კულტურის სამინისტრო ზარზმა-აწყურის ღვთისმშობლის ხატებზე for.ge-ს საჩივარს განიხილავს

კულტურის სამინისტრო ზარზმა-აწყურის ღვთისმშობლის ხატებზე for.ge-ს საჩივარს განიხილავს

ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების მდგომარეობის ამსახველ დასკვნას ეროვნული მუზეუმი გახდის თუ არა საჯაროს, ამაზე კულტურის სამინისტროში იმსჯელებენ - 21 თებერვალს 15 საათზე გაიმართება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, რომლითაც for.ge ითხოვს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს დაევალოს გადმოგვცეს საჯარო ინფორმაცია, ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების მდგომარეობის შესახებ. ჩვენს უფლებებს სასამართლოში (როგორც სხვა არაერთ შემთხვევაში) ყოველგვარი ანგარებისა და ანაზღაურების გარეშე ადვოკატი მამუკა ნოზაძე დაიცავს.

შეგახსენებთ რა მოვლენები უძღვოდა წინ კულტურის სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივრის შეტანას, რა შინაარსის განცხადებები და საჩივრები წარადგინა for.ge-მ ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან ერთად და რა მიიღო პასუხად:

7 აგვისტო, 2012 - ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის თანამშრომლებს პოლიციის, უშიშროების წარმომადგენლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეების უშუალო ზეწოლით აიძულებდნენ ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების ახალციხის ახლადრეაბილიტირებულ მუზეუმში გადატანას, მაგრამ წინააღმდეგობას წააწყდნენ, როგორც მუზეუმის თანამშრომლების, ისე საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან. ოქროს ფონდის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ დაწერეს დასკვნა, რომლის მიხედვით, დაუშვებელი იყო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხატების ადგილიდან დაძვრა. მშვიდობიანი პროტესტის ერთ-ერთი უკიდურესი ზომის (ხელოვნების მუზეუმის ცენტრალური კარის წინ დაწოლა) გამოხატვის შემდეგ, ეროვნული მუზეუმის დირექციამ და მათთან ერთად ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ხატების გადატანა უნდოდა, საწადელს ვეღარ მიაღწია - მუზეუმის ცენტრალურ კართან მიტანილი ზარზმის ღვთისმშობლის ხატი უკან შეაბრუნეს;

9 აგვისტო, 2012 - ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე, სიახლეების ნუსხაში ამგვარი ინფორმაცია გამოქვეყნდა: “... სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში დაგეგმილია განახლებული ექსპოზიციის მოწყობა, რომელიც საზოგადოებას წარმოუდგენს  საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი რეგიონის ისტორიას. საგამოფენოდ შეირჩა რამოდენიმე ექსპონატი, რომელიც შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმშია დაცული, მათ შორის აწყურისა და ზარზმის ღვთისშობლის ხატები. მუზეუმის თანამშრომლების გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე აღნიშნული ხატების ტრანსპორტირება გადაიდო მათ საბოლოო რესტავრაციამდე.  

ამჟამად, მუზეუმში  მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და საექსპოზიციო ნივთების საბოლოო სიის დაზუსტება. შიდა სამუშაო პროცესის დასრულების შემდგომ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“.

24 აგვისტო, 2012 - ეროვნული მუზუემისგან გამოვითხოვეთ, ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების შესახებ საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, 7 აგვისტოს სპეციალისტების მიერ დაწერილი დასკვნის ასლი. დავინტერესდით ზარზმისა და აწყურის ხატებთან ერთად კიდევ რა ვადით და რის გატანას და აპირებდნენ...

19 სექტემბერი, 2012 - მუზეუმმა წინა დღით დათარიღებულ წერილში გვაცნობა, რომ ხატების მდგომარეობის ამსახველი დასკვნა იყო იგივე დაცულობის აქტი, რომელიც “არ განეკუთვნება საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტს“;

20 სექტემბერი, 2012 - ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ, რომელიც არ განუხილიათ;

2 ნოემბერი, 2012 - ეროვნულმა მუზეუმმა წერილობით დამატებით გვაცნობა, რომ დაცულობის აქტზე მუშაობა მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგ მის გაცნობას შევძლებდით;

