მურა სიდამპლე, რომელმაც საზღვარი ვერ გადმოლახა

მურა სიდამპლე, რომელმაც საზღვარი ვერ გადმოლახა

„თურქებს დავადებული კარტოფილი საქართველოში შემოაქვთ, თურქეთში კი ხულოს, ახალქალაქის, წალკის ქართული კარტოფილი გააქვთ“, - აცხადებს ხულოს სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი გია ძირკვაძე. ამასთან, „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას ძირკვაძე აღნიშნავს, რომ 2012 წელს საქართველოში მოხმარებული კარტოფილის 85%-ი თურქეთიდან იმპორტირებული იყო, შესაბამისი უწყებების მხრიდან არ არსებობდა კონტროლი და საქართველოში დაავადებული თურქული კარტოფილი თავისუფლად შემოდიოდა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაავადებული კარტოფილის გამო დაავადება არ გავრცელდეს, ხელისუფლება უნდა მოიქცეს ისე, როგორც ახლა მოიქცა, ანუ ჩაკეტოს თურქეთის საზღვარი, ვინაიდან თურქეთში კარტოფილის დაავადება მასიურადაა გავრცელებული.

უფრო მეტიც - იგი განმარტავს, რომ 2012 წელს ჩვენი რესტორნები, მარკეტები და სხვა ობიექტები ძირითადად თურქულ კარტოფილს იღებდნენ. თანაც, თურქებს ისე ჰქონდათ დაფასოებული ეს კარტოფილი, რომ სავაჭრო ობიექტებისათვის მათი აღება მეტად ხელსაყრელი იყო.

For.ge-სთან საუბრისას ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი გურამ ჯინჭოლაძე, გარკვეულწილად, არ ეთანხმება გია ძირკვაძეს.

იგი აცხადებს, რომ ქართული კარტოფილი, როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს. მეტიც, კარტოფილი არ არის არც ევროპული ენდემი და საერთოდ, ევროპაში იგი არასდროს მოდიოდა. იგი ამერიკიდან შემოვიდა, ისევე, როგორც პომიდორი და სიმინდი და საქართველოში კარტოფილის კულტივაცია ერთ საუკუნეზე მეტ ხანს არ ითვლის. საბჭოთა პერიოდში კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უფრო აქტიურად დაიწყო ჩვენში კარტოფილის კულტივირება.

„ის ფაქტი, თითქოს ხულოს, ახალქალაქისა და წალკის კარტოფილები გადის თურქეთში, ეს სიცრუეა. ახალქალაქისა და წალკის შესახებ დანამდვილებით მოგახსენებთ, რადგან არ მინახავს თურქეთისკენ წასული კარტოფილი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თურქეთს ისედაც ჭარბი კარტოფილი აქვს“, - აცხადებს გურამ ჯინჭოლაძე.

მისივე განმარტებით, საქართველოში დაახლოებით 40-50%-ია თურქეთიდან შემოტანილი კარტოფილი და არა - 85%, კარტოფილის დანარჩენი რაოდენობა კი საქართველოშია მოწეული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ბაზრის ნახევარი თურქულია, გურამ ჯინჭოლაძის თქმით, დაავადებული კარტოფილის არანაირი კვალი არ ჩანს ამ ბაზარზე. მყიდველი არც იყიდის ასეთ კარტოფილს, რადგან მას ვიზუალურადაც ემჩნევა სხვადასხვა დავადება და სიდამპლე.

ცნობისთვის, უკვე ათი დღა, რაც საზღვარზე აღმოაჩინეს დაავადებული კარტოფილი, რომელიც საქართველოში შემოდიოდა და გაანადგურეს. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, სანიტარული, ფიტო-სანიტარული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოს თანამშრომლების მიერ ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების დროს, გაჩნდა ეჭვი კარტოფილის საკარანტინო მავნებლის - Synchytrium endobioticum (Schilb) Perc კარტოფილის კიბოს არსებობაზე და საბოლოო ეჭვი დადასტურდა.

„თურქეთი კარტოფილის სათესლე მასალით მარაგდება ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან. სწორედ ეს ქვეყნებია ასეთი კარტოფილის ძირითადი მწარმოებელი. შესაბამისად, თურქეთის გარდა, ამ სათესლე მასალით საქართველო, ალჟირი და ბრაზილიაც მარაგდება“, - აცხადებს ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი.

ამასთან, დაავადებული პროდუქციის დაბრკოლების მიზნით თურქეთის საზღვრის ჩაკეტვას, ერთი მხრივ, ეთანხმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ჩაკეტვა გამოსავალი არ არის და სურსათის უვნებლობას ამით ვერ ვუშველით. ამით უფრო ქართველი გლეხის დაცვა უფრო მოხდება, რადგან თურქული კარტოფილის თვითღირებულება დაბალია და შესაბამისად, ისინი ადვილად უწევენ კონკურენციას ჩვენს ფერმერებს.

გურამ ჯინჭოლაძე მიიჩნევს, რომ თურქეთიდან კი არა, დაავადებული კარტოფილი არსაიდან არ უნდა შემოდიოდეს. ამიტომ, სურსათის უვნებლობის სამსახური მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს.

