ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წასვლის შემდეგ ურთიერთბრალდებები კვლავ განახლდა. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთმანეთს ისევ წითელი ხაზები გაუვლეს. ორივე მხარისთვის რიგგარეშე არჩევნები კვლავ პრინციპული საკითხია და ახლა იმის გარკვევით არიან დაკავებულები, რა წერია ევროპის ემისრის მიერ დატოვებულ 6-პუნქტიან გეგმაში.
ოპოზიცია ისევ გამწვავებაზე წავიდა და უარი არ თქვა სახელმწიფო შენობების პიკეტირებაზე, რაზეც საპასუხოდ, ხელისუფლებისგან მკვეთრი განცხადებები მიიღო. ამის შემდეგ ოპოზიციამ შეცვალა რიტორიკა და აქციების ფორმის კორექტირება დააანონსა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დახმარებით აღდგენილი მოლაპარაკებების შედეგიანად დასასრულებლად მხარეებისთვის პლებისციტის შეთავაზებას გეგმავს „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. პოლიტიკურ ძალებში ფიქრობენ, რომ ვადამდელი არჩევნების შესახებ პლებისციტის თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა შესაძლოა, კრიზისის განმუხტვის მექანიზმად იქცეს. შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობს საპარლამენტო ოპოზიციაც.
6 საკითხი, რომლებზეც დღეს აქტიურად საუბრობს ოპოზიცია, „პოტენციური ადრეული არჩევნების“ გარდა, ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას, საგამოძიებო კომისიას, საარჩევნო რეფორმას, პატიმრების საკითხის გადაჭრას და მართლმსაჯულებას ეხება. ყველა ამ თემის პროგრესი 15 მარტს ბრიუსელში უნდა გადამოწმდეს.
ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შეხების წერტილების მოსაძებნად 2 კვირაზე ნაკლები აქვს დარჩენილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ოპოზიციასაც მსგავსი განწყობა უნდა ჰქონდეს.
პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირებით დესტრუქციული ქმედებები განახორციელა.
„მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ რაიმე არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს. გუშინდელი შეხვედრა შარლ მიშელის ინიცირებული იყო, რასაც მე დავთანხმდი, რადგანაც მიმაჩნდა და მიმაჩნია, კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან.
სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან სულ რაღაც 12 საათში ვიხილეთ, როგორი არაკანონიერი და დესტრუქციული ქმედებები განახორციელეს, მე ვგულისხმობ პარლამენტის პიკეტირებას. ეს არ ემსახურება არც ამ ფორმატს და არც ამ დიალოგის ინტერესებს. ეს არ ემსახურება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მოქმედ მტრულ ინტერესებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს და ეს „წითელი ხაზია“.
„ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება და მე ეს გუშინ შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა, ამას იმიტომ კი არ გააკეთებს, რომ ის მიდის დათმობაზე, ის უბრალოდ აიძულეს, რომ ეს გაეკეთებინა. თუმცა ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ნდობა რთულია. ამიტომ სიტუაციის განვითარებას უნდა დაველოდოთ. მისი თქმით, რადგან მოლაპარაკების მაგიდაზე გარკვეული საკითხები დაიდო, კითხვები ჩნდება „ოცნების“ მისამართით, რატომ წავიდა გახარია? იმიტომ, რომ დღეს დაიწყო ის პროცესი, რაზეც მუდმივად ის საუბრობდა. შესაბამისად, პოლიტიკური ლოგიკა მეტყველებს იმაზე, რომ დღევანდელმა ელიტამ აღიარა, რომ მათ დაუშვეს შეცდომა და გახარია მართალი იყო.
„თუკი ხელისუფლება დათმობაზე წავა, რისი იმედიც დიდად არ მაქვს, ეს იქნება იმით განპირობებული, რომ ის უბრალოდ აიძულეს. რა თქმა უნდა, ჯობია, ეს ასე ცივილიზებულად მოხდეს და არა დიდი რყევების შედეგად. ევროკავშირი მხოლოდ ჩვენზე არ ფიქრობს და პრეზიდენტი აქ მხოლოდ ჩვენს გამო არ ჩამოსულა. მათ აქ თავისი ინტერესები აქვთ. ის ჩვენ მოგვიაზრებს როგორც სამომავლოდ თავის აქტივს და ამ გადმოსახედიდან მათთვის მთავარია, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა. ამიტომაც ამ სტაბილურობას რომ მხოლოდ ცივილიზებულად მივაღწევთ, ეს ყველასთვის ცხადია. ევროპა გვეუბნება გინდათ ჩვენს ოჯახში, მაშინ ჩვენ გვაქვს თამაშის წესები, რომლის მიხედვითაც უნდა ითამაშოთ. ისინი გვეუბნებიან, რომ ჩამოყალიბდით, ბოლოს და ბოლოს, რა გინდათ! ამიტომ ეს იქნება ახლა ხელისუფლების ტესტი და ევროკავშირი დააკვირდება როგორ ჩავაბარებთ მას“, - აცხადებს ხუხაშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მას ხელისუფლების და ოპოზიციის დიალოგის დიდი იმედი და მოლოდინი არ აქვს. მისი აზრით, აქ საქმე ორმხრივ არაადეკვატურობასთან გვაქვს.
„სულაც არ მაქვს მოლოდინი, რომ დიალოგის შედეგად რამე შეთანხმებამდე მივიდნენ. აქ არის უბრალოდ ერთი ინტერესი, ორივე მხარე ერთმანეთის მოსპობას ცდილობს. ახლა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმას ცდილობს, რომ ეს მედიაციის პროცესი სათავისოდ გამოიყენონ. მიკვირს ოპოზიციას რატომ გაუჩნდა ილუზია, რომ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს დათანხმდება. ოპოზიციამ, ბოიკოტის კამპანიით, თავი თვითონ ჩაიყენა რთულ მდგომარეობაში. მას ისეთი მოთხოვნები აქვს, რომ ეს ხელისუფლების გადაბარებას ნიშნავს. პირდაპირ კაპიტულაციის გამოცხადებას სთხოვენ და ამაზე ხელისუფლება რატომ წავა? თუ ახალი არჩევნები ჩაატარა და ახალი ცესკო დანიშნა, მაშინ გამოვა, რომ აღიარებს არჩევნების გაყალბებას.
თუნდაც დასავლეთის მხრიდან მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნები არ არის. პრობლემა პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პოლიციის, უშიშროების და სასამართლოს გამოყენებაა. ეს არის ევროპელების მთავარი მოთხოვნები და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის მოთხოვნაც ეს არის. რაც შეეხება პლებისციტის საკითხს, ესეც მიმაჩნია, რომ ხელისუფლების კოზირი იქნება, რადგან ოპოზიციის მიმართ ხალხში არ არის დადებითი განწყობები და ამ საკითხის შემობრუნებასაც სათავისოდ „ოცნება“ შეძლებს“,-აცხადებს დავით ზურაბიშვილი for.ge-სთან.