6 ნოემბერი, 2012 - ეროვნულ მუზეუმს წერილობით მივმართეთ, რომელშიც დამატებით განვმარტეთ, რომ ჩვენ მოვითხოვდით ოქროს ფონდისთანამშრომლების მიერ 2012 წლის 7 აგვისტოს დაწერილი დასკვნის ასლს და არა დაცულობის აქტს (საინტერესო ისაა, რომ 19 სექტემბერს ეროვნულმა მუზეუმმა მოგვწერა დაცულობის აქტი საიდუმლოაო, ხოლო 2 ნოემბერს დამატებით განმარტა, ამ აქტზე მუშაობა დასრულდება და მერე გაგაცნობთო. არადა, დაცულობის აქტის გადმოცემა არც ერთხელ არ მოგვითხოვია)!

16 ნოემბერი, 2012 - ეროვნულმა მუზეუმმა 6 ნოემბრის განცხადების პასუხად მოგვწერა, ხომ გითხარით, რომ კომპლექსური პროცესი მიდის და რომ დასრულდება მერე შეგეძლებათ გაცნობაო?!

19 ნოემბერი, 2012  - რადგან მუზეუმმა ვერ თუ არ გაიგო რას მოვითხოვდით, კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას განცხადებით მივმართეთ და ვთხოვეთ ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორისთვის დაევალებინა ჩვენთვის კონკრეტული საჯარო ინფორმაციის გადმოცემა, ზარზმისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატების შესახებ;

5 დეკემბერი, 2012 - კულტურის სამინისტროდან წინა დღით დათარიღებული დოკუმენტის ასლი წამოვიღეთ, რომლითაც მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს წერდა, for.ge-ს განცხადებაზე კონსტიტუციის 41-ე მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე, მე-40-4 და 41-ე მუხლების შესაბამისად იმოქმედეთო, მაგრამ ისე მოხდა, რომ მუზეუმმა არანაირად არ იმოქმედა - მინისტრის მოადგილის წერილობითი მითითება რეაგირების გარეშე დარჩა;

3 იანვარი, 2013 - კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას სახელზე ადმინისტრაციული საჩივარი შევიტანეთ, რომლის ბოლოს ორი ამგვარი მოთხოვნაა ჩამოყალიბებული: 1.ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დაევალოს უზრუნველყოს 2012 წლის 24 აგვისტოს განცხადებით გამოთხოვილი ინფორმაციის გაცემა; კერძოდ, აწყურისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების მდგომარეობის შესახებ ხელოვნების მუზეუმის ოქროს  ფონდის თანამშრომლების მიერ 2012 წლის 7 აგვისტოს დაწერილი დასკვნის გაცემა; 2.საქართველოს ეროვნული მუზეუმის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა, მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო;

31 იანვარი, 2013 - კულტურის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე მარგიშვილის ხელმოწერილი, წინა დღით დათარიღებული დოკუმენტი ჩაგვბარდა, რომელშიც ჩვენი ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობის შესახებაა აღნიშნული. ამასთან, მინისტრის მოადგილემ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

4 თებერვალი, 2013 - კულტურის სამინისტროს კანცელარიაში მინისტრის მოადგილის მიერ მითითებული დამატებითი დოკუმენტაცია ჩავაბარეთ. ეს არის ტელეკომპანია მეცხრე არხისა და საინფორმაციო სააგენტო ინფო 9-ს მიერ, 2012 წლის 7 აგვისტოს მომზადებული სიუჟეტები, ზარზმისა და აწყურის ღვთსმშობლის ხატების ახალციხეში გადატანის მცდელობასთან დაკავშირებით. ამ ვიდეომასალაში ოქროს ფონდის თანამშრომლები და ხელოვნების მუზეუმის კურატორი იმ დასკვნის შესახებ საუბრობენ, რომელსაც ეროვნული მუზეუმი დღემდე საგულდაგულოდ მალავს.

2013 წლის 21 თებერვალს ჩემი, ნინო მიქიაშვილისა და ადვოკატ მამუკა ნოზაძის თანდასწრებით კულტურის სამინისტრო სწორედ ეროვნული მუზეუმის ქმედების სამართლიანობის საკითხს განიხილავს. სამინისტრომ ან for.ge-ს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, ან გვითხრას, რომ ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია საჯარო არ არის და რომ მუზეუმი სწორად იქცეოდა. სხვაგვარი, შუალედური გადაწყვეტილების მიღება ჩვენი აზრით, გამორიცხულია.