ჩვენ დავუკავშირდით სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გიგა ქურდოვანიძეს. მან აღნიშნა, რომ, შესაძლოა, დაბალი ხარისხის იყოს კარტოფილი, მაგრამ იგი ადამიანის ან ბუნებისთვის უვნებელი გახლდეთ.

რაც შეეხება ბოლო ხანს განადგურებულ კარტოფილს, რომელიც შემოტანილი იყო ნავთლუღის ბაზრის ერთ-ერთ სასაწყობო მეურნეობაში და ასევე, 300 ტონამდე კარტოფილის მანქანა გააჩერა შემოსავლების სამინისტრომ საზღვარზე და ის ქვეყანაში უკვე აღარ შემოვიდა, ორივე მათგანი დაავადებული იყო კარტოფილის კიბოთი და მურა სიდამპლით. აღნიშნული დაავადებები არის საკარანტინო და დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ნიადაგს. კერძოდ, ნიადაგში მისი სათესლედ გამოყენება, ასევე, საკვებად გამოყენება დაუშვებელია და თუ კარტოფილის კიბო ძალიან განვითარებულ ფორმაშია გადასული, იგი გამოყოფს ტოქსინებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. უფრო მეტიც - მისი ქერქის უტილიზაცია პრობლემატურია. თუ ის მოხვდება ნიადაგში, იქ კარტოფილის და ძაღლყურძენისებრთა ოჯახის, ბოსტნეულის თუ მცენარეთა დათესვა 10-15 წლის განმავლობაში შეუძლებელია, რადგან ეს დაავადება მათაც გადაედება.

გარდა ამისა, გიგა ქურდოვანიძის თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კარტოფილით დატვირთული დაახლოებით 40 ტრაილერი აპირებდა საქართველოში შემოსვლას, თუმცა საბედნიეროდ, ისინი არ შემოვიდნენ. ამიტომ ჩვენთვის უცნობია, ამ 40 ტრაილერში შენახული კარტოფილიც დავადებული იყო თუ არა.

მართალია, ორი ტრაილერი შემოვიდა და იქ არსებულ კარტოფილში გაკეთდა ლაბორატორიული სინჯები, მაგრამ მათში არაფერი არ აღმოჩნდა. ამიტომ, გიგა ქურდოვანიძე ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის გაძლიერებაზე საუბრობს და არა - ბარიერების შექმნაზე.

„ჩვენ გვაქვს ორმხრივი ხელშეკრულება თურქეთთან, სავაჭრო ურთიერთობები განვითარებული გვაქვს. ამიტომ უხარისხო პროდუქციის შემოტანაზე კონტროლი პერმანენტულად გამკაცრდება და ამას კამპანიური ხასიათი არ მიეცემა. არა მარტო თურქეთიდან, არამედ ნებისმიერ იმპორტულ სურსათზე მოხდება შემოწმება. ასევე, ადგილობრივი წარმოებაც შემოწმდება. საქართველოში ყველა სახის სურსათი, თურქეთის გარდა, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის და ჩვენი მოხმარების დაახლოებით 2/3-ს შეადგენს. იმპორტი გაცილებით ჭარბობს ჩვენს ადგილობრივ წარმოებას”.

მისივე თქმით, საქართველოს შეუძლია დიდი რაოდენობით კარტოფილი აწარმოოს და სხვა ქვეყნებზე არ ვიყოთ დამოკიდებული. ამის მაგალითად გიგა ქურდოვანიძეს

2000 წლის შემთხვევა ახსენდება, როცა საქართველოში არნახული გვალვა იყო და შიმშილის პირას მყოფ ქვეყანაში კარტოფილის სერიოზული პროგრამა განხორციელდა. უკვე 2001 წლიდან კი საქართველო თვითუზრუნველყოფილი იყო კარტოფილით, რაც დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში გაგრძელდა.

აქვე სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა განგვიმატა, რომ დაავადებული კარტოფილი იწვევს სოკოვან დაავადებას. ვიზუალურად ამ დაავადების გარჩევა ყველას არ შეუძლია, მაგრამ ლაბორატორიული კვლევები ამას ეფექტურად წარმოაჩენს.

„სხვათა შორის, მაღალპროფესიული ანალიზი ჩაატარეს ქობულეთის ლაბორატორიაში. დნმ-ის ანალიზით დაადგინა, რომ კარტოფილი დაავადებული იყო. ეს დასკვნა სანდოა, რადგან ქობულეთის ლაბორატორია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობს და მის კვლევებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროც ენდობა“.

გიგა ქურდოვანიძის თქმით, გარეგნული თვისებებით, დაავადებულ კარტოფილს აქვს წანაზარდები, რისი დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია. თუმცა ხშირ შემთხვევაში, ეს არ ჩანს. ამას წინათ განადგურებული კარტოფილიც კი გარედან სპეციალურად იყო გაწმენდილი და უბრალო მომხმარებლისთვის დაავადების ნახვა ძნელად აღმოსაჩენი იქნებოდა.