარების სურვილი და ეს ყველა ბიზნესმენის პრობლემა იყო“.

გოგი თოფაძის ინფორმაციით, ნებისმიერი შემმოწმებელი რაიმეს აბრალებდა ბიზნესმენს და ხშირად უსამართლოდაც. ამის შემდეგ კი ბიზნესმენს უნდა ეჩივლა და მათივე სასამართლოში უნდა გაემართლებინა თავი, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. ამდენად, ეს საკითხი ასე არ უნდა დარჩეს, რადგან წარმოუდგენელია ასეთ პირობებში მუშაობა და მრეწველობისა და ბიზნესის განვითარება.

თოფაძის თქმით, მრეწველები ამზადებენ ცვლილებებს და ძალიან ბევრი შეთავაზება მიეცემა პარლამენტს, რათა ბიზნესმენებს მუშაობა გაუადვილდეთ და გააქტიურდეს ეს ხალხი.

ამასთან, გოგი თოფაძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს ომბუდსმენის ინსტიტუტი ფიქცია იყო. ამას ისიც მოწმობს, რომ სოზარ სუბარმა დატოვა თავისი პოსტი, რადგან ვერ გაუძლო ყოფილი ხელისუფლებისაგან წამოსულ პრესს. ამდენად, გოგი თოფაძე იმედოვნებს, რომ ბიზნესომბუდსმენის საქმიანობა შედეგიანი იყოს და მას რეალური უფლებები ჰქონდეს, რომ ბიზნმესმენები დაიცვას. 

ბიძინა ივანიშვილისა და ბიზნესმენების შეხვედრის შეფასებისას ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე აცხადებს, რომ პრემიერს კარგად ესმის საქართველოს ეკონომიკისთვის მამოძრავებელი ბიზნესის ძალა. მისივე თქით, ძალიან კარგია, ახალი ხელისუფლება გადასახადებს თუ დაუკლებს, მაგრამ ამას საგადასახადო კოდექსის გადახედვა სჭირდება, ვინაიდან არსებული საგადასახადო კოდექსის თანახმად, უკვე შექმნილია 2013 წლის ბიუჯეტი და ამდენად, გადასახადების გადახედვა 2014 წლამდე არ მოხდება.

„ბიზნესომბუდსმენის ფუნქციას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, ვნახოთ, რა უფლებები ექნება მას, რადგან აქამდე არსებული ბიზნესომბუდსმენი სრული ფიქცია იყო. საქართველოდან გარბოდნენ ის ბიზნესმენები, ვისაც მისდევდა ყოფილი ხელისუფლება. ხოლო, ვინც საერთო ენა გამონახა ყოფილ მთავრობასთან, საქართველოში კარგ პირობებში რჩებოდა. ახლა ზოგიერთები, თუნდაც კეზერაშვილის სახით, გარბიან საქართველოდან. მოგეხსენებათ, ძალიან დიდი წნეხი იყო ბიზნესზე და ბიზნესმენებს ფულს ართმევდნენ, ახლა აღარ არის წნეხი. ამიტომ ადრე ისინი თავს იკავებდნენ სიმართლის თქმისგან და ვერ იტყოდნენ, რომ მათ ფულს ართმევდნენ“.

ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძეს ეეჭვება, რაიმე დატვირთვა ჰქონდეს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას. უფრო მეტიც, მას არც ადრე ჰქონდა ფუნქცია და არც ახლა ექნება. ამიტომ ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვა ზედმეტი ფუნქციისთვის, რომელიც დუბლირებას უკეთებს სხვა ფუნქციას, არ ღირს.

რაც შეხება პრემიერის ბიზნესმენებთან შეხვედრას, პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული არაფერი თქმულა. ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის და არაფრის განხილვა არ მომხდარა.

„მათ შორის, ის პროექტები, რაც ფონდების შექმნას გულისხმობს, ზერელედ იყო ნახსენები და იმას ჰგავდა, ჯერ არ ვიცით, როგორი პირობები იქნება და ორ თვეში გამოიარეთო. ამ შეხვედრის შინაარსი ვერ გავიგე. ბიძინა ივანიშვილს არაფერი უთქვამს, თუ რითი გაუმჯობესდება გარემო, არც ის ვიცი, რა კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, რომ ინვესტორი შემოვიდეს“, - აცხადებს პაატა შეშელიძე For.ge-სთან საუბარში.

თავად ის ფაქტი, რომ პრემიერი შეჰპირდა ბიზნესმენებს, მათ საქმიანობას ხელის ფათურისგან დაიცავს, პაატა შეშელიძეს განსაკუთრებულად არ მიაჩნია, რადგან ასეთი ტიპის განცხადება არაერთხელ გაკეთებულა და პრაქტიკაში ეს რას ნიშნავს, უცნობია.