ოპოზიცია რუსთაველის გამზირის „ათვისებას“ ცდილობს, სამართალდამცავებთან მცირე ინციდენტის შემდეგ მათ უკვე რიგით მეთხუთმეტე კარავი გაშალეს.
პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კარვების დადგმის პროცესი ხელოვნურია, რადგან ოპოზიციას იმდენი ხალხი არ ჰყავს, რომ ეს კარვები შეავსოს. უბრალოდ, ისინი ცდილობენ, მასობრიობის შთაბეჭდილება შექმნან და ამისთვის სჭირდებათ კარვების გაშლაც.
იმდენად დიდი იყო მიტინგის მასობრივად წარმოჩენის სურვილი, რომ თავდაპირველად ოპოზიცია შეეცადა, კარავი გზის სავალ ნაწილზე გაეშალა, თუმცა სამართალდამცავთა გაფრთხილების შემდეგ კარავი გონივრულ ვადაში აიღეს და პარლამენტის მიმდებარედ გადაიტანეს.
რამდენ ხანს დარჩება კარვები რუსთაველზე?
„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ თავად რომ იყოს მთავრობაში, საერთოდ შეეშვებოდა მომიტინგეებს კარვების დადგმის გამო. მიზეზი მარტივია, თბილისელებს ძალიან შეაწუხებდათ კარვები რუსთაველზე, რადგან საცობები გაჩნდებოდა…
„ქუჩაში გასულ ოპოზიციას თუ უნდა, მთელმა თბილისმა აგინოს საცობების გამო, მაშინ იყოს ეს კარვები. ყველასთვის აშკარაა, რომ კარვები იმისთვის არ იდგმება, რომ რუსთაველზე პროტესტის უამრავი მონაწილეა და, რომ მომიტინგეებს ზედმეტი სიმჭიდროვის გამო ადგილი აღარ აქვთ. გასაგებია, რომ კარვები ამ ხალხს იმიტომ უნდა, ან პროვოკაცია მოაწყონ, ან თბილისელებს ცხოვრება გაურთულონ. პროვოკაცია თუ აწყობს ოპოზიციას, მით უმეტეს, არ უნდა გადასწიოს მთავრობამ ეს კარვები, ხოლო, თუ განზრახ უნდათ, ყველაზე დიდ ქალაქში ამომრჩევლები გააბრაზოს ოპოზიციამ, მაშინ დადგან კარვები“, - აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.
მანვე განმარტა, რომ, ზოგადად, „ქართული ოცნების“ პრობლემა ისაა, რომ მმართველ გუნდში ვერ ხვდებიან, ზოგჯერ უკან დახევა სიძლიერის ნიშანია და არა სისუსტის. როგორც კი მიხვდებიან, რომ ზოგჯერ შეიძლება აქციის მონაწილეებს არ მიაქციონ ყურადღება, მშვიდად მოიქცნენ და პოლიციას არ მოუხმონ, მაშინ ვითარება სულ სხვანაირი იქნება. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ სხვანაირად იქცევა და კარვებთან მიმართებითაც არავინ იცის, რა მოხდება.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს აინტერესებს, კარავი რისთვის სჭირდება ოპოზიციას, როცა იმ კარავში არავინ არის და არც იქნება. ამიტომაც ეწინააღმდეგებოდა კარვების დადგმას პოლიცია, რომ ეს აბსოლუტურად ხელოვნურია. ამის უკან შინაარსი არ ჩანს.
„ცხადია, კარვის დადგმის უფლება ოპოზიციას აქვს, მაგრამ ამას მხოლოდ იმისთვის თუ აკეთებ, რომ კარავი გამოჩნდეს და თქვა, აი, კარავი გავშალეო, ეს არის გაუგებარი. კარვები იმის წარმოსაჩენად სჭირდებათ, თითქოს ბევრი ხალხი მივიდა მათ აქციაზე. ამას აკეთებენ ხმაურისთვის. მთლიანობაში, ამ აქციების სოციალური ღირებულება ერთი გროშია, მაგრამ ამას ერთ ლარად ყიდიან. კარვების გადასატანად მათ გონივრული ვადა მისცეს, ეს კარვები ასაღებია, რადგან ეს არის ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლების სხვა ფორმები არსებობს, რომელიც ამ მუხტის ადეკვატური იქნებოდა. კარავს რომ შლი, იქ მომსვლელი ვიღაც უნდა გყავდეს, მაგრამ, როცა ამას ხელოვნურად აკეთებ, ეს ბუნებრივი პროტესტი კი არ არის, ეს დადგმული სპექტაკლია. ჯერ ერთი, თვითონ ეს განწყობაა გაუგებარი, გინდა თუ არა, აქ უნდა დამადგმევინო კარავი“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, მიტინგის დროს ქუჩის გადაკეტვა დასაშვებია, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა ამის აუცილებლობაა, ჭარბად მოსული ხალხი აღარ ეტევა და ქუჩაზე გადადის, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. კარვის შემთხვევაშიც ასეა, როცა პროტესტი მკვეთრია და დღე და ღამე გრძელდება, კარავი აუცილებელია. ამ შემთხვევაში კი, დღე და ღამე კი არა, 2-3 ათასი კაცი ძლივს შეაგროვეს. მნიშვნელობა არ აქვს, გინდაც 5 ათასი მომიტინგე ყოფილიყო, ეს შეუდარებლად ცოტაა, ვიდრე ჩვენ მიჩვეულნი ვიყავით ადრე, როცა ნაციონალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართებოდა.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია შეეცდება, რაც შეიძლება დიდხანს იყოს კარვები რუსთაველზე და ამით გაიხანგრძლივონ ვითარება.
„სხვა გამოსავალი ოპოზიციას ახლა არ აქვს. ასე რომ, არ ველი დღეს ან ხვალ, ან ერთ თვეში ამ კარვების აღებას. ზაფხულის რა მოგახსენოთ, მაგრამ კარვები და პროტესტი, ალბათ, გაზაფხულამდე გასტანს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.